x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
დეპრესია - ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებადი გუნება-განწყობილების აშლილობა
image

დეპრესია არის ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებადი და კლასიკური გუნება-განწყობილების აშლილობა. ის ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის გრძნობებზე, ფიქრებსა და მოქმედებებზე. დეპრესია იწვევს მუდმივ მოწყენილობას, ინტერესის დაკარგვას, მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სახის ფიზიკური და ემოციური პრობლემები, შესაძლოა შეუქმნას ადამიანს პრობლემები სამსახურსა და სახლში ფუნქციონირებისას.
დეპრესიულ ადამიანებს ახასიათებთ ენერგიის დაქვეითება, მოძრაობენ და ლაპარაკობენ ნელა, ზოგჯერ ერთბაშად ჩუმდებიან და უმოძრაონი ხდებიან, ხშირად ტირიან. კარგავენ სიამოვნების განცდის უნარს, სქესობრივი ცხოვრების მიმართ ინტერესს, მადას. დარღვეული აქვთ ძილი - უჭირთ დაძინება, ადრე ეღვიძებათ და ხელახლა ჩაძინებას ვეღარ ახერხებენ. გარდა ამისა, სუსტდება ორგანიზმის ფუნქციები, ხშირია ყაბზობა, ნერწყვის გამოყოფის დაქვეითება.

სიმპტომების ჩამონათვალი:

  • დაქვეითებული გუნება-განწყობა
  • ინტერესებისა და სიამოვნების მიღების უნარის დაკარგვა
  • მადის ცვლილება - წონაში კლება ან მომატება
  • ძილის პრობლემები
  • ენერგიის კლება და მუდმივი დაღლილობის შეგრძნება
  • უმიზნო ფიზიკური აქტივობების ზრდა (ფსიქომოტორული აგიტაცია) ან მეტყველებასა და მოქმედებებში შენელება
  • უსარგებლობისა და დანაშაულის განცდა
  • ფიქრის, კონცენტრაციისა და გადაწყვეტილების მიღების პრობლემები
  • სიკვდილსა და სუიციდზე ფიქრი
სიმპტომები მინიმუმ 2 კვირის განმავლობაშ მაინც უნდა გრძელდებოდეს, რათა დაისვას დეპრესიის დიაგნოზი.
დეპრესია ყოველ 15 მოზარდში ერთს აღენიშნება. დეპრესია ადამიანს ნებისმიერ დროს შეიძლება დაემართოს, მაგრამ უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ დეპრესია ყველაზე მეტად გავრცელებულია 18-44 ასაკობრივ ჯგუფში. განსხვავებულ კულტურებშიც დეპრესია თითქმის ორჯერ მეტია ქალებში ვიდრე მამაკაცებში. ზოგი კვლევა აჩვენებს, რომ ქალების 1/3 ცხოვრებაში ერთხელ მაინც განიცდის ძირითად დეპრესიულ ეპიზოდს.


დეპრესია განსხვავდება მოწყენილობისგან/გლოვისგან
საყვარელი ადამიანის სიკვდილი, სამსახურის დაკარგვა, ურთიერთობების შეწყვეტა - ყოველივე ეს რთულად გადასატანი პერიოდებია ადამიანის ცხოვრებაში. ასეთ სიტუაციებში ნორმალური მოვლენაა მოწყენილობა, გლოვა, დარდი. ხშირად ასეთ დროს ადამიანები ამბობენ, რომ მათ აქვთ დეპრესია. მართალია ორივე შემთხვევაში ადამიანი ძირითადად მოწყენილია, დაქვეითებული აქვს ინტერესი და სიამოვნების მიღების უნარი, თუმცა მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ დარდი და დეპრესია. ძირითადი განმასხვავებელი ნიშნებია:

  • მწუხარების დროს მტკინვეული ემოციები, გრძნობები ტალღებივით მოდის და ხშირად შეიცავს პოზიტიურ მოგონებებსაც გარდაცვლილის შესახებ. დეპრესიის დროს კი დაქვეითებული გუნება-განწყობა გრძელდება მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში.
  • მწუხარების დროს თვითშეფასება შენარჩუნებულია, მაშინ როცა დეპრესიის შემთხვევაში ადამიანს აქვს გამუდმებით უსარგებლობისა და დანაშაულის განცდა.
  • ზოგი ადამიანის შემთხვევაში, საყვარელი ადამიანის სიკვდილით, ან სამსახურის დაკარგვით გამოწვეული გლოვა, მწუხარება შემდეგ გადადის დეპრესიაში. როდესაც დეპრესია და მწუხარება თანაარსებობს, ეს გლოვა, დარდი კიდევ უფრო დიდხანს გრძელდება. მიუხედავად ამდენი საერთო ნიშნისა, მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განვასხვავოთ ეს ორი მოვლენა, რათა ადამიანმა დროულად მიიღოს დახმარება.
გუნება-განწყობილების აშლილობათა ტიპები
ბიპოლარული VS უნიპოლარული
ბიპოლარული აშლილობის ძირითადი გამსაზღვრელი კლინიკური მახასიათებელი, კლინიკური დეპრესიისა და მანიაკალური ეპიზოდების მონაცვლეობაა, როდესაც ადამიანი აღმაფრენისა და აღტაცების მწვერვალებიდან უკიდურეს სასოწარკვეთილებაში ეშვება. მანიის ფაზა შეიძლება რამდენიმე დღის ან თვის განმავლობაშ გაგრძელდეს. მანიის ფაზის შემდეგ ჩვეულებრივ აღიძვრება დეპრესიის ფაზა, რომელიც დაახლოებით 3-ჯერ ხანგრძლივია. მანიისა და დეპრესიის ფაზები ხშრად ნათელი ანუ რემისიული პერიოდით არის გამიჯნული. უნიპოლარული დეპრესია კი არის დეპრესია მანიის გარეშე. ის შეიძლება რემისიის გარეშე მიმდინარეობდეს, უფრო ხირად კი ეპიზოდურია. უნიპოლარული დეპრესია ქალებს მამაკაცებზე 2-3-ჯერ უფრო ხშირად ემართებათ. იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება მანია დეპრესიული ფაზის გარეშე. ერთ-ერთი მონაცემებით, უნიპოლაური დეპრესიით დაავადებულთა 15, 9% და ბიპოლარული დარღვევების მქონეთა 29, 2%-ს სუიციდის მცდელობა აღენიშნება.

აგრეთვე განასხვავებენ მშობიარობის შემდგომ, პოსტნატალურ დეპრესიას, რომელიც თავს იჩენს ზოგიერთ ქალში ბავშვის გაჩენის შემდეგ. ძირითადად ის ვითარდება ბავშვის გაჩენიდან 4-6 კვირის შემდეგ, თუმცა შესაძლოა რამდენიმე თვის შემდეგაც გამოიჩინოს თავი. როგორც წესი, რაიმე გამოკვეთილი მიზეზი არ არსებობს ამ დეპრესიის გამოვლენისა და არანაირ კავშირში არაა ის ბავშვის სიყვარულთან თუ სიძულვილთან.

სეზონური დეპრესიული აშლილობა დაკავშირებულია ზამთრის პერიოდში დღის ხანგრძლივობის კლებასთან. ის შემდგომ გრძელდება მთელი წლის განმავობაში და საჭიროებს მკურნალობას.

რისკ-ფაქტორები და გამომწვევი მიზეზები
დეპრესიის გამომწვევ ერთ კონკრეტულ მიზეზს ვერ დავასახელებთ. ის შეიძლება რამდენიმე ფაქტორის კომბინაციის შედეგად აღმოცენდეს:

  • ბიოქიმიური ფაქტორი - ზოგიერთი ქიმიური ნივთიერებების ცვლილებებმა ტვინში, შესაძლოა გამოიწვიოს დეპრესია
  • გენეტიკა - დეპრესია შესაძლოა იყოს გენეტიკურად განპირობებული. მაგ., თუ იდენტური ტყუპებიდან ერთ-ერთს აქვს დეპრესია, არსებობს 70% ალბათობა იმისა, რომ მეორესაც დაემართოს დეპრესია.
  • პიროვნული ფაქტორი - დაბალი თვითშეფასების მქონე, პესიმისტურ ადამიანებში უფრო მეტია რისკი დეპრესიისა.
  • გარემო ფაქტორები - ძალადობა, დამცირება, უგულებელყოფა, სიღარიბე - ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად იწვევს ადამიანში დეპრესიას.
სხვა რისკ-ფაქტორებია აგრეთვე, ბავშვობის ტრავმა, თავის დაზიანებები, ზოგიერთი მედიკამენტის მიღება, ცხოვრებისეული მოვლენები (განქორწინება; პრობლემები სამსახურში, ურთიერთობებში ოჯახთან, მეგობრებთან; ფინანსური პრობლემები; მწვავე სტრესი და ა.შ.).

0
106
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ კავთუაშვილი
თამარ კავთუაშვილი
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0