x
სიკვდილის მოლოდინში შექმნილი შედევრი - ბოეთიუსის „ფილოსოფიის ნუგეში“

ანიციუს მანლიუს ტორკვატუს სევერინუს ბოეთიუსი, უფრო ხშირად ცნობილი, როგორც ბოეთიუსი, კულტურის ისტორიაში „უკანასკნელი რომაელის“ და „შუა საუკუნეების დიდი მასწავლებლის სახელით“ არის ცნობილი.

image

მის მემკვიდრეობაში კარგად ჩანს ტრადიციის შენარჩუნების სურვილიც და სიახლის საჭიროების გაცნობიერებაც.

დიდების მწვერვალზე მყოფ ბოეთიუსს მეფე თეოდორიხმა სიკვდილი მიუსაჯა, როგორც შეთქმულებაში ეჭვმიტანილს.

image

ბოეთიუსმა საკანში სიკვდილის მოლოდინში შექმნა შედევრი.

ამ ნაშრომს ეწოდება „ფილოსოფიის ნუგეში“.

სწორედ ფილოსოფია გამოეცხადა სასოწარკვეთილ ტყვეს, რომელიც ლექსავს თავისი უბედურების ისტორიას და დარწმუნებულია, რომ ყველგან უსამართლობაა გაბატონებული.

ბოეთიუსმა შუა საუკუნეების დასაწყისში წამოაყენა დებულება, რომელიც თავსატეხი გახდა მომდევნო პერიოდის თეოლოგებისთვის:

„ავტორიტეტებზე დამყარება უძლურების ნიშანია“.

ამით ბოეთიუსს ავტორიტეტების უარყოფა კი არ სურდა, არამედ მათ გაგებას მოითხოვდა, ბრმა ნდობას უარყოფდა.

image

ფილოსოფია არწმუნებს ბოეთიუსს, რომ ბოროტი ადამიანები, რომლებიც ამქვეყნად თითქოსდა ყოველივეს იმორჩილებენ, სინამდვილეში უბედურნი არიან. მათ ბედნიერებად მიაჩნიათ თავი იმის ფლობით, რაც ნამდვილ ღირებულებას არ წარმოადგენს.

გრძნობად სინამდვილეში მოქმედი შემთხვევითობა თითქოს სავსებით ქაოტურად და ბრმად მოქმედებს: წამოატივტივებს ბოროტ ადამიანს, თითქოსდა ხელს უწყობს მას, მაგრამ საბოლოო ანგარიშით, შემთხვევითობაც ღვთის ხელით წარიმართება და ყოველივე, რაც სავსებით გაუგებარი და გაუმართლებელი გვგონია ბოლოს სიკეთეს ემსახურება.

image

ბოეთიუსს სურს დაარწმუნოს მკითხველი, რომ ბოროტი ადამიანი ამქვეყნადაც უბედურია.

ეს ფსიქოლოგიურად საინტერესო ფაქტია, რომელიც ხშირად გვხვდება შუა საუკუნეებში.

ბოროტი ადამიანის ამქვეყნიური დასჯის სურვილი მიუთითებს იმაზე, რომ რაგინდ მორწმუნე არ უნდა იყოს ადამიანი, მისთვის არაა საკმარისი მხოლოდ იმქვეყნიური სასჯელი თუ ჯილდო.

image

ადამიანი, როგორც არსება, რომელსაც გონება და თავისუფლება გააჩნია ღვთის მსგავსია სწორედ ამ უნარების წყალობით.

ამქვეყნად იგი სწორ გზას ირჩევს ფილოსოფიის მეშვეობით.

ფილოსოფიას შეუძლია ადამიანის წარმართვა ჭეშმარიტი ბედნიერებისაკენ.


ავტორი: სოფიო მოდებაძე


0
123
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიო მოდებაძე
სოფიო მოდებაძე
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0