x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ქისტის ქალო
image


როგორც გინდა, შენ შენს უფალს ავედრე,

დღეს სხვა მტკივა, ეგ ნაკლებად მადარდებს,

ქისტის ქალო, თვალთა შენთა ხავერდით,


ჩემი ტაძრის ჭერი მოვაფარდაგე.


მზემ ანათოს, მზეს ნათება არა ჰღლის,

შენს ლანდს სადღაც შევეჩეხე ანაზდად,

მე ვინა ვარ, ჩემს შესახებ არაგვი,

ქარის ხმაზე მოუყვება ალაზანს.


გლუვ წარაფებს მთვარე ჩამოამთავრებს

და ნისლებში რიჟრაჟივით ცახცახებს,

ნელი სიო წამოუვლის საფლავებს

მიტოვებულთ, ცივთ და ანაპარტახებს.


თუ სიკვდილი არის დანაშაული,

ვინ მთავაზობს სიცოცხლეზე უარესს,

აიკრიფნენ ჯანღნი შენი აულის,

ჩემს დათოვლილ ქედებს გადაუარეს.


ჩვენს ძარღვებში ერთნაირი სისხლია,

ზეცა მხრებზე დამატეხეს ვერხვებმა,

ქისტის ქალო, შენი სულის ნისლია,

წყაროს თავზე გზად რომ შემეფეთება.


ცხელა, ქარი მიუყვება ნაპრალებს

რასაც მთლად ვჭვრეტთ, ის ნაკლებად სრულია,

ამნაირად მოწყობილი სამყარო

ჩვენი ყოფნის უკვე დასასრულია.


ჩვენც გავივლით, აქ არავინ ყოვნდება,

წუთისოფელს მტვრით და სისხლით გაბურვილს,

სდუმს ნაპირი, გემი გვიახლოვდება,

ჩვენი ყოფნის ულმობელი სადგური.


როგორც გინდა, შენ შენს უფალს ავედრე,

დღეს სხვა მტკივა, ეგ ნაკლებად მადარდებს,

ქისტის ქალო, თვალთა შენთა ხავერდით,

ჩემი ტაძრის ჭერი მოვაფარდაგე.


ავტორი: ტარიელ ხერხელაური.


7
392
5-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
392
  
2018, 14 სექტემბერი, 23:22
აქ გავჩუმდები ჯობია მეეე :)
2018, 14 სექტემბერი, 19:36
მჯობნის მჯობნს რა დალევს?!
მე ყველას და ყველაფერს ვეფხისტყაოსანი მიჯობს.
2018, 14 სექტემბერი, 19:26
ვიცი ჩემო კარგო სხვაც მინახავს მაგრამ ეგ ნამდვილად არაა საუკეთესოო
2018, 14 სექტემბერი, 19:19
ტარიელ ხერხელაურის ლექსები ფილოსოფიური პოეზიის ნიმუშია ისევე როგორც ბარათაშვილი, მათ ლექსებს რაც ზედაპირზე დევს ეგრე ვერ გაიგებთ, ცოტა სპეციფიური მიდგომა ესაჭიროება.
2018, 14 სექტემბერი, 19:09
თითქოს რაღაც აკლია ....
2018, 14 სექტემბერი, 11:37
საიტზე იყო ადრე ულამაზესი ქისტი გოგონა გვარად ახმადოვა, საინტერესო მასალებსაც დებდა, ვმეგობროდბდით, სამწუხაროდ საქართველოდან წავიდა და ავსტრიაში ცხოვრობენ ოჯახით.
2018, 13 სექტემბერი, 13:42
ოო, ეს კაი იყო :3
0 1 7