x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქალი, რომელმაც The Beatles დაშალა - იოკო ონოს და ჯონ ლენონის სიყვარულის ისტორია
ჯონ ლენონისა და იოკო ონოს თოთხმეტწლიანი ურთიერთობა ჯერ კიდევ იდუმალებითაა მოცული მიუხედვად იმისა, რომ ამ ყველაზე ცნობილი და ექსტრავაგანტული წყვილის საძინებელს ათობით ჟურნალისტი სტუმრობდა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. იოკო იყო ქალი, რომელსაც ლეგენდარული როკ-ჯგუფის ფანატები ''ბითლზის'' დაშლას აბრალებდნენ. ბრიტანული ტაბლოიდები არაერთხელ წერდნენ, რომ " შეშლილმა იაპონელმა" ძირს დასცა ყველაზე ნიჭიერი და დაუმორჩილებელი ''ბითლი''. სიყვარულით დაბრმავებულმა ჯგუფის ყველაზე ცნობილმა წევრმა არავის რჩევა არ გაითვალისწინა, ახალი შეყვარებულის გულისთვის მან მიატოვა ცოლი და ხუთი წლის შვილი და სახელიც კი გადაიკეთა: ჯონ ონო ლენონად.



image


24 წლის ჯონ ლენონს ცხოვრების ყველა სიკეთე ერგო: მისი ჯგუფი ლამის იესო ქრისტეზე პოპულარული იყო, მილიონობით ფანატი აღმერთებდა, მდიდრულად მოწყობილ სახლში კი მილიონერ მუსიკოსს მოსიყვარულე ცოლი სინტია და 5 წლის ვაჟი ჯულიანი ელოდებოდნენ. იოლად მოექცა რა ოლიმპოს მწვერვალზე, ჯონმა თავისი არსებობის მიზანი ვეღარ დაინახა და შინაგანად დაცარიელებული და პესიმისტურად განწყობილი გახდა (ასე ემართებათ ადამიანებს, რომელთაც ცხოვრებაში მისაღწევი თითქმის აღარაფერი დარჩათ). სიმღერაში ''Help!'', რომელიც მან 1965 წელს დაწერა, განწირული ადამიანის სიტყვები ისმის: "დამეხმარეთ, ისევ ვიგრძნო ფეხქვეშ მიწა. გთხოვთ, დამეხმარეთ!" სწორედ ამ დროს გამოჩნდა ლენონის ცხოვრებაში 33 წლის იოკო ონო ისევე, როგორც ოკეანეში დასახრჩობად განწირულისათვის მაშველი რგოლი.



image



მათ ერთმანეთი ლონდონის გალერეაში, იოკოს პერსონალურ გამოფენაზე გაიცნეს. მხატვრის აბსტრაქტული სკულპტურები აბსოლუტურად გაუგებარი იყო ლივერპულელი ბიჭისთვის. იმ დროს, როცა ლენონი ცოლს უყვებოდა თავის შთაბეჭდილებებს ლონდონური ვერნისაჟის შესახებ, უწოდებდა რა იოკოს "საფლავიდან ამოსულ ბოროტ სულს", იაპონელმა ქალმა თავის დღიურში გააკეთა ჩანაწერი: ''ბოლოს და ბოლოს, შევხვდი მამაკაცს, რომლის შეყვარებასაც შევძლებდი".

სწორედ ამ წუთიდან იოკომ დაიწყო " ნადირობა " მილიონობით ადამიანის კუმირზე. გოგონა ყოველ დილით უგზავნიდა ყველაზე ცნობილ "ბითლს" ბარათებს უცნაური წარწერებით: "ისუნთქე", " იცეკვე", "დილამდე უყურე ცეცხლს", ცოტა ხნის შედეგ კი უკვე ტელეფონზე დაიწყო დარეკვა, რომ ესაუბრა ხელოვნებაზე, შემოქმედებით ძიებაზე, სოციალურ უსამართლობაზე...


image


სინტიამ, რომელიც მიჩვეული იყო ჯონის თაყვანისმცემლების უცნაურ გამოხტომებს, თავდაპირველად ყურადღება არ მიაქცია მორიგი" შეშლილი ქალის " ზარებს, რომელიც ბოლო დროს უკვე შტურმით იღებდა მათი სახლის ჭიშკარს, მაგრამ ერთხელაც, სახლში დაბრუნებულმა მან იოკო და ჯონი საწოლში ერთად აღმოაჩინა. ''ისინი ისე იქცეოდნენ ჩემს საძინებელი, თითქოს მე არც კი ვარსებობდი", - ჰყვებოდა შემდგომში სინტია ამ შეურაცხმყოფებლი სცენის შესახებ.



image


ჯონი მიჩვეული იყო ისეთ ქალებთან ურთიერთობას, რომლებიც მას აღმერთებდნენ და უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ, იოკო კი სულ სხვაგვარი იყო. არავინ იცოდა, რა საერთო ჰქონდა ყოფილ პლებეის და იაპონელი ბანკირის ქალიშვილს. თავად მუსიკოსი ასე ამბობდა:"ეს იყო ადამიანი, ვისთანაც მე ვიკამათებდი და მოვრიგდებოდი ისევე, როგორც ძველ მეგობართან, მაგრამ ამავე დროს მე შემეძლო მასთან სექსი მქონოდა, რასაც მეგობართან ვერ გავაკეთებდი; ეს იყო ადამიანი, რომელიც თავზე ხელს გადამისვამდა, როცა დაღლილი ვიყავი; თანამიგრძნობდა და ჩემთან ერთად ვარდებოდა დეპრესიაში; ადამიანი, რომელიც დედის მაგივრობას მიწევდა. ეს ნიშნავდა, თითქოს მე დიდი პრიზი მოვიგე".





შეყვარებულები სულ მალე განუყრელნი გახდნენ. როგორც ''ბითლზის'' სოლისტი ამბოდა, ისინი უბრალოდ ჯონი და იოკო კი არ იყვნენ, არამედ ჯონ-იოკო, ანუ ერთი მთლიანი.

სინტიას აღარაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ გაყრა მოეთხოვა ექვსწლიანი ქორწინებს შემდეგ. ფრთაშესხმული The Beatles-ის სოლისტი მყისვე დაქორწინდა თავის სასურველ ქალზე. ექსტრავაგანტულმა ახალდაქორწინებულებმა თაფლობის თვე მეტად ორიგინალურად გაატარეს: წყვილმა ვიეტნამში გაჩაღებული ომის პროტესტის ნიშნად მთელი თვე გაატარა სასტუმროს ნომერში, სადაც საწოლში მყოფნი აძლევდნენ ინტერვიუს ჟურნალისტებს. სწორედ ამგვარად უნდოდათ მათ დემონსტრირება ჯონის მიერ მოფიქრებული ლოზუნგისა :"დაკავდით სექსით და არა ომით". გარდა ამისა, მათ სურდათ, უბრალოდ დაეცინათ ჟურნალისტებისათვის, რომლებიც კართან იდგნენ რიგში და ერთმანეთს ხელს ჰკრავდნენ, რომ რაც შეიძლება მალე დაენახათ, როგორ ნებივრობდნენ "ბითლზის'' სოლისტი და მისი შავგვრემანი შეყვარებული ამსტერდამის ''ჰილტონის'' ნომერში.


image


იოკოს უკვე ჰქონდა დიდი გამოცდილება ცნობილი მამაკაცების მოჯადოებისა. მის ზურგს უკან ორი ქორწინება ითვლებოდა: კომპოზიტორ ტოსი იტიანაგისთან და პროდიუსერ ენტონი კოქსთან, რომელსაც გამუდმებით გამოჰყავდა დეპრესიიდან ესტრავაგანტული ცოლი.


აი, ჯგუფთან კი იოკომ ვერა და ვერ ააწყო ურთიერთობა: სიყვარულით გაგიჟებული ლენონი ყველგან დაათრევდა იოკოს და რაც ყველაზე ცუდია, ის მას მიჰყავდა ხმის ჩამწერ სტუდიაშიც. კარიერის დასაწყისიდანვე ''ბითლზის'' წევრები შეთანხმებული იყვნენ, რომ სტუდიაში არასოდეს მიეყვანათ ცოლები, მეგობარი ქალები და ნათესავები.

"მას მუსიკის არაფერი გაეგებოდა, მაგრამ გამუდმებით აძლევდა შენიშვნებს პოლ მაკარტნის, თუ როგორ უნდა ემღერა; მე კი მაძლევდა მითითებებს, როგორ დამეკრა დასარტყამ ინსტრუმენტზე. ჩვენ გაცოფებულნი ვიყავით, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო. ჯონი ისე იქცეოდა, თითქოს ჩვენი საერთოდ არ ესმოდა", - ამბობდა რინგო სტარი.

მუსიკოსების გაღიზიანება დღითიდღე მატულობდა და მიუხედავად იმისა, რომ ''ბითლზის'' მონაწილეებს იოკოს გამოჩენამდეც ჰქონდათ გადაწყვეტილი, დამოუკიდებლად გაეგრძელებინათ სცენაზე გამოსვლა, ყველა მათგანი ჯგუფის დაშლაში ჯონ ლენონის მეუღლეს სდებდა ბრალს. "შავმა ალქაჯმა დაანგრია The Beatles'', "ლივერპულელ ოთხეულს ეშმაკი ჩაუსახლდა" - ლანძღვა-გინებას არ იშურებდა პრესა იოკოს მისამართით, მაგრამ სკანდალური სტატიების მთავარ გმირებს სულაც არ ანაღვლებდათ, რას წერდნენ მათზე. იოკო და ჯონი განაგრძობდნენ ერთმანეთის სიყვარულით ტკბობას, აწყობდნენ ხმაურიან აქციებს და წერდნენ თანამედროვე ალბომებს.




"გარდა იმისა, რომ იოკომ მომცა ძალა, თავიდან ამეცილება მეშჩანური თვისებები, მან მაჩუქა შინაგანი ენერგია, ყურადღებით შემეხედა კიდევ ერთი ვალდებულებისათვის, რომელიც მე ბოლო წლებში თითქოსდა მახრჩობდა, ეს იყო The Beatles", -ამბობდა ჯონ ლენონი.

ის წაეჩხუბა უახლოეს მეგობარ პოლ მაკარტნის და დაიწყო სოლო კარიერა. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი ბითლის ახალი სიმღერები აქტიურად გადაიცემოდა რადიოთი და ტელევიზიით, ყველა აღნიშნავდა, რომ მუსიკოსის შემოქმედება შესუსტდა. დროთა განმავლობაში ჯონი დაფიქრდა, ღირდა კი ჯგუფიდან წამოსვლა და მას ეჭვებმა ნელ-ნელა შეურყია საკუთარი თავის რწმენა. მის ცხოვრებაში კლვლავ დაბრუნდა დეპრესია და ნარკოტიკები.


წყვილის ცხოვრებაში რთული პერიოდი დადგა. 1973 წელს მათი ქორწინება საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. როცა ერთ-ერთ წვეულებაზე ჯონმა ყველას დასანახად უღალატა იოკოს, ქალმა სიბრძნე გამოიჩინა და აყალმაყალი კი არ ატეხა, პირიქით - მამაკაცს შესთავაზა გარკვეული დროის განმავლობაში ცალკ-ცალკე ეცხოვრათ და პარტნიორიც კი შეურჩია მას - თავისი მდივანი მეი პენგი.

" შენ ყველაზე გაგებული ქალი ხარ მსოფლიოში'', -ამბობდა გახარებული ჯონი მზრუნველი ცოლის მისამართით, თუმცა მას მალე მოსწყინდა მარტო ცხოვრება და სახლი მოენატრა. ეშმაკმა იოკომ მანამდე არ მიიღო ლენონი, სანამ არ დარწმუნდა, რომ ის ნანობდა თავის საქციელს და საშინლად იტანჯებოდა.


image


უცნაური წყვილის შერიგება დასრულდა დიდი ხნის ნანატრი ვაჟის - შონის დაბადებით და სანამ ბედნიერმა მამამ მრავალწლიანი პაუზა აიღო, რომ საკუთარი თავი ოჯახის და შვილისათვის მიეძღვნა, მისი ცოლი თვითგანვითარებით და ბიზნესით იყო დაკავებული. პოლ მაკარტნის თქმით, სიმღერაზე Yesterday იოკომ გაცილებით მეტი ფული გამოიმუშავა, ვიდრე მან, სიმღერის ავტორმა.





ჯონის მომდევნო ალბომი მხოლოდ 1980 წელს გამოვიდა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ საკმარისად დაისვენა და მზადაა, ახალი ძალებით განაგრძოს შემოქმედებითი მუშაობა, მაგრამ ფირფიტა Double Fantasy უკანასკნელი აღმოჩნდა: მისი გამოსვლიდან რამდენიმე თვეში ჯონ ლენონი ჭკუიდან შეშლილმა ფანატმა ჩაცხრილა. მიზეზი უცნაური იყო: "იმიტომ, რომ მან საკუთარ თავს უღალატა".

ფართო საზოგადოებამ მხოლოდ ახლა შეხედა თანაგრძნობის თვალით დაქვრივებულ "ძლიერ ქალს", თუმცა იოკოს მისი თანაგრძნობა სულაც არ სჭირდებოდა: ჯონის დაკრძალვიდან ორიოდე კვირის შემდეგ ქალმა ქმრის წერილები და ალბომები აუქციონზე გამოიტანა გასაყიდად. 6 თვის შემდეგ კი ცოლად გაჰყვა ახალგაზრდა უნგრელ ანტიკვარს, სემუელ ხავადტოის. წყვილი ქორწინებას საიდუმლოდ ინახავდა მანამდე, სანამ გაყრა არ გადაწყვიტეს.


დღეს იოკო 85 წლისაა. ის ძველებურად აწყობს ავანგარდულ გამოფენებს, წერს წიგნებს თავის პოპულარულ ქმარზე და უარყოფს ჭორებს იმის შესახებ, რომ მისი ყველა აქცია დაკავშირებულია ჯონ ლენონის სახელთან.

"ჩვენ უბრალოდ გვიყვარდა ერთმანეთი, სხვა დანარჩენი უკვე პოპ-ისტორიაა", -პასუხობს ჟურნალისტების მომაბეზრებელ კითხვებს ექსტრავაგანტული მხატვარი ქალი... ქალი, რომელსაც ყველა დროის ყველაზე პოპულარული როკ-ჯგუფის, ლეგენდარული ''ბითლზის'' დაშლას აბრალებენ.



image


4
293
5-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
293
  
2018, 12 სექტემბერი, 16:33
ნეტა როგორ წავიდოდა "ბითლების" მომავალი, ეს საბედისწერო ქალი რომ არ გამოჩენილიყო :(
2018, 12 სექტემბერი, 15:40
ეჰ იოკო.. მართლა ალქაჯი იყო ალბათ
2018, 12 სექტემბერი, 12:02
კიიიი, ჩიტმა მომიტანა ამბავი :)
2018, 12 სექტემბერი, 10:32
აქ ვინმემ რედაქტორის ბითლომანობა ხომ არ გაავრცელა?:))) სასწრაფოდ ჩავუჯდები
0 1 4