x
image
მანჩო 777
ოჰ, ეს უცნაური ჩინელები
ტყუილად როდი უწოდებენ ჩინეთს გამოცანების ქვეყანას, რომლის ამოხსნა იმ ადამიანებსაც კი უჭირთ, რომლებმაც ჩინეთში საკმაოდ ბევრი წელი იცხოვრეს და ასე თუ ისე შეეჩვივნენ იქაურ ყოფა-ცხოვრებას. პრინციპში ეს არცაა გასაკვირი, რადგან მსოფლიოს ყველა ქვეყანას გააჩნია თავისი წეს-ჩვეულებები, რომლებიც ძნელად აღსაქმელია უცხოელთათვის.



image


ამ სტატიაში მინდა გაგაცნოთ 15 საინტერესო ფაქტი ჩინეთის და ჩინელების შესახებ, რომელთა უმრავლესობა ბევრი თქვენგანისთვის ნამდვილად უცნობი იქნება.



ცხელი წყალი - წამლის მაგივრად



image



ჩინელების აზრით, ყველა ავადმყოფობის წამალი ცხელი წყალია. მას დიდი რაოდენობით ღებულობენ თავის ტკივილის, გაცივების, მუცლის ტკივილის დროს და უბრალოდ კარგი განწყობისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ მდუღარე წყლის შოვნა ჩინეთში სულაც არაა რთული: ცხელი წყლით სავსე ცისტერნები დგას აეროპორტში, საავადმყოფოებში, მაღაზიებსა და პარკებშიც კი. რადგან ქვეყნის მოსახლეობა დიდი რაოდენობით წყალს სვამს, შესაბამისად საზოგადოებრივ ტუალეტს აქ ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით.


თეთრეული ჩინეთის მატარებლებში


image


არ გაგიკვირდეთ, თუ ჩინეთში მატარებელში ასულს დაჭმუჭნილი თეთრეული დაგხვდათ. საქმე იმაშია, რომ საწოლის თეთრეულს ვაგონებში მარშრუტის დასასრულამდე არ ცვლიან. მარშრუტები კი აქ საკმაოდ გრძელია. ასე რომ, ერთსა და იმავე თეთრეულში ხანდახან 5-6 ადამიანს უწევს დაწოლა.


მაგიდის გაწყობა ჩინეთში


image


ჩინეთის ბევრ კაფესა და სასადილოში მაგიდის ჩვეულებრივად, თეფშებითა და დანა-ჩანგლით გაწყობის მაგივრად, კლიენტისათვის მოაქვთ ცელოფანში შეფუთული ერთჯერადი ჭურჭელი. ეს საკმაოდ ჰიგიენურია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩინელები წესრიგის და სისუფთავის სიყვარულით არ გამოირჩევიან. უფრო გასაკვირი ისაა, რომ ჩინელები ამ ჭურჭელს რეცხავენ წყლით, რომელიც ოფიციანტს სუფრაზე მოაქვს.



მზისგან დაცვა


image


იმ დროს, როცა ევროპელები აქტიურად ირუჯებიან და ამისთვის სოლარიუმებსაც კი სტუმრობენ, ჩინეთში პირიქით, მზეს ემალებიან და ცდილობენ, რაც შეიძლება თეთრი კანი ჰქონდეთ. ზაფხულობით, როცა ტემპერატურა 37 გრადუსს უახლოვდება, ქალები ქოლგებით დადიან, იკეთებენ ნიღბებს და სათვალეებს. ასევე, დიდი პოპულარობით სარგებლობს სახის გამათეთრებელი კოსმეტიკა. ცხადია, რომ სოლარიუმების ადგილი ამ ქვეყანაში არ არის, რადგან ადგილობრივებს ძალიან უკვირთ, როგორ შეიძლება ადამიანმა ფული გადაიხადოს იმაში, რომ გაშავდეს.



ჩინური სამზარეულო


image


საინტერესოა, რომ ჩინეთში არ არსებობს ცნება " ჩინური სამზარეულო"და აი, რატომ! - ეროვნული სამზარეულო იმდენად მრავალფეროვანია, რომ ერთი და იმავე კერძის დამზადების რეცეპტურა თითოეულ რეგიონში კარდინალურადაა განსხვავებული. ყველა ქალაქში საჭმელს სხვადასხვანაირად აკეთებენ, იყენებენ რა უნიკალურ პროდუქტებსა და სანელებლებს. მაგალითად, ქალაქ უხანში საფირმო კერძად ითვლება მაკარონი არაქისის სოუსით და იხვების ცხარე კისრებით, ხოლო ქვეყნის ჩრდილოეთში იგივე კერძს პელმენებით ამზადებენ. თავად ჩინელები სახლში თითქმის არ აკეთებენ სადილებს, დადიან კაფეებსა და რესტორნებში და სულაც არ არიან გულგრილი კულინარიული საკითხების მიმართ. შესაძლოა სწორედ ამიტომაცაა ამ ქვეყანაში კულინარიული ტურიზმი ასე პოპულარული.


ათესაური კავშირები ჩინელებს შორის


image


ჩინეთში ძალიან აფასებენ ნათესაურ კავშირებს. ცნებები "თანამემამულე", " მეგობარი" და "ნათესავი" ძალიან მრავალმხრივია. ასეთი სტატუსი განსაკუთრებული ურთიერთობების საფუძვლებს იძლევა. ნათესაური კავშირები ან მეგობრობა ამ ქვეყანაში საშუალებას გაძლევთ, შეიძინოთ კარგი ხარისხის საქონელი, მაგიდა რესტორანში და ხარისხიანი მომსახურება. ჩინელები ყოველთვის დაეხმარებიან ადამიანს, რომელსაც "თავისიანად" თვლიან, მაგრამ მომავალში მისგანაც ითხოვენ საპასუხო საქციელს. საერთოდ, საზოგადოება ამ ქვეყანაში აგებულია ურთიერთმომსახურეობის საფუძველზე.


ჩინელებს შორის საუბრის განსაკუთრებულობა


image


ჩინელთან ურთიერთობა საკმაოდ საინტერესო ცნებაა, რადგან ამ ქვეყანაში ვერასოდეს ვერ მიიღებ ერთფეროვან პასუხს. შეკითხვაზე ან რაიმეს თხოვნაზე ვერ მოისმენთ ბანალურ "კი" ან " არას", ხოლო სიტყვა - " შესაძლებელია" უამრავ რამეს ნიშნავს, მათ შორის, "ნამდვილად ვერ შევძლებ, მაგრამ არ მინდა შენი წყენინება", "ვეცდები, მაგრამ მხოლოდ ღმერთმა იცის, ამ საქმიდან რამე გამოვა, თუ არა"... ასეთი ურთიერთსაწინააღმდეგო ცნებების და გაგების გამო ტურისტებს და ჩინეთში საცხოვრებლად ჩასულ ემიგრანტებს ხშირად ექმნებათ პრობლემები.


ძილი და დასვენება ჩინეთში


image


როგორც ჩანს, ჩინელები ერთადერთი ერია მსოფლიოში, რომელთაც შეუძლიათ ძილი ყველგან და ყოველთვის. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი ზარმაცები არიან, პირიქით, ეს თვისება ზედმეტი შრომისმოყვარეობით და თვითდამკვიდრებისაკენ მისწრაფებითაა გამოწვეული. ცისქვეშეთის (ასე უწოდებენ ხშირად ჩინეთს) ადგილობრივი მცხოვრებლების უმეტესობას არანორმალური სამუშაო აქვთ და გამუდმებით განცდიან ძილის და დასვენების უკმარისობას. ამიტომ ჩინეთის ბევრ ქალაქსა და პროვინციაში დაწესებულია შუადღის ძილი. შესვენება აქ გულისხმობს სადილობას და სადილობისშემდგომ 1, 5 საათიან ძილს. ამ დროს ჩინეთის ქუჩებში შეხვდებით ადამიანებს, რომლებსაც სძინავთ ყველგან: პარკებში დადგმულ სკამებზე, კიბეების საფეხურებზე, ბალახზე და ტროტუარზეც კი.



ოჯახის შექმნის სურვილი


image


ჩინელი წყყვილის ურთიერთობა თავიდანვე ორიენტირებულია ოჯახის შექმნაზე. ოჯახი ნებისმიერი ჩინელისათვის წმინდა მცნება და ცხოვრების მიზანია. განსაკუთრებით სერიოზულად ამ საკითხს უდგებიან გოგონები, რადგან თუ მათ ვერ მოახერხეს 27 წლამდე გათხოვება, ეგრევე იღებენ შინაბერას წოდებას და მათი გათხოვების შანსი ადგილობრივ მამაკაცზე თითქმის ნულია. რაც შეეხება ახალგაზრდა მამაკაცებს, მათ ძალიან უყვართ ბავშვები, ზრუნავენ მათზე და ცოლს სიამოვნებით ეხმარებიან საოჯახო საქმეებში.



გრძნობების გამოვლენა საზოგადოების წინაშე


image


ჩინეთში მიღებული არაა გრძნობების გამოვლენა ხალხის წინაშე. კოცნა, მოხვევა და შეხებაც კი საზოგადოებრივ ადგილებში უწესობად ითვლება. მართალია, დიდ ქალაქებში შეხვდებით კოცნით დაკავებულ წყვილს, მაგრამ ეს უფრო ევროპული კულტურის გავლენაა, რომელიც ნელ-ნელა იკიდებს ფეხს ახალგაზრდებში. ასევე ჩინელები იშვიათად ეუბნებიან მეუღლეს ან ბავშვებს სიტყვას "მიყვარხარ". რაც შეეხება მეგობრულ ურთიერთობებს, აქ საერთოდ, სითბოს გამოხატვა და ყოველგვარი შეხება გამორიცხულია. მეგობრები და ახლობლები შეხვედრის დროს ხელსაც კი იშვიათად ართმევენ ერთმანეთს, გადახვევასა და ზედმეტ შეხებაზე ლაპარაკი უკვე აღარაა... და საერთოდ, ჩინელებს არ უყვართ, როცა მათ ეხებიან, თუმცა ამას გვერდს ვერ აუვლიან გადატენილ საზოგადოებრივ ტრანსპორტში.


სასაუბროთი და ლექსიკონით სარგებლობა


image


თუ ჩინეთში ჩახვედით და ცდილობთ სასაუბრო ლექსიკონის საშუალებით დაელაპარაკოთ ვინმეს, ტყუილად გაწვალდებით, ვერავის ვერაფერს ვერ გააგებინებთ. საქმე იმაშია, რომ ჩინური ენა ტონების ენაა და სწორედ ინტონაციაზეა დამოკიდებული ამა თუ იმ სიტყვის მნიშვნელობა. შეიძლება სწორად წარმოთქვათ ასოები და სიტყვაც კი, მაგრამ საჭირო ინტონაციის გარეშე არაფერი გამოგივათ. ამიტომ ჯობია გადააგდოთ ლექსიკონი და ჟესტების ენით აუხსნათ ადგილობრივებს, თუ რა გჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ ტურისტები ჩინეთში ძალიან უყვართ და ყოველთვის მზად არიან მათ დასახმარებლად, ქუჩაში ორიენტირება და საჭირო ნივთის თუ ადგილის მოძებნა ძალიან გაგიჭირდებათ, რადგან ახალგაზრდების ძალიან მცირე ნაწილმა იცის ინგლისური ენა.



ტრადიციული გართობა ჩინეთში


image


ჩინელების უმეტესი ნაწილის ცხოვრება მოსაწყენი და ერთფეროვანია. დამქანცველი სამუშაო დღის შემდეგ ისინი სახლებში მიიჩქარიან, რათა დაისვენონ. ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი საერთოდ არ გამოიყენებს ალკოჰოლს და ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს. გამოსასვლელ დღეებში ჩინელები ცდილობენ გავიდნენ ქალაქგარეთ, წავიდნენ მთებში ან ზღვაზე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აქ ძალიან ცოტა გამოსასვლელი დღეა და შვებულება სულ რაღაც 14 დღე გრძელდება.


ნაგავი ჩინეთის ქალაქებში


image


ნაგავი - ჩინეთის ძალიან დიდი პრობლემაა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ნაგვის გადაყრა ქუჩაში აქ ჩვეულებრივი მოვლენაა. სხვათა შორის, ნაგვის მიმართ ქალაქელები ძალზე მშვიდად არიან განწყობილი და შეუძლიათ თამამად მიირთვან საჭმელი ნაგვის ბუნკერთან ახლოს, რომლის გარშემო ვირთხები დაძრწიან.



ჩინური მოდა


image


ვინც ჩინეთში ყოფილა, იტყვის, რომ ამ ხალხს შეუძლია ჩაიცვას ყველაფერი, რაც მოეპრიანებათ და მშვიდად იარონ ქუჩაში ისე, რომ არავის ყურადღება არ მიიპყრონ. ჩინელი გოგონები ხშირად იცვამენ ძალიან მოკლე ქვედაკაბებს და ეს მიღებულად ითვლება მაშინ, როცა დეკოლტეს ტაბუ ადევს და კიდევ, როგორი სანახავია ქუჩაში მოსიარულე მამაკაცი გაშიშვლებული მუცლით? - ეს აქ საკმაოდ ჩვეულებრივი მოვლენაა. ცხელათ და რა ქნან?



ჭარბი მოსახლეობით გამოწვეული პრობლემები


image


ჩინელები მყარად არიან დარწმუნებული, რომ მათ ქვეყანაში არსებული ყველა პრობლემა ჭარბი მოსახლეობითაა გამოწვეული.

ქალაქის ქუჩებში ბევრი ნაგავი იმიტომაა, რომ ბევრი მცხოვრებია; გზებზე საცობები და მოუწესრიგებელი, გადატვირთული მოძრაობა ადამიანების სიმრავლის ბრალია; ცუდი ეკოლოგიური მდგომარეობაც ჭარბი მოსახლეობითაა გამოწვეული. დიახ, ასე ფიქრობენ ჩინელები და ჩემი აზრით, სწორადაც ფიქრობენ, რადგან ამ ქვეყნის მოსახლეობის უკვე 1 373 მილიარდია ანუ დედამიწის მოსახლეობის მეხუთედზე მეტი ამ ქვეყანაში ცხოვრობს. ასე რომ, დროა ჩინური ენის შესწავლა დავიწყოთ. არ მეთანხმებით?

1
414
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
414
  
2018, 11 სექტემბერი, 13:03
საინტერესოა
0 1 1