x
აგრესია, მისი განსაზღვრება და წყაროები
აგრესიასა და ძალადობაზე ფიქრისას, ალბათ, უმრავლესობას ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანის მიმართ ჩადენილი დანაშაული გვახსენდება. ზოგადი განმარტების თანახმად, აგრესია განისაზღვრება, როგორც ნებისმიერი ქცევა, რომელიც საზიანოა სხვა პირისათვის. მაგრამ ეს დეფინიცია არ ითვალისწინებს მთავარ ფაქტორს - განზრახვას, რომელიც გარკვეულ ქმედებებს უდევს საფუძვლად. წარმოიდგინეთ სიტუაცია: ერთი ადამიანი იარაღს უმიზნებს მეორე ადამიანს, ესვრის, თუმცა ტყვია არ მოხვდება ამ ადამიანს. ზემოთაღნიშნული განმარტების თანახმად, ეს ქცევა არ ჩაითვლება აგრესიულად იმის გამო, რომ მას საბოლოოდ არ მიუყენებია ზიანი. სწორედ ამიტომ, უფრო სწორი იქნება შემდეგი სახის განსაზღვრება: აგრესია არის ნებისმიერი ქმედება, რომლის მიზანია ზიანის მიყენება სხვა ადამიანებისათვის.


ალბათ გაგიკვირდებათ ის, რომ აგრესია ყოველთვის არ არის ანტისოციალური. არსებობს პროსოციალური აგრესიაც, რომლის დროსაც ქმედება შეიძლება კარგი აღმოჩნდეს. ამგვარი აგრესია ნაკარნახევია სოციალური ნორმებით, მაგალითად, პოლიციის მოქმედებები წესრიგის დასაცავად. ამის გარდა, საინტერესოა, რომ არსებობს ნებადართული აგრესია, რომელიც შეიცავს მოქმედებებს, რომლებიც არ გამომდინარეობს სოციალური ნორმებიდან, თუმცა არც მათ საზღვრებს სცილდება. მაგალითად, მწვრთნელი, რომელიც დამნაშავე მოთამაშეს სჯის და სათადარიგო სკამზე სვამს, ითვლება, რომ მოქმედებს მისთვის მინიჭებული უფლებებისა და ძალაუფლების ფარგლებში.


გაინტერესებთ საიდან ჩნდება აგრესია? ან როგორ ხდება მისი დასწავლა დროთა განმავლობაში? ეს კითხვა მეცნიერებისთვისაც აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. ფროიდი მიიჩნევდა, რომ ჩვენ აგრესიის ინსტიქტი გვაქვს. მისი აზრით, აგრესია შეიძლება მიმართული იყოს შიგნით, რასაც ინდივიდის თვითგანადგურება მოჰყვება და გარეთ - სხვა ადამიანისკენ. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს თითქოს შესწევს უნარი გააკონტროლოს აგრესია, ფროიდი თვლიდა, რომ მისი მოშორება შეუძლებელია, ვინაიდან ის თანდაყოლილ ბუნებრივ თვისებას წარმოადგენს. ფიზიოლოგია ასევე დიდ როლს თამაშობს აგრესიის გამოვლინებაში. აგრესიაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს მამაკაცის სასქესო ჰორმონი - ტესტოსტერონი.


გარდა ამ ყველაფრისა, ძირითად მექანიზმს, რომელიც ადამიანის აგრესიულ ქცევას განაპირობებს, წარმოადგენს წარსულში დასწავლილი გამოცდილება. ახალშობილი ჩვილი თავის აგრესიულ გრძნობებს იმპულსურად გამოხატავს. იმ დროისათვის, როდესაც ინდივიდი ზრდასრული ხდება, მას უმეტეს შემთხვევაში უკვე შეუძლია ბრაზის იმპულსებისა და აგრესიული რეაქციების გაკონტროლება. ეს, ძირითადად, დასწავლის შედეგად ხდება.



ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომლის საფუძველზეც ყალიბდება ბავშვის ქცევა, არის მიბაძვა. ყველა ადამიანს, განსაკუთრებით ბავშვებს, აქვთ ძლიერი ტენდენცია მიბაძონ სხვა ადამიანებს. ბავშვი აკვირდება, როგორ გამოხატავენ ან აკონტროლებენ თავის აგრესიას სხვა ადამიანები და ბაძავენ მათ. შესაბამისად, მისი საკუთარი აგრესიული ქცევაც ყალიბდება და განისაზღვრება იმით, რასაც ის სხვების ქცევაში ხედავს.


მეორე მექანიზმი, რომლითაც ხდება აგრესიული ქცევის დასწავლა, არის განმტკიცება. როდესაც რომელიმე ქცევა ჯილდოვდება, ადამიანს უჩნდება ტენდენცია, უფრო ხშირად გაიმეოროს ის მომავალში; ხოლო როდესაც ქცევა ისჯება, მისი განმეორების ალბათობა მცირდება. მაგალითად, წარმოიდგინეთ სიტუაცია: ბიჭი მოდის სახლში აცრემლებული მას შემდეგ, რაც სკოლაში მეორე ბიჭმა სცემა. მამა სჯის მას იმისათვის, რომ მან საკადრისი პასუხი არ გასცა მოძალადეს. შემდეგში, როდესაც ეს სიტუაცია განმეორდება, ბიჭი წინააღმდეგობას გაუწევს, სამაგიეროს გადაუხსი თავდამსხმელს და მიუხედავად იმისა, რომ სახლში ცხვირგატეხილი ბრუნდება, მამისგან ქებას და გამხნევებას იღებს. სწორედ ეს არის ბავშვისთვის საპასუხო აგრესიის სწავლების ერთ-ერთი გზა.


რამდენადაც მშობლები წარმოადგენენ როგორც განმტკიცების ძირითად წყაროს, ისე მიბაძვის მთავარ ობიექტს, ამდენად ბავშვის მომავალი აგრესიული ქცევა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ექცევიან მშობლები შვილს, და როგორ იქცევიან თვითონ.

0
17
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ქუთათელი
ნინო ქუთათელი
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0