x
image
მანანა თურმანიძე
გლობალური ნარკოპოლიტიკა და საქართველო
image
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდით გამოწვეული დუღილის ტემპერატურას ანეიტრალებს ვნებათაღელვა, ქვეყნის ნარკო-პოლიტიკაში შეტანილი თუ შესატანი ცვლილებების და სიახლეების გამო, რომელიც ასევე იწვევს ტემპერატურის ზრდას. ქვეყნისთვის ეს ნამდვილად არის ინოვაციური მიდგომები, თუმცა, რამდენად ახალი და ინოვაციურია მსოფლიო მასშტაბით, რა გამოცდილება არსებობს, რას გვირჩევენ ექსპერტები, რამდენად მისაღებია შედეგები, დაფიქრებად ღირს. საინტერესოა, მაინც რა ხდება მსოფლიოში ამ კუთხით.


პორტუგალია 2000-იანი წლების დასაწყისში ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყნად ითვლებოდა და მისი მომავლის პროგნოზები არცთუ დამაიმედებელი იყო. ქვეყანა იდგა ნარკოტიკების ეპიდემიის ზღვარზე. ნარკოტიკების მოხმარების, აივ ინფექციისა და შიდსით დაავადებული პაციენტების რაოდენობით ის პირველ ადგილზე იყო ევროპაში. მისი მოსახლეობის ერთი პროცენტი ჰეროინ-დამოკიდებული იყო. ყოველწლიურად 10, 000 000 -იანი ქვეყანა აივ ინფექციის 2 000 შემთხვევას აფიქსირებდა. ინფიცირებულთა უმრავლესობა წარმოადგენდა ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებლებს.


მკვლევარებმა განაცხადეს, რომ სიტუაციის მიზეზი 1974 წელს მომხდარი რევოლუციის შემდეგ რადიკალური პოლიტიკური და სოციალური ცვლილებები იყო. მშვიდობიანმა "ტიტების რევოლუციამ" ანტონიო სალაზარის დიქტატორული რეჟიმის კვალისგან კი გაათავისუფლა, მაგრამ სხვა პრობლემების წინაშე დააყენა ხალხი. ქვეყანამ, რომელიც ადრე დახურული იყო მთელი მსოფლიოსთვის, უეცრად იგრძნო თავისუფლების ნიავი და გახდა დასავლური სამყაროს ნაწილი, სადაც ნარკოტიკები არ იყო უცხო ხილი და პორტუგალიელებს ახლა უკვე შესაძლებლობა მიეცათ, დაეგემოვნებინათ ეს საცდური. უფრო მეტიც, მათ მთელი მსოფლიოდან დაიწყეს დაბრუნება ქვეყანაში და საზღვარგარეთიდან თან მოიტანეს ნარკოტიკებთან ურთიერთობის ახალი გამოცდილება. მალე ლისაბონი ევროპაში სამხრეთ-ამერიკული კოკაინის, ახლო აღმოსავლური ჰეროინისა და აფრიკული ჰაშიშისთვის ღია ჭიშკრად იქცა.


ორი ათწლეულის განმავლობაში პორტუგალიის ხელისუფლება ტრადიციული მეთოდებით იბრძოდა, როგორიც იყო - მკაცრი კანონმდებლობა, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა და ხანგრძლივი პატიმრობა, მაგრამ უშედეგოდ. პოლიტიკოსები და ექსპერტები ეძებდნენ გამოსავალს, თუ როგორ მოეგვარებინათ პრობლემა. შეიქმნა კომისია ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე, რომელმაც მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლევა ჩაატარა. სწორედ ამ კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე გახდა შესაძლებელი, რომ პორტუგალიის ხელისუფლებას მიეღო რევოლუციური გადაწყვეტილება - მათ ომი გამოუცხადეს არა თავად ნარკომანებს, არამედ თვით ნარკომანიაზე დამოკიდებულებას.



2001 წლის ივლისში პორტუგალიამ ნარკოტიკებთან მიმართებაში სრულიად ახალი კანონები მიიღო და სპეციალური პროგრამების სერია წამოიწყო. ახალი მიდგომა გულისხმობდა, რომ ნარკოტიკების მომხმარებლები და მათი პრობლემები ჯანდაცვის სისტემის პრეროგატივაა და არა სამართალდამცავი ორგანოების. ამ კანონმდებლობის ცენტრში იყო თავად ნარკო-დამოკიდებული, მისი ინტერესები, მისი მოვლა, მისი სიცოცხლე და მისი უფლებები.


როგორ მუშაობს კანონმდებლობა პორტუგალიაში?

პორტუგალიაში დღეს ნარკოტიკების მფლობელობა მთლიანად დეკრიმინალიზებულია. დეკრიმინალიზაცია არ ნიშნავს ლეგალიზაციას - ანუ, თქვენ ვერ შეძლებთ ჰეროინის შეძენას პორტუგალიურ აფთიაქში, მაგრამ პოლიციას არ აქვს უფლება, დააკისროს ადამიანებს სისხლის სამართლის დანაშაული, თუკი მათ მიერ შენახული ნარკოტიკების რაოდენობა არ აღემატება გარკვეულ რაოდენობას. პოლიციას არ აქვს უფლება, დააპატიმროს პირი ასეთ საფუძველზე, თუმცა, მათი მონაცემები ჩაიწერება და ინფორმაცია პირის შესახებ ეგზავნება სპეციალურ კომისიას. ქვეყნის მასშტაბით ათეულობით ასეთი კომისია არსებობს და ეს სწორედ ისინი არიან, ვინც გადაწყვეტს ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელთა ბედს და არა პოლიცია.


პოლიციის მხრიდან ინფორმაციის მიღების შემდეგ, ადმინისტრაციული პროცესი გადადის კომისიაში. კომისია შედგება სამი ადამიანისგან: სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი და იურისტი. სპეციალისტები შეისწავლიან საკითხს, გაანალიზებენ და გადაწყვეტენ, თუ რა სახის ნარკოტიკების მომხმარებელთან აქვთ საქმე, რა სახის დახმარება სჭირდება მას, გარდა სარეაბილიტაციო და ფსიქოლოგიური დახმარებისა. საქმის შესწავლის შემდეგ კომისიამ შეიძლება მიიღოს ქვემოთ ჩამოთვლილ გადაწყვეტილებათა ნებისმიერი კომბინაცია:


- დაეკისროს ჯარიმა 25 - 150 ევროს ოდენობით;

- აეკრძალოს ისეთი თანამდებობის დაკავება, სადაც ის პასუხისმგებელია სხვების სიცოცხლეზე;

- აეკრძალოს ღამის კლუბებში გამოჩენა;

- აეკრძალოს ქვეყნის დატოვება;

- აეკრძალოს იარაღის ტარება;

- ნარკოტიკული საშუალებების პირადი მარაგის ჩამორთმევა;

- უარი ეთქვას ნებისმიერ სახელმწიფო შემწეობაზე, თუკი ის სარგებლობს ასეთით.


კომისია არ არის მთლად უწყინარი, მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ის განსაკუთრებულ ზომებს იღებს მხოლოდ გარკვეულ გარემოებებში და თავის გადაწყვეტილებებს ნათლად და გამჭვირვალედ ასაბუთებს. ეს ის ზომებია, რომელთა მეშვეობითაც კომისიას შეუძლია მიაღწიოს თავის მთავარ მიზანს. ეს მიზანი არ არის ადამიანების დასჯა, არამედ დახმარება მათი ნარკოტიკული დამოკიდებულებისგან გათავისუფლების მისაღწევად.


მაგრამ მხოლოდ ლიბერალური კანონმდებლობა არ არის ის, რაც პორტუგალიურ მოდელს უდევს საფუძვლად. 2000 წლის დასაწყისში სახელმწიფომ გახსნა სარეაბილიტაციო ცენტრები. დღეს ასობით ასეთი ცენტრი მოქმედებს პორტუგალიაში, სადაც ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებლები გადიან დეტოქსიკაციისა და რეაბილიტაციის კურსს, ეს ყველაფერი კი მთავრობის მიერ არის დაფინანსებული. ქვეყანაში სხვა პროგრამებიც არსებობს, რომლებიც ნარკოდამოკიდებულებს მეტადონითა და ბუპრენორფინით მკურნალობენ. რეინტეგრაციის სამი პროგრამა უზრუნველყოფს ტრენინგებს ყოფილი ნარკომანების მონაწილეობით და ეხმარებიან მათ, ვინც რეაბილიტაციის კურსს გადის, რომ იპოვონ სამუშაო და საცხოვრებელი ადგილები.


მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობით აფთიაქი იბარებს გამოყენებულ შპრიცებს ნარკოტიკების მომხმარებლებისგან, რომლებიც მიმართავენ, სანაცვლოდ კი გასცემს ახალს, კონდომების, ბამბის ტამპონების, სამედიცინო სპირტის და სარეაბილიტაციო ცენტრების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტების გარდა. ასეთი კომპლექტები პორტუგალიის ქუჩებშიც კი რიგდება. ეს ხდება იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ნარკოტიკების მომხმარებელთა მიერ მეორადი შპრიცებით ინფიცირება და დაავადებების გავრცელება.


დიდი მუშაობა ტარდება პორტუგალიაში პრევენციის მიზნით, რათა გააფრთხილონ ადამიანები პოტენციური საფრთხეების შესახებ, რაც ნარკოტიკების ზემოქმედების შედეგად დგება. ნარკოტიკების მოხმარების პრევენცია არის სკოლის სასწავლო გეგმების ნაწილი. აქ მთავარი მიზანია მოზარდების ინფორმირება: მოსწავლეები გადიან ტრეინინგებს, ისინი ადრეულ ასაკში შეიტყობენ ნარკოტიკების და ფსიქოტროპული ნივთიერებების ზიანის შესახებ. ეს ყველაფერი დაფინანსებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან.


როგორ შეძლო ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე ღარიბმა ქვეყანამ ამის გაკეთება?


მარტივად, მათ უბრალოდ შეამცირეს ხარჯები ნარკოტიკების მომხმარებელთა სამართლებრივ დევნაზე (პოლიცია, სასამართლოები, სასჯელაღსრულების დაწესებულებები) და გამოთავისუფლებული სახსრები ჯანდაცვის სისტემაში გადაისროლეს, მათ შორის სარეაბილიტაციო და სპეციალურ პროგრამებზე.


რა შედეგები მიიღო პორტუგალიამ ამ ინიციატივების წყალობით?

ახალმა კანონმდებლობამ პორტუგალია არ აქცია მსოფლიოს ნარკოტიკების მომხმარებელთა უსაფრთხო თავშესაფრად. ამის ნაცვლად, ქვეყნის ნარკოტიკების პრობლემების მოცულობა და რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.


აქ არის მოყვანილი ციფრები:


2001 წელს აივ ინფექციის დაახლოებით 1 000 რეგისტრირებული შემთხვევა დაფიქსირდა. 2012 წელს კი, მხოლოდ 56 შემთხვევა. 2001 წელს 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 2012 წელს ეს რიცხვი 16-მდე შემცირდა.


2001 წელს ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული 14 000 სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. 2012 წლისთვის ეს რიცხვი 6 000-მდე შემცირდა.


ნარკოტიკებისა და ნარკო-მომხმარებელთა მონიტორინგის ევროპული ცენტრის ინფორმაციით, დღეს პორტუგალია დოზის გადაჭარბებით გამოწვეული სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით მეორე ადგილზეა რუმინეთის შემდეგ, რომელიც პირველ ადგილს იკავებს. დეკრიმინალიზაციის შემდეგ, ყველა ასაკობრივ ჯგუფში ნარკოტიკების გავრცელების მაჩვენებელი დრამატულად შემცირდა. ყველაზე დიდი მიღწევა იყო ის, რომ 15-24 წლის ასაკის ახალგაზრდებში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი წლიდან-წლამდე მცირდება.


ასეთი რევოლუციური კანონმდებლობა არ იყო ადვილი დასანერგი. რეფორმატორებს ბევრი წინააღმდეგობა შეხვდათ სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურებიდან, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველა თანხმებოდა, რომ რეპრესიული და დრაკონული ნარკო-პოლიტიკის კანონები არ ამართლებდა და რომ რაღაცის შეცვლა იყო საჭირო. დღეს, 16 წლის შემდეგ, არც ერთი პორტუგალიელი პოლიტიკოსი არ იტყვის იმას, რომ ლიბერალური მიდგომა იყო შეცდომა და რომ ერი უნდა განიხილავდეს ძველ, მკაცრ ნარკოპოლიტიკაზე დაბრუნების შესაძლებლობას. ცხადია, პორტუგალიამ მთლიანად ვერ დაამარცხა ნარკოტიკების მოხმარება. დედამიწის ზურგზე ჯერ არც ერთ ქვეყანას არ მიუღწევია ასეთი გამარჯვებისათვის. თუმცა, ბრძოლა პორტუგალიაში გრძელდება, სიტუაცია მთლიანობაში გაუმჯობესდა და ხელისუფლება სიტუაციას მუდმივად აკონტროლებს.


პორტუგალია საერთაშორისო რეიტინგებში

ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის 2016 წლის ანგარიშში პორტუგალიური რეფორმა დასახელებულია მისაბაძ მაგალითად.


ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისია დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფია, რომელიც 2011 წლიდან გლობალური ტენდენციების შესახებ ანგარიშებს აქვეყნებს. კომისია შედგება ისეთი ავტორიტეტული, დამოუკიდებელი ექსპერტებისგან, როგორიც არის კოფი ანანი (აწ გ-ლი), გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი; მარია კატაუი, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ყოფილი გენერალური მდივანი; სერ რიჩარდ ბრანსონი, ინგლისელი ბიზნეს მაგნატი, ვირჯინის ჯგუფის დამფუძნებელი; ჰელენ კლარკი, ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ მინისტრი და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის ადმინისტრატორი; რუთ დრეიფუსი, შვეიცარიის ყოფილი პრეზიდენტი; ერნესტო ზედილო, მექსიკის ყოფილი პრეზიდენტი; ალექსანდრ კვაშნევსკი, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი; ხავიერ სოლანა, პოლიტიკოსი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროკავშირის საბჭოს გენერალური მდივანი; ლუის არბორი, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, კანადა; მარიო ვარგას ლოზა, ნობელის ლაურეატი და სხვა.


ანგარიშს ეწოდება "ნარკოპოლიტიკის რეფორმის მიმართ: ახალი მიდგომა დეკრიმინალიზაციისკენ". მსოფლიო ლიდერების მთავარ რეკომენდაციას წარმოადგენს სასტიკ ნარკო-პოლიტიკაზე უარის თქმა და ნაბიჯები დამსჯელი ქმედებებიდან ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციისაკენ, მ.შ. სიკვდილით დასჯის გაუქმება, რომელიც მთელ რიგ ქვეყნებში ძალაშია. საქართველო ამ ანგარიშში მოხვდა მისი მიწოდების განზრახვის გარეშე დაპატიმრებულთა 43% -ანი ნიშნულით. ამავე ცხრილში პირველ ადგილზე რუსეთია 72%-ანი ნიშნულით, ხოლო ტაჯიკეთი ამ მხრივ საუკეთესო სურათს წარმოადგენს - მხოლოდ 16% დაპატიმრებულთა, მიწოდების განზრახვის გარეშე.


კომიტეტის ექსპერტები ეყრდნობიან შემდეგ ციფრებს მათი პოზიციის გასამართლებლად:


2003 წელს, 185 მილიონმა ადამიანმა (მსოფლიო მოსახლეობის 4.7 პროცენტი), მათ შორის 15-დან 63 წლამდე ასაკის პირებმა აღიარეს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში მათ ჰქონდათ ნარკოტიკების გამოყენების თუნდაც ერთი შემთხვევა.


2014 წელს ეს რიცხვი 33 პროცენტით გაიზარდა, სხვა სიტყვებით, 247 მილიონი ადამიანი, ანუ მსოფლიოს მოსახლეობის 5.2 პროცენტი შეადგინა.


ნარკოტიკების რეგულარული გამოყენების რიცხვიც გაიზარდა: 2003 წელს 27 მილიონი იყო, ხოლო 2014 წელს მათი რიცხვი 29 მილიონი გახდა.


"შესანიშნავია, რომ რიგი ფაქტორები გავლენას ახდენს ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობის ზრდასა თუ შემცირებაზე, მაგრამ ისიც აბსოლუტურად ნათელია, რომ დრაკონული ზომები არ არის ეფექტური. გარდა ამისა, [ასეთი კანონები] მძიმე სამედიცინო და სოციალური შედეგებით ხასიათდება. ყოველწლიურად ადგილი აქვს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს, რომლებიც ჩადენილია ნარკოტიკების კონტროლის მიზნით, სიკვდილით დასჯით დაწყებული და დამთავრებული არაჰუმანური, იძულებითი მკურნალობის მეთოდებით [ნარკომანიით დაზარალებულთათვის], "- ნათქვამია მოხსენებაში.

https://www.globalcommissionondrugs.org/video/advancing-drug-policy-reform/


წყარო: https://jam-news.net/?p=54536

0
53
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0