x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
მეტამფეტამინზე დამოკიდებულების ნიშნები და სიმპტომები, მისი ფსიქოლოგიური ეფექტები და გავლენა ჯანმრთელობაზე
image

ნარკოტიკების კლასიფიკაცია ხდება იმის მიხედვით, თუ როგორ მოქმედებს იგი მომხმარებლის ფსიქიკასა და ქცევაზე. არსებობს ნარკოტიკების ძირითადი სამი კატეგორია:

- სტიმულატორები;

- დეპრესანტები;


- ჰალუცინოგენები.

სტიმულატორები იწვევენ ნერვული სისტემის აღგზნებას, ენერგიის მოჭარბებასა და განსაკუთრებული სიფრთხილის გრძნობას. ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი აქტიურდება და ზედმეტად ფრთხილი ხდება. იგი ვეღარ გრძნობს დაღლილობასა და ტკივილს. ასეთი ნარკოტიკების მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს პარანოიდული და აგრესიული ქცევა.

მეტამფეტამინი სწორედ სტიმულატორების კატეგორიას მიეკუთვნება.

ისტორია

1887 წელს მეცნიერებმა პირველად მიიღეს ეფედრინი ერთ-ერთი ბუჩქისგან, რომელსაც ბოტანიკოსები Ephedra sinica-ს უწოდებენ. ეს მცენარე ჩინურ მედიცინაში ათასწლეულების განმავლობაში გამოიყენებოდა. 1919 წელს იაპონელმა ქიმიკოსებმა მცენარის აქტიურ ქიმიკატს შეურიეს წითელი ფოსფორი და იოდი და ამგვარად მიიღეს კრისტალური მეტამფეტამინი.

1930-იან წლებში ექიმები მეტამფეტამინს ასთმისა და ნარკოლეფსიის სამკურნალოდ იყენებდნენ. ხალხმა მალე შენიშნა, რომ ეს უცნაური სტიმულანტი მათ მადას უკარგავდა, სამაგიეროდ, ენერგიას მატებდა და კონცენტრირებაში ეხმარებოდათ. მეორე მსოფლიო ომში ადოლფ ჰიტლერი მეტამფეტამინის გავრცელებას უწყობდა ხელს, რათა ჯარისკაცები მუდმივად მხნედ და ფხიზლად ყოფილიყვნენ. მხოლოდ 1940 წელს, 4 თვის განმავლობაში, ჯარისკაცებს მიეწოდათ 35 მილიონი აბი.

1945-1950 წლებში იაპონიაში დაიწყო მეტამფეტამინის ეპიდემია, შემდეგ მოედო აზიის სხვა ქვეყნებს და გავრცელდა დასავლეთშიც. 1950-იანებში მეტამფეტამინს შეიცავდა პოპულარული გასახდომი აბები, რომლებსაც ხშირად მოიხმარდნენ დიასახლისები, სტუდენტები და სპორტსმენები. 1967 წლისთვის მხოლოდ ამერიკაში მეტამფეტამინის 31 მილიონი დანიშნულება გაიცა. 1990-იანებში გამოიგონეს დამზადების ახალი მეთოდი, რომლითაც მიიღეს 6-ჯერ უფრო ძლიერი მეტამფეტამინი.

რა არის მეტამფეტამინი

მეტამფეტამინი ძლიერდამოკიდებულებითი სტიმულანტია, რომელიც დრამატულ გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. მისი დამზადება მარტივად ხდება არალეგალურ ლაბორატორიებში და ეს ყველაფერი ძვირიც არ ჯდება, ამიტომ ეს ყოველივე მის ფართომაშტაბიან გავრცელებას უწყობს ხელს. ეს არის თეთრი, უსუნო, კრისტალური ფხვნილი, რომელიც მარტივად იხსნება წყალში და ალკოჰოლში. ასევე შეიძლება მოკლე კრისტალების ფორმითაც იყოს, რომელიც ყინულის ან შუშის ნატეხებს ჰგავდეს, მოიპოვება სითხის სახითაც. მისი ქიმიური სტრუქტურა ამფეტამინის მსგავსია, მაგრამ უფრო მძიმე გავლენა აქვს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ამფეტამინის მსგავსად, იწვევს აქტივობის ზრდას, მადის დაქვეითებას და განზოგადებულ კარგად ყოფნის გრძნობას. მისი ეფექტი 6-8 საათი გრძელდება, რომლის დამთავრებას ძალადობრივი ქცევა მოჰყვება.

მისი მიღება მრავალგზით არის შესაძლებელი: გადაყლაპვა, ინექცია, შეყნოსვა, მოწევა, ორალურად. მოწევის ან ინექციის შემდეგ, მალევე, მომხმარებელს შეტევა ეწყება, რომელიც რამდენიმე წუთი გრძელდება და აღიწერება, როგორც უსაზღვროდ სასიამოვნო. შეყნოსვის და გადაყლაპვის დროს უფრო ეიფორიაა დამახასიათებელი, მაგრამ არა ისეთი სიძლიერით, როგორც შეტევა. მეტამფეტამინის მიმართ ტოლერანტობის გამო ეს სასიამოვნო ეფექტი მალევე ქრება და მომხმარებელი გადაჭარბებული, უკონტროლო დოზით მიღებას მიმართავს. ასეთ უკონტროლო და თავშეუკავებელ მიღებას ხშირად უწოდებენ „run”. მომხმარებელმა შესაძლოა ყოველ 2-3 საათში მიიღოს დაახლოებით დამატებით ერთი გრამი, სანამ მარაგი არ ამოეწურება ან სანამ უუნარო არ გახდება და ვეღარ შეძლებს მიღებას.

მეტამფეტამინის მოკლევადიანი ეფექტებია:

მოჭარბებული ყურადღება, შემცირებული დაღლა, აქტივობის გაზრდა, ეიფორია და შეტევა, გაზრდილი სუნთქვა, ჰიპერთერმია - ორგანიზმის გადახურება.

მას მომწამვლელი ეფექტი აქვს. მეტამფეტამინით გამოწვეული დოფამინის ჭარბი გამოთავისუფლება იწვევს ნარკოტიკის ტოქსიკურ ეფექტს ნერვულ დაბოლოებებზე. მაღალ დოზას შეუძლია გაზარდოს სხეულის ტემპერატურა სახიფათო მაჩვენებელზე, ხანდახან ლეტალურამდე, რომელიც კონვულსიებს იწვევს.

გრძელვადიანი ეფექტები:

პირველ რიგში დამოკიდებულება, პარანოია, ჰალუცინაცია, მღელვარე ხასიათი, განმეორებადი მოტორული აქტივობები, ინსულტი, წონის კლება. ასევე მომხმარებლები ავლენენ სიმპტომებს, რომლებიც მოიცავს ძალადობრივ ქმედებებს, შფოთვას, დაბნეულობას, ინსომნიას. ზოგი მომხმარებელი იღებს უფრო და უფრო მეტ მეტამფეტამინს. ამიტომ ქრონიკულია. უნდა აღინიშნოს, რომ როცა ქრონიკული მიმღები მიღებას წყვეტს, შემდეგი სიმპტომები ჩნდება: შფოთვა, აგრესია, პარანოია და დეპრესია.

ნიშნები და სიმპტომები

მართალია, მეტამფეტამინი არ არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკი, მაგრამ ის არის ერთ–ერთი ყველაზე იოლად მიჩვევადი, დამოკიდებულებადი და ამასთან, დამანგრეველი სტიმულატორი.

გთავაზობთ რამდენიმე ნიშანს, რომელიც მეტამფეტამინის მომხმარებლებისთვისაა დამახასიათებელი. მომხმარებლებს: დიდხანს არ სძინავთ, კარგავენ მადას, წონას, არანორმალურად აქტიურები ხდებიან, ანერვიულებულები და შფოთვიანები ჩანან.

როგორც აღვნიშნეთ, მეტამფეტამინი ძლიერი სტიმულანტია, ინექციით შეყვანის შემთხვევაში 10 საათის განმავლობაში ეფექტი გრძელდება. მომხმარებლები თავს გრძნობენ ენერგიულად, არ იძინებენ დიდი ხნის განმავლობაში, ძირითადად რამდენიმე დღის განმავლობაში, კარგავენ მადას, წონის დიდ რაოდენობას და ანორექსიით დაავადებულს ემსგავსებიან. ხშირად იოფლებიან უმიზეზოდ (ამინდის ან ფიზიკური აქტოვობის გარეშე), თვალის გუგები გაფართოებული აქვთ, სისხლის წნევა მაღალი. სექსუალურად აქტიურები და თავშეუკავებლები არიან. განმეორებად მიღებას მოჰყვება არარეგულარული გულის ცემა, განწყობის ცვალებადლობა, ძალადობა, აგრესიულობა, პარანოიდული ქმედებები, დაბნეულობა და ინსომნია.

image

სერიოზული შედეგები

მძიმე მომხმარებლები მიდრეკილნი არიან ჰალუცინაციისა და ბოდვისკენ, ჰგონიათ, რომ რწყილები დააცოცავენ კანის ქვეშ, რის გამოც ძლიერად იჩქმეტენ და ადგილ-ადგილ სერავენ, რაც ცხადია, ჭრილობების გაჩენას იწვევს.(მით უმეტეს, მათი კანი ზედმეტად მგრძნობიარე ხდება და შესაძლოა სახეზე იარები გაუჩნდეთ ფხანის დროს).

მეტამფეტამინზე დამოკიდებულება საგრძნობლად ცვლის ადამიანის პიროვნებას. დამოკიდებულების დროს მომხმარებლები რისკიან ცხოვრებას ეწევიან, ხდებიან უყურადღებოები და ყველანაირ პასუხისმგებლობას იხსნიან, უგულებელყოფენ სრულფასოვან სოციალრ ცხოვრებას. არ იცავენ არც პირად და არც ზოგად ჰიგიენას, არ ზრუნავენ ახლობლებზე. განსაკუთრებით შემაშფოთებელია მშობლების ურთიერთობა ბავშვებთან. პირველ რიგში მათი გარემო უსაფრთხო და ჯანსაღი არ არის, იგულისხმება უყურადღებოდ და უსაფრთხოების დაცვის ნორმების უგულებელყოფის გამო მთელ საცხოვრებელ ადგილას მიმოფანტული გამოყენებული „აღჭურვილობა“. ასეთ პირობებში ბავშვები დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ არიან. ასევე შესაძლოა ბავშვები გამოსაკვები დარჩეთ, ან ზიანიც კი მიაყენონ(ძალადობა, უარყოფა ან აურესი), აქვე გასათვალისწინებელია ფსიქოლოგიური ტრავმა, გამოწვეული მშობლის მიერ უგულებელყოფით და დაუდევრობით.

მომხმარებლებს ხშირად გადაჭარბებული ძილიანობა ემართებათ, როცა ვერ აკონტროლებენ ძილის რეჟიმს და ხანგძლივობას, შეიძლება დიდხანს ეძინოთ გადაბმულად ან გაღვიძებისას ისევ იბრუნებდნენ ძილს. მნიშნველოვანია ვიცოდეთ, რომ მეტამფეტამინის რამდენიმე გამოყენებაც კი საკმარისი დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად. აქვე ისიც უნდა დავამატოთ, რომ მაღალი ინტენსივობის მომხმარებლებს არ სჭირდებათ ძალადობის გამოწვევისთვის სერიოზული გარეგანი სტიმულები. მაგალითისვის, შესაძლებელია მხოლოდ პოლიციის უნიფორმამ მათ ძალადობისკენ უბიძგოთ. მიზეზად კი შეიძლება დავასახელოთ ის სმენითი ან ვიზუალური ჰალუცინაციები, რომელიც ამ დროს მომხმარებელს აქვს.

ზემოქმედება ტვინზე

მეტამფეტამინი ზრდის ტვინის მიერ ქიმიკატ დოფამინის გამომუშავებას, რაც ასტიმულირებს მოტივაციას, სიამოვნების განცდასა და მოტორულ ფუნქციებს. ტვინის რეგიონებში დოფამინის სწრაფი გამოყოფა იწვევს ეიფორიის შეგრძნებას. ხანგრძლივ პერიოდში მეტამფეტამინის გავლენა მნიშვნელოვნად ცვლის ტვინის სტრუქტურას. დროთა განმავლობაში ტვინი ნარკოტიკის გარეშე მცირე დოზის დოფამინს გამოყოფს, რის გამოც სუსტდება მოტორული უნარები და ვერბალური სწავლის შესაძლებლობა. კვლევები ასევე აჩვენებს სტრუქტურულ და ფუნქციურ ცვლილებებს ემოციებსა და მეხსიერებასთან დაკავშირებულ არეებში, რაც შესაბამის პრობლემებს წარმოშობს. ძალიან ძნელია დამოკიდებულებასთან ბრძოლაც. მას შემდეგაც კი, რაც ორგანიზმი ამ ნარკოტიკს გადაეჩვევა, ბევრს ინსტინქტურად ისევ აქვს მასზე ძლიერი ფსიქოლოგიური დამოკიდებულება.


image

0
119
შეფასება არ არის
ავტორი:მარი როჭიკაშვილი
მარი როჭიკაშვილი
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0