x
მეტი
  • 21.09.2018
  • სტატია:80769
  • ვიდეო:333089
  • სურათი:438166
დრო, როგორც მეტაფიზიკის ძირითადი პრობლემა


ამ სამყაროში ყოველთვის იმოძრავებს დრო, იმიტომ რომ დრო თანმიმდევრობაა.

image

გავიხსენოთ ალფრედ ტენისონის მშვენიერი სტრიქონი:

„დრო მიედინება შუაღამეში“.

როგორი პოეტური სახეა: „მთელს ქვეყნიერებას სძინავს, მაგრამ დროის უჩუმარი მდინარე მიედინება დედამიწაზე, ქვესკნელში, ვარსკვლავთა შორეულ სივრცეში“.

ამრიგად, დრო წარმოადგენს არსებით პრობლემას.

image

ანრი ბერგსონმა აღნიშნა:

„დრო მეტაფიზიკის უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს თუ ამ პრობლემას ამოვხსნით, ამოვხსნით ყველა საიდუმლოს, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენ ეს არ ძალგვიძს.

ჩვენ ამოხსნის პროცესში ვიქნებით ყოველთვის და წმინდა ავგუსტინეს მსგავსად დღენიადაგ ვიკითხავთ:

„რას წარმოადგენს დრო? სანამ არ მეკითხებიან, მე ვიცი ეს, მაგრამ შემეკითხებიან თუ არა, ვიბნევი“.

image

ჩვენ დღემდე გვაცბუნებს ის, რამაც დიდი ხნის წინ განაცვიფრა ჰერაკლიტე:

„ვერავინ შევა ორჯერ ერთსა და იმავე მდინარეში“.

რატომ ვერასოდეს შევალთ ორჯერ ერთსა და იმავე მდინარეში? ჯერ ერთი - იმიტომ რომ მდინარე მიედინება. მეორე იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ვგავართ მდინარეს, ჩვენც ასე მივედინებით.

სწორედ ამაშია დროის პრობლემა. ეს არის პრობლემა მდინარებისა: დრო მიედინება, დრო გადის.

„დრო მაშინ გადის, როცა რაღაც უკვე შორსაა ჩემგან. ჩემი აწმყო, ანდა ის, რაც აწმყო იყო, უკვე წარსულად გადაიქცა, თუმცა მედინი დრო მთლიანად არ გადაწურულა“.

image

მაგალითად, ჩვენ ერთად ვსაუბრობდით გასულ ხუთშაბათს. ერთი კვირის შემდეგ ჩვენ უკვე სხვანი ვართ: რამდენი რამ გადაგვხვდა თავს ამ დროის განმავლობაში! მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ იგივე ვართ.

ყოველ შემთხვევაში ამას აღბეჭდავს ჩემი მეხსიერება. მეხსიერება ინდივიდუალურია. ჩვენ ყველანი მნიშვნელოვანწილად მეხსიერებისგან შევდგებით, ხოლო მეხსიერება მნიშვნელოვანწილად დავიწყებისგან შედგება.

ამრიგად, ჩვენ დავაყენეთ დროის საკითხი. მოვიხმოთ დროის არსის ღრმა შემგრძნობი პლოტინის სიტყვები.

image

პლოტინი ამბობს:

„არსებობს სამი დრო და სამივე აწმყოა. პირველი უშუალო ამწყოა, ის წამი, როცა ვლაპარაკობ, ანუ წამი, როცა ვლაპარაკობდი, ის ხომ უკვე წარსულს ეკუთვნის. მეორე დრო -გარდასულის აწმყოა, მას ეწოდება მეხსიერება და მესამე - მომავლის აწმყო ანუ ის, რასაც ჩვენს გულში აღძრული შიში და იმედები აცნაურებს".

image

შოპენჰაუერმა თქვა:

„ჩვენ გვაქვს დღეები და ღამეები, საათები და წუთები, ჩვენ გვაქვს მეხსიერება, გვაქვს ამ წუთისმიერი შეგრძნებები, დაბოლოს, ჩვენ გვაქვს მომავალი; მომავალი, რომელსაც ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცნობთ, მაგრამ წინასწარ ვგრძნობთ ან გვეშინია.
ეს ყოველივე ჩვენ მოცემული გვაქვს თანმიმდევრობაში, იმიტომ რომ ჩვენ ვერ გავუძლებდით სამყაროს ერთიანი ყოფიერების უზომო სიმძიმეს".

როცა წმინდა პავლემ თქვა: "მე ვკვდები ყოველდღე", - ეს არ იყო პოეტური სახე. ჭეშმარიტება იმაშია, რომ ყოველდღე ვკვდებით და ხელახლა ვიბადებით. ამიტომ დრო ჩვენ უფრო მეტად გვეხება, ვიდრე სხვა მეტაფიზიკური პრობლემები, - ისინი ხომ აბსტრაქტულნი არიან! დროის პრობლემა უშუალოდ გვეხება ჩვენ, ყველას.

image

დავუბრუნდეთ წმინდა ავგუსტინეს. ასე მძაფრად არავის განუცდია დროის პრობლემა, როგორც ავგუსტინეს.

ავგუსტინე ამბობს, რომ სწყურია იმის გაგება, თუ რა არის დრო. იგი ემუდარება უფალს განუმარტოს საკითხი, - უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო კიარა, იმიტომ რომ სხვაგვარად მას არ შეუძლია ცხოვრება.

ეს ავგუსტინესათვის არსობრივ საკითხად იქცა, იმად რასაც შემდეგ ბერგსონი უწოდებს მეტაფიზიკის ძირითად პრობლემას.

ჩვენ ვგრძნობთ, რომ დროში მივსრიალებთ, ე. ი. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ მომავლიდან წარსულში ან წარსულიდან მომავალში ვმოძრაობთ, მაგრამ ჩვენ არ ხელგვეწიფება დროის შეჩერება და არც გოეთესავით შეგვიძლია შევძახოთ:

„შეჩერდი, წამო, რა მშვენიერი ხარ!“.

აწმყო ვერ გაჩერდება. შეუძლებელიც არის წმინდად დაკრისტალებული აწმყოს წარმოდგენა. ის არარა იქნებოდა. აწმყოში ყოველთვის განზავებულია წარსულისა და მომავლის რაღაც ნაწილი. როგორც ჩანს, დროს ასე სჭირდება.

ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებაში დრო ყოველთვის ჰერაკლიტეს მდინარეს ჰგავს. დღენიადაგ ვიგონებთ ამ ძველ შედარებას, თითქოს არაფერი შეცვლილიყოს ამდენი საუკუნის მანძილზე. ყოველი ჩვენგანი ისევ ის ჰერაკლიტეა, რომელიც თავის ანარეკლს ჭვრეტდა მდინარეში, იმიტომ რომ წყალმა ჩაიარა და თვითონაც აღარ არის ის ჰერაკლიტე, იმიტომ რომ ისიც შეიცვალა მას შემდეგ, რაც უკანასკნელად ჩაიხედა წყალში.

image

ამრიგად, დროის შესახებ ორგვარი თვალსაზრისი არსებობს:

ერთი მათგანის თანახმად დრო - მდინარეა, რომელიც ჩვენსკენ მოიქცევა თავისი მიუწვდომელი დასაბამიდან.

სხვანაირად უყურებს დროს ჯეიმს ბრედლი. ბრედლის აზრით, სწორედ ამის საპირისპირო რამ ხდება, დრო მომავლიდან მოიქცევა აწმყოში, ხოლო ის წამი, როცა მომავალი წარსულად იქცევა, არის ის, რასაც ჩვენ აწმყოს ვეძახით.

ამ ორი მეტაფორიდან ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ ერთ-ერთი. შეგვიძლია დროის მდინარეს სათავე მოვათავსოთ წარსულში ან მომავალში. სულერთია, ორივე შემთხვევაში მდინარე იდინებს.

ავტორი: სოფიო მოდებაძე


0
60
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიო მოდებაძე
სოფიო მოდებაძე
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0