x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გლოვა და კომუნიკაცია: მწუხარების დაძლევის გზები

image

ჩვენთვის ახლო ადამიანის დაკარგვას, როგორც წესი, მოსდევს ძალიან მძიმე და მტკინვეული გრძნობები, ემოციები. ეს მწუხარება და ტკივილი შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე თვე ან წელიც კი. შესაძლოა ადამიანმა ისიც იფიქროს, რომ ეს ტკივილი აღარასოდეს დასრულდება. მიუხედევად ამ გრძნობებისა, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ტკივილის განცდა იკლებს და ადამიანი უბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას, რუტინას, ნელ-ნელა ეგუება მისთვის საყვარელი ადამიანის გარეშე ცხოვრებას. ეს, საკუთარ თავზე, მძიმე და ხანგრძლივი მუშაობის შედეგად მიიღწევა.
არსებობს რამდენიმე გზა, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ მწუხარებასთან გამკლავებისთვის:
1. ნება მიეცით საკუთარ თავს განიცადოთ დანაკარგით გამოწვეული ტკივილი - რამდენად მტკინვეულიც უნდა იყოს, ასეთ დროს დარდი და მწუხარება სრულიად ნორმალური და ბუნებრივი მოვლენაა. ადამიანმა სრულიად უნდა მისცეს საკუთარ თავს უფლება იგლოვოს და განიცადოს ისეთი გრძნობები, როგორიცაა შოკი, სევდა რისხვა და მარტოობა. ადამიანმა უნდა მისცეს დრო საკუთარ თავს, რათა საბოლოოდ გადალახოს ეს გრძობები და დაუბრუნდეს ჩვეულ ცხოვრებას.
2. ისაუბრეთ სხვებთან - საკუთარ დანაკარგსა და ტკივილზე საუბარი ეხმარება ადამიანს ემოციების გაგებასა და გამოხატვაში. მნიშვნელოვანია დავანახოთ ჩვენს ოჯახსა და მეგობრებს, რომ მათთან საუბარი და კომუნიკაცია ჩვენთვის ბევრს ნიშნავს.
3. დაკავდით შემოქმედებით - გამოხატეთ საკუთარი გრძნობები კრეატიული აქტივობების წამოწყებით. დაკავდით ხატვით ან მუსიკით. კიდევ ერთი საშუალებაა დღიურის წარმოება - საკუთარი გრძნობებისა და ფიქრების ჩანიშვნა.
4. დაკავდით ფიზიკური აქტივობებით - იპოვეთ თქვენთვის სასურველი და მოსაწონი ფიზიკური აქტივობა - სირბილი, სიარული ან ველოსიპედის ტარება. ვარჯიში ეხმარება ადამიანს ფრუსტრაციისა და სიბრაზისაგან გათავისუფლებაში.
5. გააკეთეთ შესვენება - მნიშვნელოვანია ცოტა ხნით დაივიწყოთ თქვენი მწუხარება და, ასე ვთქვათ შეისვენოთ გლოვისგან. მაგალითად, შეგიძიათ წახვიდეთ ვახშამზე თქვენს ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად, სასიამოვნოდ გაატაროთ დრო, უყუროთ ფილმს, დაკავდეთ ჰობით და ა.შ. მნიშვნელოვანია გაიაზროთ, რომ მიუხედავად თქვენი დანაკარგისა, უნდა იცინოთ და იყოთ ბედნიერი.
6. შეინარჩუნეთ რუტინა - გლოვის დროს მნიშვნელოვანია ადამიანმა შეინარჩუნოს რუტინა და ჩვეული მოვალეობების შესრულებით გააგრძელოს ცხოვრება. ასეთ დროს სასურველია არ მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, არ შევიცვალოთ სამსახური და საცხოვრებელი ადგილი რათა თავიდან ავიცილოთ დამატებითი სტრესული მდგომარეობები.
7. აპატიეთ საკუთარ თავს - მნიშვნელოვანია აპატიოთ საკუთარ თავს ის, რაც გითქვამთ ან არ გითქვამთ, გაგიკეთებიათ ან არ გაგიკეთებიათ თქვენთვის საყვარელი ადამიანისთვის. სინანულისგან გათავისუფლება დაგეხმარებათ ფოკუსირდეთ სასიამოვნო და კარგ მოგონებებზე.
8. იქონიეთ მოთმინება - მიეცით საკუთარ თავს საკმარისი დრო იგლოვოთ. ნუ გაკიცხავთ საკუთარ თავს მხოლოდ იმის გამო რომ უკეთესად და უფრო სწრაფად ვერ უმკლავდებით მწუხარებას.
9. იზრუნეთ საკუთარ თავზე - გლოვა როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურადაც დამღლელი და დამქანცველია. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, ივარჯიშეთ, დაარეგულირეთ ძილი და იკვებეთ ჯანსაღი პროდუქტით.
10. გაწევრიანდით მხარდაჭერის ჯგუფში - მხარდამჭერი ჯგუფები საშუალებას გვაძლევს ვისაუბროთ ჩვენს ტკივილსა და ემოციებზე საერთო პრობლემების მქონე ადამიანებთან. ასეთი სახის ჯგუფები გვამხნევებენ, გვითანაგრძნობენ, კომფორტულად გვაგრძნობინებენ თავს და გვაძლევენ სწორ მითითებებს.

თერაპია
ზოგისთვის საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი იმდენად მძიმე გადასატანია, რომ ისინი მიმართავენ თერაპიას. ეს ხდება ე.წ. გამძაფრებული გლოვის შემთხვევაში. გამოყოფენ ასეთი გლოვის 4 ტიპს:
1. გადაჭარბებული გლოვა - რეაქცია საყვარელი ადამიანის გარდაცვალებაზე უკიდურესად აუტანელი და დაუძლეველია და ის უარესდება დროთა განმავლობაში.
2. ქრონიკული გლოვა- მწვავე და მძაფრი ემოციები დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება და არ უმჯობესდება დროის გასვლასთან ერთად.
3. ნიღბიანი გლოვა - გლოვის რეაქციები არის უხილავი ან ირიბი. ის გამოხატულებას ჰპოვებს რაიმე სახის დაავადებაში ან არანორმალურ ქცევაში.
4. „შეფერხებული/დაგვიანებული“ გლოვა - მწუხარება და გლოვა თავს იჩენს თვეების ან წლების შემდეგ სხვა წუხილის ფონზე და არა უშუალოდ დანაკარგის დროს.
თერაპია ეხმარება ადამიანს გაერკვეს საკუთარ თავსა და გრძნობებში, გააანალიზოს ის, თუ რატომ ვერ უმკლავდება ამ მწუხარებასა და დანაკარგს. ამ ყველაფერში ინდივიდუალურ ან ჯგუფურ დონეზე მას ეხმარება ფსიქოლოგი ან სოციალური მუშაკი.

კომუნიკაცია მგლოვიარე ადამიანთან
ბევრისთვის საკმაოდ რთულია მგლოვიარე ადამიანთან კომუნიკაციის დამყარება, მასთან საუბარი და საჭირო სიტყვების მოძებნა. არსებობს რამდენიმე მარტივი წესი, რომელთა მიხედვითაც ჩვენ შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ მგლოვიარე ადამიანთან ურთიერთობისას:

  • გაანალიზება იმისა, რომ გლოვას სჭირდება დრო - საყვარელი ადამიანის დაკარგვისგან გამოწვეული მწუხარება როგორც წესი არ ქრება მალე და ამას თვეები და წლები სჭირდება. გლოვას თან ახლავს მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ცვლილებები. ადამიანი განიცდის ემოციების მოზღვავებას - მარტოობას, სინანულს, სიბრაზეს, სევდას. მეგობრები და ნათესავები, ძირითადად, უშუალოდ საყვარელი ადამიანის დაკარგვისას უდგანან მგლოვიარე პიროვნებას გვერდში, მაშინ როცა ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ შემდგომი პერიოდია. ყველაზე რთული გადასატანი მგლოვიარე პიროვნებისთვის არის მომდევნო რამდენიმე თვე ან წელი, სწორედ ამ პერიოდში სჭირდება მას ყველაზე მეტად მომთმენი და მოსიყვარულე მეგობრებისა და ახლობლების მხარდაჭერა.
  • ურთიერთობის შენარჩუნება მიუხედავად ყველაფრისა - მგლოვიარე ადამიანისთვის ძალიან მნიშნელოვანია მხარდაჭერა. ბევრი მათგანი თავს გრძნობს მარტოსულად და მიტოვებულად გარკვეული დროის გასვლის შემდეგ. შესაბამისად მნიშვნელოვანია მეგობრებმა და საყვარელმა ადამიანებმა შეინარჩუნონ მასთან ურთიერთობა, ხშირად დაურეკონ, მოიკითხონ და დაპატიჟონ ვახშამზე.
  • ნუ გამოიყნებეთ ბანალურ ფრაზებსა და შედარებებს - ხშირად მგლოვიარე ადამიანს უწევს აიტანოს გარკვეული სახის შეუფერებელი კომენტარები და დამამშვიდებელი ფრაზები. ეს ფრაზები არა სიბოროტის არამედ უცოდინრობისგან მოდის - ადამიანებმა არ იციან როგორ უთანაგრძნონ და დაამშვიდონ მგლოვიარე პიროვნება და ამიტომ იყენებენ ყველანაირ ხერხს. ფრაზები, რომლებიც არ უნდა გამოვიყენოთ მგლოვიარე ადამიანის დასამშვიდებლად: „ვიცი რასაც გრძნობ“ - შეუძლებელია ადამიანმა იცოდეს და გრძნბდეს თუ რას განიცდის მეორე ადამიანი. „ყოველთვის შეგიძლია იყოლიო სხვა ქმარი, ბავშვი, სამსახური, ცხოველი და ა.შ.“ - მგლოვიარე ადამიანი არ ეძებს ჩამნაცვლებელს, მას აკლია კონკრეტულად ის, ვინც/რაც დაკარგა. „ის ახლა უფალთან ერთადაა“ - ნუ დაასკვნით, რომ მგლოვიარე ადამიანს სწამს ღმერთის, და რომც სწამდეს ამ წინადადებით ის დაასკვნის თითქოს ღმერთმა მას უღალატა და წაართვა მისთვის საყვარელი ადამიანი. „მადლიერი უნდა იყო იმ დროისა რაც ერთად გაატარეთ“ - მგლოვიარე შესაძლოა ძლიერ მადლიერი იყოს, მაგრამ მაინც ენატრებოდეს მისთვის საყვარელი ადამიანი. აგრეთვე სასურველია თავიდან აიცილოთ ანეკდოტების მოყოლა და სიკვიდილზე ფილოსოფიური საუბრები.
  • გამოიყენეთ ეს ორი მარტივი ფრაზა კომუნიკაციის შესანარჩუნებლად - ყველაზე მარტივი და ამავდროულად მნიშვნელოვანი წინადადება, რომელიც შეგვიძლია მგლოვიარე ადამიანს ვუთხრათ არის - ვიზიარებ შენს მწუხარებას, ვწუხვარ. აგრეთვე მნიშვნელოვანია ვკითხოთ, თუ რითი შეგვიძლია მისი დახმარება. თუ ადამიანმა არ იცის რა სახის დახმარება სურს, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ მას გარკვეული სახის აქტივობები, მაგალითად - საუბარი, უბრალოდ სიჩუმეში ჯდომა, ფილმის სანახავად წასვლა, გასეირნება ბუნებაში და ა.შ.
  • როდის ვისაუბროთ გარდაცვლილ ადამიანზე - მგლოვიარე ადამიანების უმეტესობას მოსწონს გარდაცვლილ ადამიანზე სასიამოვნო და საინტერესო ისტორიების მოსმენა. ჩვენ შეგვიძლია ვაჩვენოთ მგლოვიარე ადამიანს თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო გარდაცვლილი ადამიანი ჩვენთვისაც. დროთა განმავლობაში შეგვიძლია ფოტოების და ვიდეობის გამოყენებაც მის გასახსენებლად. მნიშვნელოვანია ამ დროს არ ვისაუბროთ უშუალოდ გარდაცვალებამდე პერიოდზე, ან იმაზე თუ „რა შეიძლება ყოფილიყო რომ არა...“, ეს კიდევ უფრო მეტად გააღიზიანებს და დათრგუნავს მგლოვიარე ადამიანს.
  • 0
    50
    შეფასება არ არის
    ავტორი:თამარ კავთუაშვილი
    თამარ კავთუაშვილი
    50
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0