x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სვიმონ მეფისა
image

ვინ არ იცის ამბავი ციხე ალამუთისა,

ტანზე შემონადგამი მტაცებელის ბუდისა.


აქ დაირწა პირველად ჰაშიშინთა აკვანი,


ზარსა სცემდა ჯვაროსანთ საბაჰის ძის ზაკვანი.

სად არ გაიელვებდა გესლით გამონაკვები

ავბედითად მკვესარი მათი აკინაკები.


ციხის ყრუ ტალანებში დაძრწოდა და ბორგავდა სული ნასირ ხოსროვის,

მგოსნის და ღრიანკალის, მოძღვრის ცბიერ მულიდთა,

შიშით შეუბორკავთა, აღმა-დაღმა მთესველთა ზაფრისა და კანკალის.


ფუთფუთებდა ბუნაგი, სიკვდილის საყუდელი,

სანამ ხანმა ჰულაგუმ არ ულეწა ზღუდენი.


მაგრამ მოდი ამ ციხეს სულ სხვა თვალით შეხედე,

დაივიწყე ერცახეს მულიდი და შაჰიდი,

რადგან სწორედ აქ არი სვიმონ მეფის საკანი,

ამ კედლებს ბინადარი არ ჰყოლია მაგვანი.


უკვე მეცხრე წელია შაჰი ვერ შეელია,

მოძმეთაგან გაყიდულს ჭაღარაც შეერია,

თუმცა, მიუხედავად ორგულობის, ღალატის,

სამშობლოს დაჰფარფატებს მისი ფიქრი მარადის.


გარნა, ოდეს გაცხადდა სპარსის უილაჯობა,

ოდეს ყველგან ოსმალომ დაჯაბნა და აჯობა,

გაიხსენეს ლომგული, ალამუთს დახუნდული,

უმალ ააღრჭიალეს ჟანგიანი ურდული.


თურმე ნიჭი ხალასი არც მათ თვალში ხუნდება,

განუხვნიათ საკანი, აუხსნიათ ხუნდები,

სამშობლოში სვიმონი თეთრი რაშით ბრუნდება,

მტრის საკაფად ნაწაფი მკლავი არ უდუნდება.


ჩვენი ბედის ბორბალიც წაღმა ამობრუნდება,

ქიტა აღიღინდება, გუთანს მიუბრუნდება,

მარცვალი გაღვივდება, კერა გაღუღუნდება,

კომლი ამოდინდება, ქვევრი აჩქაფუნდება,

გადირწევა აკვანი, დროშა შეიკერება,

კიდევ ბევრი მამაცი ხმალი გაიკვერება,

კიდევ ერთი ლამაზი გვერდი დაიწერება,

ხოლო სვიმონს ქართველი მარად მიეფერება.


თუ ამ ლექსით ახსენებთ, ვიამაყებ ჩემი სვით,

გულშიც თუ გაგიარათ, სადღეგრძელოდ შემისვით.

-

ლექსის ავტორია: კობა ჭუმბურიძე.


0
12
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0