x
image
ellen murani
ოჯახში ძალადობა, მოუგვარებელი პრობლემა
image



მიუხედავად ეპოქალური განვითარებისა, საქართველოში კარგად დამკვიდრებული ტრადიციების ცნობიერებიდან ამოშლა ვერ ხერხდება და თანამედროვე სამყაროში ვდგებით ისეთი პრობლემის წინაშე, როგორიცაა ოჯახში ძალადობა, ქალზე/ბავშვზე ძალადობა, ოჯახში კაცის კულტი და საბოლოოდ კი დისკრიმინაცია.

სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით გავესაუბრეთ ადვოკატ ნინო ლომინაძეს, რომელმაც ფართოდ ისაუბრა იმ საკითხებზე, რაც საქართველოში უდიდეს პრობლემას ქმნის.


ქალბატონო ნინო! ტელევიზიით ხშირად გვესმის ოჯახში ჩადენილი დანაშაულების შესახებ, შეგიძლიათ განგვიმარტოთ რას გულისხმობს ოჯახში ჩადენილი დანაშაული?


საქართველოში არსებული ტრადიციები, რომლითაც ხშირად თავად ქალები ამაყობენ არის ძალადობრივი ხასიათის. რამდენიმე წელია თითქოს დავთრგუნეთ და გავიაზრეთ, რომ ქალის ფუნქციები მრავალფეროვანი და მრავალმხრივია, მაგრამ საბოლოოდ შედეგამდე მისულები არ ვართ. რაც ძალიან საინტერესოა შემგუებლურ ხასიათს ატარებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არც ისე დიდი ხნის წინ, ოჯახები იქმნებოდა ძალადობრივი გზით, რის მიმართაც ხშირად პროტესტი არავის გააჩნდა. მოგვიანებით ამ ტრადიციის აღმოსაფხვრელად საკანონდებლო ბაზამ განიცადა ცვლილება. სისხლის სამართლის კოდექსში არსებობდა ასეთი ჩანაწერი „ქალის მოტაცება ოჯახის შექმნის მიზნით“, ხოლო კანონმდებელმა კი გაათანაბრა ადამიანის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთასთან და საბოოლოდ მიჩნეული გახდა მძიმე დანაშაულად. თუმცა დღეს საქართველოს ტერიტორიებზე მაინც შეინიშნება ამგვარი ქმედებები. მე იმის თქმა მინდა, რომ პატარა გოგონას, არც ეკითხებოდნენ დაოჯახება სურდა თუ არა, ამ ყველაფრისთვის იყო თუ არა მზად?! ასე პარავდნენ ბავშვობას და აიძულებდნენ ეცხოვრათ თავისი ნების და სურვილების საწინააღმდეგოდ, მოულოდნელად თავს დატეხილ უსაზღვრო პასუხისმგებლობასთან ერთად. ჩავთვალოთ, რომ ასეთი ფორმით შექმნილი ოჯახები დღემდე ძალადობის ქვეშ იმყოფებიან, მხოლოდ იმის გამო, რომ საზოგადოების გაკიცხვის შეეშინდათ და არ გააპროტესტეს არც მათ და არც მშობლებმა განხორციელებული ამაზრზენი ძალადობა. აქვე ხშირად ოჯახში ძალადობის მსხვერპლად, მხოლოდ ოჯახის წევრი კი არა თავად საზოგადოება აქცევს ქალს.


რას გულისხმობთ საზოგადოება აქცევს ქალს ოჯახში ძალადობის მსხვერპლად?


ადრეც და დღესაც, როდესაც ქალზე ხორციელდება ოჯახში ზეწოლა, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა, ამ ტიპის დანაშაული ლატენტური ანუ დაფარულია, რადგან მსხვერპლს ეშინია გაკიცხვის და იძულებულია აიტანოს ყოველივე ის უბედურება, რაც მის თავს ხორციელდება, საბოლოოდ კი შესაძლოა თავად იქცეს მოძალადედ.

მხოლოდ ქალებზე ხორციელდება ოჯახში ძალადობა?

არა! რა თქმა უნდა. ოჯახში ძალადობა არის ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახი სხვა წევრი მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია, რასაც სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი არ გამოუწვევია, ანუ ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად დაზიანება არ გამოუწვევია. აქედან გამომდინარე ოჯახში ძალადობის მსხვერპლი შეიძლება იყოს, როგორც ქალი, ისე კაცი, ბებია, ბაბუა, შვილი, შვილიშივილი და ნებისმიერი პირი, რომელიც საერთო მეურნეობას ეწევა.


ოჯახში ძალადობა ეს პრობლემა მარტო საქართველოშია?


ასე ვერ ვიტყვით, რადგან ეს არის გლობალური მოვლენა, რომელიც ევროპულ ქვეყნებშიც ერთ-ერთ გადაუწყვეტ პრობლემას წარმოადგენს.


საქართველოში რა მექანიზმები არსებობს ოჯახში აღნიშნულ დანაშაულებთან მიმართებაში?

პირველ რიგში აუცილებელია არსებობდეს პოლიტიკური ნება ამ დანაშაულის წინააღდეგ ბრძოლისათვის, შემდგომ კი საკანონმდებლო ბაზი დახვეწა და კარგად მომზადებული, ოჯახში ძალადობის პრევენციაზე ორიენტირებული სამართალდამცავი ორგანოები. ოჯახში ძალადობა არის სპეციფიკური, რადგან ხშირად მსხვერპლი მალავს ოჯახის წევრის მიერ ჩადენილ ქმედებებს და აუცილებელია განსხვავებული მიდგომა, რომელიც საშუალებას მისცემს სამართალდამცავ ორგანოს წარმომადგენელს მიიღოს ინფორმაცია. ამიტომ ჩემი მოსაზრებით აუცილებელია იყოს სპეციალიზირებული ჯგუფი, რომელიც მოახდენს პრობლემის იდენტიფიცირებას და იქნება მსხვერპლის ინტერესების დაცვაზე ორიენტირებული, რის შემდეგაც ჩატარდება სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება. შემაკავებელი ორდერების გამოცემის ეფექტურობა და მყისიერი რეაგირება ინფორმაციის მიღების მომენტიდან.


დღეს, როგორ ფიქრობთ ხდება მყისიერი რეაგირება?


2018 წელს შსს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შეიქმნა, რომელიც ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებასა და ადმინისტრაციული სამართალწარმოების მონიტორინგს ახორციელებს, მიუხედავად ამისა, მაინც ხშირია პოლიციელების მხრიდან აღნიშნული დანაშაულზე პასიურობა. შესაძლოა გამოძიებაც არ დაიწყონ, რამაც საბოლოოდ ფატალურ შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ძალადობის მსხვერპლი ხდება ოჯახის წევრი, მარამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საქმე ეხება არასრულწლოვანს. თუმცა ყოველივე ამას აქვს თავისი მეორე მხარე.


image


რომელ მეორე მხარეს გულისხმობთ?


მეორე მხარე არის ის, რომ ოჯახში ძალადობის აქტი, თავისთავად არ ნიშნავს, რომ ნამდვილად მოხდა, რადგან გაცხადდა, თუმცა დღევანდელი პრაქტიკა აჩვენებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები, კანონის გვერდის ავლით ცდილობენ მოიპოვონ და სისხლის სამართლის საქმეზე დაამაგრონ მტკიცებულებები, ხოლო სასამართლო ყოველგვარი მტკიცებულებების შეფასების სტანდარტის დაცვის გარეშე მსჯელობს პირის პასუხისგებაში მიცემის საკითხზე. ასევე არ შეიძლება იმპერატიულად, კატეგორიულად ითქვას რომ ყველა შემთხვევაში ასე ხდება, თუმცა სტატისტიკა აჩვენებს, რომ მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით დგება გამამტყუნებელი განაჩენი, რაც ადამიანის ულებების უხეშ დარღვევად შეიძლება მოვიაზროთ. იმდენად, რამდენადაც დამნაშავე უნდა დაისაჯოს, ასევე საჭიროა უდანაშაულო ადამიანი არ მიეცეს პასუხისგებაში, მხოლოდ საკითხისადმი მკაცრი მიდგომის საფუძველზე.


ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნინო! პრობლემის მეორე მხარეზე ვისაუბროთ შემდგომ ინტერვიუს დროს.

2
48
4-ს მოსწონს
ავტორი:ellen murani
ellen murani
48
  
2018, 5 სექტემბერი, 9:59
მართალი ბრძანდებით, საზოგადოება ერთადერთი პრობლემა არ არის, თუმცა ერთ-ერთი ნამდვილად არის
2018, 5 სექტემბერი, 6:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2