x
image
მანანა თურმანიძე
ომი თუ მშვიდობა
image

ბ-ნი მაილსის, როგორც დიპლომატის და საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩის ეს განცხადება კარგი პასუხია მათთვის, ვისაც სრულიად აბსურდული იდეა ფიქსი აწუხებს, თითქოს ამერიკამ წაგვაქეზა რუსეთთან საომრად! თუმცა, ახლა ამ „წვეტიან“ და უსაფუძვლო აზრებზე სასაუბროდ დროს არ დავკარგავ, მინდა ბატონი მაილსის მოსაზრებას შევეხო. ბუნებრივია, დილემა - ომი თუ მშვიდობა აბსურდულია და ცხადია, ნებისმიერი, საღ გონებაზე მყოფი ინდივიდის არჩევანია მშვიდობა, ამაზე კამათიც კი არ ღირს. თუმცა, ადვილია განსჯა, როდესაც უცხო ქვეყნის დიპლომატი ხარ და შენი პასუხისმგებლობა ამ კუთხით შეზღუდულია, მაგრამ რთულია კონკრეტული სამოქმედო გეგმის შეთავაზება. სრულიად მისაღები პოზიციაა, რომ სამხედრო კონფლიქტი არ არის კარგი გადაწყვეტილება, არასდროს და არსად, ეს აქსიომაა! მითუმეტეს არასწორია შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვა, როდესაც ისეთ მტაცებლური ინსტინქტით გააფთრებულ მონსტრთან გაქვს საქმე, როგორადაც დღეს რუსეთის ფედერაცია გვევლინება. რფ აშკარად დროს ჩამორჩა და მისი სტრატეგიული კურსი, დასავლეთისგან განსხვავებით, მშვიდობიან განვითარებაზე კი არ არის ორიენტირებული, არამედ პირიქით, სამხედრო აგრესიაზე და ინტერვენციაზე, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელს მსოფლიოში! სხვათაშორის, სწორედ ამის გამო ვერ იყენებს რფ მის ხელთ არსებულ უხვ რესურსებს სწორი, ანუ მშვიდობიანი განვითარების მიმართულებით. ეს უზარმაზარი სახელმწიფო სამხედრო ტექნიკის განვითარებაზე და შეიარაღებაზე ხარჯავს დიდ ძალისხმევას, რაც დესტრუქციული გადაწყვეტილებაა და მისი ლაკმუსის ქაღალდია.


ბატონი მაილსის პროფესიონალიზმში ეჭვი არასოდეს შემპარვია, მისი პოზიცია მისაღები და გასაგებია, მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია. თუმცა, ვერ მოვისმინე რაში მდგომარეობდა მოცემულ სიტუაციაში გამოსავალი, ანუ რა ურჩია მან კონკრეტულად, რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეფექტური ყოფილიყო მშვიდობის შესანარჩუნებლად და მისი მოსახლეობის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესაჩერებლად? ხალხისთვის, რომლებიც იმ რეგიონში ცხოვრობდნენ, რომლებსაც სახლებში უვარდებოდნენ, ხოცავდნენ და აწიოკებდნენ, რომლებიც ითხოვდნენ შველას და ტელევიზიის საშუალებით იარაღიც კი მოითხოვეს თავის დასაცავად, რა პასუხი უნდა გაეცა ქვეყნის ხელისუფლებას? ზოგადი მსჯელობა და მითუმეტეს განკითხვა ადვილია, მაგრამ უმჯობესია, როდესაც სანაცვლოდ კონკრეტულ ალტერნატიულ ქმედებას სთავაზობ ოპონენტს. გამოდის, რომ ჩვენი მოსახლეობა ან უნდა დაეხოცათ, ან უნდა გამოეძევებინათ სახლებიდან. საქმე იმაშია, რომ საქართველო აღმოჩნდა ურთულესი დილემის წინაშე, ან უნდა დაეცვა მისი რეგიონის მოსახლეობა ნებისმიერ ფასად, ან უნდა გამოეჩინა ლაჩრული, შემგუებლური პოზიცია და მოღალატოებრივად მიეტოვენინა განსაცდელში რეგიონის მოსახლეობა, რომლებიც იძულებულნი გახდებოდნენ თავი შეეკლათ კბილებამდე შეიარაღებულ აგრესორებთან ბრძოლაში, ან მიეტოვებინათ სახლები და გამოქცეულიყვნენ საკუთარი სახლებიდან, რაზედაც მათი უმრავლესობა უარს აცხადებდა. საქართველოს ხელისუფლებას და რეგიონის მოსახლეობას ალტერნატიული გამოსავალი არ დაუტოვა რუსეთმა, ეს იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რომლისთვისაც კარგა ხანს ემზადებოდნენ, რასაც პრეზიდენტი პუტინი თავად აღიარებს, უფრო მეტიც, ამაყობს კიდეც ამით. ჩვენ მისი ეს მკაფიო განცხადება მის გეგმასთან დაკავშირებით, საჯაროდ მოვისმინეთ და აქ ორაზროვანი ან საკამათო აღარაფერია!


ყველასთვის ცნობილია პრეზიდენტ პუტინის დამოკიდებულება საბჭოთა კავშირის დაშლასთან დაკავშირებით. მან არაერთხელ გამოხატა მისი წუხილი, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა იყო გეო-პოლიტიკური კატასტროფა, რაშიც ნაწილობრივ ვეთანხმები, იმდენად, რამდენადაც ამან გამოიწვია არაერთი ე.წ. "ეთნიკური კონფლიქტი", ხალხთა შორის შეიარაღებული დაპირისპირებები, სადაც სხვათაშორის, გამოყენებულ იქნა რუსული სამხედრო ტექნიკა, რასაც მოჰყვა ასიათასობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. გარდა ამისა, სსრკ-ს დაშლას მოჰყვა ინფრასტრუქტურის სრული მოშლა, ეკონომიკის საბოლოო კოლაფსი, ცოცხლად დარჩენილი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის მკვეთრი გაუარესება, ასიათასობით იძულებით გადაადგილებულები და ლტოლვილები, ასიათასობით შიმშილით გარდაცვლილი და უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანი მთელს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, რომელიც ’90-იან წლებში ჰუმანიტარული კატასტროფის ზონად გამოცხადდა და ბოლომდე ფეხზე დღემდე ვერ დადგა. ცხადია, ეს იყო ჰუმანიტარული კატასტროფა, მაგრამ საინტერესოა, რა გააკეთა ყოველივე ამის შესაჩერებლად ან თავიდან ასაცილებლად თავად რფ-მ, რომელსაც დიდი ძმის ამბიცია აშკარად ჰქონდა და დღემდე აქვს დეკლარირებული.



სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი კარგა ხანია იქცა მსოფლიოს პოლიტიკურ საფრთხობელად, დაახლოებით ისეთად, როგორიც გერმანია იყო წინა საუკუნის I ნახევარში. ღვთის მადლით, დღეს საღი აზრი ჭარბობს და ჯერჯერობით ყველა თავს იკავებს სამხედრო დაპირისპირებისგან, რადგან არავის სურს მშვიდი და უზრუნველი ცხოვრება ომზე და მასთან დაკავშირებულ უბედურებებზე გაცვალოს. აქსიომაა, რომ ომი სურს მას, ვისაც რაღაც უჭირს და სხვა გამოსავალი არ დარჩენია! ცივილიზებულ მსოფლიოს ისტორიული მეხსიერება არ ღალატობს და ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ II მსოფლიო ომის "ხიბლი" და "სიკეთეები", ამიტომ განვითარებულ მსოფლიოში არავის სურს III მსოფლიო ომი იხილოს, რომელიც, სავარაუდოდ ტანკებით და ბომბდამშენი თვითმფრინავებით აღარ იქნება! დღევანდელი გერმანია, ისევე, როგორც მთელი ევროპა და ზოგადად დასავლეთი, საკმაოდ საღად, პრაგმატულად აზროვნებს, ამიტომ ცალსახად ორიენტირებულია დემოკრატიულ განვითარებაზე, ეკონომიკის გაუმჯობესებაზე, ადამიანების კეთილდღეობაზე და მათი ცხოვრების ხარისხის ამაღლების პრიორიტეტებზე, რაც მათი მოსახლეობის ცხოვრების დონეზე დღითიდღე აიხასება პირდაპირპროპორციულად.


პროგრესულად მოაზროვნე მსოფლიომ კარგა ხანია უარი თქვა სამხედრო აგრესიით პრობლემების გადაჭრის კურსზე და ორიენტირებულია ცივილური განვითარების კურსზე. სხვათაშორის, კონფლიქტების და დესტრუქციის გადაჭრის მეთოდებიც შეიცვალა თანამედროვე მსოფლიოში და უხეში, ძალისმიერი მეთოდების ნაცვლად, შემოღებულია ეკონომიური სანქციები, რაც საკმაოდ ეფექტურად მუშობს, ყოველგვარი მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების გარეშე. ჩვენ ეს არც თუ დიდი ხანია, სულ რაღაც მეოთხედი საუკუნის წინ, უკვე ვიხილეთ უზარმაზარი სუპერ-სახელმწიფოს, სსრკ-ს მაგალითზე! მათ, ვისაც საღი აზრი შერჩენია, შეუძლიათ თავიდან აიცილონ ეს ფრონტი აგრესიული და მტაცებლური პოლიტიკიდან, მშვიდობიანი განვითარების კურსზე გადასვლის გზით და მსოფლიოს დაპყრობის ამბიციებიდან საკუთარ სახელმწიფოზე, მისი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვის კურსზე ფოკუსირებით.


ძველი ხალხისგან შესანიშნავი რჩევა შემოგვრჩა - რაც არ გერგება, არ შეგერგება! რაც შეეხება საქართველოს მშვიდობიანი განვითარების კურსს, ის უცვლელია! ჩვენი ურყევი პოზიცია იყო და არის მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა. ვიმედოვნებთ, რომ ოდესმე ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი გააცნობიერებს, რომ ამ კურსიდან შემობრუნება და რაიმეს შეცვლა უკვე შეუძლებელია, თავადაც მოგვბაძავს და გადმოვა მშვიდობიანი განვითარების კურსის რელსებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მატარებელი განწირულია, რადგან ის რელსები, რომელსაც დღეს რფ ადგას, მოძველებული, ექსპლუატაციიდან გამოსული და აქედან გამომდინარე ხიფათის შემცველია!

0
41
1-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0