x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"ეს ბავშვი 7, მაქსიმუმ 8 წლისაა, ასე მხარს ზემოთ აწეული დააქვს ყავა სანაპიროზე„

image

ეს ბავშვი 7, მაქსიმუმ 8 წლისაა.
პატარა თითებით, ასე მხარს ზემოთ აწეული დააქვს ყავა სანაპიროზე.
ყავა, რომელიც რთულად იყიდება ძალიან - უვარგისია.
სხვა ბავშვებიც არიან, ისინიც ასე დაატარებენ, მაგრამ ეს ყველაზე პატარა და ყველაზე მოწყენილია.
ერთხელ მამაკაციც დავინახე, იგივე ყავა დაჰქონდა, მაგრამ მხარს ზემოთ არ ჰქონდა აწეული ხელით - რთულია მთელი დღე ასე მხარს ზემოთ ყავის ტარება დიდისთვის.
ბავშვს რა მოუვა - მთელი დღე რომ ეზოში თამაშობდეს - მაშინ ხომ არ დაიღლება.
თურქეთში მიდიან ჩვენი ბავშვები სამუშაოდო, ვამბობთ - იქ ნორმალურად მაინც უხდიან - აქ კაპიკებზე მუშაობენ.
- ცივი ყავა - გაჰყვიროდა რაღაცნაირი ხმით, მოწყენილი.
დანარჩენების ხმა ომახიანი იყო, ამისი - არა.
დანარჩენი ბავშვები ორ-ორად დადიოდნენ, საუბრობდნენ, იცინოდნენ - ეს, არა.
დანარჩენები მიჩვეულნი იყვნენ უკვე უბავშვობო ბავშვობას - ამან ვერ ისწავლა, ვერ მიეჩვია, სტკიოდა ჯერ.
სულ იმაზე ვფიქრობდი, იმაზე, ვინც იჯდა სადღაც სანაპიროს მიღმა და ამ საზიზღარ ყავას ამზადებდა დიდი თითებით, ამზადებდა, ბავშვებს აჰკიდებდა და თან მოაყვირებდა: - არ დაგავიწყდეთ, მხარს ზემოთ დაიჭირეთ, ყველამ რომ დაინახოს, ხმამაღლა დაიძახეთ...
მერე კი, დაისვენებდა, გააბოლებდა, შეჭამდა, იჭორავებდა, შემოსავალს გადათვლიდა - სანამ ბიჭები ამ საზიზღარ ყავას შეასაღებდნენ ვინმეს.
- ხურდა არ მინდა - ვუთხარი და გაფართოებული თვალებით შემომხედა, მაინც ჯიუტად აფათურებდა თითებს წელზე შემოკრულ საფულეში. სამჯერ რომ გავუმეორე, გაიგო და ვერც გაიგო. ჯიბეში არ ჩაიდო ნაჩუქარი ფული, საფულეში ჩადო, ისიც იმას უნდა მიუტანოს, იმას, იქ რომ ზის, სადღაც სანაპიროს მიღმა, ჩრდილში და საზიზღარ ყავას ამზადებს.


სად არის სოციალური სამსახური, მხოლოდ სოციალური სტატუსის მინიჭება-გაუქმებით რატომ შემოიფარგლება? დეკლარაციას კომპიუტერული სისტემა აჯამებსო - ხოდა, რაში გვჭირდება მაშინ ამდენი სოციალური მუშაკი?


იქნებ, საერთოდაც 5 ლარს უხდიან დღეში მძიმე შრომაში ამ ბავშვს, იქნებ, დღეში 15 საათს ამუშავებენ, იქნებ, საერთოდაც უფასოდ ამუშავებენ - სად არის სოციალური სამსახური, სად ჯანდაბაში, რატომ ვუხდით ხელფასს, თუ მოხუცს სიბერე არ უნდა უვარგოდეს და ბავშვს - ბავშვობა.image

1
113
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
113
  
2018, 10 სექტემბერი, 11:02
კაცი გამოვა მისგან...
0 1 1