x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
პირადი სივრცე და მისი მნიშვნელობა სხვებთან ურთიერთობისას
imageპირადი სივრცე განიმარტება, როგორც ჩვენს გარშემო არსებული პორტატული, უხილავი საზღვარი, რომელიც სხვამ არ უნდა დაარღვიოს და გადმოლახოს. ის არეგულირებს იმას, თუ რამდენად ახლოს ვურთიერთობთ ჩვენ სხვებთან, მოძრაობს ჩვენთან ერთად და ფართოვდება ან ვიწროვდება სიტუაციის მიხედვით. ის უმეტესად ინდივიდუალური ხასიათის პროცესია.
ტერმინი „პირადი სივრცე“ შემოიღო კატზმა (1937). ეს კონცეფცია არ არის უცხო ფსიქოლოგიისთვის, გარდა ამისა ის კავშირშია ბიოლოგიასთან, ანთროპოლოგიასთან და არქიტექტურასთანაც. ბოლო ათწლეულების განმავლობაში საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევდა პირადი სივრცის თემა. 1960 წლიდან მოყოლებული, დაახლოებით 1000 ექსპერიმენტი ჩატარდა და გამოქვეყნდა ამ საკითხთან დაკავშირებით.
რა არის ამ პერსონალური სივრცის ფუნქცია? ამის ახსნის რამდენიმე ვერსია არის შემოთავაზებული. გადატვირთვის ინტერპრეტაციის მიხედვით, ჩვენ ვქმნით სივრცეს საკუთარ თავსა და სხვებს შორის, რათა თავიდან ავიცილოთ ზედმეტი სტიმულირება (overstimulation). ამ პრინციპის მიხედვით, ზედმეტი სიახლოვე სხვებთან გვტვირთავს („გვბომბავს“) ზედმეტად ბევრი სოციალური და ფიზიკური სტიმულებით (მაგ., სახის დეტალები). ალტერნატიული, სტრესის ინტერპრეტაციის მიხედვით, ჩვენ ვქმნით პირად სივრცეს რათა თავიდან ავიცილოთ ზედმეტ სიახლოვესთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის სტრესორები. კიდევ ერთი, აღგზნების (arousal) ცნების მიხედვით, როდესაც პირადი სივრცე არაადეკვატურია, ადამიანები განიცდიან გამოღვიძებას/აღგზნებას. როდესაც ეს ხდება ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ თუ რატომ ვართ აღგზნებულები (იმიტომ რომ ის ვინც გვიყვრს ჩვენთან ახლოსაა, თუ იმიტომ რომ ვისიც გვეშინია ისაა ახლოს?), და ის თუ როგორ ახსნას მოვუძებნით ამას, განსაზღვრავს იმას თუ როგორ ვპასუხობთ ჩვენ არაადეკვატურ პირად სივრცეს. მეოთხე, შეზღუდული ქცევის მიდგომა გვეუბნება, რომ პირად სივრცეს ვქმნით ჩვენი ქცევითი თავისუფლების შესანარჩნებლად.
კიდევ ერთი, ალტმანის მიერ შემოთავაზებული თეორია პირად სივრცესა და ტერიტორიალურობას აღიქვამს, როგორც საზღვრის მარეგულირებელ მექანიზმს პირადი და ჯგუფური კონფიდენციალობის მისაღწევად. კონფიდენციალობა არის ინტერპერსონალური საზღვრის პროცესი, რომლითაც ადამიანები ერთმანეთში ურთიერთობებს არეგულირებენ. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ თავიანთი კონფიდენციალობის სასურველი და მიღწეული დონეები ერთმანეთის კონგრუენტული იყოს. ხოლო როდესაც ეს ასე არ არის ვიღებთ ნეგატიურ შედეგებსა და დაძლევის სტრატეგიებს.

გარკვეულად დაკავშირებულია ამ საკითხთან ასევე არგაილისა და დინის მიერ შემოთავაზებული ინტიმურობა-წონასწორობის მოდელი და კომფორტის მოდელი აელოს (Aiello) მიერ. ამ მიდგომების თანახმად, ნებისმიერი სახის ურთიერთობებში ადამიანებს აქვთ ინტიმურობის ოპტიმალური დონე, რომელსაც უნდათ რომ მიაღწიონ. მაგალითად, შეყვარებულები მიისწრაფიან უფრო მეტი ინტიმურობისკენ ვიდრე მეგობრები და ა.შ. ინტიმურობა არის პირადი სივრცის ფუნქცია. თუ ინტიმურობის დონე ძალიან მაღალია ურთიერთობებში (მაგალითად, თუ ზედმეტად ინტიმურ თემაზე საუბრობენ ადამიანები და ძალიან ძლიერ თვალების კონტაქტს ამყარებენ), წონასწორობა მიიღწევა კომპენსატორული ქცევებით (მაგ., ფიზიკურად ცოტა დაშორდე, გაიწიო). თუ ინტიმურობის დონე ზედმეტად დაბალია, წონასწორობა ასევე მიიღწევა (მაგალითად, მიუახლოვდე ადამიანს ან მეტად დაამყარო მასთან თვალით კონტაქტი).

პირადი სივრცის ზომა
დისტანციამ, რომელსაც ჩვენ ვქმნით საკუთარ თავსა და სხვებს შორის, უნდა დააკმაყოფილოს პირადი სივრცის ორი ფუნქცია- დაცვა და კომუნიკაცია. ამ ფუნქციების შესრულებისთვის სივრცის ერთი დეტერმინანტია - სიტუაცია (მაგ., ვისთან ერთად ვართ და რას ვაკეთებთ). გარკვეული ურთიერთობები და აქტივობები მოითხოვს უფრო მეტ პიროვნულ სივრცეს შესაფერისი კომუნიკაციისა და დაცვისთვის. ინდივიდუალური განსხვავებები სივრცით ქცევებში ალბათ განსაზღვრავს იმ სივრცის მოცულობას, რომელიც საჭიროა დაცვითი და კომუნიკაციური ფუნქციების დასაკმაყოფილებლად. ინდივიდუალურ განსხვავებებში, რომლებიც გავლენას ახდენენ სივრცით ქცევებზე, შედის გენდერი, რასა, კულტურა და ხასიათის თავისებურებები.
ერთ-ერთი პირველი ვინაც იკვლია სიტუაციური მდგომარეობებისა და ინდივიდუალური განსხვავებების გავლენა სივრცით ქცევაზე იყო ჰოლი. მისი აზრით, სიტუაციურ მდგომარეობაზე დაყრდნობით, ადამიანები ირჩევენ ოთხი პირადი სივრცის ზონიდან ერთ-ერთს სხვებთან ურთიერთობისას. ეს 4 ზონაა: ინტიმური დისტანცია, პერსონალური დისტანცია, სოციალური და საზოგადოებრივი დისტანცია. ეს ოთხი ზონა მონაცვლეობს სტიმულირების ხარისხისა და რაოდენობის მიხედვით, რომელთა გაცვლაც ხდება.

პირადი სივრცის შესწავლის მეთოდები
მაშინ როცა ჰოლის კვლევები ძირითადად დაკვირვებითი ხარისხის იყო, ბევრი ექსპერიმენტული კვლევა ჩატარდა სიტუაციისა და ინდივიდუალური განსხვავებების ზეგავლენის შესასწავლად პირად სივრცეზე. ამ კვლევებში რამდენიმე განსხვავებული მეთოდოლოგია იქნა გამოყენებული. ბევრ კვლევაში გამოყენებული იყო ლაბორატორიული მეთოდი. ამ შემთხვევაში პირადი სივრცე მონაწილეებს შორის იზომებოდა მაგალითად, ორმხრივი მიზიდულობის ხარისხის მიხედვით. კიდევ ერთი - სიმულაციის მეთოდის მიხედვით, მონაწილეები მანიპულირებენ პირადი სივრცით თოჯინებს ან სიმბოლურ ფიგურებს შორის. სხვა კვლევები ასევე იყენებდნენ საველე მეთოდებს. ის გულისხმობს დაკვირვებას ან ექსპერიმენტირებას ბუნებრივ პირობებში. დისტანციის შეფასება ამ დროს შეგვიძლია ფოტოების მიხედვით. ზოგადად მიჩნეულია, რომ საველე და ლაბორატორიული მეთოდები, რომლებიც მოიცავენ რეალურ ურთიერთობებს მონაწილეებს შორის, უკეთესად ზომავენ ჩვენს სივრცით ქცევებს ვიდრე სიმულაციის მეთოდები.

გენდერული სხვაობა პირად სივრცეში
ერთსა და იმავე სქესს შორის არსებული პირადი სივრცე განსხვავდება საპირისპირო სქესს შორის არსებული პირადი სივრცისაგან. ქალები უფრო ახლო ურთიერთობებს ამყარებენ ერთმანეთთან ვიდრე მამაკაცები. რაც შეეხება საპირსიპირო სქესთან ურთიერთობას, ამ დროს დისტანცია იცვლება იმის მიხედვით თუ როგორი ურთიერთობაა ადამიანებს შორის. ნაცნობები საშუალო დისტანციას ინარჩუნებენ (ქალსა და ქალს და მამაკაცსა და მამაკაცს შორის), მაშინ როცა ახლო ურთიერთობებისას საპირისპირო სქესის ინდივიდები უფრო ახლო კავშირებს ამყარებენ ერთმანეთთან ვიდრე ერთი და იგივე სქესის ადამიანები.

ასაკობრივი განსხვავებები პირად სივრცეში
5 წლამდე ასაკის ბავშვები ავლენენ არაკონსისტენტურ სივრცით პატერნებს, ხოლო 6 წლის შემდეგ (მოზრდილობამდე) რაც უფრო იზრდება მით უფრო ეკვეთება კონკრეტული სახის სივრცითი პატერნი. მოზრდილისთვის დამახასიათებელი სივრცითი ნორმები უკვე თავს იჩენს სქესობრივი მომწიფებისას. გარდა იმისა, რომ ასაკის მატებასთან ერთად იზრდება პერსნალური სივრცეც, დისტანცია რომელსაც უფროსები იჭერენ შვილებთან ურთიერთბისას უფრო მეტად იზრდება ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად.


ოპტიმალური სივრცე სასწავლო გარემოში
კვლევებიდან გამომდინარე აღმოჩნდა, რომ ჩვენი ადგილი კლასში მოქმედებს სწავლის ხარისხზე. ისმის კითხვა, თუ რა ადგილია ყველაზე კარგი სწავლის უკეთესი ხარისხისთვის. როგორც აღმოჩნდა ადამიანებს, რომლებიც ირჩევენ წინა შუა რიგებს, სრულფასოვნების მეტი განცდა აქვთ, უფრო მეტად აქტიურობენ საკლასო სამუშაოს დროს, მეტ პოზიტიურ დამოკიდებულებას ავლენენ და იღებენ უმაღლეს შეფასებას. თუმცა ეს უფრო მეტად კორელაციური კავშირია.

ოპტიმალური სივრცე პროფესიულ ურთიერთობებში
საინტერესოა თუ როგორი დისტანცია და პოზიცია არის ოპტიმალური კონსულტაციისას პაციენტსა და ფსიქიატრს შორის, რათა რაც შეიძლება სრულყოფილად და თავისუფლად ილაპარაკოს პაციენტმა თავის პრობლემებზე. ამ დროს ამჯობინებენ შუალედურ დისტანციას - ასეთ დროს პაციენტები უფრო გულახდილად საუბრბენ თავიანთი შიშებისა და შფოთვის შესახებ. ეს მოსაზრება ასევე მართლდება კოლეჯის სტუდენტებშიც. სტოუნმა და მორდენმა ჩაატარეს კვლევა, სადაც კოლეჯის სტუდენტებს ევალებოდათ თერაპევტთან გარკვეული თემების განხილვა 2, 5 ან 9 ფუტის დაშორებით მათგან. აღმოჩნდა, რომ ისინი უფრო თავისუფლად უყვებოდნენ თერაპევტებს თავიანთი პირადი პრობლემების შესახებ, როდესაც დისტანცია მათ შორის იყო 5 ფუტი.


გამოყენებული ლიტერატურა:
Bell, P. A., Greene, T. C., Fisher, J. D., & Baum, A. (1996). Environmental psychology. Harcourt.




0
458
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ კავთუაშვილი
თამარ კავთუაშვილი
458
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0