x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ფარნავაზი - ეპოპტი
image


ფარნავაზის მოღვაწეობა ერთი უცნაური სიზმრის ნახვის შემდეგ იწყება: ის თითქოს უკაცურ, ბნელ სახლში იმყოფებოდა, ცდილობდა გარეთ გასვლას, მაგრამ ვერ გადიოდა. მაშინ სარკმლიდან მზის შუქი შემოვიდა, წელზე შემოერტყა, განიზიდა და სარკმლიდან გაიყვანა. "და ვითარ განვიდა ველად, იხილა მზე ქუე-მდაბლად, მიჰყო ხელი და მოჰხოცა ცუარი მ(ზ)ისასა და იცხო პირსა მისსა". ამ ამბის შემდეგ, სანადიროდ მარტო წასული ფარნავაზი დიღმის ველზე ირმებს დაედევნა, სტყორცნა ისარი და ჰკრა ირემს. დაჭრილი ირემი კლდის ძირას დაეცა. მივიდა ფარნავაზიც და კლდის ძირში გამოქვაბული ნახა, რომლის კარი დიდი ხნის წინ ქვით ამოექოლათ, თუმცა სიძველისაგან უკვე რღვევა შეპარვოდა. ამ დროს წვიმამ დაასხა, ამოიღო ჩუგლუგი, კარი გამოარღვია და როცა გამოქვაბულში შევიდა, დიდძალი განძი - ოქრო და ვერცხლი იპოვნა. "მაშინ ფარნავაზ განკვირდა და აღივსო სიხარულითა და მოეგონა სიზმარი იგი".


ფარნავაზის სიზმარს თუ კარგად ჩაუკვირდებით, მიუხედავად იმისა, რომ ამბავი ძალიან მოკლედ და ბუნდოვნად არის გადმოცემული, მაინც აღმოვაჩენთ, რომ ის ძველი ჰერმეტიული მისტერიის მთავარ ფაზას ასახავს. ეს ეტაპი "ნათელხილვის" დაწყებას, ანუ ე.წ. "მესამე თვალის" ახელას გულისხმობს, რის საშუალებითაც ადამიანს სამყაროს ყველა საიდუმლოს დანახვა და გაგება შეუძლია.


ამ მისტერიების მიმდინარეობისას რთულ გამოცდებში გამოვლილი კანდიდატი რამდენიმე დღის განმავლობაში სიბნელეში ჩაკეტილი, ტრანსის, ანუ "მძინარე" მდგომარეობაში მყოფი, მზის სხივს უნდა "გაეღვიძებინა". კანდიდატის "გამოღვიძება" და მზის შუქზე გამოსვლა - ხელახალი დაბადების ექვივალენტური იყო, სადაც "ბნელი სენაკი" სიმბოლურად "დედის საშოდ" გაიაზრებოდა. "სიბნელის" დატოვებით და სინათლის შემეცნების გზით ხელახლა დაბადებული მისტი ჩვეულებრივ ყოფით ცხოვრებას ტოვებდა და - არსებობის ახალ, ბევრად უფრო მაღალ სტატუსში გადადიოდა. ამ ეტაპს ძველი აღმოსავლური ტრადიციით "სინათლის განცდა" ჰქვია - უნარი, რომლის საშუალებითაც ადამიანს ღმერთების ხილვაც კი შეუძლია. ამიტომაც ფარნავაზის სიზმარში "ნათელხილვის" დაწყებას ლოგიკურად მოსდევს "გამოცხადება" - მზის სახით არსებული ღვთაებრივი პრინციპის ნახვა, რომლის "ცვარის" სახეზე ცხებით, ფარნავაზი ამ ღვთაების ბუნების თანაზიარი ხდება... (ქრისტიანულ ტრადიციაში მსგავსი მოვლენა აღწერილია იოანეს სახარებაში. ეს ეპიზოდი ლაზარეს უკავშირდება, რომელზეც იესო ამბობს - ლაზარეს სძინავს და მე მის გასაღვიძებლად მივდივარო. მართლაც, ოთხი დღის განმავლობაში გამოქვაბულის სამარხში ჩაკეტილი ლაზარე, სწორედ იესოს სიტყვას გამოჰყავს გარეთ და სინათლეზე გამოსული, ღმერთის ემანაციას - დედამიწაზე განსხეულებულ ლოგოსს ხედავს. ისე საინტერესოა - ფარნავაზის მიერ შექმნილი ქართული ანბანი, რატომღაც სწორედ ლაზარესთან არის გაიგივებული.)



ნადირობის დროს ირმის "დევნა" კი ქართული მითოლოგიის უძველესი მოტივია და ქართულ არქეოლოგიურ მასალებშიც ყველაზე ხშირად გხვდება. ეს სიუჟეტი განსაკუთრებით პოპულარულია ბრინჯაოს სარტყელების კომპოზიციებზე. ამ სცენებში მონადირეები მშვილდ-ისარს რატომღაც ყოველთვის ირემს უმიზნებენ, თითქოს "ირემში" რაღაც საიდუმლოა დაფარული. ამ საიდუმლოს ამოხსნა ალბათ ამირანის მითში უნდა ვეძებოთ, რადგან ამირანი თავად ნადირობის ქალღმერთის ვაჟია, რომელიც ირმის სახით ეჩვენება ხოლმე მონადირეს. ამირანის მამა - მონადირე სულკალმახიც, სწორედ ნადირობისას შეხვდება ქალღმერთს და ამირანიც მის გამოქვაბულში დაიბადება.


მართლაც, ამირანის მითსა და ფარნავაზის ისტორიას შორის ძალიან ბევრი საერთო ელემენტია, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ფარნავაზის ისტორია უძველესი ქართული მითოსის ბუნებრივი გაგრძელებაა. ფარნავაზიც ირმის საშუალებით პოულობს ოქრო-ვერცხლით სავსე "ქვაბს", ისევე როგორც სულკალმახი ირმის შესატყვისი ქალღვთაების განკვეთით "ქვაბში" ამირანს (ოქრო-ვერცხლის სინთეზს) დაბადებს, რასაც ალქიმიკოსი თავის ლაბორატორიაში, გარკვეული ნივთიერების გადამუშავებით (ასევე ქვაბში) იღებს...


თუ გავითვალისწინებთ, რომ უძველესი დროიდან მოყოლებული "ნადირობის" სცენები მისტერიების შემადგენელი ნაწილი იყო და კოსმოგონიურ ხასიათს ატარებდა, რაც სამყაროში, ასევე თავად ადამიანში ცხოველური, ბნელი ძალის განადგურებას ითვალისწინებდა და წესრიგის დამკვიდრებას ემსახურებოდა, შეიძლება დავუშვათ რომ ირმის სახით წარმოდგენილია სუბსტანცია, ანუ იმ მოვლენის მატერიალური ბუნება, რომლის მსხვერპლად გაღებაც კოსმოსის შექმნას უწყობს ხელს. ეს აზრიც ყველაზე ნათლად ამირანის დაბადების ეპიზოდშია მოცემული, როცა მონადირე საკეისრო კვეთით გაკვეთავს ნადირობის ქალღმერთს და მისი მუცლიდან ამოიყვანს ღვთაებრივ ბავშვს, კოსმოსის ხატს, რომელმაც დასაბამი უნდა დაუდოს წესრიგს სამყაროში. ამდენად დალი, რომელიც ამ აქტის განხორციელებას მსხვერპლად ეწირება, პირველადი, ქაოტური მატერიის სახედ გვევლინება, რომლისგანაც იქმნება ყველა ხილული ფორმა სამყაროში.


ალქიმიკოსი ფულკანელი წერს, რომ ფილოსოფოსები ნათლად გამოხატავენ აზრს, როცა ამბობენ, - მერკური გახსნის მომენტიდან მუცლით ატარებს ბავშვს - მზის შვილს - პატარა მეფეს, როგორც ნამდვილი დედა, რადგან ოქრო განახლდება მის წიაღშიო.


ნიკოლა ფლამელიც გვეუბნება - "მერკური თავად არასრულყოფილი ლითონია, მაგრამ თავის თავში შეიცავს სუბსტანციას, რომელიც სხვებს სრულყოფილებას ანიჭებს. სამართლიანია მტკიცება, რომ ჩვეულებრივი ოქრო, თუ ის მერკურმა დაბადა, უზადო ლითონი ხდება. იგივე შეიძლება ითქვას ვერცხლზე; სხვა შემთხვევა არ არსებობს... ყველა ბრძენი დამეთანხმება, რომ ლითონების დედა-წინაპარი არის მერკური".

ამდენად, ალქიმიკოსებისთვის მერკურში, ისევე როგორც ქალღვთაებად გადაქცეულ ირემში, ის პირველადი ნივთიერება იგულისხმება, რომელიც თავის თავში ოქროს და ვერცხლს შეიცავს, და რომელიც ყველაზე მეტადაა საჭირო ალქიმიური სამუშაოსთვის.

მაგრამ სად შეიძლებოდა ფარნავაზს გაევლო ინიციაცია და ალქიმიასთან დაკავშირებული ეს საიდუმლო ცოდნა მიეღო? "ქართლის ცხოვრებაში" წერია, რომ სამი წლის ფარნავაზი დედამ "წარიყვანა, და შელტოლვილ იყო კავკასიად. და მუნ აღზრდილ იყო და მოსრულ იყო მცხეთას, მამულსა თვსსა". ანუ პატარა ფარნავაზი კავკასიონის მთებში გადაუმალავთ და იქ გაზრდილა. როგორც ჩანს, იქვე ისწავლა ნადირობა, საბრძოლო ხელოვნება და საფიქრებელია, რომ გარკვეული ჰერმეტიული ცოდნაც იქვე შეიძინა. ანუ კავკასიონის მთებში უნდა ვეძებოთ რაღაც ტრადიცია, რომელიც სამხედრო-სამონადირეო, ანუ ომის ღმერთის კულტთან ერთად, ჰერმეტიულ ცოდნასაც მოიცავდა.


შეიძლება მთაში არსებულ საიდუმლო "სკოლაზე" მიანიშნებს თეიმურაზ ბაგრატიონი, როდესაც კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალის - ბრუტსაბძელას (იგივე იალბუზი) განმარტებისას ამბობს: "ბრუტ-საბზელი თქმულ არის საბზლად ციკლოპის ბრონტოსისად. იტყვიან ჯაჭვითა დაბმულს მუნ ტარტაროზსა, რომელთა თანაც შეკრბებოდეს წლითი-წლად დღესა ერთსა აღნიშნულსა დემონნი და გრძნეულნი კაცნი ყოვლისა კიდით ქუეყნისა და ჰყოფენ მისთანა დღესასწაულებასა და შესწირავენ მას მსხვერპლსა და მიიღებდნენ სწავლისა საგრძნეულოსა ხელოვნებასა მათისა მისგან".


ვაჟა ფშაველაც ყვება, რომ კავკასიონის ერთ-ერთ მთაში გრძნეული სულღუმი ცხოვრობს, რომლისგანაც ბევრი საიდუმლოს გაგება შეიძლება. ეს ფრთოსანი თეთრწვერა არსება თოვლს და ყინვას აჩენს. სულღუმი ერთ დროს ცისკართან ერთად, თამარ მეფეს თურმე ყუთში ჰყოლია ჩაკეტილი. მაშინ ზამთარი არ არსებობდა, სულ ზაფხული იყო და ხალხიც ბედნიერად ცხოვრობდა. ერთხელ თამარის მოახლემ ყუთი გახსნა, სულღუმიც გაფრინდა, არხოტის მთის "კვრივში" დასახლდა, ხოლო ცისკარი ვარსკვლავად იქცა და ცაში მოთავსდა. ამის შემდეგ დაიწყო წელიწადის დროების ცვლილება და კავკასიონის მთებიც მაშინ დაიფარა თოვლით (ანუ ლეგენდა ძალიან დიდი ხნის წინანდელ ამბებს გვიამბობს და თამარშიც ალბათ რომელიღაც ძველი ქალღვთაება უნდა იგულისხმებოდეს). ეს სულღუმი თურმე ვაჟას დროსაც არსებობდა და ერთი ქისტი მონადირე მას დიდად დამეგობრებია...

ეს ლეგენდები ერთი შეხედვით უცნაურად გამოიყურება, თუმცა ვინც კავკასიური მითები კარგად იცის, მისთვის კავკასიონის მთებში მცხოვრები გრძნეული ზღაპრული პერსონაჟის არსებობა გასაკვირი არ იქნება, რადგან თავად ამირანიც კავკასიონის მთაშია "დაბმული". ბერძნული მითის თანახმადაც, მათი გმირი პრომეთე, რომელმაც ადამიანები ცივილიზებულ ცხოვრებას აზიარა, სამშენებლო ცოდნა გადასცა, დამწერლობა შეუქმნა, ასტრონომია, ვარსკვლავებზე დაკვირვება ასწავლა, კალენდარი გააცნო და ა.შ. - ასევე კავკასიონის მთაში იყო მიჯაჭვული.


image


ყველა ეს ისტორია თითქოს რაღაც საიდუმლოზე მიგვანიშნებს, თითქოს კავკასიონის მთებში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა შენახული და რადგანაც ეს "საგრძნეულო ხელოვნებას" ეხება, უნდა ვიფიქროთ, საუბარია ჰერმეტიულ ცოდნაზე.

კავკასიაში ამ ცოდნის არსებობაზე მიუთითებს მეორე ბერძნული მითიც - საწმისის მოსაპოვებლად არგონავტების კოლხეთში მოგზაურობა. ძველი ავტორების ცნობებით, ეს საწმისი ალქიმიური ტრაქტატის შემცველი წიგნი ყოფილა, ანუ ამ შემთხვევაშიც, ისევ ჰერმეტიზმთან გვაქვს საქმე, რადგან ზურმუხტის ფირფიტაზე დაწერილი პირველი ალქიმიური ტექსტის მსგავსად, ოქროს საწმისიც თავიდან ჰერმესის საკუთრებას წარმოადგენდა. ევროპელი ავტორი კი იმასაც წერს, რომ იასონი პირველი და ერთადერთი არ იყო, ვინც ალქიმიური წიგნისთვის კოლხეთში იმოგზაურა, კოლხეთში ეგვიპტელი ფარაონებიც ჩადიოდნენ ჰერმესის წიგნების წამოსაღებადო, ანუ კავკასიას ზოგი სწორედ ჰერმეტიზმის სამშობლოდ მიიჩნევდა.


ისე, რა საინტერესოა, რომ "ოქროს საწმისი" - ალქიმიური ტექსტი - კოლხეთში ომის ღმერთის ჭალაში ინახებოდა, ანუ ამ შემთხვევაშიც საბრძოლო ხელოვნება და ჰერმეტიზმი გაერთიანებული ჩანს, რაც ეტყობა მართლაც კავკასიური მოვლენა იყო. და რადგანაც ეს ცოდნა ალქიმიას ეხება, ამ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციაც ალბად ალქიმიურ ტექსტებში უნდა ვეძებოთ. ძალიან საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის მე-4 საუკუნის ეგვიპტელი ალქიმიკოსი - ზოსიმე, რომელიც კავკასიონის მთაში "მცხოვრებ" პრომეთეს ეგვიპტელთა თოთთან (ანუ ჰერმესთან) და ბიბლიურ ადამთან აიგივებს.

თუკი პრომეთეს გარკვეული წრეები ჰერმესად მიიჩნევენ, გამოდის რომ ამირანიც ჰერმესის შესატყვისი ყოფილა. ამდენად, ფარნავაზის ისტორიის სიახლოვე ამირანის მითთან და ჰერმეტიულ ამბებთან - სრულიად ბუნებრივია და ფარნავაზის მიერ ალქიმიური იდეით გამსჭვალული დამწერლობის შექმნა, უკვე უცნაურად აღარ გამოიყურება. ისე, ზოსიმეს მსგავსად, ალქიმიური ანდროგინი ჩვენც ხომ სწორედ ადამთან და ჰერმესთან გავაიგივეთ და ასომთავრულს დავუკავშირეთ? საინტერესოა, რომ ასომთავრული ანბანივით, თავად ქართული ენაც ანდროგინულია (მას არ აქვს სქესის ნიშანი), უფრო ზუსტად ეს ენა ორივე სქესის ერთნაირად გამომხატველია. ამიტომაც ბუნებრივია, რომ მისთვის შექმნილი ანბანიც იგივე თვისების მატარებელია...


ეს ყველაფერი "ქართლის ცხოვრების" ავტორებსაც უნდა სცოდნოდათ, ანუ IX-XI საუკუნეების საქართველოში ქრისტიან მოღვაწეებს ჰერმესის ნაშრომები უნდა ჰქონოდათ. მართლაც, კ.კეკელიძე წერს, რომ "ქართლის ცხოვრებაში" სხვა წყაროებთან ერთად გამოყენებულია "ასტროლოგიურ-კაბალისტური წიგნი ჰერმეს ტრისმეგისტონისა, რომლის შინაარსი თეოსოფია, ალქიმია, ასტროლოგია, აგრეთვე ასოების, საუკუნეთა, შვიდეულისა და მისი დღეების კაბალისტიკური ახსნა-განმარტება ყოფილა.

ასევე საინტერესოა, რომ "ქართლის ცხოვრების" ტექსტს თურმე წინ უძღოდა სამყაროს შექმნის, ანუ "მსოფლიო ისტორიის" აპოკრიფული თხზულება, რომელიც მკვლევარების აზრით, "ქართლის ცხოვრების" ორგანულ ნაწილს წარმოადგენდა. მაჩაბლისეულის ნუსხის ამ "მსოფლიო ისტორიაში" გადმოცემული ყოფილა "ექუსთა დღეთა" ამბავი, რომელიც თავდება ადამიანის გაჩენით; აქვეა საუბარი იმაზე, თუ რატომ ჰქვია პირველ ადამიანს "ადამი": "დასდვა სახელი მისი ადამ, ვინათგან ოთხი კუთხე არს ქვეყანისა: აღმოსავლეთი, დასავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი, და ამისთვისცა სახელ-დვა სახელი ესე, ხოლო პირველი ანი აღმოსავლეთად ითქმის და დონი დასავლეთად და მეორე ანი ჩრდილოეთად და მანი სამხრეთად".

საინტერესო ის არის, რომ ებრაულ ტექსტებში ადამის სახელის მსგავსი ახსნა არსად იქნებოდა, რადგან ქვეყნის ოთხი მხარის სახელები ბერძნულ ენაზეა მოცემული. ეს უფრო ელინიზირებულ ჰერმეტიულ წრეებში წარმოშობილ იდეას ჰგავს. მსგავს ინფორმაციას ეგვიპტელი ალქიმიკოსის ზოსიმეს ტექსტშიც ვხვდებით, რომელიც წერს - "ადამის სხეულზე საუბრისას, გულისხმობდნენ ოთხი ელემენტისგან შემდგარ მთლიან ზეციურ სფეროს, რადგან ასო "ა" - აღნიშნავს აღმოსავლეთს (Anatole) და შეესატყვისება ჰაერს, რადგან იგი მსუბუქია, ასო "დ" - დასავლეთს (Dysis), შეესატყვისება მიწას, ასო "ა" - ჩრდილოეთს (Arktos) - წყალს, და ასო "მ" - სამხრეთს (Mesembria) - ცეცხლს, რომელიც მათ შორის ანთია".

ამავე მოძღვრების თანახმად - ცის სფეროდ გააზრებული, ოთხი ელემენტისგან "შექმნილი" ადამი, წრეში ჩახატული კვადრატის ალეგორიაა. მხატვრული მოხაზულობით ის "კვადრატული წრეა" (ანუ გეომეტრიული ფორმა, რაც ჩვენ ასომთავრულის სტრუქტურად მივიჩნიეთ). ეგვიპტეში კი ჰერმესს ასე მიმართავდნენ - "შენ, წრიულო და კვადრატულო".

ზოსიმე იქვე წერს: "პლატონის და ჰერმესის ტექსტების თანახმად, პირველი ადამიანი იწოდება წმინდა სიტყვით თოთი... ქალდეველები, სპარსელები, მიდიელები და იუდეველები მას ადამს უწოდებენ, რაც უბიწო, სისხლისფერ, წითელი ცეცხლის ანუ სხეულებრივ მიწას ნიშნავს..." ანუ ამ ავტორის ცნობით ადამი - წითელი თიხაა.

"თიხის" მასალისგან შექმნილი ადამის შესახებ რენე გენონიც საუბრობს: "ადამი სიტყვასიტყვით ნიშნავს წითელს. მხოლოდ სიტყვა ადამა არ აღნიშნავს მიწის ელემენტს, ეს უფრო არის წითელი თიხა, რომელიც თავისი სპეციფიკური პლასტიურობის წყალობით, შეიძლება განასახიერებდეს გარკვეულ შესაძლებლობას, ასახავდეს თავად უნარს - მიიღოს სხვადასხვა ფორმა. ამიტომ მეთუნის საქმე, ხშირად განიხილება ნებისმიერი საგნის შექმნის სიმბოლოს ხარისხში, იმ საგნის, რომელიც სათავეს იღებს პირველიდან და ამდენად ჯერ კიდევ დაუნაწევრებელი სუბსტანციიდან. ამ მიზეზით, ჰერმეტიულ სიმბოლიზმში წითელ მიწას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, სადაც ის შეიძლება განიხილებოდეს, როგორც პირველადი მატერიის სიმბოლო". ამ შემთხვევაშიც თიხის ადამი - ალქიმიკოსთა "პირველად მატერიასთან" არის გაიგივებული.


image

საინტერესოა, რომ ბერძნულ მითებში ადამიანებს თიხისგან პრომეთე "ძერწავს", რასაც ეგვიპტეში კერამიკულ მბრუნავ დაზგაზე ვერძისთავიანი ხნუმი მოიმოქმედებს. და რადგან პრომეთეს ისტორია ასე მჭიდროდ არის დაკავშირებული კავკასიასთან, ეს ყველაფერი კავკასიონის მთას რაღაც სახით უნდა უკავშირდებოდეს, მითუმეტეს "თიხის პირველკაცი", ვერძის კულტი და ზოდიაქოების კალენდარული ბრუნვა - ჰერმეტიზმის შემადგენელი ნაწილებია. შეიძლება სულ არ არის შემთხვევითი, რომ კავკასიონის მთაში "მცხოვრები" ბრუტი - სულხან საბას განმარტებით მეკეცეს, მეთუნეს, კერამიკულ დაზგაზე თიხით მომუშავეს ნიშნავს, ვაჟას სულღუმი კი დრო-ჟამს დაზგასავით ატრიალებს და კალენდარს მართავს.


თიხის "წითელი" ადამი ხშირად (ასევე წითელ) მარსთან იგივდება. ეს პლანეტა ძველი ზოდიაქოების პირველი თვის მარტის აღმნიშვნელია და მას ვერძის ზოდიაქალური ნიშანი შეესატყვისება. ჰერმესი-ადამის მარსთან "ნათესაობა", ქართულ სამყაროში ჰერმეტიზმის ომის ღმერთის კულტთან კავშირს ნათელს ჰფენს. ალბათ ამიტომაც ინახებოდა ვერძის საწმისი - ალქიმიური ტრაქტატი - მარსის ჭალაში. ისე საინტერესოა, თუ არის ნაპოვნი რაიმე ნივთი, რომელიც ძველ სამყაროში ამ იდეის ინფორმაციულ წყაროდ შეიძლება მივიჩნიოთ?

ასეთი ნივთი მართლაც არსებობს - ადამივით წითელი თიხისგან დამზადებული და პლანეტა მარსივით მრგვალი, - რომელზეც ინფორმაცია ვერძის რქების მსგავსად სპირალურად არის მოცემული. იგი კრეტაზე იქნა აღმოჩენილი და პირობითად "ფესტოს დისკო" შეარქვეს. მაგრამ რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ამ დისკოს ქართულ სამყაროსთან, მცხეთა-არმაზთან და ფარნავაზთან?

ფესტოს დისკო, როგორც თავისი გრაფიკული მოხაზულობით, ისე იდეური ჩანაფიქრით, ყველაზე ახლოს დგას ისტორიულ სამცხეში აღმოჩენილ ბრინჯაოს ჭვირულ დისკოებთან, რომლებიც ძვ. წ. XVI-XIV სს თარიღდება და დროში უახლოვდება ფესტოს დისკოს შექმნის პერიოდს. ეს ბრინჯაოს დისკოები ქალთა სამარხებშია ნაპოვნი და ქალებს ისინი მუცელზე ედოთ. არქეოლოგების ცნობით, დისკოები მზესთან დაკავშირებული რიტუალურ-საკულტო დანიშნულების ნივთებია, ხოლო ქალები, რომლებიც ამ დისკოებს ატარებდნენ, მზის კულტის მსახური ქურუმები უნდა ყოფილიყვნენ. თავად დისკოების ცენტრშიც მზეა გამოხატული. საინტერესოა რა როლს ასრულებდა ბრინჯაოს დისკოები მზის კულტში კულტმსახურებისას და რატომ ედოთ ეს დისკოები ქალებს მაინცდამაინც მუცელზე?

ამასთან დაკავშირებით საინტერესო აზრს გამოთქვამს ა. კლდიაშვილი. "მუცლის ზედა ნაწილში განლაგებულია ადამიანის ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი "ორგანო" ე.წ. "მზის წნული". თანამედროვე მედიცინის მიხედვით მზის წნული ის ადგილია, სადაც თავს იყრის ორგანიზმში არსებული მრავალი ნერვული დაბოლოება. იგი იღებს და გასცემს ნერვულ იმპულსებს და მას კვანძის ფორმა აქვს. ოკულტური თვალსაზრისით მზის წნული ის ადგილია, სადაც განსაკუთრებული ძალით აკუმულირდება და ვლინდება ადამიანის ბიოველი ანუ მისი მშვინვიერი ენერგია. იოგების სისტემის მიხედვით ასეთ ადგილებს ჩაკრები ეწოდება (მზის წნული ერთ-ერთი ჩაკრაა) და ვარჯიშით შესაძლებელია მათი "გახსნა" ანუ ბიოველის გააქტიურება, რაც ძველი ადამიანების აზრით სულიერ სამყაროსთან ზიარების, კონტაქტის საშუალებას იძლევა. ანუ მზის წნული ის ადგილია, რომლითაც ინდივიდს გარკვეული წვრთნის შედეგად შეუძლია ღვთაებრივი ენერგიის და ინფორმაციის მიღება და წნულიდან გამავალი ნერვების, როგორც არხების საშუალებით მთელ ორგანიზმში გატარება, ანუ მას ძალუძს წინასწარმეტყველება". ანუ დისკოები განასახიერებდა ინსტრუმენტს, რომელიც მისან ქალებს კოსმიური ინფორმაციის მიღებაში ეხმარებოდა.


image

ნათელხილვის დაწყების დაახლოებით იგივე მეთოდს აღწერს ლუი შარპანტიე, რომელიც წერს, რომ ადამიანს გააჩნია სასიცოცხლო ძალა, რომელიც წარმოდგენილია სპირალივით დახვეული გველის სახით. იგი სასქესო ჯირკვლების ზევიდან არის მოთავსებული და მას კუნდალინი ჰქვია. ინდუსები ამბობენ, რომ კუნდალინი თავიდან "მძინარეა" და ადამიანი ვალდებულია იგი გააღვიძოს, იკონოგრაფიაში ის იმ დახვეულ გველს განასახიერებს, რომელზეც ბუდა ზის - და ამ გველს სძინავს - ნათელხილვის დაწყებამდე.

როდესაც განსაკუთრებული ვარჯიშების შესრულების შედეგად ეს ძალა გაიღვიძებს, ადამიანის ნების მეშვეობით იგი "იგზავნება" ხერხემლის ზურგის ტვინის არხში, რომელშიც გავლის შედეგად, აღვიძებს სხვადასხვა ცენტრებს - ნერვულ დაბოლოებებს, სადაც ზემგრძნობიარე აღქმის წყარო მდებარეობს. ამ ნერვულ კვანძებს ინდუსები ჩაკრებს (ბორბალი) უწოდებენ. ეს ძალა, რომელიც ადამიანის თავთან ადის, ხსნის ღვთაებრივი შემეცნებისთვის საჭირო სფეროს, შემდეგ აღწევს ტვინში, აღებს შუბლის შუა ე.წ. "მესამე თვალს", რომლის საშუალებითაც ადამიანს შეუძლია დროში და სივრცეში ხედვა. ეს პროცესი ძველი მისტერიების მთავარ ეტაპს და საბოლოო მიზანს განასახიერებს, რის შემდეგაც მისტი ხდება "ეპოპტი" ანუ ნათელმხილველი.


თანამედროვე მეცნიერებმა ეს "მესამე თვალი" (ასევე მზის სიმბოლო) ადამიანის ტვინში არსებულ ჯალღუზისებურ ჯირკვალთან გააიგივეს და რაოდენ საინტერესოა, რომ თურმე ეს ჯირკვალი, გამოყოფს ნივთიერებას, რომელიც თავის ქიმიური შემადგენლობით ძალიან ახლოს დგას ალქიმიური გზით მიღებულ ნივთიერებასთან. ანუ გამოდის, რომ ადამიანის ორგანიზმს, თავად აქვს უნარი თავის თავში არამარტო "სიჭაბუკის ელექსირი", სიუხვის და უკვდავების წყარო დაბადოს, არამედ დროში და სივრცეში დაფარული ყველა საიდუმლო იხილოს. და თუკი მესხეთში ნაპოვნი ბრინჯაოს დისკოები ამ ტექნიკის ხელშემწყობ ინსტრუმენტად გვევლინება, ფესტოს დისკოზე კუნდალინის მსგავსად გამოხატული დახვეული გველი (ნახატებით გადმოცემული ინფორმაციის სახით), "ფილოსოფიური ქვის" მიღების ალეგორიას ასახავს.


ეგვიპტური ტრადიციით კი ეს ყველაფერი თოთთან არის დაკავშირებული. მ. პ. ჰოლი წერს, რომ "ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჰერმესი ადამიანებს შორის დადიოდა, თავის მიმდევრებს მიანდო თოთის წმინდა წიგნი. ეს წიგნი შეიცავდა ინფორმაციას იმ საიდუმლო პროცესების შესახებ, რომლის მეშვეობითაც შეიძლება განხორციელდეს კაცობრიობის აღორძინება. წიგნში ასევე მოცემული იყო ჰერმესის სხვა ნაწარმოებების გასაღები. წიგნის შინაარსის შესახებ გარკვეულწილად არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ მისი გვერდები დაფარული იყო უცნაური იეროგლიფებით და სიმბოლოებით. როცა მისტერიების საიდუმლო პროცესებში ტვინის გარკვეული ნაწილები სტიმულირდება, ადამიანის ცნობიერება ფართოვდება და მას ეძლევა უნარი იხილოს უკვდავი არსებები, იმყოფებოდეს უმაღლეს ღვთაებათა შორის. თოთის წიგნი აღწერს მეთოდს, რისი საშუალებითაც ასეთი სტიმული მიიღწევა. იგი მართლაც უკვდავების გასაღებია".


როგორც ვხედავთ, თოთის წიგნი გადმოგვცემდა იგივე მეთოდს, რომლის საშუალებითაც ადამიანს ეძლევა უნარი "იხილოს" უკვდავი არსებები, ანუ აქაც საუბარია გარკვეული ხედვის დაწყებაზე, "თვალის ახელაზე", რაც ძველი მისტერიების მთავარ ამოცანას შეადგენდა. ანუ ეს სწორედ ის მეთოდია - რაც ფარნავაზის სიზმარში შეფარულად არის გადმოცემული. და ისევე როგორც დისკოების გრაფიკა და იდეური ტექნიკა მზესთან არის დაკავშირებული, ასევე ფარნავაზიც, მისტერიის მიმდინარეობისას ხედავს მზეს და მისგან იღებს "ცვარს" - ანუ ჰერმეტიზმის სახელით ცნობილ კოსმიურ ინფორმაციას.



სტატია დაიბეჭდა ჟურნალში "დრო მშვიდობისა" სათაურით "არმაზი".

2008 წელი.

1
347
4-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
347
  
2018, 3 სექტემბერი, 10:07
ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი სტატიაა.
0 1 1