x
მარტოობა. - რას გულისხმობს მარტოობის განცდა და ვის ემუქრება მისი საფრთხე?

როდესმე თუ გაგჩენიათ გრძნობა, რომ მარტო ხართ? რა თქმა უნდა, თქვენი პასუხი დადებითი იქნება ამ შეკითხვაზე. ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყოველი ჩვენგანი ამ განცდის მსხვერპლი ხდება, ზოგიერთისთვის კი მარტოობა ცხოვრების თანმდევ მოვლენას წარმოადგენს. მართლაც, მარტოობა საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. საერთო-ეროვნული გამოკითხვის მიხედვით, დაახლოებით ოთხიდან ერთი ამერიკელი აღიარებდა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში სხვებისგან იზოლირებულობის ან მარტოობის ძლიერი განცდა ჰქონდა. ხოლო ზრდასრული ამერიკელების დაახლოებით 10% იტანჯება ძლიერი და მუდმივი მარტოობის გრძნობისაგან. თუმცა საკმაოდ რთულია, სიტყვებით გადმოსცე რას გულისხმობს მარტოობის განცდა.


სოციალური ფსიქოლოგიის თანახმად, მარტოობა არის სუბიექტური დისკომფორტის გრძნობა, რომელსაც განვიცდით, როდესაც ჩვენი სოციალური ურთიერთობები მოკლებულია რომელიღაც მნიშვნელოვან თვისებას. ეს დეფიციტი შეიძლება რაოდენობრივი ხასიათის იყოს, მაგალითად, ჩვენ შეიძლება არ გვყავდეს მეგობარი ან გვყავდეს იმაზე ნაკლები, ვიდრე ჩვენ გვინდა. ეს დეფიციტი შეიძლება ხარისხობრივიც იყოს, მაგალითად, ჩვენ შეიძლება ვგრძნობდეთ, რომ ჩვენი ურთიერთობები ხელოვნურია.


ადამიანები ხშირად უშვებენ შეცდომას ორი ტერმინის - მარტოობისა და განმარტოების - განსაზღვრისას. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ეს ორი ცნება ერთი და იგივე რამ არ არის. მარტოობა „ჩამალულია“ ადამიანის შიგნით და მისი დანახვა შეუძლებელია გარედან დაკვირვების გზით. განმარტოება კი, პირიქით, სხვა ადამიანებისგან განზე დგომის, სხვებისგან განცალკევებულად ყოფნის ობიექტური მდგომარეობაა. ამ ორ ცნებას შორის არ არსებობს აუცილებელი კავშირი. ჩვენ შეიძლება მარტო ყოფნისას ბედნიერად ვიგრძნოთ თავი და მარტოობის განცდა გვქონდეს ბევრი ხალხის გარემოცვაში.


თქვენი აზრით, რა იწვევს მარტოობას? ზოგჯერ მარტოობის მიზეზი შეიძლება ისეთი ცხოვრებისეული ცვლილებები გახდეს, როგორიცაა მეგობრების ან ახლობლების დაკარგვა. მარტოობა ასევე შეიძლება წარმოიშვას ფიზიკური ავადმყოფობის ან უბედური შემთხვევის შედეგად. ზოგიერთი ადამიანი მრავალი წლის განმავლობაში განიცდის მარტოობას და ეს თითქმის არ არის დამოკიდებული მის ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებებზე. ისინი ქრონიკულ მარტოობას განიცდიან.


რობერტ ვეისმა გამოჰყო მარტოობის ორი განსხვავებული ტიპი:

  • ემოციური მარტოობა - ჩნდება უახლოესი ადამიანის არარსებობის პირობებში, როდესაც ადამიანი მოკლებულია ისეთ ურთიერთობას, რომელსაც ბავშვებს მშობლები მიანიჭებენ, ხოლო უფროსებს - მეუღლე ან ახლო მეგობარი.
  • სოციალური მარტოობა - ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ აკლია სოციალური ინტეგრაცია ან საზოგადოებასთან კავშირი, ჩართულობა, რასაც მეგობრების ან თანამშრომლების წრე უზრუნველყოფს.

გაინტერესებთ, ვის ემუქრება მარტოობის საფრთხე? -> აღსანიშნავია, რომ საზოგადოების არც ერთ ნაწილს არ გააჩნია იმუნიტეტი მარტოობის წინააღმდეგ, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს უფრო მეტად ემუქრება ეს საფრთხე, ვიდრე სხვებს. ბავშვობაში მიღებულმა გარკვეულმა გამოცდილებამ შეიძლება ადამიანი მარტოობისთვის წინასწარ განაწყოს, მაგალითად, განქორწინებული მშობლების შვილებს უფრო მეტად ემუქრებათ მარტოობის საფრთხე ზრდასრულ ასაკში, ვიდრე სრულფასოვან ოჯახში აღზრდილ ბავშვებს. მარტოობა, ასევე, დაკავშირებულია სიმორცხვესა და დაბალ თვითშეფასებასთან. საკუთარ თავში დაურწმუნებელი ადამიანი, ალბათ, ნაკლებად მოინდომებს გარისკოს სოციალურ სიტუაციებში და გამოავლინოს საკუთარი უსუსურობა სხვების წინაშე.


გარდა ამისა, მარტოობა დაკავშირებულია ასაკთან. გამოკვლევები ადასტურებს, რომ მარტოობა ყველაზე მეტად გავრცელებულია მოზარდებსა და ახალგაზრდებში და ყველაზე ნაკლებად - ხანდაზმულ ადამიანებში. ამასთანავე, ახალგაზრდებში უფრო მეტად აწყდებიან სოციალურ ცვლილებებს, როგორებიცაა მშობლების სახლიდან წასვლა, დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება, კოლეჯში შესვლა ან პირველი სამუშაოს პოვნა - რომელთაგან თითოეულმა შეიძლება გამოიწვიოს მარტოობის გრძნობა.


image

0
140
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ქუთათელი
ნინო ქუთათელი
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0