x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
კულტურული ფაქტორები ფსიქოთერაპიაში
image

როგორც ფსიქოპათოლოგიის განვითარებასა და გამოაშკარავებაზე ახდენს გავლენას კულტურა, აგრეთვე არსებიბს კულტურული ფაქტორები, რომლებიც მოქმედებს ამ პრობლემების აღმოფხვრის პროცესზე - ფსიქოთერაპიაზე. ყველა კულტურაში არსებობს სამკუთხა, სამმხრივი ურთიერთობა კლიენტს, თერაპევტსა და საზოგადოებას შორის. ძირითადად, საზოგადოებაში არსებული კულტურული რწმენა-წარმოდგენები აღწევს ფსიქოთერაპიის პროცესში, რადგან ისინი გარკვეულწილად აყალიბებენ თერაპევტისა და პაციენტის მიერ პრობლემის გაგების პროცესს.
ფსიქოთერაპია არის ზოგადი ტერმინი, რომელიც ეხება პაციენტისა და თერაპევტის ურთიერთობას იმ მიზნით, რათა შემცირდეს ფსიქოლოგიური პრობლემითა თუ დარღვევით გამოწვეული პაციენტის ტანჯვა. დოის თანახმად (1984) ეს ინტერპერსონალური კომუნიკაცია ეფუძნება დამოკიდებულების საჭიროებას, თუმცა პრინცს (1980) ეჭვი ეპარება, რომ ყველა კულტურაში ეს არის წამყვანი ელემენტი ფსიქოთერაპიისა. მისი აზრით, ყველა ფსიქოთერაპიის ძირითადი ელემენტი არის ის, რომ ისინი ემსახურებიან პაციენტში სამკურნალო ძალების მობილიზებას; დაძლევის მექანიზმები და სხვა ფსიქოლოგიური წყაროები არის გამოკვეთილი, გამოყოფილი: უმეტესად, მკურნალობა ეხება ენდოგენური მექანიზმების გაზვიადებასა და დამატებით განვითარებას. პრინცი (1984) აგრეთვე გამოთქვამდა აზრს, რომ შესაძლებელია არსებობდეს ბიოლოგიური ენდოგენური მექანიზმები. ის წერდა, რომ უკვე არსებობს არა ერთი ექპერიმენტული მტკიცებულება იმისა, რომ ენდოგენურად გენერირებული ნეიროჰორმონები იწვევს ანალგეზიას, ეიფორიას, ამნეზიას და ცნობიერების ცვლილებებს. ეს ნეიროჰორმონები ასევე გენერირებულია რელიგიითა თუ სხვა რიტუალებით, რომლებიც წარმოადგენენ მკვიდრი (კონკრეტული ადგილისთვის დამახასიათებელი) ფსიქოთერაპიის მნიშვნელოვან ელემენტს.
მკვიდრი ფსიქოთერაპია გვხვდება პრაქტიკულად ყველა საზოგადოებაში. ის იგივეა რაც ტრადიციული ან პოპულარული ჯანმრთელობის პრაქტიკა, რაზეც საურობდა კლეინმანი (1991). მას ზოგჯერ დასავლურ ფსიქიატრიასთან ერთად იყენებენ. დასავლურ საზოგადოებაში ფსიქოთერაპია ეფუძნება ფსიქოანალიტიკურ თერაპიას, ან სხვა ცნობილ ფსიქოლოგიურ თეორიებს (გეშტალტ ფსიქოლოგია, ჰუმანისტური თეორია და ა.შ.). ამჯერად ჩვენ ვისაუბრებთ ისეთ მკვიდრ ფსიქოთერაპიებზე, რომლებიც ჩამოყალიბდა არადასავლურ კულტურებში.

მკვიდრი ფსიქოთერაპია
მკვიდრ ფსიქოთერაპიებს შორის აღსანიშნავია იაპოურ კულტურაში არსებული თერაპიები: მორიტა-თერაპია და ნაიკან-თერაპია. მიურეისის თანახმად (1982), ეს თერაპიები აღორძინებულია რელიგიიდან და ორიენტირებულია იაპონიის საზოგადოების ძირითადი ღირებულებების აღდგენაზე. ეს ძირითადი ღირებულებებია ამაე და სუნაო, რომლებიც შესაბამისად უკავშირდება მორიტასა და ნაიკანს.

მორიტას თერაპია შეიქმნა იაპონიაში 1920-იან წლებში ფსიქიატრ შომა მორიტას მიერ (1874-1938) ფსიქონევროტული პრობლემების სამკურნალოდ. ის დაფუძნებულია იზოლაციასა და დასვენებაზე და არა ვერბალურ ურთიერთობებზე. მორიტას თერაპია გრძელდება ოთხიდან რვა კვირამდე და შედგება 4 სტადიისგან:
1. სრული წოლითი დასვენება და იზოლაცია 4-დან 10 დღემდე. პაციენტი სრულიად ინაქტურ მდგომარეობაშია და არ აქვს ლაპარაკის, წერის, კითხვის თუ რადიოს მოსმენის უფლება.
2. მოდევნო 7-14 დღის განმავლობაში პაციენტი დგება საწოლიდან და მისთვის ნებადართულია ბაღში მსუბუქი სამუშაო აკეთოს. ის იწყებს დღიურის წარმოებას ექიმისთვის, თუმცა სხვა დამიანებთან ურთიერთობა კვლავ ეკრძალება.
3. მომდევნო ერთი ან ორი კვირის განმავლობაში მას ევალება უფრო მძიმე სამუშაოს კეთება, აგრძელებს დღიურის წერას და ესწრება ექიმის ლექციებს თვით-კონტროლზე, ეგოცენტრიზმსა და სხვა თემებზე.
4. საბოლოოდ პაციენტი ნელ-ნელა უბრუნდება სოიალურ ცხოვრებასა და ყოფილ საქმიანობას. ის აგრძელებს ექიმთან ურთიერთობას და ესწრება ჯგუფურ თერაპიებს სხვა პაციენტებთან ერთად.
მორიტას მიზანია, მიიღონ პაციენტებმა ცხოვრება ისეთი, როგორიც ის არის რეალურად, ნაცვლად იმისა, რომ ეცადონ ეს რეალობა მოარგონ თავიანთ სურვილებსა და მოთხოვნილებებს.


ნაიკან თერაპია ერთგვარი ინტროსპექციაა და მომდინარეობს იაპონური ტერმინებიდან „ნაი“ (შიგნით) და „კან“ (ყურება). მისი მიზნებია:
1. პირადი, ჭეშმარიტი დანაშაულის აღმოჩენა სხვების მიმართ წარსულში უმადურად და შემაწუხებლად მოქცევის გამო.
2. მადლიერების გამოხატვა, აღმოჩენა სხვების მიმართ.
მოკლედ რომ ვთქვათ, მიზნებია დანაშაული და მადლიერება. როდესაც ეს მიზნები მიღწეულია, ხდება ღრმა ცვლილებები საკუთარ თავსა და ინტერპერსონალურ დამოკიდებულებებში.
ნაიკან თერაპიის დროს, პაციენტი ჩუმად ზის დილის 05:30-დან 21:00-მდე 7 დღის განმავლობაში და აწარმოეს თვითდაკვირვებას, ყოველ 90 წუთში ერთხელ კი მასთან შედის ინტერვიუერი. პაციენტს ეძლევა ინსტრუქცია, შეხედოს, დააკვირდეს საკუთარ თავსა და ურთიერთობებს სამი პერსპექტივიდან:
1. ზრუნვის მიმღები. პირველი ინსტრუქციაა, გაიხსენოს პაციენტმა ზრუნვისა და მისდამი კეთილგანწყობის მომენტები, რომლებიც მიუღია კონკრეტული ადამიანისგან კონკრეტულ დროს. ძირითადად ეს იწყება დედასთან ურთიერთობების გახსენებით და შემდეგ უკვე სხვა ოჯახის წევრებთან.
2. გადახდა. ამ შემთხვევაში, პაციენტმა უნდა გაიხსენოს კონკრეტულად იმ მომენტში რა გაუკეთებია იმ ადამიანისთვის სამაგიეროდ, პასუხად.
3. გამოწვეული პრობლემები. ახლა კი უნდა გაიხსენოს თუ იმ კონკრეტულ მომენტში, რა პრობლემები და საზრუნავი გაუჩენია მას იმ ადამიანისთვის.
ამ შემთხვევაში ინტერვიუერის როლი ზუსტად თერაპევტის როლს არ გულისხმობს, ის ზედამხედველობს პაციენტის ინროსპექციასა და თვითგამოკვლევის პროცესს. სუნაოს ღირებულება ძალიან დიდია იაპონიაში და მას ბევრი მნიშვნელობა გააჩნია, მაგრამ ძირითადად ის ეხება მორჩილებას, მიმღებლობას, სოციალურ გარემოსთან ჰარმონიას, გონებაგახსნილობას, გულწრფელობას და ანტაგონიზმისგან, მეტოქეობისგან თავისუფლებას. მოკლედ რომ ვთქვათ, ეხება მშვიდობის დამყარებას საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთან.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე იბადება კითხვა: რამდენად მოქმედებს ეს მკვიდრი ფსიქოთერაპიები? ნამდვილად კურნავს და შველის ის ადამიანებს თუ უბრალოდ ცრურწმენებია და სხვა არაფერი? როგორც აღმოჩნდა, ამ ფსიქოთერაპიების უმეტესობა ისევე კარგად მოქმედებს, როგორც დასავლურ საზოგადოებაში არსებული თერაპიები. გარდა ამისა, ბევრი მკვიდრი, არადასავლური ფსიქოთერაპია უკვე გამოიყენება და აღიარებულ იქნა დასავლურ მედიცინაში, ასეთია მაგალითად, აკუპუნქტურა (ჩინური მედიცინდან), ჰოლისტიკური თეორიები (ინდოეთის მედიცინიდან).
ამ დასკვნას მივყავართ მეორე კითხვამდე: შესაძლებელია თუ არა ერთ კულტურაში მიღებული სამედიცინო რწმენები და თერაპიები გამოყენებულ იქნას სხვა კულტურაში? ფსიქოთერაპიის საერთო ბირთვი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ სხვადასხვა ისტორიული და კულტურული ფესვებით და მრავალფეროვანი კულტურული გამოხატულებებით.


გამოყენებული ლიტერატურა:
Berry, John W. Cross-cultural psychology: Research and applications. Cambridge University Press, 2002.



0
29
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ კავთუაშვილი
თამარ კავთუაშვილი
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0