x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ვინ იყო ვერმახტის ოფიცერი, რომელსაც ებრაელმა და პოლონელმა ხალხმა პატივი მიაგო

image


“ამჯერად გავბედე მისთვის კითხვის დასმა, უფრო სწორად თავისით წამომცდა:

-თქვენ გერმანელი ხართ?

ის აენთო და თითქოს გავანაწყენე, რამის მიყვირა:


-დიახ, სამწუხაროდ გერმანელი ვარ! კარგად ვიცი რაც ხდებოდა პოლონეთში და მრცხვენია ჩემი ხალხის გამო!“

ეს ნაწყვეტი მწერლის ფანტაზია არ გეგონოთ ომის თემაზე შექმნილი ნაწარმოებიდან. არა, წიგნი ნამდვილად არსებობს, მაგრამ მასში მოთხრობილ ამბავსა და ამ დიალოგს არაფერი აქვთ საერთო ფანტაზიასთან. მასში ნამდვილი ამბავია აღწერილი და ეს საუბარიც ნამდვილად შედგა ორ ადამიანს შორის. ერთი მათგანი წიგნის ავტორი, პოლონელი ებრაელი და ცნობილი პიანისტი ვლადისლავ შპილმანი გახლდათ, მეორე კი ვილჰელმ ჰოზენფელდი, ვერმახტის გერმანელი ოფიცერი.

image

2002 წლამდე, სანამ რომან პოლანსკის ფილმი-შედევრი “პიანისტი“ გამოვიდოდა, ბევრმა არც იცოდა ამ წიგნისა და მასში მოთხრობილი ამბავის შესახებ, რომელიც ფილმის სცენარს დაედო საფუძვლად.

ამჯერად, თავს არ შეგაწყენთ ფილმსა და ომის საშინელებებზე საუბრით.მათ შესახებ უკვე ბევრი დაიწერა. ეს სულ სხვა ისტორიაა. ისტორია იმაზე, თუ როგორ არ უნდა დაკარგო ადამიანობა და შეინარჩუნო ღირსება ყველაზე რთულ პერიოდშიც კი.

1939 წელს ვლადისლავ შპილმანმა უკანასკნელი აკორდი აიღო პოლონეთის რადიოს ეთერში. ამ დღემდე, ის ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდა. რადიოში მუშაობის პარალელურად, ქმნიდა კომპოზიციებს, წერდა მუსიკას ფილმებისთვის, მართავდა კონცერტებს, გამოდიოდა სხვა ცნობილ შემსრულებლებთან ერთად...

შპილმანი მუსიკას ჯერ ვარშავის მუსიკალურ აკადემიაში ეუფლებოდა. მისი მასწავლებლები-ალექსანდერ მიხალოვსკი და იოზეფ შმიდოვიჩი-ცნობილი კომპოზიტორის, ფრანც ლისტის მოწაფეები იყვნენ.მოგვიანებით კი სწავლა ბერლინში გააგრძელა. 1933 წელს, ხელისუფლებაში ნაცისტების მოსვლის შემდეგ ვლადისლავმა სწავლა მიატოვა და პოლონეთში დაბრუნდა. იმ დროს ალბათ აზრადაც არ მოსვლია, რომ ნაციზმის ტალღა, რომელსაც გერმანიიდან გამოექცა, მალე პოლონეთსაც მისწვდებოდა, და უფრო მეტიც, თითქმის მთელ ევროპას მოიცავდა.

1939 წლის 1 სექტემბერს გერმანიამ პოლონეთის ოკუპაცია მოახდინა და მალე ებრაელთა დევნა დაიწყო. ათასობით ებრაული ოჯახი სახლებიდან გამორეკეს და გეტოებში გამოკეტეს. შპილმანის ოჯახს ამ მხრივ “გაუმართლა“, მათი სახლი გეტოს ტერიტორიაზე მოხვდა და საცხოვრებლის დატოვება არ მოუხდათ. ებრაელებს უკიდურესად ავიწროებდნენ, ამის მიუხედავად, ძველი ნაცნობების და თავისი პროფესიის წყალობით, შპილმანმა კაფეში მუსიკოსად დაიწყო მუშაობა. როგორც შემდეგ იხსენებდა-ზოგჯერ ის უკრავდა, მაგრამ მის მუსიკას არავინ უსმენდა...

შემდეგ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ფილმშია: 1942 წელს შპილმანი და მისი ოჯახი მატარებელში აღმოჩნდნენ, რომელსაც ებრაელები საკონცენტრაციო ბანაკში უნდა გადაეყვანა. ამ მატარებლიდან შპილმანი ებრაული პოლიციის თანამშრომელმა ჩამოსვა, რომელმაც მასში ცნობილი პიანისტი ამოიცნო. მას შემდეგ შპილმანს თავისი ოჯახი აღარ უნახავს. მისი მშობლები, ძმა და ორი და ომს ვერ გადაურჩნენ.

2 წლის განმავლობაში შპილმანი სასწაულებრივად ახერხებდა დამალვას, მას პოლონელი მეგობრებიც ეხმარებოდნენ: ბინას ბინაზე იცვლიდა, უძლებდა შიმშილს, სიცივეს, ავადმყოფობას. ერთხელ, იმ სახლს, რომელშიც იმალებოდა, ცეცხლი გაუჩნდა. ვლადისლავმა გარეთ გასვლა ვერ გაბედა გერმანელების შიშით, მაგრამ არც ცოცხლად დაწვა უნდოდა და თვითმკვლელობა სცადა, აბები დალია.თუმცა, ბედისწერას მასთან დაკავშირებით სულ სხვა გეგმები ჰქონდა და ის ამჯერადაც გადარჩა.

1944 წლის ნოემბერში, მიტოვებულ სახლში, რომელსაც თავი შეაფარა, შპილმანი გერმანელ ოფიცერს გადააწყდა და შემკრთალი ელოდა, რომ დააპატიმრებდნენ ან ტყვიას დაახლიდნენ. მისდა გასაკვირად, ოფიცერს არც ერთი გაუკეთებია და არც მეორე, მშვიდად გამოელაპარაკა და როცა გაიგო, რომ შპილმანი პიანისტი იყო, სთხოვა რამე დაეკრა იქვე მდგარ პიანინოზე. შპილმანმა შოპენის “ნოქტიურნი C# მინორი” დაუკრა. მოგვიანებით, როცა ომი დამთავრდა და შპილმანმა რადიოში მუშაობა განაახლა, სწორედ ეს ნოქტიურნი იყო პირველი ნაწარმოები, რომელიც მან რადიოს ეთერში შეასრულა.

imageსახლი, სადაც შპილმანი პირველად შეხვდა ჰოზენფელდს
გერმანელი ოფიცერი კი ვილჰელმ ჰოზენფელდი გახლდათ, ადამიანი, რომელმაც შპილმანი დამალა და საკვებს აწვდიდა.

ჰოზენფელდი, ვერმახტის ზოგიერთი ოფიცრის მსგავსად, არ იზიარებდა ჰიტლერისა და ნაცისტების პოლიტიკას. ადამიანი, რომელიც ომამდე მასწავლებელი იყო და სულ სხვა იდეალები ჰქონდა, ახლა სასიკვდილო მანქანის რიგითი ჭანჭიკი იყო და ამ მანქანის შეჩერება მის ძალებს აღემატებოდა.

ჰოზენფელდი ფარულად თანაუგრძნობდა პოლონელ ხალხს.პოლონურიც კი ისწავლა და მალე პოლონელი მეგობრებიც შეიძინა. დადგენილი წესების მიუხედავად, ის ნებას აძლევდა პოლონელ სამხედრო ტყვეებს, რომ კავშირი ჰქონოდათ ოჯახებთან და ვადამდე გათავისუფლებაშიც ეხმარებოდა. პოლონეთში ყოფნის დროს თავის მდგომარეობასაც იყენებდა სხვების დასახმარებლად, მიუხედავად მათი წარმოშობისა, იქნებოდა ეს მათთვის ყალბი დოკუმენტაციის მომზადება თუ დასაქმება სპორტულ სტადიონზე, რომელიც მისი კონტროლის ქვეშ იყო. შპილმანის გარდა მან რამდენიმე ებრაელისა და პოლონელის სიცოცხლეც იხსნა, მაგრამ რომ არა შპილმანი, მისი სახელი უცნობი დარჩებოდა. თუმცა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, შპილმანმა თავისი მხსნელის სახელი და გვარი მხოლოდ 1951 წელს შეიტყო.

image

ჰოზენფელდთან მისი უკანასკნელი შეხვედრა 1944 წლის 12 დეკემბერს შედგა. ვლადისლავ შპილმანმა გერმანელ ოფიცერს თავისი სახელი და გვარი უთხრა და უამბო, რომ ომამდე პოლონეთის რადიოში მუშაობდა.

ომის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს ვლადისლავ შპილმანის ბიოგრაფიული წიგნი “ქალაქის სიკვდილი“ გამოიცა. წიგნი საბჭოთა ცენზურას ვერ გადაურჩა. გერმანელი ოფიცერი, რომელმაც შპილმანი იხსნა, ავსტრიელი ოფიცრით შეცვალეს, რადგან ომის დამთავრებისთანავე წიგნის გამოცემა, რომელშიც გერმანელი ოფიცრის, როგორც ღირსეული ადამიანის, პორტრეტი იქნებოდა აღწერილი, იმ დროს წარმოუდგენელი იყო.

ჰოზენფელდი წითელ არმიას ტყვედ ჩაუვარდა პოლონეთში. ის გაასამართლეს და როგორც სამხედრო დამნაშავეს 25 წელი მიუსაჯეს. მისი პოლონელი მეგობრები, რომლებიც ჰოზენფელის დამოკიდებულებას ნაცისტური პოლიტიკისადმი კარგად იცნობდნენ, მის დაცვას ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ.

ჰოზენფელდის დამოკიდებულება მისი ხელისუფლებისადმი კარგად ჩანს მის დღიურებშიც, რომელსაც ომის წლებში აწარმოებდა. აი, რას წერს ის: “ცხოველები! ებრაელების საშინელი და მასობრივი განადგურებით ჩვენ ამ ომს წავაგებთ. ჩვენ საუკუნო წყევლა მოვიწიეთ ჩვენს თავს და სამუდამოდ სირცხვილში ვიცხოვრებთ.უფლება არ გვაქვს, რომ თანაგრძნობა ან შეწყალება ვითხოვოთ, ყველას ჩვენი წილი დანაშაული მიგვიძღვის. მრცხვენია ქალაქში სიარულის...“

კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ჰოზენფელდმა იხსნა, იყო ლეონ უორმი, ებრაელი, რომელიც ვარშავიდან დეპორტაციის შემდეგ მატარებლიდან გადახტა და ისევ ქალაქში შეიპარა. ჰოზენფელდმა ამ ადამიანს ყალბი საბუთები დაუმზადა და სამსახურშიც მოაწყო.

ეს ადამიანი 1951 წელს უკვე ავსტრალიაში ცხოვრობდა, როცა გერმანიაში ჩავიდა და ჰოზენფელდის მეუღლე ინახულა, იქ გაიგო, რომ მისი მხსნელი საბჭოთა ბანაკში იხდიდა სასჯელს, ნახა წერილიც, რომელიც ჰოზენფელდმა ცოლს გამოუგზავნა და რომელშიც შპილმანიც იყო ნახსენები.

უორმი შპილმანს დაუკავშირდა და 7 წლის შემდეგ ვლადისლავ შპილმანმა როგორც იქნა გაიგო იმ ადამიანის ვინაობა, რომელმაც გადაარჩინა.

თავის მხრივ შპილმანი პოლონეთის საიდუმლო პოლიციის უფროსს- იაკუბ ბერმანს დაუკავშირდა და მას სთხოვა დახმარება ჰოზენფელდის მოძებნასა და გათავისუფლებაში.

როგორც პიანისტი იხსენებდა, რამდენიმე დღეში ბერმანი თავად ესტუმრა სახლში და ამცნო, რომ არაფრის გაკეთება არ შეეძლო და დასძინა : “თქვენი გერმანელი რომ ისევ პოლონეთში ყოფილიყო, შევძლებდით მის დახსნას, მაგრამ ჩვენი საბჭოთა ამხანაგები მას არ გამოუშვებენ, ისინი ამბობენ, რომ თქვენი ოფიცერი ჯაშუშობდა და ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. მე უძლური ვარ.“

შპილმანს მისი ნათქვამი არ სჯეროდა და ამ ადამიანს ნაძირალად მოიხსენიებდა. სამწუხაროდ, ჰოზენფელდი ამ შემთხვევიდან ძალიან მალე, 1952 წლის 13 აგვისტოს ტყვეობაში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი აორტის გაგლეჯა გახდა, ვარაუდობენ, რომ ეს წამების დროს მოხდა.

2007 წელს პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ სპეციალური ორდენით დააჯილდოვა ვილჰელმ ჰოზენფელდი. მის საპატივსაცემოდ ვარშავაში მემორიალური დაფაც გაიხსნა. 2009 წელს კი ჰოზენფელდის სახელი ისრაელში, იადვაშემის მუზეუმშიც უკვდავყვეს, როგორც არაებრაელის, რომელმაც ჰოლოკოსტის დროს ებრაელთა სიცოცხლე იხსნა.

imageამ



1
646
3-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
646
  
2018, 23 აგვისტო, 12:10
მაგარია, ღირსეული კაცი ყოფილა...
0 1 1