x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ასადის მოკავშირე რუსეთი და სირიის ოპოზიციის მხარდამჭერი თურქეთი - რაზე შეთანხმდებიან ლავროვი და ჩავუშოღლუ?

image

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ანკარაში 14 აგვისტოს ჩავიდა და თავის კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. იმის გამო, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამერიკული სანქციების ფონზე ახალი მოკავშირეების ძებნით დაიმუქრა, ეს არც არის გასაკვირი, თუმცა ლავროვის ვიზიტს სხვა მიზნებიც აქვს, უფრო მნიშვნელოვანიც კი, ვიდრე მოკავშირეების ძებნა.

სირიაში ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" არსებობის დღეები პრაქტიკულად დათვლილია. დღეს ეს დაჯგუფება აღარ წარმოადგენს რუსეთისა და სირიისთვის ისეთ საფრთხეს, როგორსაც რამდენიმე წლის წინ
წარმოადგენდა. მით უმეტეს რამდენიმე დღის წინ ხმებიც გავრცელდა, რომ სახელმწიფოს მეთაური აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადი საჰაერო დარტყმების გამო დაშავდა და "კლინიკური სიკვდილი" განიცადა. მართალია ახალი მეთაური უკვე დანიშნეს, მაგრამ რამდენად შეძლებს ის წინსვლას, ძნელი სათქმელია, მით უმეტეს დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, როცა სირიაში რუსული, ასევე საერთაშორისო კოალიციისა და
თურქეთის სამხედრო ძალები იმყოფებიან.

გაეროს მონაცემების მიხედვით, ახლა სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" 30 000-მდე მებრძოლია დარჩენილი. მართალია მათ კიდევ შეუძლიათ საბრძოლო მოქმედებების განხორციელება სირიის ტერიტორიაზე, თუმცა ახლა უკვე სირიის პრეზიდენტისთვის, ბაშარ ალ-ასადისთვის მთავარი ამოცანა ქვეყნის კვლავ გაერთიანებაა. მან პირობაც კი დადო, რომ სირიის ყველა კუთხეს დაიბრუნებდა. სწორედ ქვეყნის გაერთიანების საკითხმა გახადა აუცილებელი ლავროვის ანკარაში ჩასვლა.

ოფიციალური ინფორმაციით, მან უნდა შეამზადოს ვითარება ოთხმხრივი, სირიის სამიტისთვის, რომელიც ახლო მომავალში უნდა ჩატარდეს და რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თურქეთი, რუსეთი, საფრანგეთი და გერმანია. თუმცა სანამ სამიტი ჩატარდება, მთავარია თურქეთსა და რუსეთს შორის გადაწყდეს, როგორ გაინაწილონ სირია - ორივე ქვეყანას საკუთარი სამხედრო ძალები ჰყავს ქვეყანაში და ორივეს საკუთარი სამხედრო-პოლიტიკური ინტერესები აქვს რეგიონში.

სირიის მიწების დაბრუნება და გაერთიანება გულისხმობს სირიის ოპოზიციასთან ბრძოლას, რომელსაც მხარში უდგას თურქეთი. წინა ბლოგშიც ვსაუბრობდით, რომ თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე ე.წ. "ეროვნული არმიის" შექმნა დაიწყო, რომელიც 35 000 მებრძოლს გააერთიანებს ოპოზიციის რიგებიდან. რა თქმა უნდა, ისინი ბრძოლას სირიის მთავრობის წინააღმდეგ გააგრძელებენ, თურქეთის მხარდაჭერის პირობებში კი მათთან ბრძოლა ასადისთვის დამატებითი თავის ტკივილი იქნება.

გარდა ამისა, ასადი ემზადება იდლიბის პროვინციის გასათავისუფლებლად, რომელიც ოპოზიციის ბოლო ფორპოსტად ითვლება. გარდა ოპოზიციისა აქ 3.3 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლე ცხოვრობს. ამ რეგიონზე თავდასხმამ შეიძლება მიგრანტების ახალი ტალღა გამოიწვიოს, ეს კი არ აწყობს არც სირიას და არც თურქეთს.

იდლიბი დე-ესკალაციის ზონად არის გამოცხადებული ასტანას შეთანხმების მიხედვით. შესაბამისად, აქ სამხედრო მოქმედებების განხორციელება მოსკოვისა და ანკარას შეთანხმების დარღვევა იქნება. მეორე მხრივ, შეთანხმებას ვადა ეწურება 19 სექტემბერს. ვარაუდის მიხედვით, სწორედ სექტემბრის შუა რიცხვებიდან უნდა დაიწყოს ასადმა იდლიბის შტურმი. განაგრძეთ კითხვა
0
6
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0