x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
სიტყვა
imageსაუბარი, კომუნიკაცია, თვითგამოხატვა - ადამიანის ძირითადი საჭიროებებია სოციუმში. რთული წარმოსადგენია ადამიანი, რომელიც აუცილებლად არ თვლის რაიმეზე მსჯელობას, რაღაცის განხილვას ან უბრალოდ აზრებისა და ემოციის მიმოცვლას მისთვის ნაცნობ თუ უცნობ ადამიანებთან. თითოეული ჩვენგანი მუდმივად ცდილობს სხვას ინფორმაცია გაუზიაროს, გააგებინოს თავისი ნათქვამი ისე, როგორც თავად მან ჩაიფიქრა და იგულისხმა, მოკლედ, ყველა ყველაფერს აკეთებს ეფექტური კომუნიკაციისათვის, მაგრამ რაღაც მაინც ყოველთვის გვეშლება. რა?


სავარაუდოდ, სრულიად არაფერი. შეიძლება, უბრალოდ ჩვენს აზრს გამოვხატავდეთ, სრულებით არ გვინდოდეს სხვისი (მსმენელის) შეურაცხყოფა, წყენინება ან საერთოდ ნებისმიერი სახის დისკომფორტის გამოწვევა მასში, მაგრამ სწორედ ამას ვაკეთებდეთ. შესაძლებლობა, რომ ზუსტად ის ვთქვათ, რისი თქმაც გვინდა და რასაც ვფიქრობთ, ყოველთვის არ გვაქვს. კიდევ უფრო ნაკლებად გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ვიაზრებდეთ ჩვენს ფსიქიკაში მიმდინარე პროცესებს და "ვიცოდეთ, რას ვფიქრობთ". მაშასადამე, თითოეული ჩვენგანი შეიძლება სხვისმა საუბარმა შეურაცხყოფილი დატოვოს და ეს ნორმალურია? თავისთავად.


საზოგადოების გარკვეული ნაწილი მუდმივად ცდილობს სიტყვის თავისუფლება შეზღუდოს, იმ არგუმენტით, თითქოსდა ეს შეზღუდვა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს იცავდეს. იცავდეს რისგან? შეგვიძლია კი კანონმდებლობის დონეზე დავიყვანოთ ფსიქიკის ისეთი ფაქიზი ცნება, როგორიცაა შეურაცხყოფა? შეიძლება კი არსებობდეს საყოველთაოდ, ყველასთვის ერთსულოვნად შეურაცხმყოფელი სიტყვები? გამონაკლისები მუდმივად იარსებებენ, მსგავსი კანონების არსებობით კი შეიძლება საზოგადოებაში ხელოვნურად შევქმნათ მჩაგვრელთა და ჩაგრულთა კლასები თუ ფენები, შევქმნათ კონფლიქტი იქ, სადაც იგი არ იყო, დავარქვათ ვიღაცას პრივილეგირებული მაშინ, როდესაც იგი პრივილეგირებული არაა. დიახ, პოზიტიური დისკრიმინაციაც დისკრიმინაციაა და ხშირად წარსულში განცდილი ჩაგვრისთვის გარკვეული ფენები აწმყოში იღებენ დამატებით უფლებებს. აღმოფხვრის თუ არა პოზიტიური დისკრიმინაცია რასიზმს, ჰომოფობიას, ქსენოფობიას და მსგავს პრობლემებს? რა თქმა უნდა - არა. მეტიც, მას შეიძლება ბევრად გამძაფრებული უსამართლობის შეგრძნება მოჰყვებოდეს. ადამიანები უნდა იყვნენ თანასწორნი კანონმდებლობის წინაშე და ყველას უნდა ჰქონდეს უფლება თქვას ის, რაც ჭეშმარიტად მიაჩნია. არის თუ არა სიტყვის თავისუფლება აბსოლუტური უფლება? თავისთავად არის. არსებობს თუ არა სიძულვილის ენა? თავისთავად არსებობს. სიძულვილის ენა არის მოწოდება ძალადობისაკენ, მაგრამ არა ის, რაც გამიზნულია პროვოცირებისთვის ან გასაღიზიანებლად. შევძლებთ კი ოდესმე დავამტკიცოთ, რა მიზანი ჰქონდა ადამიანს რაიმეს თქმისას? საეჭვოა. არის თუ არა პოლიტიკური კორექტულობა ხელოვნურად და მიზანმიმართულად შექმნილი იმისთვის, რომ ფოკუსი გადატანილი იყოს საზოგადოების რეალური პრობლემებისა და სათქმელისაგან და იქმნებოდეს გარკვეული ბერკეტი კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ? დიდი ალბათობით. შეიქმნება საზოგადოებაში ქაოსი საუბრის რეგულირებების გარეშე? არა.


ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტენ პატივი არ სცენ სხვა ადამიანებს და შეგნებულად მიაყენონ მათ ზიანი, დაისჯებიან საზოგადოებისაგან და არა საკანონმდებლო დონეზე.



"In order to be able to think, you have to risk being offensive." - Jordan B. Peterson


0
24
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფიო ჯოჯუა
სოფიო ჯოჯუა
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0