x
image
მანჩო 777
50 ათასი ევრო კრაზანას მოკვლისათვის
ამ ორიოდე კვირის წინათ ჩემს ნათესავებთან ვიყავი სტუმრად. მათი ქალიშვილი გერმანიაშია გათხოვილი და ქმარ-შვილთან ერთად იყო ჩამოსული მშობლებთან. რა თქმა უნდა, დავინტერესდი, როგორ ცხოვრობენ იქ, რით განსხვავდება იქაური მენტალიტეტი ქართულისაგან, რამდენად რთულია ქართველისათვის იქაურ კანონებთან და ცხოვრების წესთან შეგუება... მოკლედ, ბევრი საინტერესო რამ გავიგე გერმანელების ყოველდღიური ყოფა-ცხოვრების შესახებ.



image



მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ნათესავი გოგონა გერმანული ენის სპეციალისტი იყო და თარჯიმნად მუშაობდა ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში (სწორედ აქ გაიცნო მან თავისი მომავალი მეუღლე, რომელიც ტურისტული ვიზიტით იყო ჩამოსული საქართველოში), მას თავდაპირველად გაუჭირდა იქაურ მკაცრ კანონებთან და წესებთან შეგუება და ადგილის დამკვიდრება სრულიად განსხვავებულ სამყაროში. ექვსთვიანი კურსები დასჭირდა, რომ უაქცენტო, სუფთა გერმანულით დაეწყო ლაპარაკი, რათა ნორმალურ სამსახურში აეყვანათ. მკაცრი გასაუბრების შემდეგ გამოცდაც კი ჩააბარა გერმანულ ენაში. ამჟამად ია "ფოლკსვაგენის" ქარხანაში პროექტების მენეჯერია და ძალიან კმაყოფილია თავის სამსახურით. კონცერნში 100 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს და ფირმის ოფისები რამდენიმე ქვეყანაშია.

ჩვენგან განსხვავებით, შაბათ-კვირის გარდა პარასკევიც დასვენების დღეა ნაწილობრივ (თანამშრომლები მხოლოდ შუადღის 12 საათამდე მუშაობენ). მათ ყველა პირობას უქმნიან, რომ ზედმეტად არ გადაიღალონ. საუბარში იამ ახსენა, რომ სამსახურში საკუთარი მანქანით მიდის ხოლმე. დავინტერესდი, საქართველოში აღებული მართვის მოწმობა გამოდგა თუ იქ თავიდან მოუწია გამოცდის ჩაბარება. რა თქმა უნდა, ჩვენი მართვის მოწმობა იქ უვარგისია და იამ თავიდან აიღო მართვის მოწმობა, თან პრაქტიკის გამოცდა გერმანიაში არც მეტი, არც ნაკლები - 45 წუთი გრძელდება. გამოსაცდელს გვერდით მასწავლებელი უზის ავტოსკოლიდან, ხოლო უკანა სავარძელზე კომისიის წევრია მოკალათებული, რომელიც გულდასმით აკვირდება მანქანის თითოეულ მოძრაობას. გამოსაცდელი ყველანაირ გზას გადის: ვიწრო ხალხმრავალ ქუჩას, სადაც სიჩქარის შეზღუდვა 10 კმ/სთ-ია, ქალაქის ქუჩებს, ჩიხებსა და სხვადასხვა სირთულის მოსახვევებს, შემდეგ კი გამოცდა ქალაქგარეთ ტრასაზე და ავტობანზე გრძელდება, სადაც შეუზღუდავი სიჩქარეა და შეგიძლიათ 250 კმ/სთ-ით იაროთ. ნაამბობი შევადარე ჩვენთან ჩატარებულ ხუთწუთიან გამოცდებს და სიმწრით გამეცინა: მერე გვიკვირს, თუ რატომ ხდება ამდენი ავარია და რატომ ვართ ევროპაში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობით.



რაც შეეხება მკაცრ და უცნაურ კანონებს, რომელიც გერმანიაში არსებობს, ეს ცალკე საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ სახლში ცხოვრობ და ეზოც შენია, სპეციალური კანონებია დაწესებული ყველაფერზე: გაზონის გაკრეჭის სიმაღლეზე, ღობის სიგრძე-სიგანეზე, გარაჟის და სახლის ზომებზე, შინაური ცხოველების ყოლაზე და ასე შემდეგ. გაზონის საკრეჭი მანქანით მუშაობა მხოლოდ დილის ათი საათიდან საღამოს 8 საათამდე შეიძლება, ხმამაღალი მუსიკის ჩართვა - საღამოს 10 საათამდე (რა კარგი იქნებოდა, ეს კანონი ჩვენთანაც კანონობდეს.. რამდენჯერ წამოვმხტარვარ შუაღამისას გულგახეთქილი, როცა ქეიფის ეშხში შესულ რომელიმე თანაუბნელს დაბადების დღის აღსანიშნავად ფეიერვერკების გაშვება ღამის 2-3 საათზე მოპრიანებია).


კიდევ ერთი უცნაური კანონი: გერმანიის ფედერალური კანონი ბუნების დაცვის შესახებ კრძალავს დაჭერას, მოკვლას, დაზიანებას ყველანაირი ცოცხალი არსებისა, მათ შორის კრაზანების, ხოჭოების, პეპლების, თხუნელების, მგლების და კიდევ სხვა უამრავი ცხოველისა, თუ ამისათვის სერიოზული მიზეზი არ არსებობს.



image



სხვადასხვა არსებისათვის სხვადასხვა რაოდენობის ჯარიმაა დაწესებული; ასე, მაგალითად, არსებობს კრაზანას ერთი სახეობა, რომლის მოკვლისათვის შეიძლება 5-დან 50 ათასამდე ჯარიმა დაგაკისრონ. ჯარიმების კატალოგის (Bußgeldkatalog) თანახმად, ბადენ-ვიუტერნბერგში ამ კრაზანას მოკვლისათვის დაწესებულია ჯარიმა 15 ათასი ევროა, ბავარიაში- 5 ათასი ევრო, ხოლო ჩრდილოეთ რეინისა და ვესტფალიის რაიონებში 50 ათასი ევრო. მოკვლასთანაა გათანაბრებული ხაფანგების დაგება ამ მწერების დასაჭერად.

კრაზანის მოკვლა ნებადართულია მხოლოდ ერთადერთი მიზეზით: თუ ალერგიული ხართ და მისი ნაკბენი შესაძლოა თქვენი სიცოცხლისათვის საშიში აღმოჩნდეს.

ალბათ თქვენც ჩემსავით გაოცდით, როცა ამ უცნაური ჯარიმის ამბავი შეიტყვეთ, არა? საქმე იმაშია, რომ ეს კანონები ძირითადად ფორმალურად არსებობს. თუკი ოთახში შემოფრენილ კრაზანას მოკლავთ, ამას ვერავინ შეიტყობს, თუ, რა თქმა უნდა, თქვენ თვითონვე არ გაახმაურეთ ეს ამბავი. რასაკვირველია, იშვიათი ჯიშის ცხოველის, ფრინველის ან მწერის მოკვლაზე მართლაც დიდი ჯარიმებია, მაგრამ კრაზანების და კოღოს გასრესისათვის საეჭვოა ვინმე 50 ათასი ევროთი დააჯარიმონ; ეს უფრო კანონის თეორიული მხარეა, თუმცა ერთი კი ნამდვილია: თუ საკუთარი სახლი გაქვთ და იქ ბინა დაიდეს კრაზანებმა ან ფუტკრებმა, ვალდებული ხართ ეს ამბავი გარემოს დაცვის სამსახურს შეატყობინოთ. იქედან სპეციალისტები მოვლენ, რომლებიც უზრუნველყოფენ მწერების " გადასახლებას" მათთვის (და თქვენთვისაც) უსაფრთხო ადგილზე.



image



p.s. როცა ამ ახალ ამბავს გავეცანი, ჩემთვის ვფიქრობდი: რა კარგია, რომ გერმანული კანონები (ზოგიერთი) ჩვენთან არ მოქმედებს. შვებულებას სოფელში ვატარებ, სადაც წელს რეკორდულად ბევრი მწერი, უმეტესწილად სხვადასხვა ზომის კრაზანაა და რადგან ამ არსებების მიმართ არც თუ ისე მეგობრული დამოკიდებულება მაქვს, შეძლებისდაგვარად ყოველდღიურად ვანადგურებთ მათ. წარმოვიდგინე, ერთი კრაზანის მოკვლისათვის რომ 50 ათასი (თუნდაც 50) ლარი იყოს ჯარიმა, ალბათ ცხოვრების ბოლომდე ვერ შევძლებდი დაგროვილი ჯარიმების გადახდას.

1
250
6-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
250
  
2018, 18 აგვისტო, 23:31
მდაააა
0 1 1