x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
11 სექტემბერი- დღე, რომელმაც მსოფლიო შეძრა
image


“მსოფლიო ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო” – 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ეს სიტყვები ყველასათვის კარგად ნაცნობი გახდა. ამ თარიღმა ამერიკის ისტორია ორ ნაწილად გაყო: 11 სექტემბრამდე და 11 სექტემბრის შემდეგ და დღეს მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ იხსენებს საზარელი ტერორისტული ოპერაციის ცალკეულ დეტალებს; პატივს მიაგებს სამი ათასამდე დაღუპულის ხსოვნას; ცდილობს გაიაზროს, რამ ჩაადენინა თავდამსხმელებს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი, ყველაზე დაუნდობელი ტერაქტი.


2001 წლის 11 სექტემბერს მთელი მსოფლიო შეძრა აშშ-ის ქალაქებში მომხდარმა ტერაქტმა: ტერორისტული დაჯგუფება ''ალ-ქაიდას'' წევრებმა ხელში ჩაიგდეს სამგზავრო თვითმფრინავები და ამერიკის სხვადასხვა შტატში ტერორისტული აქტების სერია განახორციელეს, რომელსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ტერორისტული აქტი აღიარებული იქნა ყველაზე მასშტაბურ ტერაქტად მსოფლიოში.


მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა: ტერორისტებმა თითქმის ერთდროულად ჩაიგდეს ხელში ოთხი სამგზავრო ავიალაინერი, რომლებიც ასრულებდნენ რეისებს ლოგანის, ნიუ-იორკის და დალასის აეროპორტებიდან კალიფორნიის მიმართულებით. რადგან ლაინერებს გრძელი მარშრუტი ჰქონდათ, ისინი დიდი ოდენობის ავიასაწვავით იყო აღჭურვილი, რამაც აფეთქების სიმძლავრე კიდევ უფრო გაზარდა.


რეისი 11: თვითმფრინავი ბოინგ-767 სერიული ნომრით N334AA, დილის 8:46 საათზე შეასკდა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის პირველი კოშკის ჩრდილოეთ მხარეს, დაახლოებით 94-98 სართულებს შორის.

რეისი 175: ბოინგ-767 საბორტე ნომრით N612UA, დილის 9:02 საათზე შეასკდა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მეორე კოშკის სამხრეთ მხარეს დაახლოებით 74-85 სართულებს შორის.

რეისი 77: თვითმფრინავი ბოინგ-757-200 დილის 9:37 საათზე შეასკდა პენტაგონის შენობას.

რეისი 93: თვითფრინავი ბოინგ-757-200, საბორტე ნომრით N591UA, ჩამოვარდა პენსილვანიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში დილის 10:03 საათზე. სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოვარდნას წინ უძღოდა მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების ბრძოლა თვითმკვლელ-ტერორისტებთან, რომლებიც კონტროლს ახორციელებდნენ რეისზე.



image



თვითმფრინავების შეჯახების შედეგად დაინგრა მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის სამი შენობა: სამხრეთი კოშკი დაინგრა 9:56 საათზე ხანძრის შედეგად, რომელიც 56 წუთი გრძელდებოდა; ჩრდილოეთი კოშკი დაინგრა 10:28 საათზე ხანძრის შემდეგ, რომელიც 102 წუთი გრძელდებოდა; მესამე შენობა - WTC 7 კოშკი დაინგრა საღამოს 17:20 საათზე გაზის აფეთქების და მის მიერ გამოწვეული ხანძრის შედეგად.


მომხდარმა ტრაგედიამ აშშ-ში დიდი არეულობა და პანიკა გამოიწვია: საინფორმაციო საშუალებები ქაოსმა მოიცვა, გადაიდო ყველა ავიარეისი, დასხდომა ქვეყნის აეროპორტებში აიკრძალა გარდა იმ რეისებისა, რომლებიც უკვე ჰაერში იმყოფებოდნენ, სხვა ქვეყნებიდან შემომავალ თვითმფრინავებს უკან აგზავნიდნენ ან ისინი დაფრენას ახორციელებდნენ მექსიკის და კანადის აეროპორტებში. აშშ-ის დიდი ქალაქების თავზე საჰაერო პატრულირება ამოქმედდა, შემოდიოდა უამრავი ცრუ განგაშის ზარი, ვითომდა სხვადასხვა ადგილებში დადებული ბომბის ან დანაღმვის შესახებ... მოკლედ, მთელ ქვეყანაში პანიკა და ქაოსი გამეფდა.



image



სულ ტერაქტის მსხვერპლი გახდა 2977 ადამიანი. მათგან 266 თვითმფრინავის მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იყო, 2606 დაიღუპა მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის აფეთქების შედეგად და 125 პენტაგონის შენობასთან. პასუხისმგებლობა მომხდარ ტერაქტზე დაჯგუფება "ალ-ქაიდამ" აიღო. დაღუპულად ითვლება ასევე 19 ტერორისტი, რომელთაგან 15 საუდის არაბეთის, ორი არაბთა გაერთიანებული საემიროების, ერთი ეგვიპტისა და ერთიც ლიბანის მოქალაქე იყო.



image



11 სექტემბრის ტერაქტის შედეგად მიყენებული ზარალის ზუსტი ციფრი უცნობია. 2006 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ზარალმა, ყველაზე დაბალი შეფასებით, 500 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ალ-ქაიდამ“ 11 სექტემბრის ტერაქტს შურისძიება დაარქვა ამერიკის აგრესიულ პოლიტიკაზე, რომელიც ისლამური ქვეყნების წინააღმდეგ იყო მიმართული.

11 სექტემბრის შემდეგ „ალ-ქაიდას“ ლიდერი ოსამა ბინ ლადენი მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტად და აშშ-ს სპეცსამსახურების მთავარ სამიზნედ გადაიქცა. მისი ლიკვიდაცია აშშ-მა ყველაზე მასშტაბური ტერაქტიდან მხოლოდ 10 წლის შემდეგ შეძლო.




image


11 სექტემბრის ტერორისტულ აქტს მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა მთელ მსოფლიოში. ქვეყნების მთავრობები, მასმედია და უბრალო მოქალაქეები თანაგრძნობას უცხადებდნენ ამერიკელ ხალხს და მზად იყვნენ მათ დასახმარებლად.


სექტემბრის ტერორისტული აქტებიდან 10 წლის შემდეგ ნიუ-იორკში ეროვნული მემორიალი გაიხსნა. მის სტუმრებს საშუალება აქვთ, დაათვალიერონ ბრინჯაოს ფირფიტებით გარშემორტყმული ორი აუზი, რომლებზეც 2001 და 1993 წლებში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობებზე განხორციელებული ტერორისტული აქტების დროს დაღუპული ადამიანების სახელებია ამოტვიფრული.

შავი გრანიტით გაკეთებული კუბის ფორმის ორი აუზი იქ მდებარეობს, სადაც სავაჭრო ცენტრის შენობები იდგა. თითოეული აუზის ფართი ნახევარი ჰექტარია. მემორიალი ჩრდილოეთ ამერიკაში უდიდესი ხელოვნური ჩანჩქერია.



image


2004 წელს რეჟისორმა მაიკლ მურმა გადაიღო სკანდალური დოკუმენტური ფილმი 9/11, რომელიც კანის კინოფესტივალის "ოქროს პალმის რტოს" გამარჯვებული გახდა. ფილმში მოთხრობილია 11 სექტემბრის ტერაქტის მიზეზებსა და შედეგებზე და გაჟღერებულია ვერსია ჯორჯ ბუშსა და უსამა ბინ ლადენს შორის შესაძლო კავშირზე. ფილმს დიდი გამოხმაურება და ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებები მოჰყვა.




0
74
5-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0