x
image
მანჩო 777
როგორ ყვლეფენ ტურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პლაჟებზე და რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში
ფულიანი ტურისტი-შესანიშნავი სატყუარაა ნებისმიერი სახის თაღლითისა და აფერისტისათვის, რომლებიც ფულს ჩამოსული დამსვენებლების უცოდინარობისა და გულუბრყვილობის ხარჯზე შოულობენ. მოდით, ერთად ვნახოთ, რა ხერხებს იყენებენ ადგილობრივი " ბიზნესმენები" ტურისტების მოსატყუებლად და რა მდგომარეობაა ამ მხრივ უცხოეთის და საქართველოს კურორტებზე.



image



ამის ცოდნა თითოეული თქვენგანისთვის საჭიროა, რათა ერთ მშვენიერ დღეს თქვენც ამ მოტყუებულთა სიაში არ აღმოჩნდეთ.



არაჯანსაღი საკვები




image


"ფახლავა, მოხარშული სიმინდი, გემრიელი ღვეზელები, ბურბუშელა", -პლაჟზე წამოკოტრიალებულ რომელ თქვენგანს არ სმენია ეს შეძახილები. მოვაჭრეები ჯიუტად დასეირნობენ შეზლონგებსა და პირდაპირ ქვიშაზე მწოლიარე დამსვენებლებს შორის და მომაბეზერბლად გთავაზობენ ათასგვარი ჯურის სასუსნავს. გაბიჯებენ ფეხებზე, ცხვირწინ გიტრიალებენ გასაყიდ საქონელს და ყველანაირად ცდილობენ გაასაღონ პროდუქტი თუ სასმელები. გაფრთხილდით: პლაჟის ფასტფუდის შეძენემ და მირთმევამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას თქვენს ჯანმრთელობას. სულაც არაა გამორიცხული, ღვეზელში უკვე გაფუჭებული ფარში იდოს, ფახლავაში კი სიცხეში მთელი დღე ტარების გამო ათასგვარი მიკრობი ბუდობდეს, არაფერს ვამბობ უკვე წინა დღით მოხარშულ და გაცხელებულ სიმინდზე (ამის მომსწრე მეც გავმხდარვარ ქობულეთის პლაჟზე), გასათვალისწინებელია ისიც, რომ პლაჟის ბაზრობა მხოლოდ ჩვენთან გავრცელებული ბიზნესის სახეობა როდია, ის აქტიურადაა გავრცელებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პლაჟებზე.



ყურების გაწმენდა



image


თუ ინდოეთში აპირებთ დასასვენებლად წასვლას და იქაურ პლაჟზე ნებივრობას, აუცილებალდ დაიმახსოვრეთ: სანამ თქვენ თვალდახუჭიული წევხართ ქვიშაზე, მზრუნველი სახით გიახლოვდებათ ინდოელი, რომელსაც ხელში ყურის ჩხირები უჭირავს და ისე რომ თქვენ პასუხს არ ელოდება, საქმიანი იერით გიტრიალებთ ყურში გრძელ ჯოხს, რომელზეც წინასწარ აქვს წამოცმული (ისე, რომ ამის დანახვას ვერც კი ასწრებთ) გოგირდის საცობის საკმაოდ მოზრდილი მასა. "მკურნალი" ტრაგიკული სახით განიშნებთ, რომ ეს საშინელება თქვენს ყურში იყო და თუკი მათ საფუძვლიანად არ გამოისუფთავებთ, შეიძლება დაყრუვდეთ კიდეც. დამფრთხალი ტურისტი უნებლიეთ თანხმდება ამ ინტიმური პროცედურის ჩატარებაზე, თუმცა სიმართლე გითხრათ, მისგან თავის დაღწევა არც ისე იოლი საქმეა. ჯიუტი ინდოელი მანამდე არ მოგცილდებათ, სანამ თავისას არ მიიღებს. პროცედურის დასრულებისაას (თუკი ღმერთმა ინება და ის მშვიდობით დასრულდა-ყურის გახვრეტის გარეშე) საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოგიწევთ-დაახლოებით 300 რუპიის, ხოლო თუ მოახერხებთ და მზრუნველ "ექიმს" ძალად მოხვეული პროცედურის ჩატარების გარეშე მოიშორებთ თავიდან, გაცილებით იაფად - 15-20 რუპიით გახვალთ იოლად.



პლაჟის ჯარიმები



image


თუ უცხო ქვეყანაში ხართ და იქაური კანონები არ იცით, შეიძლება საკმაოდ მსხვილი ჯარიმის გადახდა მოგიწიოთ პლაჟზე დატოვებული ქოლგის, უცნობ ლამაზმანთან გასაუბრების მცდელობის ან პლაჟზე დამონტაჟებულ საშხაპეში ვაშლის გარეცხვის გამო. ასე, მაგალითად, მაიორკაზე დაწესებულია 750 ევრო ჯარიმა საშხაპეში ვაშლის, ქლიავის, ფეხსაცმლის ან ჭურჭლის გარეცხვისათვის, მოკლედ, აქ წყალი მხოლოდ სხეულზე გადასავლებადა განკუთვნილი. იტალიაში აკრძალულია ადგილის დაკავება პლაჟზე პირსახოცის, ქოლგის ან შეზლონგის დატოვებით. თქვენი ნივთების დასაბრუნებლად 200 ევროს გადახდა მოგიწევთ. ესპანეთში აკრძალულია პლაჟზე შინაური ცხოველების გაყვანა -საყვარელ ძაღლთან ან ფისოსთან ერთად გარუჯვა 1500 ევრო დაგიჯდებათ.

თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელებმა სცადეს სამხრეთ ევროპაში გავრცელებული წესების გადმოღეება და დააწესეს ჯარიმა პლაჟის გარეთ საცურაო კოსტიუმით სიარულისათვის, ხოლო გაერთიანებულ არაბთა ემირატებში ღია საცურაო კოსტიუმით ბანაობა საერთოდ აკრძალულია-აქ ზღვაში ბანაობა სპეციალური კაბით მოგიწევთ, წესის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი დიდი ჯარიმის გადახდაა საჭირო, ან სულაც შესაძლებელია ციხეში ამოყოთ თავი. იქაურ პლაჟზე აკრძალულია აგრეთვე მოწევა, სპირტიანი სასმელების მიღება, საპირისპირო სქესის ადამიანისადმი ზედმეტი ყურადღების გამოხატვა (თუნდაც თქვენი მეუღლის მიმართ). პლაჟზე სქესი ისჯება ჯარიმით და თავისუფლების აღკვეთით არამარტო ემირატებში, არამედ თურქეთში, საბერძნეთში, ტაილანდში, ესპანეთსა და იტალიაშიც...


მაგრამ ყველაზე კურიოზული აკრძალვა დააწესეს ქალაქ ვენეციის მესვეურებმა: აქ აკრძალულია ქვიშის სახლების და ნაგებობების გაკეთება. ამ ერთი შეხედვთ უწყინარი გართობისათვის 250 ევრო ჯარიმის გადახდა მოგიწევთ. ასეთ მკაცრ ზომებს ამართლებენ იმით, რომ ქვიშის ნაკეთობები ხელს უშლიან მაშველებს გადაუდებელი დახმარების აღმოჩენისას, აგრეთვე ზოგიერთ დამსვენებელი პრეტენზიას გამოთქვამს იმის გამო, რომ ეს უწყინარი პაწაწინა სახლები ამახინჯებენ ზღვის ხედებს. ანალოგიური აკრხძალვები მოქმედებს გერმანიის და ესპანეთის ზოგიერთ პლაჟზე, თუმცა გერმანელებმა წესები ოდნავ შეარბილეს: ქვიშის სკულპტურის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 20 სმ-ს.



ფოტო მაიმუნთან


image


ფოტოაპარატებით აღჭურვილი მიზანდასახული ადამიანები ყველგანაა: შავი ზღვის სანაპიროდან დაწყებული სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის პლაჟებით დამთავრებული. ზღვიდან ამოსული დედიკო ხედავს თავის პატარა ბიჭუნას, რომელსაც მხარზე მაიმუნი ან მტრედი აზის. რა მშვენიერი სურათია, არა? აუცილებლად მოგინდებათ ეს დასამახსოვრებველი მომენტი ფირზე აღბეჭდოთ. მაგრამ ხასიათი მაშინათვე წაგიხდებათ, როცა ცხოველის ან ფრინველის პატრონი გამცნობთ, რომ თქვენმა შვილმა ფოტოგადაღების მომენტში ფრინველს ფრთა ან მაიმუნს თათი დაუზიანა, იშვიათი ცხოველის მკურნალობა კი ძვირი ღირს, ამიტომ კომპენსაციის სახით მოგიწევთ 100 დოლარის გადახდა... ან კიდევ უფრო ვირტუოზული არითმეტიკა: თქვენ გეუბნებიან ერთი სურათის ფასს, მაგრამ იქვე, პლაჟზევე გიბეჭდავენ 5-10 ფოტოს და გთხოვენ ყველა მათგანის საფასური გადაიხადოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პოლიციის გამოძახებით გემუქრებიან.



უფასო მასაჟი



image


ლაჟვარდოვანი ზღვა, გრილი სიო, თბილი ქვიშიანი პლაჟი- სრული განცხრომისათვის სხვა რაა საჭირო?- რა თქმა უნდა სარელაქსაციო მასაჟი. ქალის ნაზი ხელები თქვენს ზურგს ეალერსება, ხოლო მომხიბვლელი ხმა გთავაზობთ უფასო მასაჟს. აბა ვინ იტყვის უარს ასეთ სიამოვნებაზე, მასაჟი უშუალოდ პლაჟზე ხომ საოცარ განტვირთვას და რელაქსს გპირდებათ? - თუმცა მკაცრი რეალობა მასაჟის დასრულების შემდეგ დგება - თურმე ის სულაც არ ყოფილა უფასო, პირიქით - ფასი 5-ჯერ მეტია, ვიდრე რომელიმე მდიდრულ სალონშიც კი. ახლა მედლის მეორე მხარესაც შევხედოთ-ასეთი არაპროფესიონალის მიერ გაკეთებული მასაჟი სავსებით შესაძლებელია თქვენი სხეულისათვის სარგებლობის კი არა, ზიანის მომტანი აღმოჩნდეს და მანუალურ თერაპევტთან ვიზიტიც კი დაგჭირდეთ.



ძვირფასი სუვენირები



image


ათასგვარი სუვენირის და უსარგებლო ნივთების გამყიდველები მუდამ იყვნენ პლაჟის პეიზაჟის ნაწილი. მათ გააჩნიათ იშვიათი ნიჭი-მოგყიდონ ის, რაც არ გჭირდებათ და რის ყიდვასაც საერთოდ არ აპირებდით. გოიას პლაჟზე შეძენილი პატარა დოლები ან ტაილანდში ნაყიდი ხის ბაყაყები სადმე მტვრიან თაროზე დაიდებს ბინას, ნილოსური "ნიანგები" და სხვა მსგავსი ეგვპტური სუვენირები კი აუცილებლად ყალბი აღმოჩნდება, რადგან ამ ქვეყნიდან ნამდვილი ნიჟარების, ქარვის და ცხოველების ფიტულების გატანა აკრძალულია. მათი ნამდვილობის შემოწმებას საბაჟოზე არავის დაიწყებს; აი, კონფისკაციას და სოლიდურ ჯარიმას კი აუცილებლად აიკიდებთ. ასევე სარისკოა შედარებით დიდი ზომის ნიჟარების გატანა კარიბის ზღვის კუნძულებიდან: მათი ქვეყნიდან გატანისათვის დაწესებულია 500$ ჯარიმა.



image


ახლა რაც შეეხება საქართველოს პლაჟებს: ზღვისპირა ინდუსტრია ჩვენთანაც მშვენივრადა გავრცელებული: სიმინდით, ბურბუშელით, ფახლავით, კამერებით თუ ცივი სასმელებით მოვაჭრეები ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება საქართველოს პლაჟებზე. მართალია, აქ არავინ გაძალებთ რაიმეს ყიდვას, მაგრამ საქმე ისაა, რომ ზღვა და ცურვა ისე გაშიებს, ლამის ფეხსაცმლის ლანჩაც კი შეჭამო, თან როგორი გემრიელია პლაჟზე მირთმეული ცხელი სიმინდი თუ ფახლავის ნაჭერი და სულაც არ ფიქრობ იმ ანტისანიტარიაზე, რომელშიც ეს პროდუქტები მზადდება და ინახება. სწორედ ამიტომაა, რომ ზღვაზე ყოფნისას ყოველ წუთს მესმოდა, ენტეროვირუსია მოდებულიო. რატომღაც ყველას ავიწყდება, რომ ენტეროვირუსი სავსებით შესაძლებელია პლაჟზე შეძენილმა სასუსნავმა გამოიწვიოს. თუმცა მეორე მხარის ინტერესებიც უნდა გავითვალისწინოთ: ადგილობრივებისათვის ეს ბიზნესი შემოსავლის გარკვეული წყაროა და ბევრი ოჯახი მთელი წლის განმავლობაში სწორედ სეზონის განმავლობაში დაგროვებული ფულით ირჩენს თავს.



image



კიდევ ერთი პატარა ინციდენტი მინდა გავიხსენო, რომელიც ამ ორიოდე კვირის წინ, ოკაცეს კანიონის მონახულებისას შემემთხვა. კანიონიდან 6 კილომეტრში არის კინჩხის ჩანჩქერი, რომელთანაც სამანქანო გზა თითქმის ბოლომდე მიდის. მანქანა ჩანჩქერის მანიშნებელ აბრასთან ახლოს, გზის პირას დავაყენეთ და ფეხით დავეშვით მდინარის პირას. ჩვენ გვერდით რუსი ტურისტების ავტომობილი ეყენა. როცა უკან დავბრუნდით, დავინახეთ, რომ ვიღაც კაცი ამ მანქანის მძღოლს მიუახლოვდა და ფული მოთხოვა: ორი ლარი. მათ თანხა მისცეს და წავიდნენ. მანქანაში ჩავსხედით თუ არა, ეს კაცი ჩვენც მოგვადგა და ერთი ლარი მოგვთხოვა მანქანის გაჩერების სანაცვლოდ. ჩვენ გავიკვირვეთ და ვკითხეთ, რატომ უნდა გადაგვეხადა ფული, როცა ავტომობილი გზაზე იყო გაჩერებული? მამაკაცმა განაცხადა, რომ ეს ადგილი მისი საკუთრებაა და შესაბამისად უფლება აქვს თანხა მოითხოვოს მანქანის გაჩერების სანაცვლოდ. ძალიან გავბრაზდით, რადგან ეს უკვე თაღლითობა იყო. რა თქმა უნდა, ერთ ლარზე არ იყო საუბარი, რომ ეთხოვა, მიჭირს და დამეხმარეთო, შეიძლება მეტიც მიგვეცა, მაგრამ მისმა უხეშმა ტონმა და ულტიმატუმით საუბარმა, რომ სანამ ფულს არ გადავიხდიდით, წასვლის ნებას არ მოგვცემდა, ძალიან გაგვაბრაზა და ჩვენი საუბარი მალე კამათში გადაიზარდა. გამომძალველი მხოლოდ მაშინ დაწყნარდა და დაიხია უკან, რაც ჩემმა შვილმა უთხრა, რომ აუდიტის სამსახურში მუშაობდა და მოთხოვა ეჩვენებინა საბუთი, რის თანახმადაც საშემოსავლო გადასახადს იხდიდა. მამაკაცი მოგვშორდა და უკმაყოფილო ბუზღუნით გაგვეცალა. რა თქმა უნდა, აღარ გამოვედევნეთ, მაგრამ თავად ფაქტი საკმაოდ უსიამოვნო გახლდათ. უცხოელებზე ფულის კეთებას და იმას, რომ მათ ორმაგს ახდევინებენ ყველაფერში, უკვე მივეჩვიეთ და ეს სულაც არ მიმაჩნია სწორად.

ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, თუ სამოგზაუროდ წასვლას გადაწყვეტთ, ყურადღებით იყავით, რომ ვინმე თაღლითის ან როგორც ბებიაჩემი იტყოდა, "ძალად მაცხონეს" კლანჭებში არ აღმოჩნდეთ.

გისურვებთ დარჩენილი ზაფხულის შინაარსიანად გატარებას და სასიამოვნო დასვენებას!



4
408
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
408
  
2018, 27 აგვისტო, 8:43
მე სხვებს ვუთითებ და ვასწავლი ეგეთ რაღაცებს, რომ იცოდეთ, ისე.. მწარედ გამეცინა :) აქ სტატიები იდება, ქართულად წერა კი არა, წერტილ-მძიმე და ელემენტარული გრამატიკა არაა დაცული და მე რომ მომვარდით, ამაზე მეცინება. ამხელა სტატიაში მაგ სამი სიტყვის მეტი ვერაფერი აზრი თუ ვერ გამოიტანეთ, რა უნდა გელაპარაკოთ. გავითვალისწინებ შენიშვნას და ერთი თქვენს სტატიებსაც გადავხედავ, იქნებ ვისწავლო რამე :)
2018, 27 აგვისტო, 0:59
კანიონი ქართულად ხეობაა, პლაჟი სანაპირო და ფასტ–ფუდი სწრაფი კვება. კი ჩასაფრებული ვარ რატო??????? წერე ქართულად და არ ჩაგისაფრდები. 14 დამწერლობას შორის ერთერთი ქართულია და გაუფრთხილდეთ.
2018, 26 აგვისტო, 8:56
მაგის მეტი ვერაფერი დაინახეთ ამ სტატიაში საინტერესო? ჩასაფრებულ პოზიციაში მყოფი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ. სხვათაშორის ''კანიონი'' ვიკიპედიაშიც კანიონია და არა მგონია, ჩემზე მეტად გძულდეთ ბარბარიზმები.
2018, 26 აგვისტო, 0:45
"კანიონი" "პლაჟი"და "ფასტ-ფუდი" რას ნიშნავს????? ალბათ ზირძველი ქართული სიტყვებია და ამის გამო არ არის არცერთ ლექსიკონში ხო?????????
0 1 4