x
image
natia.a
ქართველი დიზაინერი, რომლის ნამუშევრები მესისა და კასილასის სახლებში აღმოჩნდა - ინტერვიუ ლელი ცისკარაულთან
image


ჩვენს დროში დიზაინის სამყარო იმდენად მრავალფეროვანია, რომ საკმაოდ რთულია რაიმე ორიგინალურის და ამავდროულად, პრაქტიკულის შექმნა. თუმცა სურვილისა და საჭირო უნარების არსებობის შემთხვევაში, შეუძლებელი არაფერია. ჩვენი დღევანდელი რესპონდენტია ესპანეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერი, ლელი ცისკარაული, რომელმაც მოღვაწეობისთვის წარმატებული ნიშა აირჩია და ახალშობილის ოთახის აქსესუარების საკუთარი, უნიკალური სტილი დაამკვიდრა.


Decosweetbcn-ის ბრენდის ქვეშ წარმოდგენილი ნამუშევრები უკვე არაერთი ცნობილი ადამიანის შვილების ოთახს ამშვენებს, მათ შორი არიან მსოფლიო ფეხბურთის ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა ლიონელ მესი, იკერ კასილასი და ჯორდი ალბა.


როგორ შეიქმნა Decosweetbcn და როგორი იყო გზა წარმატებისკენ, ამის შესახებ თავად ლელი ცისკარაული გვიამბობს ექსკლუზიურ ინტერვიუში.



image

ლელი, თქვენი ნამუშევრები საკმაოდ პოპულარულია ესპანეთში, იქნებ გვიამბოთ, როგორ აღმოჩნდით ამ ქვეყანაში?


საქართველოში ვსწავლობდი ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამხატვრო დიზაინზე. 19 წლის ვიყავი, როცა მუშაობა დავიწყე გრაფიკულ დიზაინერად, მაგრამ სამწუხაროდ ვერანაირი წინსვლა, ვერც ეკონომიკური და ვერც პროფესიული თვალსაზრისით ვერ ვნახე. მიუხედავად იმისა, რომ 12 საათი ვმუშაობდი, ჩემი ხელფასი იყო მინიმალური. 22 წლის ვიყავი, როდესაც გადავწყვიტე, ევროპაში მეცადა ბედი. მე ვარ ადამიანი, რომელიც ყოველთვის წინსვლას ეძებს. ამიტომ ვფიქრობდი, რომ თუ მინდოდა ჩემი მიზნისთვის მიმეღწია, გარკვეული დროით საქართველო უნდა დამეტოვებინა. ალბათ, ძალიან ამბიციური და „კარიერისტი“ ვარ.


ესპანეთში ჩემი პირველი წლები ისეთივე რთული იყო, როგორც ნებისმიერი ემიგრანტისთვის. პირველი ორი წლის განმავლობაში ბევრჯერ ვიფიქრე საქართველოში დაბრუნება, მაგრამ სიამაყემ არ გამიშვა. როცა ენა უკვე კარგად ვისწავლე, დავფიქრდი, სად ვიყავი და რა მინდოდა. გადავწყვიტე სწავლა და დავიწყე უნივერსიტეტების ძებნა. ესპანეთში დავამთავრე მაგისტრატურა დიზაინის განხრით. სწავლის დამთავრების შემდეგ პრაქტიკა გავიარე “Pepe jeans”-ში სტაჟიორ დიზაინერად. ერთი წლის მანძილზე ვიმუშავე “virginie verrierer”-ის ერთი სეზონის მთლიანი კოლექციის დიზაინზე. ამასობაში დავოჯახდი კიდეც, ჩემი მეუღლე ესპანელია.


image


გვიამბეთ თქვენს ამჟამინდელ საქმიანობაზე, როდის და როგორ შეიქმნა Decosweetbcn და რა სახის პროდუქციაზე ხართ ორიენტირებული?


Decosweetbcn შეიქმნა სამი წლის წინ. ჩვენი პროდუქცია ძირითადად კონცენტრირებულია ახალშობილის ოთახის დეკორაციაზე და საბავშვო აქსესუარებზე. თავდაპირველად ეს ყველაფერი დავიწყე სახლში. ხუთ პროდუქტს ვყიდდი ონლაინ მაღაზიაში და პარალელურად ნახევარ განაკვეთზე საცხობში ვმუშაობდი. ერთი წლის შემდეგ საიტზე მქონდა 50 პროდუქტი. გაყიდვების რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ მარტო ვეღარ ვართმევდი თავს და გადავწყვიტე, ფართი მომეძებნა, სადაც შევძლებდი მუშაობასა და ჩემი პროდუქციის დამზადებას. დღესდღეობით საიტზე გვაქვს 85 პროდუქტი და თითქმის ყოველ თვეში ვამატებ სიახლეებს. ჩვენი გუნდი ხუთი ადამიანისგან შედგება. პერსონალიზებული პროდუქტები იქარგება ხელით და ყველა პროდუქტის დიზაინი შექმნილია დიდი შრომისა და სიყვარულის შედეგად. ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ ბამბის, ტილოსა და ბამბუკის ნატურალურ ქსოვილებს. პროდუქცია არის აბსოლუტურად ექსკლუზიური, რომელსაც ჩვეულებრივ საბავშვო მაღაზიაში ვერ შეიძენთ.


imageლიონელ მესის შვილისთვის შექმნილი ბავშვის "ჩასაწვენი კალათა", ანტონელა როკუცოს ინსტაგრამიდან.



რატომ აირჩიეთ კონკრეტულად ბავშვის ოთახის დიზაინი, ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, თუ რაიმე სხვა მიზეზის გამო?



მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბაზარმა. არ იყო დიდი არჩევანი ხელნაკეთი და პერსონალიზირებული პროდუქციისა და გადავწყვიტე შემექმნა ბრენდი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა პერსონალიზება, როგორც ქსოვილის, ასევე მოდელების.


image


როგორც ვიცი, თქვენი ნამუშევრები მხოლოდ შეკვეთით მზადდება და თითოეული მათგანი უნიკალურია. ხომ არ ფიქრობთ ახლო მომავალში სერიული წარმოების დაწყებას?


დიახ, ყველა ჩვენი პროდუქტი მზადდება შეკვეთით. Decosweetbcn-ის მთავარი ფილოსოფიაა, შევინარჩუნოთ ჩვენი ექსკლუზიურობა. ამ ეტაპზე სერიული გამოშვება არ შედის ჩვენს პერსპექტივაში. ჩვენი კონცეპტი არის, რაც შეიძლება ახლო კონტაქტი გვქონდეს მომხმარებელთან და რაც შეიძლება მეტი სახეობის ქსოვილი შევთავაზოთ მათ. მომხმარებელს შეუძლია ჩვენთან დაკავშირება, ქსოვილის ფერისა და მასალის შერჩევა - ჩვენი გუნდი სთავაზობს ყველა შესაძლო ვარიანტს. ეს ყველაფერი შეუძლებელია შესთავაზო მომხმარებელს, როცა სერიულად აწარმოებ.


image


როგორც უკვე აღვნიშნეთ, თქვენი ნამუშევრები ესპანეთში საკმაოდ პოპულარულია. სხვა რომელიმე ქვეყანაში თუ გაგაქვთ თქვენი პროდუქცია?


შეკვეთებს ონლაინ მაღაზიის მეშვეობით ვიღებთ, რაც აიოლებს საბაზრო საზღვრების გაფართოებას. უკვე ერთი წელია, ევროპის ყველა ქვეყანაში იყიდება decosweetbcn-ის პროდუქცია.


image


საქართველოში თუ აპირებთ თქვენი ნამუშევრების შემოტანას?


სამწუხაროდ, ამ ეტაპზე შეუძლებელია. გზავნილების ფასი საქართველოს მიმართულებით ძალიან მაღალია, რაც ზრდის პროდუქტის ფასს, მაგრამ არ გამოვრიცხავ მომავალში რაიმე პროექტის ორგანიზებას.


image


განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ თქვენი ნამუშევრებით ცნობილი ფეხბურთელი, ლიონელ მესი დაინტერესდა. იქნებ მოგვიყვეთ ამის შესახებ?


ეს ამბავი დაიწყო იქიდან, რომ რამდენიმე ჩვენი პროდუქტი შეიძინა და ინსტაგრამზე გააზიარა ჯორდი ალბას მეუღლემ, რომელიც ლეონელ მესის მეუღლის კარგი მეგობარია. ვფიქრობ, სწორედ მის გვერდზე ნახა ანტონელამ ჩვენი ბრენდი. რამდენიმე საათში მივიღე მეილი მესის მეუღლისგან. გვწერდა, რომ დაინტერესებული იყო და სურდა ჩვენი პროდუქტის შეძენა. არ მოგატყუებთ, თვალებს არ დავუჯერე. ალბათ, ათჯერ მაინც წავიკითხე, რათა დავრწმუნებულიყავი, მართალი იყო თუ არა. შემდეგ, პირადად ვისაუბრეთ ტელეფონზე ქსოვილების, ფერებისა და კომბინაციების შესახებ. როცა მიიღო გზავნილი, მომწერა, რომ ძალიან კმაყოფილი იყო ყველაფრით, შემდეგ თავის ინსტაგრამზეც გააზიარა პროდუქტის ფოტო და მადლობა გადაუხადა decosweetbcn-ს ასეთი ლამაზი ნამუშევრისთვის. წარმოიდგინეთ, ისეთი კმაყოფილი იყო, რამდენიმე დღის შემდეგ კიდევ შეგვიკვეთა პროდუქცია თავისი დისშვილისთვის. მანამდე იკერ კასილასის მეორე შვილისთვისაც შევკერეთ „cuco” - ბავშვის ჩასაწვენი კალათი.

imageიკერ კასილასის რჩეული სარა კარბონერო და მათი პატარა decosweetbcn-ის "კალათში".


8. როგორც უცხრო ქვეყანაში წარმატებული დიზაინერი, რა რჩევას მისცემდით ქართველ დამწყებ კოლეგებს?


ვურჩევდი იბრძოლონ თავისი მიზნებისა და ოცნებებისთვის. შრომა ადრე თუ გვიან აუცილებლად ფასდება.



ინტერვიუ მომზადებულია ექსკლუზიურად პორტალისთვის intermedia.ge



1
2281
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2281
  
2019, 15 აპრილი, 0:47
წარმატებებს გისურვებთ.სასიხარულოა რომ აქ(ესპანეთში) ბოლოსდაბოლოს რაიმე კარგი გავიგე ქართველზე(ულ ქურდებზე და მამაძაღლებზეა ტელევიზიით საუბარი).წინსვლას გისურვებთ.
0 1 1