x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
თანგის იგივე ტანის დინასტია და მისი ანალოგიები საქართველოსთან
თანგის იგივე ტანის დინასტია და მისი ანალოგიები საქართველოსთან


ჩინეთის დინასტიების სია:


1) 3 მბრძანებელი და 5 იმპერატორი - ეს არის ლეგენდარული ცნობა, რომელიც შესაძლოა აქვს კიდევ კავსირი რეალობასთან რაღაც დოზით - ისინი განაგებდნენ ჩინეთს ძვ.წ. 2070 წლამდე 628 წელზე მეტხანს.

2) სიას დინასტია - ძვ.წ. 2100 - ძვ.წ. 1600 წწ. განაგებდნენ ჩინეთს 470 წლის განმავლობაში.


3) შანის დინასტია - ძვ.წ. 1600 - ძვ.წ. 1046 წწ. განაგებდნენ ჩინეთს 554 წლის განმავლობაში.

4) დასავლეთ ჭოუს დინასტია - ძვ.წ. 1046 - ძვ.წ. 771 წწ. განაგებდნენ ჩინეთს 275 წლის განმავლობაში.

5) აღმოსავლეთ ჭოუს დინასტია - ძვ.წ. 770 - ძვ.წ. 256 წწ.

თავად ჭოუს დინასტიის პერიოდი იყო ორ ნაწილად - გაზაფხულ-შემოდგომის და სამეფოთა ომის პერიოდებად.

გაზაფხულ შემოდგომის პერიოდი - ძვ.წ. 722 - ძვ.წ. 476 წწ. გაგრძელდა 246 წელი.

სამეფოთა ომის პერიოდი - ძვ.წ. 475 - ძვ.წ. 221 წწ. გაგრძელდა 254 წ.

6) ცინის დინასტია - ძვ.წ. 221 - ძვ.წ. 206 წწ. მან მხოლოდ 15 წელი მართა ჩინეთი.

7) დასავლეთ ჰანის დინასტია - ძვ.წ. 206 - 9 წწ. განაგებდნენ ჩინეთს 2015 წლის განმავლობაში.

8) სინის დინასტია - 9 - 25 წწ.

9) აღმოსავლეთ ჰანის დინასტია - 25 - 228 წწ. განაგებდნენ ჩინეთს 195 წლის განმავლობაში.

10) სამი სამეფოს პერიოდი - 220 - 265 წწ.

11) დასავლეთ ძინის დინასტია - 265 - 317 წწ.

12) აღმოსავლეთ ძინის დინასტია - 317 - 420 წწ.

13) სამხრეთის და ჩრდილოეთის დინასტიები - 420-581 წწ.

14) სუის დინასტია - 581 - 618 წწ.

15) თანგის, იგივე ტანის (თანის) დინასტია - 618 - 907 წწ.

16) 5 დინასტია და 10 სამეფო - 907 - 960 წწ.

17) ჩრდილოეთ სუნის დინასტია - 960 - 1127 წწ.

18) სამხრეთ სუნის დინასტია - 1127 - 1279 წწ.

19) ლიაოს დინასტია - 916 - 1125 წწ.

20) ძინის დინასტია - 1115 - 1234 წწ.

21) იუანის დინასტია - 1271 - 1368 წწ.

22) მინის დინასტია - 1368 - 1644 წწ.

23) ცინის დინასტია - ეს იყო ჩინეთის საბოლოო დინასტია. რომელმაც მართა ჩინეთი 1644 - 1912 წლებში.


თანგის იგივე ტანის დინასტიის მმართველები:


1) ლი იუანი - 618 წლის 18 ივნისი - 626 წლის 4 სექტემბერი.


ლი იუანი


2) ლი შიმინი - 626 წლის 4 სექტემბერი - 649 წლის 10 ივლისი.


ლი შიმინი


3) ლი ჭი - 649 წლის 15 ივლისი - 683 წლის 27 დეკემბერი.


ლი ჭი


4) ლი სიანი - 684 წ. პირველი მმართველობა, შემდეგ კი მეორედ იქნა ხელისუფლებაში მოსული 705 წელს და მართა 710 წლის ივლისამდე.


ლი სიანი


5) ლი დანი - 684 - 690 წწ. პირველი მმართველობა, ხოლო მეორედ მოვიდა ხელისუფლებაში 710 წელს და მართა სახელმწიფო 712 წლის 8 სექტემბრამდე.


ლი დანი


თანგის დინასტიის გაგრძელება, ეს არის იგივე თანგის დინასტია სხვა სახელით - ჭოუს დინასტია:


6) ლი სიანი კვლავ დაბრუნდა ხელისუფლებაში და მართა ჩინეთი 705 - 710 წლებში.

7) ლი დანი კვლავ დაბრუნდა ხელისუფლებაში და მართა ჩინეთი 710 - 712 წლებში.

8) ლი ლონგჯი - 712 8 სექტემბერი - 756 წლის 12 აგვისტო.


ლი ლონგჯი


9) ლი ჰენგი - 756 წლის 12 აგვისტო - 762 წლის 16 მაისი.


ლი ჰენგი


10) ლი იუ - 762 წლის 18 მაისი - 779 წლის 23 მაისი.


ლი იუ


11) ლი კუო - 779 წლის 12 ივნისი - 805 წლის 25 თებერვალი.


ლი კუო


12) ლი სონგი - 805 წლის 20 თებერვლიდან 25 თებერვლამდე, მხოლოდ 5 დღით მართა ქვეყანა.

13) ლი ჩუნი - 805 - 820 წწ.


ლი  ჩუნი


14) ლი ჰენგი - 820 წლის 20 თებერვალი - 824 წლის 25 თებერვალი.

15) ლი ჭანი - 824 წლის 29 თებერვალი - 827 წლის 9 იანვარი.

16) ლი ანგი - 827 წლის 13 იანვარი - 840 წლის 10 თებერვალი.

17) ლი იანი - 840 წლის 20 თებერვალი - 846 წლის 22 აპრილი.


ლი იანი


18) ლი ჩენი - 846 წლის 25 აპრილი - 859 წლის 7 სექტემბერი.


ლი ჩენი


19) ლი კუი - 859 წლის 13 სექტემბერი - 873 წლის 15 აგვისტო.

20) ლი სუანი - 873 წლის 16 აგვისტო - 888 წლის 20 აპრილი.

21) ლი იე - 888 წლის 20 აპრილი - 900 წ. მეორედ კი იმპერატორი გახდა 901 წლის 24 იანვარს და 904 წლის 22 სექტემბერს.

22) ლი ჭუ - 904 წლის 26 სექტემბერი - 907 წლის 12 მაისი.


თანგის იგივე ტანის დინასტია იყო ერთ-ერთი ყველაზე საოცარი სახელმწიფოს შემქმნელი კაცობრიობის ისტორიაში. ტანის დინასტიას წინ უძღოდა სუის დინასტია, რომელიც მისი დამაარსებლის იან ძანის შვილმა იან გუანმა დაღუპა, მან ჩინეთის დიდი კედლის აღდგენის მერე, 3 მილიონ გლეხს გაათხრევინა დიდი არხი, რომელზეც ჯონკების - მცურავი სასახლეების ფლოტილია გააშვებინა. ფლოტილია კილომეტრებზე გაიწელა, ქვეყანაში მოგზაურობისას მას მხრებით მიათრევდა 80, 000 მონა მათრახების ქვეშ და დილაობით ზედამხედველები ვერ აუდიოდნენ მდინარის ნაპირებზე გამორიყული დაღუპული გლეხების გვამების შეკრებას. მცურავ სასახლეებზე კი ყოველ საღამოს იმართებოდა ფეირვერკები და იმპერატორის ხასების ცეკვები. ამ საშინელ შევიწროებას, დამცირებას და ცინიზმს ვეღარ გაუძლო და აღარ მოითმინა ჩინელმა ხალხმა და დაიწყო მასობრივი აჯანყებები, რამაც მაშინდელი ჩინეთის 45-მილიონიანი მოსახლეობის 2/3 შეიწირა. აჯანყებათა ჩახშობის სისასტიკე ენით აღუწერელი გახლდათ. მაგალითად, მხოლოდ ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაში მეომრებმა ცოცხლად დამარხეს 300, 000 აჯანყებული, მაგრამ როგორც ყოველთვის ხალხის ნებას ასეთი უსასტიკესი მმართველობაც კი ვერ მოერია და იმპერატორი იან გუანი საკუთარმა გვარდიელებმა სიცოცხლეს გამოასალმეს. ამის შემდეგ ტაი იუანის პროვინციის მმართველმა, ლი იუანმა თავი გამოაცხადა ტანის დინასტიის პირველ იმპერატორად. სანამ იგი ამას იზამდა, ჩინური ტრადიციისამებრ, სახით სამხრეთით დაჯდა და ხანგრძლივი მდუმარების შემდეგ თავის მხლებლებს თავისი ნება ამცნო: "ძველი ეპოქა დასრულდა, სუის დინასტიამ დაივიწყა თავისი მოვალეობა და ამიტომ დაჰკარგა ზეცის მანდატი. ამიერიდან იწყება ტანის დინასტიის ახალი ეპოქა, ახლა მთავარია დავამშვიდოთ და დავაპუროთ ხალხი."

იმპერატორმა ლი იუანმა გააკეთა ყველაფერი, რასაც მისგან ითხოვდა ხალხი, გახსნა საცავები და სარჩო დაურიგა მშიერ, ნაომარ მოსახლეობას, დროებით გააუქმა გადასახადები და აუკრძალა ძალოვანებს მშრომელთა ძარცვა, გაათავისუფლა მონები, სასახლის ხასებიც კი გაუშვა თავ-თავიანთ სახლებში ცხოვრების თავისუფლად გასაგრძელებლად და გააუქმა წინა დინასტიის კაბალური კანონები. ხალხი ნელ-ნელა დაწყნარდა და აჯანყებები სრულად შეწყდა, ხოლო ის აჯანყებულები, რომელთაც ძარცვის გემო გაიგეს და ამ რეფორმების შემდეგაც კი არ ყრიდნენ იარაღს, იმპერატორის ბრძანებით მთელი ჩინეთის მასსტაბით განადგურებულნი იქნენ და ამის შემდეგ დამყარდა სრული მშვიდობა.


626 წელს იმპერატორი გახდა ლი იუანის შვილი - ლი შიმინი, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც იდეალური მმართველი, რომელიც მუხლჩაუხრელად ზრუნავდა უბრალო ხალხის კეთილდღეობაზე. მისი მრჩეველი გახლდათ ლეგენდარული ბერი - ვეი ჩჟენი, წოდებული ადამიან სარკედ, რომელიც იმპერატორ ტაი ჯუნს ეხმარებოდა სამართლიანი მმართველობის აღდგენაში. აღდგენილ იქნა წინა, სუის დინასტიის დამაარსებლების ე.წ. ძინ ტანის სისტემა, რომლის მიხედვითაც ყველა ოჯახმა მიიღო თანაბარი ზომის მიწა. 100 მუს ანუ დაახლოებით 5 ჰექტრის ოდენობით, ხოლო შემდგომში შემოტანილ იქნა გადასახი, რომელიც მოსავლის 1/20-ს შეადგენდა, მხოლოდ 5%-ს და ეს უაღრესად მსუბუქი იყო მოსახლეობისთვის. სახელმწიფო თუკი საჭირო შეიქნებოდა ხალხს ეხმარებოდა ხორბლით და ფულით, ხოლო სახელმწიფო მოხელეებს ევალებოდათ ზრუნვა მშრომელთა გამდიდრებაზე. ომის ჭრილობები მოშუშდა და დაახლოებით 100 წლის შემდეგ - ლი ლონგჯის იმპერატორობის (712-756) ერთ-ერთ პერიოდში - კაი იუანის პერიოდში (713-741 წლებში) სახელმწიფომ არნახულ აყვავებას მიაღწია. უდიდესი ჩინელი პოეტი - დუ ფუ წერდა: "კაი იუანის პერიოდი იყო სრული ყვავილობის დღე. მცირე დასახლებებიც კი იტევდნენ აურაცხელ ოჯახს. ბზინავდა ბრინჯისა და შვრიის მდინარეები, სახელმწიფო და კერძო საცავები შეიცავდა აურაცხელ სიმდიდრეს! ქვეყნის გზებზე არ შეგვხვდებოდათ არც ტურა და არც ვეფხვი. მამაკაცები შრომობდნენ ყანებში, ქალები კი რთავდნენ თუთის აბრეშუმს. სურსათით სავსე ურმებით გაივსო ქვეყნის გზები და სავაჭრო ქალაქები აყვავდა. ქვეყნის ყურეებიდან ყოველდღე გადიოდა ათასობით სავაჭრო გემი."


ტანის დინასტიის ჩინეთი


იმპერატორმა ლი იუმ (762-779) გაანადგურა დიდი სტეპის მბრძანებელი თურქები (თურქი ძველი ჩინური სიტყვაა და ძლიერს ნიშნავს) და ირანისკენ, წინა აზიისა და კავკასიისკენ გამოდევნა ისინი. მანვე გახსნა სავაჭრო გზა დასავლეთისკენ, რომელსაც შემდგომში აბრეშუმის გზა ეწოდა. ფაიფურითა და აბრეშუმით დატვირთული ქარავნები დაიძრა ჩინეთიდან ბუჰარისა და სამარყანდისკენ და იმპერიის დედაქალაქი ჩჟენიანი (ჩანგანი) იქცა ბრწყინვალე საოცრებად - სავსე ხის ჩუქურთმებით მორთული სასახლეებით, ტბებით, ფარშევანგებით და ოქროს თევზებით. ყველაფერ ამას იმეპრატორმა ლი იუმ მიაღწია მთავარი ხერხით - მას ძალიან კარგად ესმოდა, რომ "მე"-ს დამონებული ინდივიდუალისტი მოხელე ვერ იქნება "ჩვენ"-ის სამსახურში და ვერავითარი სასჯელი ან როზგი ვერ აღკვეთდა მის ქურდობას და კორუფციას (რაც ნიშნავს სიდამპლეს, ხრწნილებას), ამიტომ იმპერატორმა აღადგინა უძველესი საგამოცდო სისტემა სახელმწიფო მოხელეთათვის, რომელიც ჯერ კიდევ ჰანის ეპოქაში არსებობდა და შემდგომში მოისპო. ამიერიდან და კვლავ, სახელმწიფო მოხელე ვეღარ გახდებოდა ვერავინ, ვინც ვერ ჩააბარებდა გამოცდას სამეცნიერო ხარისხში! ამან კი ოლიგარქებისა და გაქსუებულ დიდებულთა გვარების გულისწყრომა გამოიწვია, მაგრამ მათ მოუწიათ დამორჩილებულიყვნენ ყოვლისშემძლე იმპერატორის სამართლიან და ურყევ ნებას. ტანის ეპოქის ახალი დიდებულება შედგებოდა მეცნიერ-მოხელეთაგან, რომლებმაც შეძლეს უმძიმესი გამოცდის ჩაბარება. კანდიდატებს ევალებოდათ დაედასტურებინათ თავიანთი ცოდნა სახელმწიფოს მართვის თეორიაში, რომელიც ეფუძნებოდა კონფუცის, მენ ძისა და ჰან ფეის უძველეს შრომებს. იმპერატორს კარგად ესმოდა, რომ არავითარი პროგრესი სიბრძნეში არ არსებობს და სწორედ მისი ერის საუკუნოვანი, უძველესი სიბრძნე არის ყველაზე თანამედროვე, რადგან ის გარდამოცემის ნაწილია ამიტომ მარადიულია. საოცარია, რომ მოხელეებს აუცილებლად ევალებოდათ თავიანთი ნააზრევის ლექსად გადმოცემა. კონფუცის მართვის თეორიის არსი დაყვანილი იყო მის ერთ გამონათქვამზე: "თუ სარჩო საკმარისია, მაშინ ხალხი ენდობა თავის მმართველს." ამიტომ საჭირო იყო დაუღალავი მუშაობა მიწის თანაბარი განაწილების სისტემის შესანარჩუნებლად. მიწათმოქმედების წასახალისებლად და ხარჯების უმკაცრესი შეზღუდვებისათვის. საჭირო იყო სახელმწიფოს მიერ საბაზრო ფასების მკაცრი და ჭკვიანური რეგულირება და სახელმწიფო მონოპოლიების დაცვა ეკონომიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვან დარგებში. იმდროინდელ ჩინეთში ეს გახლდათ რკინისა და მარილის წარმოება. საჭირო იყო სახელმწიფო ძალის გამოყენება იმისათვის, რომ ხალხი უზრუნველყოფილი ყოფილიყო საკვებით, სამართლიანობითა და უსაფრთხოებით. ეს გახლდათ კონფუცის მთავარი იდეა, რომელიც საფუძვლად ედო ყველა წარმატებულ მონარქიას. ამ იდეისთვის ასევე დამახასიათებელი იყო ის აზრი, რომ გაჭირვების პერიოდში საჭირო იყო მდიდრებისთვის გამორთმევა და ღარიბების სასარგებლოდ ამ რესურსის გადანაწილება. სახელმწიფოში მცხოვრებ მოქალაქეებს უნდა სცოდნოდათ, რომ მთავარია არა "მე", არამედ "ჩვენ". რომ ადამიანები არიან ძმები და მათ უნდა უყვარდეთ ერთმანეთი. მეცნიერი მოხელეები ამ ფილოსოფიაზე დაყრდნობით წერდნენ ათასობით ნაშრომს, სადაც კაცობრიობას სთავაზობნენ თეორიებს თუ როგორ უნდა დაეხმაროს სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს და უზრუნველყოს კეთილდღეობა და სიმშვიდე. ტრადიცია მოითხოვდა, რომ ყველა განათლებულ ადამიანს უნდა შეძლებოდა თავისი ნააზრევის ლექსად გამოთქმა. ამიტომ ტანის ეპოქაში დაიბადა ყველაზე დიდი პოეტური მემკვიდრეობა კაცობრიობის მთელ ისტორიაში. ლექსებს კითხულობდნენ სასახლეებსა და ქუჩებში. თავყრილობებში, ბაზრებსა და მაღაზიებში. წარმოებებში, ბევრი მათგანი კი აფორიზმებისა და სიმღერების სახით შედიოდა ხალხის მეტყველებასა და გენეტიკურ კოდში. ჩვენამდე მოღწეული ტანის ეპოქის პოეზიის ანტოლოგია მოიცავს დაახლოებით 50, 000 (ორმოცდაათი ათას) პოემასა და ლექსს, რომელიც ეკუთვნის 2000-ზე მეტ პოეტს. არსად, არც ევროპაში და არც აზიაში, მით უმეტეს სხვა კონტინენტებზე, არ ყოფილა პოეზიის ამგვარი აყვავების ხანა და ოქროს ხანის იმპერია სწორედ პოეტებისა და მეცნიერების მიერ იმართებოდა. ნახსენები დიდი პოეტი - დუ ფუც ერთ-ერთ პროვინციის მოხელე-მმართველი გახლდათ.


ტანის ეპოქის უდიდესი პოეტი იყო ლი ბო, რომელიც ჯერ მთებში ცხოვრობდა განდეგილად და შემდეგ ტანის დინასტიის ბოლო იმპერატორს - ლი ჭუს დაუახლოვდა და მის კარზე იქნა მიწვეული. ლი ბომ ვერ შეძლო დითირამბებით ქცევა და პირველმა განჭვრიტა იმპერიის მოახლოებული დაღუპვა. როდესაც იმპერატორს პირდაპირ გაუბედა და უსაყვედურა ზნეობის წესების დარღვევაზე და მის ლამაზ ხასაზე ვნებით შეყვარების გამო, ის დასაჯეს. იმპერატორი აღარ მოგზაურობდა ქვეყანაში, აღარ ერეოდა სახელმწიფო საქმეებში, აწყობილი სისტემის იმედად იყო და მისი სამყარო მხოლოდ ლამაზი ხასათი შემოიფარგლებოდა. ამ ქალს იან გუი ფეი ერქვა და მისი სილამაზე საკმარისი აღმოჩნდა ტანის ბრწყინვალე იმპერიის გასანადგურებლად.

- რატომ ადარებ შენს ლექსებში ჩემს გუი ფეის ქვეყნის დამღუპველ ხასას - ლეგენდარულ სი შის? - ჰკითხა დუ ფუს ერთხელ გაკვირვებულმა იმპერატორმა. იმიტომ ცისქვეშეთის მბრძანებელო, რომ როდესაც ადრინდელ იმპერატორს სი ში აჩუქეს, მანაც მიატოვა სახელმწიფო საქმეები და დაღუპაო თავისი სახელმწიფო. კადნიერებისთვის პოეტი სასახლიდან განდევნეს და იგი მოხეტიალე ლოთ პოეტად იქცა და ერთ ღამეს მდინარეში დაიღუპა როდესაც წყალზე მთვარის ანარეკლზე ეცადა გავლას.


ხასა გუნ ფეიმ სასახლის კარი თავისი ნათესავებით გაავსო, რომელთაც მეცნიერთა პოლიტიკური მმართველი კლასი ნელ-ნელა დაჩაგრეს და ქვეყნის მართვის სადავეები ხელთ იგდეს. მართვის მეცნიერებისა მათ არაფერი გაეგებოდათ და ჩინეთში ქაოსმა დაიწყო დასადგურება. დაირღვა ქონების რაც შეიძლებოდა თანასწორი გადანაწილების სისტემა. გაჩნდნენ მაქინატორები, რომლებმაც გაღატაკებული ხალხის ქონება იაფად იგდეს ხელთ. 100 მუს ნაცვლად ხალხისთვის დარიგებული ნაკვეთები 20 მუმდე შეამცირეს, ანუ 5 ჰექტარის ნაცვლადერთ ოჯახს მხოლოდ 1 ჰექტარს აძლევდნენ. გადასახადი კი 1/20-დან მოსავლის ნახევრამდე გაზარდეს! ვახშმა და გარყვნილებამ გახრწნა ხალხი. ქვეყანას უცხოტომელნი შემოესივნენ. სიღარიბემ იმატა და გაჭირვებამ კვლავ ქუჩაში გამოიყვანა ხალხი. დაიწყო დიდი აჯანყებები და განცხრომაში ჩავარდნილ უძლეველობის ილუზიით შეპყრობილ მმართველს ოცნებები თვალსა და ხელს შუა დაემსხვრა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ იმპერატორის დაცვაზე უარი განაცხადეს მისმა მეომრებმაც კი და აჯანყებული ერისგან იმპერატორი დაუცველი დატოვეს. საკუთარ სამყაროში ჩაკეტილმა, მრჩეველთაგან მიტოვებელმა იმპერატორმა თავისი რჩეული ხასას - გუი ფეის მჩაგვრელი ძმის გვამი გაუგზავნა, მაგრამ ხალხი არ დაწყნარდა და ქვეყნის დამღუპველი ილუზიის - ხასას გვამს ითხოვდა შუბებზე წამოცმული დახოცილი მოხელეების თავებით ხელში. ზნეობის ღალატისაგან გამოფიტულმა იმპერატორმა ხელი ჩაიქნია და მხლებლებს უბრძანა ქენით რაც საჭიროაო. ევნუხების უფროსმა გუი ფეი ბუდისტურ ტაძარში შეიყვანა და აბრეშუმის თასმით დაახრჩო და მისი გვამი ხალხს წარუდგინა. ამის შემხედვარე მეომრები კვლავ გამოესარჩლნენ მიტოვებულ იმპერატორს და დაიწყეს ბრძოლა, რომელიც იმ საბედისწერო ღამიდან მოყოლებული 8 წელიწადს გაგრძელდა და სრულიად დაანგრია ქვეყანა. კვლავ გაწყდა ამჯერად 53 მილიონიანი ტანის ჩინეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი და დედაქალაქის ზღაპრული სასახლეები და ყველა დიდი ჩინური ქალაქი ფერფლად იქცა! რამდენიმე ასეული ლის ტერიტორიაზე ადამიანები შიმშილისაგან ერთმანეთს ჭამდნენ და ალს მოეცვა ტანის იმპერია...

განგებამ ყოველივე ამის ხილვას მოასწრო დიდი პოეტი დუ ფუ... სრულიად ჭაღარა ბერიკაცად ქცეული ერთი ნავის ანაბარა დარჩენილი მიუყვებოდა ცისფერი მდინარის დინებას და გულსაკლავად ქვითინებდა დამწვარი სახელმწიფოს გაუთავებელი კვამლისა და მის თავზე ფიფქებად მოწეული თეთრი ფერფლის შემხედვარე. დუ ფუ იმ საშინელ ნავზე ქვითინისას წერდა თავისი შემოქმედების ყველაზე ლამაზ ლექსს, რომლის ერთ-ერთი სტროფი ქართულად დაახლოებით ასე ითარგმანება:


"დავმგვანებულვარ მე თეთრ მაიმუნს

მოტირალს თეთრი თოვლის ბარდნისას...

აჰ, ნეტავ რამე დაგვიბრუნებდეს

ოქროს დროებას კაი უანისას,

დავმგვანებულვარ მე თეთრ მაიმუნს

მოტირალს თეთრი თოვლის ბარდნისას..."


მაგრამ კაი იუანის ოქროს დროებაში დაბრუნებაზე ოცნება გვიანღა იყო. საკუთარი უძლეველობის ილუზიითა და ზნეობაზე არგამოსარჩლების გამო ჩამოგდებულ იმპერატორს გადაჰყვა ყველაფერი! დაიღუპა ტანის იმპერია, დაიღუპა ქვეყანა, დაიღუპა ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი - ათეულობით მილიონი ადამიანი და საუკუნე დასჭირდა მის მომდევნო - სუნის დინასტიას, რომ ქვეყანა აეღორძინებინა. ეს ჩინური ცივილიზაციის დაახლოებით 12 აღორძინება-დაცემის ერთ-ერთი ეპიზოდია, მაგრამ სამარადჟამო თავისი საგულისხმო მაგალითითა და ნებისმიერ დროში აქტუალურობით. ის თავისი ტრაგიკულობით ალბათ მაინც ვერ შეედრება ტრადიციული ჩინეთის განადგურებას ბრიტანელების მიერ ოპიუმის მეშვეობით და მას მოყოლილი მაო ძედუნის კოშმარს 72 მილიონი ადამიანის მსხვერპლს, ბეღურების ჭამას და კულტურული რევოლუციის ტრაგედიას, მაგრამ ეს კიდევ ცალკე დიდი თემაა.

საოცარია, რომ ცისქვეშეთის ქვეყანამ მაინც კვლავ მონახა ძალა აღორძინებისა სტალინომიკაზე წამხედური დენ სიაო პინის ხანაში, რომელმაც სხვათაშორის ასევე ჰიტლერის სხვადასხვა ეკონომიკური თუ პოლიტიკური ხედვაც გამოიყენა და ჩინეთი კვლავ მოგვევლინა თავისი ამჟამინდელი აღმავლობის ძლევამოსილებით. ნებისმიერი ჩინელი გეტყვით, რომ მათ ეს მოახერხეს სწორედ თავიანთი ტრადიციის ერთგულებით, მხოლოდ საკუთარ თავზე და ძალებზე დაყრდნობით და რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა, თუკი ისინი თავიანთ უცხოელ კეთილმოსურნეების რჩევებსა და სურვილებს აყვებოდნენ. პირველ რიგში ეგოიზმმა დაღუპა ტანის ბრწინვალე დინასტია. პოლიტიკოსების ეგოიზმი ღუპავს დღევანდელ საქართველოსაც. ილია ჭავჭავაძე ამბობდა: "ვაი იმ ქვეყანას, სადაც "მე" ბევრია და "ჩვენ" ცოტა!", მაგრამ მჯერა აუცილებლად გადავლახავთ ამ ეტაპს. არ ვიცი რამდენი დავრჩებით ამ დროისთვის, 2 მილიონი, 1 მილიონი თუ 100 ათასი, მაგრამ მთავარია გონს მოვეგოთ, დავუბრუნდეთ ეროვნულ ფესვებს და მერე ფერფლიდან აღდგომა ჩვენი ეთნიკური პროფესიაა...


ასევე დაგაინტერესებთ:

ჩინეთი და მისი დამწერლობა - დედამიწის უდიდესი და დღემდე შემორჩენილი უძველესი ცივილიზაცია



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
308
6-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
308
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0