x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
წინასაარჩევნო გაკვეთილები ფსიქოლოგიაში - როგორ იღებენ ამომრჩევლები გადაწყვეტილებას?
image
როგორ იღებენ ამომრჩევლები გადაწყვეტილებას? პირველი მცდელობა კითხვაზე პასუხის გაცემისა, ალბათ, იქნებოდა რაიმე სახის გამოკითხვის ჩატარება, შევეცდებოდით, გვეკითხა ადამიანებისთვის თუ რის საფუძველზე ირჩევენ გარკვეულ პარტიებსა თუ კონკრეტულ კანდიდატებს. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანების არჩევანზე ხშირად მათ მიერვე გაუაზრებელი და გაუცნობიერებელი ფაქტორები ახდენენ ზეგავლენას, მათი გამოკითხვა არ მოგვცემს საშუალებას მათი გადაწყვეტილების მიღების პროცესი და მისი განმაპირობებელი ფაქტორები საფუძვლიანად შევისწავლოთ. სამაგიეროდ, ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ პოლიტიკის მეცნიერებაში აღიარებულ ცვლადებს, რომლებიც მიიჩნევა, რომ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ხმის მიცემის პროცესში.


პოლიტიკური ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ამომრჩევლები გადაწყვეტილებას იღებენ სამი ძირითადი ფაქტორის ფონზე, ეს ფაქტორებია: პარტიისადმი მიკუთვნებულობა/ლოიალურობა; წარმოდგენა არსებულ პრობლემებზე და კანდიდატთა მახასიათებლები.


პარტიისადმი მიკუთვნებულობასაც, თავისთავად, გარკვეული მიზეზები აქვს, მრავალ ადამიანს ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობა უყალიბდება გარკვეული პარტიის მიმართ, თანაც - ახალგაზრდობიდანვე. ზოგადად მიიჩნევა, რომ პოლიტიკური "გემოვნების" ჩამოყალიბებაში ოჯახი დიდ როლს ასრულებს, თუმცა ეს ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ახალი თაობის პოლიტიკური იდეოლოგია, შეხედულებები და მსოფლმხედველობა ემთხვევა ძველი თაობისას. მეტიც, ხშირად ახალგაზრდები მიზანმიმართულად ცდილობენ მშობელთა საპირისპირო წარმოდგენები ჰქონდეთ. ამ სიტუაციას ამწვავებს პარტიებს შორის მზარდი პოლარიზაცია. კვლევების მიხედვით, ნელ-ნელა იზრდება იმ ამერიკელთა რიცხვი, რომელნიც ამბობენ, რომ იმედი გაუცრუვდებათ, თუ მათი შვილი დაქორწინდება მოწინააღმდეგე პარტიის მხარდამჭერზე.


ასე იყოფა საზოგადოება ურთიერთდაპირისპირებულ ნაწილებად, ამიტომ მიიჩნევა, რომ არაა მიზანშეწონილი პოლიტიკის განხილვა, ამ შეხედულების შედეგი კი შეიძლება სრულიად კატასტროფული იყოს. პოლიტიკური პრობლემების განხილვა, როგორც სამოქალაქო აქტივიზმის ყველაზე უწყინარი ფორმა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამოხატულება აბსოლუტურად აუცილებელია. მაგრამ დილემა მდგომარეობს იმაში, რომ მსგავსი განხილვები და დიალოგები ხშირად ვერ ინარჩუნებს უწყინრობის ფარგლებს და კამათსა და დაპირისპირებაში გადადის. რატომ?



სავარაუდოდ იმიტომ, რომ მრავალი ადამიანი კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას საკუთარ თავს იდეოლოგიური მსგავსების გამო უკავშირებს. აქედან გამომდინარე, საქმე აღარ გვაქვს უბრალოდ პოლიტიკურ შეხედულებებთან, ადამიანები მათ მიიჩნევენ საკუთარი მსოფლმხედველობის, მრწამსის გამოხატულებად. ის, რაც ადამიანებს მოსწონთ კანდიდატებში ხშირად მოკლე შინაარსი, ანარეკლია მათი მთელი განვლილი ცხოვრებისა და ყველა იმ არჩევნისა, რაც კი გაუკეთებიათ ცხოვრების განმავლობაში. კანდიდატთა რომელი მახასიათებლებია სტატისტიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი ამომრჩევლებისთვის? როგორც მოსალოდნელია, ეს მახასიათებლებია: რასა, ეთნიკურობა, რელიგია, სქესი, რომლებიც ინფორმირებულობის ნაკლებობის პირობებში კიდევ უფრო ფუნდამენტური ფაქტორები ხდება გადაწყვეტილების მიღებაში და პოლიტიკურ სტერეოტიპებადაც კი ყალიბდება.


სტერეოტიპებისა და ცრურწმენების მნიშვნელობა ე.წ. ბრედლის ეფექტითაც მტკიცდება. ბრედლის ეფექტს სახელი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი მერის, ტომ ბრედლის საპატივცემულოდ დაერქვა. ბრედლი ყველა გამოკითხვაში ლიდერობდა, როდესაც აპირებდა კალიფორნიის გუბერნატორი გამხდარიყო, მაგრამ მან არჩევნები მნიშვნელოვანი სხვაობით წააგო. საქმე იყო ის, რომ თეთრკანიანი ამომრჩევლები ინტერვიუერებს თავმომწონედ უცხადებდნენ, რომ მზად იყვნენ შავკანიანი ბრედლისთვის მიეცათ ხმა, რაც სინამდვილეში ასე სულაც არ იყო.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია მსგავსება, ხშირად ადამიანები არჩევანს აჩერებენ იმ კანდიდატებზე, რომლებსაც მეტად ამსგავსებენ საკუთარ თავს ან უნდათ, რომ საკუთარი თავი მიამსგავსონ. ყურადღება ექცევა ისეთ თვისებებს, როგორებიცაა გულწრფელობა, გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, ენერგიულობა, რეპუტაცია და ავტორიტეტულობა.


არჩევანს განაპირობებს ისიც, თუ როგორ ახასიათებს ადამიანს გადაწყვეტილების მიღება. არსებობს რეტროსპექტული და პროსპექტული არჩევანი, რაც ნიშნავს, რომ ზოგიერთი ადამიანი იძიებს ინფორმაციას, გარკვეული დროის განმავლობაში აკვირდება კანდიდატებს, ცდილობს თვალი ადევნოს მათ მოღვაწეობას და წარსული მიღწევების მიხედვით აირჩიოს ისინი, ზოგიერთი კი კანდიდატებს ირჩევს მათი სავარაუდო პოტენციალის მიხედვით, ანუ იმის მიხედვით, თუ რისი იმედი აქვს მათგან. სწორედ ამ, პროსპექტული არჩევნის, შემთხვევაში კიდევ უფრო წინა პლანზეა წამოწეული პოლიტიკოსთა პიროვნული მახასიათებლები და მათი "მიმზიდველობა". მოცემულის შესანიშნავი მაგალითი იქნებოდა რონალდ რეიგანი, რომელიც, ქარიზმატულობის წყალობით, მოწონებას ერთსულოვნად იმსახურებდა როგორც დემოკრატების, ისე რესპუბლიკელების მხარდამჭერებს შორის და ფაქტობრივად მნიშვნელობას უკარგავდა პარტიისადმი მიკუთვნებულობას.


პოლიტიკურ ფსიქოლოგიაში ითვლება, რომ რაც უფრო ინფორმირებულია ამომრჩეველი, მით უფრო ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება პარტიისადმი ბრმა ლოიალურობას და მით უფრო წინაა წამოწეული კანდიდატის მახასიათებლები და მისი წარმოდგენები არსებულ პრობლემებზე. სწორედ ამიტომაა აუცილებელი გააზრება, რომ ქვეყნის პოლიტიკური პროცესები ეხება თითოეულ ადამიანს (განურჩევლად ასაკისა) და რომ სასიცოცხლოდ საჭიროა მსჯელობა აქტუალურ და მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე, სხვისი მოსაზრებების გაგება, საკუთარის გამოხატვა, დასაბუთება და შეხედულებებისა თუ წარმოდგენების მუდმივი გადასინჯვა.

განსაკუთრებით, არჩევნების წინ.

0
20
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფიო ჯოჯუა
სოფიო ჯოჯუა
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0