x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რას მოიტანს პუტინი-ერდოღანი-რუჰანის შეხვედრა თეირანში?

image

"პოლიტიკა საინტერესო თამაშია. აქ არ არსებობს მუდმივი მტრები ან მუდმივი მეგობრები, არსებობს მუდმივი ინტერესები" - ამ ფრაზის ავტორობას ზოგი უინსტონ ჩერჩილს მიაწერს, ზოგი უილიამ კლეის. ჩვენთვის ახლა მისი ავტორი არ არის მნიშვნელოვანი, მთავარი ის არის, რომ ეს ფრაზა ზედმიწევნით ზუსტად აღწერს საერთაშორისო არენაზე შექმნილ ვითარებას - ვინ იფიქრებდა, რომ რუსეთი, ირანი და თურქეთი, ერთმანეთის ისტორიული მტრები დღეს მოკავშირეების როლში იქნებოდნენ და ერთად დაუპირისპირდებოდნენ დასავლეთს, პირველ რიგში შეერთებულ შტატებს.


დღეს თეირანში

სამი ქვეყნის პრეზიდენტი - ვლადიმირ პუტინი, ჰასან რუჰანი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეხვდებიან. ეს შეხვედრა მესამე იქნება ასტანას პროცესის ფარგლებში, რომელიც სირიის კონფლიქტის მოსაგვარებლად შექმნეს ლიდერებმა. შეხვედრაზე აუცილებლად განიხილავენ, თუ როგორ უნდა განვითარდეს სირიაში მოვლენები, იდლიბზე შეტევის დაწყება და მისი შედეგები კი უმთავრესი თემა იქნება.

დღეს, როგორც წამყვანი ქვეყნების, ისე საერთაშორისო მედიის ყურადღება სწორედ იდლიბისკენ არის მიმართული. ყველა მხარეს აქვს თავისი ინტერესი, შესაბამისად, ყველა საკუთარი პერსპექტივიდან განიხილავს ვითარებას, თუმცა ერთი რამ ნათელია - რუსეთი და ირანი უკან არ დაიხევს და ინტერესებს არ დათმობს სირიაში, შტატები და დასავლეთი კი ამ შემთხვევაში წამგებიან პოზიციაში რჩება - ერთი მხრივ მათ უნდა დააფინანსონ ამბოხებულები და მხარი დაუჭირონ მათ ბრძოლაში, მეორე მხრივ მიგრანტების ნაკადს უნდა გაუმკლავდნენ.

მიგრანტებთან გამკლავება იმდენად შტატების არა, რამდენადაც გერმანიისა და ევროკავშირის პრობლემა გახდება, ამიტომაც არის, რომ მიუხედავად წინააღმდეგობებისა, გერმანია ახლა თურქეთს საკმაოდ რბილად ეპყრობა. ეს აჩვენა ანკარაში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰეიკო მაასის ვიზიტმაც და ამას აჩვენებს კანცლერის, ანგელა მერკელის გუშინდელი განცხადებაც:

"გერმანიას სტრატეგიული ინტერესი აქვს თურქეთის ეკონომიკის მდგრად განვითარებაში. ჩვენს ინტერესებში არ შედის ისე მოვიქცეთ, რომ თურქეთი დასუსტდეს". მერკელი მართალია - იდლიბიდან გამოქცეული მიგრანტების ახალი ნაკადი პირველად თურქეთს მიადგება. თურქეთს კი უკვე ჰყავს შეფარებული 3.5 მილიონი მიგრანტი. საიმიგრაციო პოლიტიკა მერკელს უკვე შიდა პოლიტიკაში უქმნის პრობლემებს და მას შინაგან საქმეთა ახალი მინისტრიც ეწინააღმდეგება, ასე რომ გერმანია დაინტერესებული იქნება თურქეთმა რაც შეიძლება მეტი მიგრანტი შეიფაროს...

რაც შეეხება ამერიკას. მისი და რუსეთის საბრძოლო გემები ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროსა და სპარსეთის ყურეშია განლაგებული. ამერიკა რაიმე მყარი მიზეზის გარეშე ვერ დაბომბავს სირიის სამთავრობო ძალებს და ასე ვერ აღმოუჩენს მხარდაჭერას ამბოხებულებს. ერთადერთი გამოსავალი არის, დაელოდონ შესაფერის ვითარებას, თუ როდის გამოიყენებს ასადი ქიმიურ იარაღს. მაგრამ თუ არ გამოიყენა? განაგრძეთ კითხვა
0
108
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0