x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
საგამოძიებო ინტერვიუირების ბრიტანული მიდგომა
image


ბრალდებულისა და ეჭვმიტანილის ინტერვიუირების მრავალი პრაქტიკა არსებობს, თუმცა, ხშირად გამოყენებად მოდელს წარმოადგენს ამერიკული და ბრიტანული დაკითხვის მიდგომები. ამერიკული მიდგომა ეყრდნობა ჯონ რეიდის დაკითხვის ტექნიკას და ორიენტირებულია ბრალდებულის ემოციურ ზეგავლენაზე, რაც შეეხება ბრიტანული მიდგომას - ის ეყრდნობა P.E.A.C.E. მოდელს, რომელიც უფრო ორიენტირებულია კომუნიკაციური კონტაქტის დამყარებასა და არგუმენტირებაზე.

პროფესორმა ჯონ ბოლდუინმა, პოლიციის ოფიცერთა ასოციაციასთან ერთად (Association of Chief Police Officers/ACPO, 1993), შეიმუშავა საგამოძიებო ინტერვიუს P.E.A.C.E. მოდელი, რომელიც დღემდე აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა საგამოძიებო ორგანოების მიერ მისი სიმარტივისა და ეფექტურობიდან გამომდინარე. P.E.A.C.E. მოდელი შედგება შემდგომი ეტაპებისაგან:


P - გეგმა და მომზადება



არსებული ეტაპი წარმოადგენს ინტერვიუს უმნიშვნელოვანეს საფეხურს. ინტერვიუს დაგეგმარების პროცესში გასათვალისწინებელ ძირითად საკითხებს წარმოადგენს თუ როგორი იქნება ინტერვიუს მიმდინარეობა, კონკრეტულად, რა დანაშაულთან გვაქვს საქმე, რა ვიცით დასაკითხი პირის შესახებ და რა უნდა გავიგოთ, დაესწრება თუ არა მესამე პირი დაკითხვას, როგორი იქნება ინტერვიუს მიმდინარეობა. მნიშვნელოვანია დამკითხველს წინასწარ ჰქონდეს განსაზღვრული გარკვეული არგუმენტები და კონტ-არგუმენტები ეჭვმიტანილის როგორც აღიარებითი ჩვენებისთვის, ისე - უარყოფისა და დუმილისთვის.


E - გააქტიურება და ახსნა


საუბრის გახსნის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება გამომძიებლის ვერბალურ და არავერბალურ მახასიათებლებს, რადგან პირველ შთაბეჭდილებას აქვს წამყვანი როლი დასაკითხის გააქტიურების თვალსაზრისით.


მისალმება წარმოადგენს კომუნიკაციის უმთავრეს კომპონენტს, გამომძიებელი ინტერვიუს ოთახში შესვლისას ხელის ჩამორთმევით უნდა მიესალმოს ეჭვმიტანილს. გააქტიურებისათვის ხელსაყრელ რეკომენდაციას წარმოადგენს ასევე დასაკითხის საჭიროებების განსაზღვრა. საჭიროებებში იგულისხმება ელემენტარული დაინტერესება მისი მდგომარეობით. ამ ეტაპზე გამომძიებელი იჩენს ინტერესს პიროვნების მიმართ და ძალაუნებურად კომუნიკაციის პროცესი იბმება გამომძიებელსა და ეჭვმიტანილს შორის. კომუნიკაციური კონტაქტის კარგ ფორმად ითვლება სავარაუდო ბრალდებულთან საერთო ნეიტრალურ თემაზე საუბარი, მაგალითად მისალმების შემდეგ გამომძიებელმა შეიძლება დასვას რამოდენიმე დემოგრაფიული დამაზუსტებელი კითხვა (საცხოვრებელი, სამუშაო ადგილი) და შემდგომ წინასწარ შერჩეულ თემაზე გადაიყვანოს საუბარი.


ახსნა - არსებული ფაზის მიზანს წარმოადგენს დასაკითხის საქმის კურსში ჩაყენება, საგამოძიებო ქვედანაყოფში დაბარების მიზეზის ახსნა. ქვედანაყოფში დაბარების მიზეზის ახსნა უნდა იყოს გამომძიებლის პოზიციიდან ნეიტრალური ემოციური შეფერილობის და არანაირად არ უნდა იგრძნობოდეს გამომძიებლის წინასწარი განწყობა დასაკითხი პირის მიმართ.



A - ანგარიში, განმარტება, გამოწვევა


წარმოდგენილ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური დაკითხვა სხვადასხვა ტიპის კითხვების მეშვეობით: ღია/დახურული/დროში შეზღუდული/შემაჯამებელი.


ამ ეტაპის გამხსნელმა კითხვამ უნდა მისცეს სამიზნე ობიექტს დანაშაულში მონაწილეობის ან დანაშაულთან კავშირის უარყოფის საშუალება, შესაბამისად, არგუმენტირებული მსჯელობა მისი დანაშაულში მონაწილეობის/არ მონაწილეობის შესახებ.


თავდაპირველი კითხვა გულისხმობს მოვლენათა მთელი სქემის აღწერის მოთხოვნას (ფაქტამდე, ფაქტის მიმდინარეობისას, ფაქტის შემდგომ). ამ ეტაპზე ხდება სავარაუდო ბრალდეულის მიერ მოწოდებული ვერსიის დაზუსტება, დეტალიზირება. თუკი სამიზნე ობიექტი თანამშრომლობს გამოძიებასთან, მისი მიერ მოწოდებული ინფორმაცია უკვე გამართული ჩვენების სახეს იძენს, ხოლო თუ მის მიერ მოწოდებული ვერსია წინააღმდეგობაში მოდის რეალურ ფაქტებთან/ჩვენებებთან/ექსპერტიზის დასკვნებთან, მისი გამოყენება უკვე თვითონ სამიზნის წინააღმდეგაა შესაძლებელი, როგორც მისი სიცრუის დამადასტურებელი მტკიცებულება. მტკიცებულებების წარდგენა იწყება ინტერვიუს პროცესში მიღებული მტკიცებულებებიდან სხვა წყაროებით მიღებულ მტკიცებულებებამდე და ამავდროულად მსუბუქი არგუმენტიდან მძიმე არგუმენტამდე.



C - დახურვა


ინტერვიუს დახურვის სტადიაზე გამომძიებელმა უნდა მოახდინოს მთლიანი ინტერვიუს მოკლე შე

ჯამება და საჭიროების შემთხვევაში დასაკითხს უნდა მისცეს ინფორმაციის შევსების საშუალება. შემაჯამებელი დისკუსიის შემდეგ, უნდა მოხდეს შემდგომი ქმედებების აღწერა (რა ელის სამიზნეს, სად გადაიყვანენ და ა.შ.).



E - შეფასება


ინტერვიუს დასრულების შემდგომ, გამომძიებელმა უნდა მოახდინოს მთელი კომუნიკაციური პროცესის შედეგების შეფასება. გამოიყოფა 3 ძირითადი კომპონენტი რომელიც უნდა შეფასდეს ინტერვიუს დასრულების შემდეგ:


1) ინტერვიუს შედეგად მიღებული ახალი ინფორმაცია.


ა) რა ახალი ინფორმაცია გვაქვს ეხლა?

ბ) შეესაბამება თუ არა მიღებული ინფორმაცია არსებულ ინფორმაციას?

გ) რა გავლენას ახდენს ახალი ინფორმაცია არსებულ საგამოძიებო ვერსიაზე?


2) ეჭვმიტანილი.

ა) როგორი იყო ეჭვმიტანილის ქცევა?

ბ) როგორ შეიცვალა მისი კომუნიკაციის სტილი? (არ თანამშრომლობდა/წამოვიდა თანამშრომლობაზე)?


3) ინტერვიუერის უკუკავშირი.

ა) დამყარდა თუ არა კომუნიკაციური კონტაქტი დასაკითხთან?

ბ) რა უნდა შევცვალოთ მომავალი ინტერვიუს პროცესისათვის?



0
43
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ლეჟავა
ნინო ლეჟავა
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0