x
ფსიქოპათია და დანაშაულებრივი ქცევა
დღევანდელ საზოგადოებაში ფსიქოპათიის მრავალი განსაზღვრება არსებობს. ძირითადად, ადამიანები ამ ცნებას თავისი გადმოსახედიდან, გამოცდილების შესაბამისად უკეთებენ ინტერპრეტაციას. თქვენ როგორ განმარტავდით მას? მე შევეცდები ამ ცნების რეალური მნიშვნელობა წარმოგიდგინოთ, რაც მომავალში აუცილებლად დაგეხმარებათ განასხვავოთ ეს ცნება ფსიქოლოგიის სხვა ტერმინებისაგან.


ფსიქოპათია წარმოადგენს პიროვნულ აშლილობას, რომელიც ხასიათდება ხანგრძლივი ანტისოცილური ქცევით, ემპათიისა და სინდისის ქენჯნის ნაკლებობით, გადაჭარბებულად უკომპლექსო და გამბედავი ქცევით. იცოდით, რომ ფსიქოპათები იყენებენ ხიბლს, მანიპულაციას, დაშინებასა და უმეტესად სისასტიკეს, რათა აკონტროლონ სხვები, თავიანთი პიროვნული მიზნების მისაღწევად?


ფსიქოლოგიური განმარტებით, ეს სინდრომი ხასიათდება, როგორც უუნარობა დააკავშირო სოციალური ემოციები შემეცნების პროცესთან. მისი წარმოშობის შესახებ კი მეცნიერების ჯგუფი ორ ნაწილად იყოფა. ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ ფსიქოპათია არის თანდაყოლილი აშლილობა, რომელიც არ არის განპირობებული გარემოს ზემოქმედებით, ზოგიერთი კი მას სწორედ გარემოსთან ინტერაქციას უკავშირებს.


ექიმ რობერტ ჰეირისა და მისი კოლეგების მიერ შექმნილი ფსიქოპათიის მახასიათებელ ნიშანთა სია საშუალებას გვაძლევს ეს პიროვნული აშლილობა ოთხ ფაქტორს დავუკავშიროთ:

  • ინტერპერსონალური ფაქტორი - ზედაპირული მომხიბვლელობა, გადაჭარბებული წარმოდგენა საკუთარ თავზე, სხვებით მანიპულირება;
  • აფექტური ფაქტორი - ემპათიის არარსებობა, პასუხისმგებლობისგან გაქცევა;
  • ცხოვრებისეული ფაქტორი - იმპულსურობა, უპასუხისმგებლობა;
  • ანტისოციალური ფაქტორი - ქცევის კონტროლის სიძნელე, ადრეულ ბავშვობაში ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები და ა.შ.

სწორედ ამ ფაქტორების კომბინაცია წარმოადგენს ფსიქოპათიის სტრუქტურას და შეიძლება სხვადასხვაგვარად გამოვლინდეს ფსიქოპათ პიროვნებებში.


საინტერესოა, რომ ფსიქოპათიური თავისებურებები მჟღავნდება ბავშვობაში, მოზარდ და სიყმაწვილის ასაკში და მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე ნარჩუნდება მთელი ცხოვრების განმავლობაში.


ალბათ, ყველას გაწუხებთ შეკითხვა, თუ რა კონკრეტული ნიშნები ახასიათებს ფსიქოპათიას? არსებობს რამდენიმე ძირითადი ნიშანი, რომელიც მუდმივად თან ახლავს ამ სახის პიროვნულ აშლილობას, ესენია:

  • ემპათიის, იგივე თანაგანცდისნაკლებობა;
  • მანიპულაციური ქცევა - კონკრეტული ქცევის განზრახ განხორციელება პირადი სარგებლის მოსაპოვებლად
  • კრიმინალურიმრავალმხრივობა - როდესაც კონკრეტული ტიპის დამნაშავე ჩადის მისთვის არადამახასიათებელ დანაშაულს;
  • პასუხისმგებლობის არიდება;
  • არარეალური წარმოდგენის ქონა საკუთარ თავზე და შესაძლებლობებზე;
  • იმპულსურობა, იგივე მიდრეკილება დაუფიქრებელი ქცევისკენ. შეიძლება დაკავშრებული იყოს ნარკოტიკების გამოყენებასთან, გონებრივ არასრულყოფილებასთან, დაბალ თვითშეფასებასთან;
  • სინდისის ქენჯნის სიმწირე - ვლინდება მაშინ, როდესაც დამნაშავე არ განიცდის არანაირ სინანულს ან სიბრაზეს. ასევე, მაშინაც, როდესაც დამნაშავე სასტიკი დანაშაულის ჩადენის შემდეგ უბრუნდება ჩვეულ აქტივობებს;
  • ქცევითი კონტროლის სისუსტე - როდესაც დამნაშავე ვერ აკონტროლებს საკუთარ ქმედებას, მიუხედავად იმისა, რომ შედეგი შეიძება თავად დამნაშავისთვისაც იყოს საზიანო.
0
20
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ქუთათელი
ნინო ქუთათელი
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0