x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134045
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მრავლობითი პიროვნული აშლილობა

image



იდენტობის დისოციაციური (მრავლობითი პიროვნული) აშლილობის დროს პიროვნებისთვის დამახასიათებელია ქცევითი უეცარი მონაცვლეობა, რომელთაგან პიროვნებას მხოლოდ ერთი, მოცემულ მომენტში არსებული ახსოვს, ხოლო მეორე ავიწდება. ქცევითი მდგომარეობებიდან ერთ-ერთი ასახავს ადამიანის რეალურ პიროვნებას, ხოლო შექმნილი პიროვნებები წარმოადგენენ ემოციური რეაქციების, დამოკიდებულებების, მოგონებების და სოციალური ქცევების ინტეგრირებულ ერთობლიობას, რომელიც ხშირად კონტრასტულად განსხვავდება რეალურისგან.


აშლილობა უმრავლეს შემთხვევაში ბავშვობაში იწყება, ხშირად 4 წლის ასაკისთვის, თუმცა, სიმპტომები, ჩვეულებრივ, აშლილობის დიაგნოსტირებამდე დაახლოებით 7 წლით ადრე ჩნდება. თუ ერთხელ დამკვიდრდა, მკურნალობის არარსებობის პირობებში, აშლილობა მთელი ცხოვრების მანძილზე გასტანს. მრავლობითი პიროვნული აშლილობა მნიშვნელოვნად არ იცვლება პიროვნების ცხოვრების მანძილზე, თუმცა, ზოგიერთი მონაცემი მიუთითებს, რომ გადართვების სიხშირე (ერთი პიროვნებიდან მეორეზე) ასაკთან ერთად იკლებს. ახალი ცხოვრებისეული სიტუაციების საპასუხოდ, შესაძლოა, განსხვავებული პიროვნებები წარმოიქმნას.


დისოციაციური იდენტობის აშლილობის მქონე ადამიანებს 100-მდე ერთდროულად არსებული ახალი იდენტობა შეიძლება ჰქონდეთ, თუმცა იდენტობების საშუალო რაოდენობა დაახლოებით 15-ია. ერთი პიროვნებიდან მეორეზე გადასვლას გადართვას უწოდებენ. ჩვეულებრივ, გადართვა მომენტალურად ხდება. გადართვის დროს ფიზიკური ცვლილებებიც შეიძლება მოხდეს. პოზა, სახის გამომეტყველება, სახის მოძრაობის პატერნები და შეზღუდული ფიზიკური უნარებიც კი შეიძლება გაჩნდეს. ზოგ შემთხვევაში იდენტობები სრულია, თითოეულს მისთვის დამახასიათებელი ქცევა, ხმის ტონი და ფიზიკური მანერები აქვს, მაგრამ ბევრ შემთხვევაში მხოლოდ რამდენიმე მახასიათებელია ცალკე წარმოდგენილი. ამ შემთხვევაში იდენტობები მხოლოდ ნაწილობრივ არიან დამოუკიდებელნი. ამიტომ არ არის სწორი იმის თქმა, რომ ამ დროსმრავალისრული პიროვნება არსებობს. სწორედ ამიტომ შეიცვალა აშლილობის დასახელება და მას დისოციაციური იდენტობის აშლილობა ეწოდა.


იდენტობის დისოციაციური აშლილობის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები, DSM-IV-ის მიხედვით მოიცავს:



. ორი ან უფრო მეტი განსხვავებული იდენტობის ან პიროვნული მდგომარეობის არსებობა. თითოეულ მათგანს გარე სამყაროსა და საკუთარი თავის აღქმის, გააზრებისა და მათთან ურთიერთდამოკიდებულების დამყარება მყარად არ შეუძლია.

. არსებული იდენტობიდან ან პიროვნული მდგომარებიდან მინიმუმ ორი, პერიოდული მონაცვლეობით, აკონტროლებს პიროვნების ქცევას.

. მნიშვნელოვანი პირადი ინფორმაციის გახსენების უუნარობა, რაც ნორმალური გულმავიწყობის საზღვრებს სცილდება.

. დარღვევები არ არის განპირობებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების უშუალო ფიზიოლოგიური ეფექტებით (მაგ. ალკოჰოლური ინტოქსიკაციისას გონების დაბინდვა ან ქაოტური ქცევა) ან სომატური დაავადებით.



მიზეზები


არსებობს გარკვეული ცხოვრებისეული სიტუაციები, რომლებიც მრავლობითი პიროვნული აშლილობის განვითარებას უწყობს ხელს. კლინიკური გამოცდილება და კვლევები აჩვენებს, რომ ასეთი აშლილობის მქონე პაციენტების უმრავლესობა ბავშვობაში მძიმე ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. ამ აშლილობით მოსული თითქმის ყველა პაციენტი აღნიშნავს, რომ მათ ბავშვობაში ძალადობა აქვთ გადატანილი. პუტნამმა და მისმა კოლეგებმა 100 შემთხვევა შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ პაციენტთა 97%- მნიშვნელოვანი ტრავმა ჰქონდა გადატანილი. ეს, როგორც წესი, სექსუალური ან ფიზიკური ძალადობა იყო. 68%-მა ინცესტი დაასახელა. როსმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ 97 შემთხვევიდან 95%-მა ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა დაასახელა. ზოგიერთ ბავშვი ცოცხლად დამარხვის ამბავსაც ჰყვებოდა. ზოგს ასანთით, ცხელი უთოთი, სამართებლის პირით ან შუშის ნამსხვრევებით აწამებდნენ.


გარკვეული მოსაზრების თანახმად, აშლილობა აღმოცენდება, როგორც ფსიქოლოგიური დაცვითი მექანიზმი, რომელიც, პირველადი ტრავმის მიღებისას სტრესის შემცირებას იწვევს, მაგრამ, შემდგომში, მას ხანგრძლივი სავალალო შედეგები მოჰყვება. წარმოიდგინეთ, ასეთ რთულ სიტუაციაში მყოფი ბავშვი რომ იყოთ, რას იღონედბით? მცირე ასაკია იმისთვის, რომ გაიქცეთ, მცირე ასაკია იმისთვის, რომ ოფიციალურ პირებს დაუკავშირდეთ დახმარებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სტრესი აუტანელია, თქვენ არ იცით, რომ ასეთი მდგომარეობა უჩვეულო და არასწორია. არის ერთი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ. თქვენ შეგიძლიათ ფანტაზიის სამყაროში გაიქცეთ და ვიღაც სხვად გადაიქცეთ. თუ ასეთი გაქცევა ერთი წუთით მაინც გააყუჩებს ფიზიკურ და ემოციურ ტკივილს, არის შანსი, რომ ისევ გაიქცევით. ამ დროს გონება სწავლობს, რომ უსაზღვროა საჭიროებისდა მიხედვით იდენტობების შექმნის შესაძლებლობა. თხუთმეტი? ოცდახუთი? ასი? სწორედ ეს რაოდენობები დაფიქსირდა ზოგიერთ შემთხვევაში.


ყველა ტრავმას ძალადობა არ იწვევს. პუტნამი აღწერს საომარ ზონაში მცხოვრებ ახალგაზრდა გოგონას, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა, როგორ გაიფანტა მისი მშობლების ნაფლეთები ველზე ძლიერი აფეთქების შემდეგ. მისი სულისშემძვრელი რეაქცია ის იყო, რომ ნაწილ-ნაწილ სცადა სხეულის ნაწილების შეგროვება.



მკურნალობა


მრავლობითი პიროვნული აშლილობის შემთხვევაში მკურნალობის პროცესი არც თუ ისე იოლია. თითქმის უიმედოდ შეიძლება გამოიყურებოდეს მრავალ ნაწილად დაშლილი პიროვნების იდენტობის რეინტეგრაცია. საბედნიეროდ, ეს ყოველთვის ასე არ არის. მიუხედავას იმისა, რომ არ არსებობს მკურნალობის ეფექტურობის გაკონტროლებული კვლევები, დოკუმენტირებულია ხანგრძლივი ფსიქოთერაპიის მეშვეობით იდენტობის რეინტეგრაციის ზოგიერთი წარმატებული მცდელობა.


სტატისტიკა


იდენტობის დისოციაციური აშლილობა იშვიათად გვხვდება. მრავლობითი პიროვნული აშლილობა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან უფრო ხშირად იყო დაფიქსირებული და ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში დარეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა კვლავ გაიზარდა (განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში). არ არსებობს სრულყოფილი კვლევა პოპულაციაში აშლილობის გავრცელების შესახებ. დიდი რაოდენობით მძიმე მდგომარეობაში მყოფი სტაციონარული პაციენტების ნახევრად სტრუქტურირებულმა ინტერვიუებმა აჩვენა, რომ წარმოდგენილი აშლილობის გავრცელების სიხშირე ჩრდილოეთ ამერიკაში 3-6%-ია, ხოლო ჰოლანდიაში დაახლოებით 2%- შეადგენს. დღეისათვის საუკეთესო გამოკითხვაში, რომელიც არაკლინიკურ გარემოში (თემში) შარშან აშშ-ში ჩატარდა, გავრცელების მაჩვენებელი 1.5% იყო.


პიროვნების დისოციაციური აშლილობის მქონე პაციენტთა დიდ ნაწილს შესაძლოა სხვა ფსიქოლოგიური აშლილობებიც აღენიშნებოდეთ. ეს შეიძლება იყოს შფოთვა, ნივთიერებების ბოროტად გამოყენება, დეპრესია და პიროვნული აშლილობები.



0
201
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ლეჟავა
ნინო ლეჟავა
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0