x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ავთანდილ გრიგოლაშვილის პოეზია (პირველი ნაწილი)

*

ზღვების შრიალი ჩამესმის ყურში,
შუა ღამეა, რაღაც მეძახის,
ახლა ეს ღამეც თუ გათენდება,
ვერ გამაჩერებს მერე ვერავინ.
დილაადრიან ფიქრებს ავყვები
და გადაღლილ სულს სპირტით გავათბობ,
შენს ნატიფ ხელზე ვენებს გადავხსნი
ყველა ოცნებას შენით დავათრობ.
გაგიჟებული გავწურავ ნერვებს
და გასაშრობად შენს სახლთან გავფენ,
მერე დავთვრები და მთვრალი მოგწერ,
რომ შენი თმების სურნელზე ვაფრენ.
რომ ცა უმთვარო მკვდარი ღმერთია,
რომ ცა უღრუბლო — შენსავით წმინდა.
რომ შენთან ერთად ცხოვრებას ვნატრობ,
რომ შენთან ერთად სიკვდილი მინდა.
და ნაშუადღევს თავის ტკივილით
სადმე გზის პირას წავბარბაცდები
შენი სახლისკენ და აივნიდან
მეც გალასავით გადავვარდები.
მერე მოვკვდები და მკვდარიც მოგწერ,
რომ შენი თმების სურნელზე ვაფრენ...
რომ შენთან ერთად სიკვდილიც მომწონს
და რომ სიცოცხლეს ღმერთივით გართმევ.

*

ვეცეკვოთ ვარსკვლავებს, სანამ მზე ამოვა.
ამაღამ სიბნელე ვაქციოთ ჩვენს ძალად,
ზეცაში ვიყუროთ, მიწაზე რა გვინდა?!
მოვწყდეთ, გავერიდოთ, ამ კადრებს შემზარავს.

ამ ხალხთან რა გინდა, წამოდი, წაგიყვან,
სამოთხეს განახებ უშენოდ დაღვრემილს,
სწორედ იქ წაგიყვან, სადაც შენი სუნთქვა
უბერავს ისე, რომ ედემის ქარებს ღლის.

წამო, ღმერთს განახებ, უშენოდ მოწყენილს
თან შევახარბებ, შენი თავი წავართვი,
იმ სიკვდილს განახებ, ჩვენ რომ დავამარცხეთ
და გამწარებული ჰადესის კართან ზის.

თუ გინდა აქ ვიყოთ, უბრალოდ მომენდე
და ნება მომეცი უბრალოდ გხედავდე,
ფხიზელი წამებს შენთვის ლოცვაში ვკლავდე
და მთვრალი შენს გაღმერთებასაც ვბედავდე.

ქააბას ტაძარში ხალხს შენთვის შევყრიდი
რწმენით, რომ მხსნელი ხარ, ახალი მესია,
შენთვის მე ბრბოს იმდენჯერ ვალოცინებდი
რამდენჯერ პირჯვარი გადაგიწერია.

სიზმრებში გწვდები და შენს თმებში ვიძინებ,
მაგ თმების სურნელით ყოველღამ ვკაიფობ,
ფიქრებში გეხები მაგ კანზე თითებით
და ხელი ქვავდება, ფერებას ვთაკილობ.

შენ უკრავ, ჩემს ნერვებს იყენებ სიმებად
ტუჩებზე მადნება ეგ შენი სინაზე,
შენ მღერი, ჩემს ეგოს აძინებ ტკბილი ხმით,
მთიშავ და ჩემს სიკვდილს მკითხაობ ფინჯანზე.

ნუ მოსვამ სისხლს ჩემსას ჭიქიდან, რომელიც
წყურვილის საკლავად სავსეა პირამდე.
ხელები მომხვიე და შემისისხლხორცე,
წამოდი, ვარსკვლავებს ვეცეკვოთ დილამდე.

*

თვრამეტი წლის ხარ
და შენი ტყვე ვარ
და თუ გამიშვებ
ღმერთს მოვუყვები
როგორ მიყვარხარ
ის კი ისევ თავს ჩამოიხრჩობს ახალ მთვარეზე

თვრამეტი წლის ხარ
კიდევ თვრამეტჯერ
თუ მეტჯერ არა
მოგელანდება
ჩემი სახელი
გზაზე რომელზეც ცდილობ გამექცე

*

ნერვები ფითილს ჰგავს, ნელ-ნელა იწვება,
ტკივილებს გემო აქვთ ბოლო დროს მორფინის.
ღამეა, მცივა და არ მყოფნის საბანი,
ძილის წინ, ჯიუტად ისევ შენ მომინდი.

წვიმაა ქალაქში და ცვრიან მინდორზე
ვნება გრძნობის კარში გოლს ისევ გაიტანს,
წასვლის წინ იმხელა უფსკრული დატოვე,
პირი რომ დააღოს, სამყაროს ჩაიტანს.

დაბრუნდი, ბრჭყალებით მეფერე ვენებზე,
მოყურე თვალებში და მომაჯადოვე,
შავ-თეთრ კლავიშებზე რომ უკრავ თითებით,
თავბრუს მხვევ, მამშვიდებ და მოცარტს მაგონებ.

0
27
3-ს მოსწონს
ავტორი:ავთანდილ გრიგოლაშვილი
ავთანდილ გრიგოლაშვილი
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0