x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ინკლუზიური განათლების პროცესი და მასთან დაკავშირებული გამოწვევები

image
თანამედროვე საზოგადოება ვთანხმდებით, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და შესაბამისად მუდმივად მივისწრაფვით იმისკენ, რომ თითოეული ჩვენგანის უფლებები დაცული იყოს. თუმცა რიგ შემთხვევებში ეს კარგად არ გამოგვდის. მრავალი წლის განმავლობაში ხდებოდა და სამწუახროდ მეტ-ნაკლებად ახლაც გრძელდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დისკრიმინაცია და მარგინალიზაცია, რაც ყოვლად დაუშვებელია. სსსმ და შშმ პირები უამრავ პრობლემას და ბარიერს აწყდებიან, რომელთა გადალახვაში ჩვენ, საზოგადოება უნდა დავეხმაროთ, რათა მათაც შეძლონ გარემოში სრულფასოვნად ადაპტაცია.
არც ისე დიდი ხნის წინ ძირითად შემთხვევებში სსსმ და შშმ ბავშვები განათლების მიღმა რჩებოდნენ ან ცალკე არსებულ სკოლა-ინტერნატებში იღებდნენ განათლებას. თუმცა დღესდღებით ყველა დამოუკიდებელი სახელმწიფო ცდილობს, რომ მათ მიიღონ განათლება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში თანატოლებთან ერთად. კერძოდ, სახელმწიფოს მიზანია დანერგოს ინკლუზიური განათლება, რომელიც მოიაზრებს საგანმანათლებლო მიდგომას, რომელის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, განურჩევლად მათი ფიზიკური, სოციალური, ემოციური, შემეცნებითი თუ სხვა ტიპის საჭიროებებისა განათლება უნდა მიიღოს ერთ სივრცეში, სადაც გარემო მორგებული იქნება თითოეულ ბავშვზე, მათ უნარებსა და შესაძლებლობებზე.
პირველი ნაბიჯები მათი უფლებები დაცვისკენ იმ კანონების დამტკიცებით გადაიდგა, რომელიც მხარს უჭერს სსსმ და შშმ პირების განათლებას. 1994 წელს დამტკიცდა სალამანკას დეკლარაცია, ხოლო 2006 წელს გაერომ გამოსცა კონვენცია მათი უფლებების შესახებ. ამ ნაბიჯებმა დიდ ცვლილებებს დაუდო საფუძველი და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შეუწყო ხელი. მიუხედავად პოზიტიური ცვლილებებისა, მაინც მრავალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ.
პირველ რიგში ყველაზე ფუნდამენტურ პრობლემად უნდა განვიხილოთ ინფორმირებულობისა და ცნობიერების დონე. ინფორმირებულობაში იგულისხმება, ის ფაქტი, რომ ხშირ შემთხვევაში სსსმ და შშმ პირებსა და მათ მშობლებს არ აქვთ ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ. ზოგჯერ ხდება ისე, რომ მათ არც კი იციან როდის ირღვევა მათი უფლება, შესაბამისად ვერ იბრძოლებენ მათ დასაცავად. ასევე აქ უნდა განვიხილოთ სახელმწიფო სერვისებში ჩართვის სირთულეც. მშობლები აღნიშნავენ, რომ ინფორმაცია, რომელსაც სახელმწიფო მათ აწვდის მათთვის რთულად გასაგები და ბუნდოვანია. რაც შეეხება ცნობიერების დონეს, საზოგადოება არ არის საკმარისად მეგობრულად განწყობილი მათ მიმართ, რაც სტიგმატიზირებულს ხდის ამ ადამიანებს და დაბრკოლებებს უქმნის მათ სოციალიზაციას. ასევე ყურადსაღებია პოზიტიური დისკრიმინაციაც სოციუმის მხრიდან, როდესაც მშობლები ან პედაგოგები ბავშვებს განსაკუთრებულად „კარგად“ ექცევიან და ამით მათ გამორჩეულ იერსახეს სძენენ. ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს მათი გამოყოფა ჯგუფისგან.
თვალსაჩინო პრობლემად გვესახება ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზები, რომელიც შემაფერხებელი ფაქტორია. საგანმანათლებლო დაწესებულებები უმეტესწილად არ არის ადაპტირებული სსსმ და შშმ პირებზე, აქედან გამომდინარე მათ გადაადგილებაც კი უჭირთ. ეს ძალიან მოუხერხებელია მათთის და ქმნის სტრესულ სიტუაციას. მათ შეიძლება დაეუფლოთ ისეთი განცდა, რომ ყოველთვის ვინმეზე არიან დამოკიდებულნი, რაც დისკომფორტს იწვევს როგორც ფიზიკურად, ისე შინაგანად. ასევე ისინი განიცდიან დამხმარე სახელმძღვანელოების ნაკლებობას, როგორიცაა ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ლიტერატურა, აუდიო წიგნები და ა.შ. რაღა თქმა უნდა განხილული ფაქტები უარყოფითად აისახება განათლების მიღების პროცესზე. შეიძლება იმდენად სტრესული იყოს ასეთი გარემო მათთვის, რომ უარი თქვან საგანმანათლებლო დაწესებულებაში სიარულზე.
აგრეთვე პრობლემას წარმოადგენს კვალიფიციური კადრების ნაკლებობა. პედაგოგი, რომელიც მუშაობს სსსმ და შშმ პირებთან უნდა იყოს ემოციურად და განათლებით მზად იმ გამოწვევებისთვის, რომელიც მას სწავლების პროცესში შეხვდება. მას მოუწევს განსხვავებული აკადემიური მოსწრების, უნარებისა და შესაძლებლობების მქონე პირებთან მუშაობა და ამიტომ აუცილებელია მას სიღრმისეული ცოდნა ჰქონდეს, რათა წარმატებით გაუმკლავდეს სირთულეებს. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სპეციალურ პედაგოგებს არ აქვთ საგნობრივ მასწავლებლებთან გათანაბრებული სტატუსი, რაც მათ არ აძლევთ კარიერული განვითარების საშუალებას. ეს შესაძლოა ნაკლებად სასურველს ხდიდეს ამ პროფესიას ან არსებულ სპეციალურ პედაგოგებში მოტივაციის დაქვეითებას იწვევდეს.
გამოწვევად სახელდება ინდივიდუალურ სასწავლო გეგმასთან არსებული პრობლემებიც. როგორც ვიცით, მასწავლებელი ვალდებულია შშმ და სსსმ მოსწავლეებისთვის შეადგინოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომელიც მაქსიმალურად უნდა იყოს მორგებული მათ შესაძლებლობებზე, მაგრამ ზოგჯერ მასწავლებლები ამ მოვალეობას თავს არიდებენ ან ზედაპირულად ეკიდებიან, რაც შედეგად არაეფექტურ საგანმანათლებლო პროცესს გვაძლევს. ინდივიდუალური სასწავლო გეგმაზე მუშაობის პროცესში ჩართული უნდა იყოს მულტიდისციპლინური გუნდი, მასწავლებლები და სასურველია მშობლები, რათა შედგეს ბავშვისთვის ადეკვატური სასწავლო გეგმა.
ამრიგად, როგორც ვხედავთ საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, თუმცა ჩემი აზრით მოცემული პრობლემების მოგვარება შესაძლებელია თუ ამ საკითხებზე აქტიურად ვიმუშავებთ როგორც სახელმწიფო, ისე საზოგადოებრივ დონეზე. თითოეული ჩვენგანის ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვქმინით საზოგადოებას, ჩვენი გადასწყვეტია რამდენად სოლიდარული და კეთილგანწყობილი იქნება ის.

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:გელაშვილი ნინო
გელაშვილი ნინო
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0