x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
„სიკვდილი ისევე ალამაზებს სიცოცხლეს, როგორც მზე და მთვარე ალამაზებს წყვდიადს"- გოდერძი ჩოხელის გამონათქვამები
1. „ეეჰ, დედამიწავ! გაგისკდებოდა გული, რომ იცოდე, რა სევდას მგვრის, როცა შენს ბეჭებზე შავად ჩაცმულ ქართველ ქალს ვხედავ.“

2. „რაა სიკვდილი? – ზოგისთვის წამი, ზოგისთვის მთელი ცხოვრება. ზოგი დაბადებიდან გრძნობს თანდაყოლილ სიკვდილს და მანამდე აწვალებს ამის შიში, სანამ სულ – ხორცი არ გაეყრება ერთიმეორეს.“image

3. „თქვენ გინდათ თავისუფლება და ჩიტად ყოფნას იმიტომ ნატრობთ? მერედა თუ გიყვართ, რატომ იმონებთ ერთიმეორეს. თავისუფლება კი არა, უფრო მეტად ერთიმეორეს დამონება და დამცირება გიყვართ.“

4. „როცა გზაზე ადამიანები ხშირად აღარ დადიან, გზამაც მოწყენა იცის. თანდათან ბელტდება და ვიწროვდება. მერე კი სულაც ნაგზევი ხდება და ემატება იმ სიტყვებს, როგორიცაა: ნასოფლარი, ნასაყდრალი, ნასახლარი, ნაფუძარი, ნაცოლარი, და ვინ იცის, კიდევ რამდენი სიტყვა შეემატოს ამ სიტყვებს, ვინ გაიგებს, როგორ ქარს წამოუბერავს ზენაარი დედამიწაზე, თუ ადამიანები საერთოდ დაივიწყებენ ისეთ სიტყვას, როგორიცაა – სიყვარული!“


5. „მინდა ყველას გითხრათ, რომ ყველა დედა ამქვეყნიური ანგელოზია და ვისაც ცოცხალი გყავთ, ღმერთმა ყველას დიდხანს გიცოცხლოთ; ვისაც არა, ღვთის საუფლოში გაგინათლოთ. ამის სათხოვნელად ნამდვილად მივალ იმ ადგილზე, სადაც ღმერთი სურვილებს მისრულებდა ჩემს ბავშვობაში. ალბათ დედაჩემის სულიც შემეწევა და არ ჩამითვლის სიტყვის გატეხად.“

6. „ამქვეყნად მწერალზე ადრე არავინ ჭკნება, თუ მას არ უსმენენ. მეც მინდა ისეთი მწერალი ვიყო, თუნდაც ერთ ადამიანს მაინც არ დავუჭკნე საქართველოში.“

7.„ადამიანები იმიტომაც ბერდებიან, რომ სხვა ყველაფერთან ერთად, თანდათანობით აკლდებათ სითბო: მშობლების სითბო, შვილების სითბო, შეყვარებულის სითბო, მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების სითბო და რაც მთავარია, იმედის სითბო. ადამიანს, დაბადებიდან, სულ თან დაჰყვება იმედის სითბო, ფიქრობს, რომ ერთხელაც იქნება… მაგრამ რაკი ის რაღაც ამ ქვეყანაზე თურმე არ ხდება, ნელ – ნელა, რაც წლები გადის, თანდათან ქრება იმედის სითბო და მართალია სიკვდილამდე მაინც ღვივის მისი ნაპერწკლები ადამიანის სულში, მაინც საზარელია სიმარტოვის ჟამს საიდანღაც მონაქროლის ამაოების ქარი.“image

8. „კაცის ნასახლარს ნუ მანახვებ და ნუ გახდება საქართველო ნახევრის – ნახევარი. და შენ, კუზიანო დედამიწავ, რამდენიც გენებოს, იტრიალე!“

9. „სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები და თუ მოკვდი მერე აბა რისიღა უნდა გეშინოდეს. სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა…“

10. „ცას ვარსკვლავებით იცი რა აწერია? მე მოვდიოდი დასაბამიდან და ჩემი სული ყვავილივით მომქონდა შენთვის.“

1
93
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
93
  
2018, 10 სექტემბერი, 2:56
აბსოლუტურად არ ვეთანხმები. სიკვდილი დაავადებაა, რომელიც კაცობრიობამ აუცილებლად უნდა დაამარცხოს. 200 მილიარდზე მეტი ადამიანი მოკვდა უკვე.. დროა გაძღეს დედაბუნება ჩვენი ხორცით. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავნებდეთ სიკვდილს... პირიქით, მთავრობებს ხალხმა უნდა მოთხოვოს რაც შეიძლება ხშირად და ბევრმა, რომ მეტი ფული გამოიყოს საერთაშორისო კველევების დასაჩქარებლად სიცოცხლის გახანგრძლივების მიმართულებით. ყველა ქვეყანამ უნდა შეიტანოს ამაში დიდი წვლილი და დიდი თანხები ჩაიდოს.
0 1 1