x
,,სიკვდილზე ამაღლებული გაუტეხელი სიმტიკე სულისა’’

image





[ ანალიზი ორი ნაწარმოების ურთიერთმიმართების საკითხზე.

ალ. ყაზბეგის “წამება ქეთევან დედოფლისა’’ და გრიფიუსის “ქეთევან ქართველი ანუ გაუტეხელი სიმტკიცე’’]



რა არის ორივე ნაწარმოების მთავარი სათქმელი და ვის ეძღვნება იგი?

გრიფიუსისა და ყაზბეგის წერის სტილი, მსოფლმხედველობითი აღქმა და შეხედულება ინდივიდუალურია, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათი სათქმელი ერთი მთავარი იდეის გარშემოა შეკრული. ორივე შემოქმედის ტრაგედიაში მკვეთრადაა ასახული ქეთევან დედოფლის სახე, ქალის, რომელიც გამოჩენისთანავე სიყვარულს ბადებს მკითხველში, თავისი სიწმინდით, სულიერი ღირებულებების სიმაღლით, ხალხის სიყვარულითა და მზრუნველობით. ეროვნული სულისკვეთებითა და ღმერთის რწმენით ამაღლებულია ქეთევან ქართველი, როგორც ყაზბეგთან, ასევე გრიფიუსთან.


საინტერესოა რატომ დაინტერესდა გრიფიუსი ქართველთა დედოფლით, რომელმაც რწმენისა და ერისთვის გასწირა თავი?


ქეთევანის ტრაგედიის დამუშავებით, გრიფიუსი ეხება პოლიტიკურ-პატრიოტულ თემას, რომლის აქტუალობას კარნახობდა თავისი ქვეყნის სინამდვილე. ქართველთა უბედურების მიზეზად ორივე პიესაში რეალობის შესაბამისად აღწერილია შაჰ-აბასი - პატივმოყვარე, დაუნდობელი და ბოროტი მმართველი, ვინც არაფრად მიიჩნევს სხვათა მორალურ პრინციპებს, ეროვნულ თავმოყვარეობასა და სარწმუნეობრივ იდეალს. თელავს ყველას და ყველაფერს, რაც კი წინააღმდეგობას უწევს. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ მწერლებმა მთელი სიმძაფრით ასახეს ეს ტრაგედია, ისე, რომ ემოციის გარეშე მას ვერ წაიკითხავს ვერავინ, ამის საფუძველი კი თავად ქეთევანმა შექმნა, პიროვნებამ, ვინც ცხოვრებაშივე წმინდანობამდე იყო ამაღლებული თავისი სულიერებითა და ზნეობრიობით. ეს არის ძლიერი სულისკვეთების ქალი, რომლის წინაშეც შაჰმა აღიარა დამარცხება, მიხვდა, რომ ქეთევანმა თავისი სიკვდილით სიკვდილი დაამარცხა და და ეს ტირანიც კი ჩაწვდა თავის ცნობიერში, რომ დამდაბლდა, ბოროტების სახე გაცამტვერდა დიადი რწმენის მეშვეობით. ეს ფაქტი, ტრაგედიის ბოლოს იკვეთება, როცა დაუნდობელ შაჰ-აბასს ქეთევანის აჩრდილი გამოეცხადება იგი შესძახებს:

“ასეა, ასე, დედოფალო! ამგლიჯე დაფნა! დალახვრე სპარსთა დიდება და დაამხე დაბლა! მძლე მუშტით მოსპე ზვიად შაჰის უხეში ძალა, რამაც გიქცია საქართველო გოდების ჭალად’’

[გრიფიუსი, 1975:10]



გრიფიუსის შეგონება:

ქეთევან დედოფლის პოეტურ აპოლოგიაზე საუბრისას მწერალი დასძენს:

“ ოდესმე ეტყვით საქართველოს: რაც უნდა მოხდეს,

ის არ წახდება, ვისაც ძალუძს ჩემსავით მოკვდეს’’!


ამდენად, მოკლედ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს გრიფიუსის ხუთმოქმედებიანი ტრაგედია, რომელიც ასახავს ერთი დღის ამბავს, თუმცა პოეტის დამსახურებაა ის, რომ ერთ დღეში ჩაატია მთელი საუკუნის დარდი და იმედი, რამაც შესაძლოა ყველა სხვა საუკუნეზე მკაცრად დადო ბედის სასწორზე ერის ყოფნა -არყოფნის საკითხი.

საინტერესოა რა წყაროებიით სარგებლობდა გრიფიუსი, როდესაც ამ ტრაგედიას წერდა?


  • პირველი წყაროა დომინიკელი ბერის გრიგორ ორსინის მიერ რომში პროპაგანდასათვის 1626 წელს წარდგენილი ვრცელი მოხსენება საქართველოში ქრისტიუანული მდგომარეობის გავრცელების შესახებ. ორი წლით ადრე, 1624 წელს საქართველოში ნამოგზაურები გრიგორი ორსინი იყო სპარსეთში სწორედ მაშინ, როდესაც შაჰმა დედოფალი სასტიკად დასაჯა. მასვე აქვს აღწერილი, როგორც ეს ამბავი, ასევე საქართველოს აოხრების ფაქტი ოსმალთა მიერ.

  • მეორე წყაროა ავგუსტინელი მოძღვრის ამბროზიოს მოხსენება იმის თაობაზე, თუ 1628 წლის ივნისში მისი მეთაურობით გორში როგორ გადმოასვენეს დედოფლის ნეშტი, რომელიც მანამდე დიდი პატივით ინახებოდა ისპაჰანში. ავგუსტინელ მონაზონთა მონასტერში.

  • პიეტრო დელა ვალეს შრომებია. იგი1614 წელს გაემგზავრა აღმოსავლეთში და 11 წლის მანძილზე გულდასმით შეისწავლა არაბეთის, ინდოეთისა და სპარსეთის ხალხთა ცხოვრება. “საქართველოს შესახებ’’ თავის შრომებში ის იხსენებს შაჰის მმართველობის ამბებსა და ფაქტებს. თავად დედოფლის დასჯის ეპოქასა და ეპიზოდს.

  • მეოთხე წყაროა-გრიფიუსის პირადი ნაცნობობა და სიახლოვე იმ ადამიანებთან, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ ქეთევანთან. ესენი არიან: თინათინი და ციბა, იეზუიტი ათანასეს კირხერი.

  • ბოლო წყარო, რომელიც შესაძლოა გამოეყენებინა გრიფიუსს, ესააა ცნობილი ფოლშტაინელი მწერლისა და დიპლომატის ადამ ოეარიუსის მოგზაურობის აღწერილობანი, საიდანაც გრიფიუსს აუთვისებია შაჰ-აბასის წესები, ზნე-ჩვეულებანი და სხვა. [გრიფიუსი 1975:22-25]

ამრიგად, ესაა ის წყაროები, საიდანაც შესაძლოა რომ ესარგებლა გრიფიუსს.

როგორც ნამდვილ მამულიშვილს, ანდრეას გრიფიუსს მეტად აფიქრებდა ოსმალთა სიძლიერე და მშობლიურ გერმანიაში მათი გამოჩენის სახიფათო შესაძლებლობა. იგი ფიქრობდა აღმოსავლეთში ანტითურქული ძალების გაერთიანებას და დარაზმვაზე ასე, რომ ამიტომაც უნდა აიხსნას საქართველოს თემით მისი დაინტერესების ფაქტი. გრიფიუსის ტრაგედია საინტერეოსა იმითაც, რომ მასში ჩანს აღმოსავლეთის ქვეყნებით ევროპელთა დაინტერესების ფაქტიც. მწერლისთვის კარგად იყო იმ პერიოდში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა ცნობილი, რაც აისახა იმ ფაქტში, რომ ტრაგედიაში ჩანს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთისა და მაჰმადიანური ქვეყნების- ოსმალეთისა და სპარსეთის პოლიტიკური ორიენტაციის შეჯახება და რუსეთის გააქტიურება იმის, გამო რომ საქართველოს ტერიტორიაზე გაბატონების შემთხვევაში ოსმალეთი პრეტენზიას განაცხადებდა ჩრდილო კავკასიაზეც. [გრიფიუსი, 1975 :14]


“ქეთევან ქართველის’’ არსებობა ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ჯერ კიდევ 1904 წელს. “ცნობის ფურცელში’’ დაიბეჭდა “ ქართველი ქალი გერმანელ დრამატუდგთა შემოქმედებაში’’. ბაროკოს ხანის მწერალმა, გრფიუსმა, მთელი სიმძაფრით ასახა ქეთევან დედოფლის სიმამაცე და წამება შაჰის კარზე. ქეთევანის სახე ტრაგედიაში მიუწვდომელი და სიწმინდით ამაღლებულია. მას არ შეეძლო გული შაჰისთვის ეძღვნა, რადგანაც მან თავის სამშობლოსა და ერს შესწირა ყველაფერი ღირებული, რაც გააჩნდა. შაჰის სიყვარული შესაძლოა მოგონილია, მაგრამ არცთუ უსაფუძვლოდ, რადგან გრიფიუსი არაა ფაქტების უბრალო აღმნუსხველი. ის მოგზაურებს ეკითხებოდა წყაროებს და ისე წერდა დაზუსტებულ ფაქტებს.



ალ. ყაზბეგის “ წამება ქეთევან დედოფლისა’’ მთავარი იდეის დამთხვევის მიუხედავად, არის ინდივიდუალური, შეინიშნება სიუჟეტის აგების სხვადასხვა ხერხი, რაც ხაზს უსვამს კვლავ მათი ხედვისა და გამოსახვის საშულებების მრავალფეროვნებას.

ჩვენი დიდი ყაზბეგისთვის, ეს თემა, ალბათ, უფრო ახლობელი, ისტორიული და მეტად მტკივნეულია. აღსანიშნავია, რომ აქ საქართველოს იმდროინდელი მდგომარეობის შესახებაც გვაწვდის ავტორი ცნობებს.


რა მდგომარეობაა ამ დროს საქართველოში

ვითარება მეტად მძიმეა. კონსტანტინე მეფემ უღალატა სამშობლოს თავისი რწმენა, რჯული ანაცვალა მაჰმადიანთა მრწამსს და შაჰ-აბასს აღუთქვა ერთგულება, ესეც არ ეყო და საკუთარი მამა და ძმა დახოცა, პიროვნული პატივმოყვარეობისა და სიხარბის გამო, და კიდევ მთავარი - იმიტომ, რომ ქეთევანს დაპატრონებოდა. ძირეული პრობლემა, რაც საფუძვლად ედება ტრაგედიის შემდგომ განვითარებას დასაწყისშივე იკვეთება: ესაა მოღალატე კონსტანტინეს სურვილი კახეთში გამეფდეს და ქეთევანი გახდეს მისი მეუღლე.


ხალხის დამოკიდებულენა ამ პრობლემისადმი

საბედნიეროდ არსებობდნენ ისეთი ღირსეული პიროვნებები, რომლებისთვისაც ეს მიუღებელი იყო. მეომრების, დედოფლის ერთგულების გარდა, ღირსების გვირგვინი ჩვენ წამებულს ეკუთვნის, რომელიც რჯულის გამყიდველს კაცად არ სცობს.

“ უთხარით კონსტანტინეს, რომ უწინ ქვეყანა პირქვე მოიქცევა, მდინარენი უკან მობრუნდებიან, ვიდრე იმას რომელიმე სურვილი აუსრულდება. უთხარით, რომ ის არის მოღალატე, გამყიდველი თავის სარწმუნოებისა, უთხარით რომ კახეთი და მთელი საქართველო უცხადებს მას ომს, როგორც სხვა გვარ-ტომობის მოსამსახურეს!’’ [ყაზბეგი, 1949 :448]


კახელები დედოფლად ითხოვენ ქეთევანს, რომელსაც გადაწყვეტილება ხალხის დიდმა თხოვნამ სიყვარულმა და სითბომ მიაღებინა და აიღო თავის თავზე ეს დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობა. იგი შემწეობას ღვთისშობელს სთხოვს.

“დედაო ღვთისა, შენ მომხედე, მომეც შენ ძალა

რომ კისრად ვიდო ერისათვის ზრუნვა და ბრძოლა...

შენ გევედრები, რომ დღეს მტერი დამაძლევინო

და ერისათვის გზა ნათელი გამაკვლევინო’’ [ ყაზბეგი: 1949 : 453]


გაიმართება ბრძოლა, სადაც დამარხდება კონსტანტინე თავისი ურჯულო მომხრეებით, ეს ფაქტი კი გახდება დიდი შურისძიების მიზეზი. სანამ ეროვნული სულის პატრონ მებრძოლებში გული ფეთქავს ეს მზაკვრობა არ მოხდება! რაც აასრულეს კიდეც. სწორედ ეს ფაქტი გახდა მთავარი მიზეზი ურჯულო კონსტანტინეს შურისძიებისა და მეტად დაახლოებისა შაჰთან, სიბოროტესთან, რომელიც თავისთან იბარებს ქართველთა დედოფალს, საიდანაც იწყება წამება ცხოვრებაშივე წმინდანობამდე ამაღლებული ქალისა.

როგორ იქცევა ქეთევან ქართველი?


“ მე ყველაზე მეტი ვალი მაძევს ვიზრუნო ხალხისთვის და მაგ პატივს არავის დავუთმობ’’

როდესაც ქვეყნის ბედი სასწორზეა ის უშიშრად მიდის შაჰთან, მიუხედავად იმისა, რომ სავსებით იცის რეალობა და იმასაც იაზრებს რომ, შესაძლოა ვეღარ დაბრუნდეს სამშობლოში, თუმცა ის ოდნავადაც არ კრთება. ემშვიდოდება შვილს და სიმშვიდით მიდის ქვეყნის, ჯვრისა და დროშის დასაცავად. მეტად მძიმე მომენტია დედა-შვილის განშორება. თეიმურაზი დასძენს: “ეგაა ჩემი უბედურება... რატომ უბრალო გლეხად, უბრალო მწყემსად არ ვარ გაჩენილი?! მაშინ მე მექნებოდა ჩემი სახლი მეყოლებოდა დედა, ვეკუთვნებოდი ჩემს თავს... ამ სიტყვებში ნათლად ჩანს ის მძიმე ვითარება, რასაც განიცდის თეიმურაზი და ქეთევანი, მიუხედავად იმისა, რომ არ იმჩნევს დედოფალი. [ყაზბეგი, 1975 : 474]


“ ჩემი პატივისთვის, ჩემის სიამოვნებისთვის ხალხს უნდა მაგალითი მივცე, რომ ჩვენ სხვა გვარ-ტომობის ხალხთან შეერთება შეგვიძლიან? მაშინ ხომ დაირღვა ჩვენი ეროვნება, ხომ დაირღვა ჩვენი სარწმუნოება, რომელიც ისე მტკიცედ გვაკავშირებდა ერთმანეთს და ისეთს შეუდრეკელს ძალას შეადგენდა.'' [ყაზბეგი, 1975 :484]

აი ასეთი სულის პატრონი იყო დედოფალი, რომელმაც კონსტანტინესა და ქაიხოსროს გეგმა გონებაში არც კი გაიელვა და ამაყად შეეწირა თავის სარწმუნოებასა და ღირებულებებს!


სწორედ შაჰის კარზე აღესრულება მოწამეობრივად, როდესაც ვერაფერი ვერ მოისყიდის სიწმინდის სახეს, დედოფალს, რადგანაც მის “შებორკილ ტანში სუფევს სული თავისული’’ შაჰი განრისხდება და მას კოცონზე დაწვავს. დედოფალი კი ამ დროსაც ღმერთს სწირავს მადლობას და ბედნიერია, რადგან თავისი ქვეყნისთვის გასწირა თავი.


მისი წამების სიუჟეტი აღწერილია გრიფიუსის ტრაგედიაში. სერენა ამბობს დედოფალზე: “ მძვინვარე ლომთა მსგავსად ეცა მას ურდო მკვლელთა. შემოახიეს სამოსელი, უმანკო ტანი სულ გაუტიტვლეს, დაუსერეს გაზით, თუ დანით’’ [გრიფიუსი, 1975:193]


ამრიგად, ქეთევან ქართველი ესაა მგზნებარე ჰიმნი თავისუფლების, ქვეყნის სიყვარულის, ჯვრისა და დროშის გამო სიცოცხლის გაწირვის, უდიდესი პატრიოტიზმის, უშიშრობის, გაუტეხელობის, სულიერი სიმტიკისა და სიძლიერის ჰიმნი, რაც საქართველოს ისტორიის განუყოფელი და მტკივნეული ნაწილია, რასაც ვერ წაშლის ვერც დრო, რადგან ის უკვდავია, როგორც იქ, ასევე აქ, ამ მიწიერ სამყოფელში. ტრაგედიის ბოლოს ქეთევანის აჩრდილი გამოეცხადება შაჰს:


“ტირანო! ზეცა! ზეცა ითხოვს წაწყმედას შენსას!

ღმერთი არ ინდობს, ვინც უმანკო სისხლს ასე შესვამს

დაგიჭკნა დაფნა! გამარჯვებაც დასრულდა შენი''! [გრიფიუსი 1975: 213]

მან თავისი მოწამეობრივი სიკვდილით დაამარცა თვით სიკვდილი და ამაღლდა მასზე!

























გამოყენებული ლიტერატურა

1..გრიფიუსი ანდრეას, “ ქეთევან ქართველი ანუ გაუტეხელი სიმტკიცე’’ 1975 წელი

2.ყაზბეგი ალექსანდრე “ წამება ქეთევან დედოფლისა’’ თხზულებანი მესამე ტომი. თბ. 1949 წელი

0
125
შეფასება არ არის
ავტორი:დათუნაშვილი ანი
დათუნაშვილი ანი
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0