x
შუა ხანი. კრიზისის და გადასვლის მოდელები. როგორ დავაღწიოთ თავი უსიამოვნო ცვლილებებს?
ჩვენ დროთა განმავლობაში ასაკი გვემატება, განვიცდით ცვლილებებს მრავალ ასპექტში. თითოეული ჩვენგანის სიცოცხლის ციკლი გარკვეულ პერიოდებად არის დაყოფილი, შუა ხანი წარმოადგენს პერიოდს 40-დან 65 წლამდე. შუა ხანი შეიძლება იყოს განსხვავებული ხანგრძლივობის სხვადასხვა ადამიანისთვის. ამას განაპირობებს სხვადასხვა სოციალური, ფიზიკური, ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ფაქტორები.

ჩვეულებრივ, შუა ხანში შესვლა უკავშირდება ოჯახურ ციკლს - ბავშვები გაიზარდნენ და ტოვებენ მშობლების ოჯახს. ასევე უკავშირდება პროფესიულ ციკლს - ადამიანმა უკვე მიაღწია გარკვეულ სტატუსს და მომავალში კარიერული ზრდა ნაკლებადაა მოსალოდნელი.


საინტერესოა, თუ როგორ ხვდებიან ცხოვრების ამ პერიოდს ადამიანები? თქვენ თუ გიფიქრიათ როდესმე, თავად თქვენ როგორ შეხვდებოდით მას?


ადამიანების უმრავლესობა განიცდის შუა ხანს როგორც გადასვლის პერიოდს, რომელსაც ახასიათებს, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური მოვლენები. კრიზისის მოდელი კი აკავშირებს ნორმატიულ ცვლილებებს მოსალოდნელ კრიზისთან.



გადასვლის მოდელის მიხედვით, ადამიანის განვითარებას ახასიათებს მოსალო­დნელი მოვლენები, რომელიც შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ და დავსახოთ მათ მიმართ მომავალი გეგმები. მართალია გადასვლას შეიძლება ახლდეს ფსიქოლოგიური და სოციალური სახის სირთულეები, ადამიანთა უმრავლესობა მათ წარმატებით უმკლავდება. მაგალითად, 50 წლის ასაკში ადამიანმა შეიძლება განიხილოს თავის შვილებთან და მეუღლესთან ერთად, თუ როგორ იცხოვრებს პენსიაზე გასვლის შემდეგ. ასე რომ, შუა ხანი არის პერიოდი, როდესაც ადამიანი კრიტიკულად აანალიზებს და აფასებს თავის განვლილ ცხოვრებას.


მართალია, როგორც ნორმატიულმა (ჭაღარა, წონის მომატება, მენოპაუზა), ასევე არანორმატიულმა (სამსახურის დაკარგვა, გაყრა) ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს კრიზისი, მაგრამ კრიზისის აღმოცენების ალბათობა მნიშვნელოვნად მცირდება, თუ ამ მოსალოდნელ ცვლილებებს განვიხილავთ, როგორც ნორმალურ მოვლენებს.


მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ შუა ხნის პერიოდში ჩნდება ფიზიკური შესაძლებლობების კლების პირველი ნიშნები, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად თანდათანობით იმატებს. გაითვალისწინეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაბერებაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს, თუ ადამიანი შეძლებს მათ მხედველობაში მიღებას, მაშინ დაბერების პროცესის ბევრი არასასურველი შედეგები შერბილდება.


რაც შეეხება უშუალოდ ცვლილებებს, ადამიანის მხედველობა პრაქტიკულად არ იცვლება 50 წლის ასაკამდე, თუმცა ახლომხედველი ადამიანების მხედველობა შუა ხანში, პირიქით, უკეთესი ხდება, ვიდრე ახალგაზრდობაში. სმენა 20 წლის ასაკიდან იწყებს კლებას, ეს ეხება, განსაკუთრებით, მაღალი სიხშირის ბგერებს. სმენის ასეთი დაქვეითება უფრო მეტად დამახასიათებელია მამაკაცებისთვის. გემოს, სუნისა და ტკივილის შეგრძნება განიცდის უმნიშვნელო ცვლილებებს. რეაქციის დროც ნელი ტემპით იწყებს კლებას, ხოლო მოტორული ჩვევები კი, ზოგადად, იგივე დონეზე რჩება, განსაკუთრებით იმ ადამიანებთან, ვინც ყოველდღე ფიზიკურად შრომობს ან ვარჯიშობს.


გარდა ამ ყველაფრისა, შუა ხანში იწყება ადამიანის შინაგანი ორგანოებისა და სისტემების სტრუქტურისა და ფუნქციის შეცვლა. ნელდება ნერვული სისტემის ფუნქციონირება, განსაკუთრებით 50 წლის შემდეგ. ძვლოვანი სისტემა უფრო მყიფე ხდება. კანი და კუნთები კარგავს ელასტიურობას. ადგილი აქვს ცხიმის დაგროვების ტენდენციას. მცირდება ფილტვების მოცულობაც. ვინაიდან ადამიანის ამტანობა დამოკიდებულია ორგანიზისადმი ჟანგბადის მიწოდების რაოდენობაზე, შუა ხნის ასაკში ადამიანს არ შეუძლია ისეთივე ძალისხმევით შრომა, როგორც ახალგაზრდობაში.


ძვლოვანი მასის შემცირება ქალებთან განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს 50 წლის შემდეგ, ამიტომ ძვლების მოტეხვის რისკი მათთან 6-10-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცებთან. ფიქრობენ, რომ ეს გამოწვეულია ესტროგენების უკმარისობით და არა დაბერების პროცესით.


ზოგიერთ ქალთან ფიზიკური ცვლილებები იწვევეს ცვლილებებს ემოციურ სფეროში. ისინი შეიძლება განიცდიდნენ უხასიათობას, სინანულის გრძნობას.


სწორი კვება, დოზირებული ფიზიკური ვარჯიში და დროული სამედიცინი დახმარება საშუალებას აძლევს ადამიანს გაიხანგრძლივოს აქტიური ცხოვრების პერიოდი.


0
34
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ქუთათელი
ნინო ქუთათელი
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0