x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134496
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508558
ძალაუფლების წყურვილი

image
ძალაუფლების მოთხოვნილება, როგორც ტერმინი, დაამკვიდრა ფსიქოლოგმა დეივიდ მაკლელანდმა. მაკლელანდის მიხედვით, არსებობს სოციალური და პიროვნული ძალაუფლება, რომლებიც, მიკუთვნებულობისა და მიღწევის მოთხოვნილებებთან ერთად, ადამიანის მოტივაციის ძირითად ფაქტორებს შეადგენს. ადამიანები ძალაუფლების მაღალი მოთხოვნილებითა და საჭიროებით, არ ეძებენ აღიარებას გარშემომყოფებისგან, მხოლოდ თანხმობასა და შესაბამისობას საკუთარ სურვილებსა და მიზნებთან. სოციალიზებულსა და პიროვნულ ძალაუფლებას შორის განსხვავებაა როგორც მიზნებში, ასევე მოწინააღმდეგეებში. თუ სოციალური ძალაუფლება მოიაზრებს გეგმებს, ეჭვებს, რამდენიმე მოსალოდნელ შედეგსა და სხვა ადამიანებზე გულწრფელ ზრუნვას, პიროვნული ძალაუფლება გამოიხატება ძალისა და ძალაუფლების სხვის წინააღმდეგ გამოყენებაში.


ფრიდრიხ ნიცშეს მიხედვით, ძალაუფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური მიზანია, რომლის მიღწევასაც ინდივიდი მუდმივად ცდილობს და სწორედ ძალაუფლება, მიღწევა და ამბიცია ცხოვრების უმაღლესი შესაძლო პოზიციის დაკავებისა არის ადამიანთა ძირითადი მამოძრავებელი. როგორც ცნობილია, ნიცშეს ძალაუფლების პრინციპმა თავისივე ნაცისტურ გაგებას დაუდო სათავე, რაც რეალურად უკავშირდებოდა იმას, რომ იშვიათად გაირჩევა ერთმანეთისაგან kraft და macht, ძალა და ძალაუფლება. უფრო ზუსტად, ძალა, როგორც ფიზიკური ძალა, რომელიც შეიძლება ნებისმიერ მომენტში იყოს გამოყენებული, ხოლო ძალაუფლება, როგორც სუბლიმაციისა და საკუთარი თავის დაჯაბნის შედეგი ქმნადობის მოთხოვნილებისთვის. როგორც მაკლელანდისთვის მიუერი, ასევე ნიცშესთვის მნიშვნელოვანი და შთამაგონებელი ფიგურა იყო არტურ შოპენჰაუერი, რომელიც სამყაროს განიხილავდა, როგორც სიცოცხლის პრინციპზე დამყარებულს. ანალოგიურად, ნიცშესთვის სამყარო იყო ძალაუფლების სურვილი და არაფერი სხვა. ძალის, ძალაუფლების მოთხოვნილება გვხვდება კარენ ჰორნის ნევროტულ მოთხოვნილებებს შორისაც. ჰორნი ამას ნებისმიერი ადამიანისთვის დამახასიათებლად მიიჩნევს, თუმცა ნევროტულობაში გადადის, როცა იწვევს სასოწარკვეთილებასა და ირაციონალურობას.


თავისთავად ინდივიდები, რომლებსაც ძალაუფლების მაღალი მოთხოვნილება აქვთ, უფრო კონფლიქტურები არიან, უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს სიტუაციებში, რომლებსაც თავად აკონტროლებენ, ფრუსტრაციას განიცდიან უკონტროლობის ან უმწეობის განცდის შემთხვევაში. ასეთ ინდივიდებს სტატისტიკურად ახასიათებთ უფრო დიდი კარიერული წინსვლა, მაგრამ დაბალი პასუხისმგებლობის განცდის შემთხვევაში - თვითდესტრუქციული ქცევები. პოპულარულია შეხედულება, რომ ძალაუფლებისაკენ მიდრეკილ ადამიანებს აქვთ სახასიათო ჟესტები, რომლებიც თავდაჯერებულობასა და ავტორიტეტს, აგრესიულობას გამოხატავს, მაგალითად "შპილი", საჩვენებელი თითი და ა.შ, თუმცა ეს რთულად განსაზოგადებელი შეხედულებაა.


საინტერესოა გენდერული განსხვავებები ძალაუფლების მოთხოვნილებებს შორის. როგორც წესი, მამაკაცები, რომლებსაც აქვთ ძალაუფლების მაღალი მოთხოვნილება და დაბალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ხშირად განქორწინდებიან ან ფიზიკურად ძალადობენ პარტნიორებზე. ზოგადად, მამაკაცებს უფრო მაღალი ძალაუფლების მოთხოვნილება ახასიათებთ, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს ბიოსოციალურ ბაქტორებს. გენდერი ასევე განაპირობებს იმას, თუ როგორ და რამდენად აგრესიულად გამოიხატება ძალაუფლების მოთხოვნილება. მიუხედავად ამისა, თუ ცალ-ცალკე გავზომავთ სოციალურსა და პიროვნულ ძალაუფლებას, ქალ მენეჯერებში შეიმჩნევა უფრო დიდი მოთხოვნილება სოციალური და იგივენაირი მოთხოვნილება პიროვნული ძალაუფლებისა. სამაგიეროდ სოციალური ძალაუფლების მოთხოვნილებების მქონე მამაკაცები უფრო მაღალ კმაყოფილებას აფიქსირებენ სამსახურისა თუ კარიერისაგან.





0
75
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიო ჯოჯუა
სოფიო ჯოჯუა
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0