x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ვახტანგ VI-ის სამართლის კრებულში შესული „ბერძნული სამართლის“ წყარო

image

მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში ქართლში აღორძინებისთვის და განმტკიცებისთვის ჩატარებულ მრავალ ღონისძიებათა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ვახტანგ VI-ის თაოსნობით და მისი უშუალო მონაწილეობით კანონმდებლობის მოწესრიგებისთვის ზრუნვა და სამართლის წიგნთა კრებულის შედგენა იყო. ახალ სამართალს უნდა გაეთვალისწინებინა თანადროულობა და ეპასუხა არსებული ცხოვრების მოთხოვნილებებზე. მას ერთნაირად უნდა დამორჩილებოდნენ „უფალიც“ და „მონაც“, აზნაურიც და გლეხიც, ეკლესიისა თუ მეფის მოხელეები. ვახტანგ VI იმ დროის მართლმსაჯულების სავალალო მდგომარეობას ასე ახასიათებს: „საქართველოს მეფენი ბევრჯერ დიდად ამაღლებულნი და ნებისაებრ თვისისად ბრძანებულან და ბევრჯერ, ჟამთა და დროთა ცვალებით ასრე დამდაბლებულან, რომე ოდენ სახელი მეფე რქმევია, თორემე მართებული არა უქნევინებიათ რა; როგორც ყმათ სდომებიათ, ისრე უსამართლებიათ და ურიგებიათ. ამისი მომსწრეები თვითონ მეცა ვარ და სხვანი მრავალნი ხნით ჩემსა უფროსნი არიან და ისინიც ამგვარს დროს ბევრს შეესწრებოდნენ...“

შედგენილობა სამართლის წიგნთა კრებულისა ასეთია: 1. სამართალი მოსესი; 2. სამართალი ბერძნული; 3. სამართალი სომხისა; 4. სამართალი კათალიკოზისა; 5. ძეგლის დადება მეფეთ-მეფისა გიორგის მიერ; 6. სამართალი აღბუღასი; 7. სამართალი ბატონისშვილისა ვახტანგისა. კრებულს დართული აქვს საძიებელი და შესავლები. კრებულის საერთო შესავალი ეკუთვნის ვახტანგ მეექვსის თანამედროვეს, მისივე მდივან-მწიგნობარს გივი ზურაბის ძე თუმანიშვილს. როგორც კრებულის შედგენილობიდან და მასზე დართული შესავლიდან ჩანს, ვახტანგ მეექვსეს შეუკრებია „ყოველნი წიგნი სამართლისანი, რომელნი ჟამთა ვითარებითა თვითოეულად მიმოდაბნეულ იყო სხვათა სამეფოთა, გინა თუ ქართლსა შინა“, ხოლო უცხო სამართლებიდან ბერძნული და სომხური გადმოუთარგმნია.


ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნთა კრებულში მოთავსებული „ბერძნული სამართალი“ XIX საუკუნის 20-იანი წლებიდან მეცნიერთა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა. მიუხედავად ამისა, დღემდე ამ ძეგლის ქართული თარგმანის წყარო არ არის მიგნებული. არსებობს ვარაუდი, რომ ბერძნულიდან ქართულ ენაზე ის უნდა ეთარგმნა ვახტანგ VI-ის თანამედროვე კვიპრიანე სამთავნელს.



ბერძნული სამართალი შეიცავს 418 მუხლს. ვინც კი შეხებია ბერძნული სამართლის ქართულ თარგმანს, ყველა, ვლ. სოკოლსკის გარდა, ერთხმად აღიარებს, რომ ეს კანონები ბიზანტიური კანონებია. ბიზანტიურ კანონებს კი ბერძნულ-რომაულ სამართალს უწოდებენ. ბიზანტიური სამართლის განვითარებაში კი გამოყოფენ სამ პერიოდს: პირველი პერიოდია კონსტანტინე დიდიდან ისავრიელთა გამეფებამდე; მეორე - 717 წლიდან 867 წლამდე (ხატმებრძოლეობის პერიოდი) და მესამე - მაკედონელთა დინასტიიდან იმპერიის დაცემამდე, ე.ი. 1453 წლამდე, მაგრამ ისმის კითხვა, თუ კონკრეტულად რომელი ბიზანტიური კანონებია გამოყენებული ვახტანგის სამართლის წიგნთა კრებულში შესული ბერძნული სამართლის თარგმნის დროს? ამ საკითხით დაინტერესებული იყო მეცნიერთა საკმაოდ დიდი ნაწილი: მარი ბროსე, ბარონ როზენკამპფი, გეიმბახი, ჩუბინაშვილი, ენგელმანი, სოკოლსკი და სხვა. ამ მეცნიერთა შეხედულებები და თავისი დაკვირვება სოკოლსკის მოცემული აქვს წერილში: „Греко-римское право в Уложении грузинского царя Вахтанга VI“. მარი ბროსე, როდესაც ვახტანგის ბერძნული სამართლის წყაროებს ეძებდა, ყურადღება მიუქცევია მოკლე შესავლისათვის, რომელიც წინ უძღვის ვახტანგის კრებულში შემავალ ბერძნულ სამართალს: „ქ. ლევან ბრძენისა და კონსტანტინესი და სხვათა ხელმწიფეთა მიერ თქმული და განწესება სჯულის კანონი მეფეთა და სიმართლისა მოსამართლეთათვის, რათა რაოდენიცა ეწეროს წიგნსა ამას შინა, მცირედიღა არა განვაგდოთ, არამედ ყოველივე ვისმინოთ და ვყოდცა“. ამის მიხედვით მარი ბროსე ასკვნის, რომ ვახტანგის ბერძნული სამართლის სათურში მოხსენიებული პირები არიან ლეონ ბრძენი( 886-911) და მისი შვილი კონსტანტინე VI და რომ ეს სამართალი გაკეთებულია მეფეთა კანონების კრებულიდან, რომელიც შეუდგენია ლეონ ბრძენის შვილიშვილს რომანოზს ( კონსტანტინე VI-ის შვილი).


ბარონ როზენკამპფის აზრით, ვახტანგის ბერძნული სამართალი ერთ-ერთი იმ პროხირონთაგანის თარგმანია, რომელიც შეუდგენიათ მეფეების: ბასილი მაკედონელის, ლეონისა და მათი შვილების დროს. ამავე დროს აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთის მონასტრებში ბერძნული ნომოკანონების გვერდით არსებობს სტატია სათაურით: „Cons-tantini Theodosii et Leonis imperatorum statuta” და რომ ეს სტატია ახლოს დგას ვახტანგის ბერძნულ სამართალთან.


პროფ. დ. ჩუბინაშვილს ვახტანგის ბერძნული სამართლის წყაროდ მიაჩნია კონსტანტინე არმენოპულოს წიგნები და მათე ვლასტარის სინტაგმა.


ენგელმანს არმენოპულოს წიგნები მიაჩნია ვახტანგის ბერძნული სამართლის წყაროდ, მაგრამ ამასთან ერთად აღნიშნავს, რომ არმენოპულოს გარდა, ვახტანგის ბერძნული სამართლის შედგენისას უდავოდ გამოყენებულია სხვა ბერძნულ-რომაული წყაროებიც. რაც შეეხება ვლასტარის სინტაგმას, მას იგი არ უნახავს და ამიტომ მისი წყაროდ გამოცხადებისგან თავს იკავებს. ზემოთ გამოთქმულ მოსაზრებებს ერთგვარად აჯამებს ვლ. სოკოლსკი, იგი იზიარებს ჩუბინაშვილისა და ენგელმანის ვარაუდებს, მან დაწვრილებით შეისწავლა და შეადარა ვახტანგის ბერძნული სამართლის წიგნსა და მათე ვლასტარის სინტაგმებს ცალ-ცალკე და შედეგების ანალიზისას იგი მივიდა შემდეგ დასკვნებამდე:


  • ვახტანგ VI-ის სამართლის კრებულში შესული ბერძნული სამართალი ძირითადად უნდა იყოს კომპილაცია მათე ვლასტარის სინტაგმისა და კონსტანტინე არმენოპულოს წიგნის. იგი წარმოადგენს ვლასტარის სინტაგმის შემოკლებულ რედაქციას, რომელიც შიგადაშიგ შევსებულია სხვა ბერძნულ-რომაული წყაროებით.
  • ასეთი რედაქცია შეიძლებოდა გაეკეთებინათ მხოლოდ საბერძნეთში, რადგან მისი შედგენა ქართველ მთარგმნელს გაუჭირდებოდა. ამის საბუთად სოკოლსკის ის ფაქტი მოაქვს, რომ ვლასტარის სინტაგმები დალაგებულია ბერძნულ ანბანზე და ქართულიც მიჰყვება ბერძნულ ანბანს. გარდა ამისა, სხვადასხვა წყაროებიდან ჩამატებული მუხლებიც აგრეთვე ბერძნულ ანბანზეა გაწყობილი და თავთავის ადგილსაა ჩასმული. ასეთი სამუშაოს შესრულება ქართველი მთარგმნელისთვის მეტად რთული იქნებოდა, ამიტომ მას ვერ მივაკუთვნებთ. საფიქრებელია, რომ ქართველ მთარგმნელს ხელში ეჭირა უკვე შემოკლებული რედაქცია ვლასტარის სინტაგმებისა არმენოპულოსა და სხვა წყაროებიდან ჩამატებული ადგილებით. მით უმეტეს, რომ ასეთი შემოკლებული რედაქციები, ან მისი მსგავსი, ძალიან გავრცელებული ყოფილა რუსეთში.

როგორც ზევით იყო აღნიშნული, სოკოლსკის ხელში ჰქონია არმენოპულოსა და ვლასტარის ცალ-ცალკე გამოცემა და შედარებისას მას აღნიშნული აქვს მთელი რიგი მუხლებისა, რომლებიც არ უდგება ბერძნული სამართლის მუხლებს. ეს განსხვავება, მისი აზრით, გამოწვეულია იმით, რომ 1. ზოგი ადგილი ქართველ მთარგმნელს ვერ გაუგია და სხვანაირად გადმოუცია, 2. ზოგი ადგილი დაუმახინჯებია თარგმნის დროს, 3. ზოგიც ორიგინალურ ხასიათს ატარებს. ასევე არსებობს მუხლები, რომელთა წყაროც სოკოლსკის ვერ გაურკვევია.


ამრიგად, სოკოლსკის აღნიშნული აქვს, რომ ცალ-ცალკე არმენოპულოსა და ვლასტარის წიგნების გამოყენება გამორიცხულია. საჭიროა ისეთი კრებულის მოძებნა, სადაც ვლასტარის, არმენოპულოს წიგნებიდან და სხვა წყაროებიდან ამოკრეფილი კანონები ერთად იქნება თავმოყრილი და ბერძნულ ანბანზე იქნება დალაგებული, მითუმეტეს, რომ XIV საუკუნიდან ასეთი ხასიათის კრებულები გავრცელებულნი არიან აღმოსავლეთის ქვეყნებში.


საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტის ბერძნულ ხელნაწერთა ფონდში დაცულია ბერძნული ხელნაწერი, რომელიც არის ბერძნული ნომოკანონი ანუ სჯულის კანონი, გადაწერილი 1670 წ. მღვდელ იოანე საკულის მიერ. ბერძნულმა ხელნაწერმა ყურადღება მიიპყრო ქართული მინაწერებით, რომლებიც მოთავსებულია ამ ხელნაწერის კიდეებზე. კიდეებზე გაკეთებული ქართული მინაწერები წარმოადგენს მითითებებს ბერძნული სამართლის სხვადასხვა კანონებზე. გარდა ამისა, შიგადაშიგ თანმიმდევრობით ბერძნული ხელნაწერის თავებთან ქართული ანბანით დასმულია რიცხვები. მინაწერების ხელი ძალიან ჰგავს ვახტანგ VI-ის, სულხან-საბა ორბელიანის, დომენტი კათალიკოსის და სხვათა ხელს. ამასთან ერთად ცნობილია, რომ ვახტანგ VI-ს და მის თანამოღვაწეებს ჰქონდათ ჩვეულებად წიგნზე მუშაობის დროს კიდეებზე ეკეთებინათ სხვადასხვა ხასიათის მითითებები და განმარტებები. განსაკუთრებით ეს ვახტანგ VI-სა და სულხან-საბა ორბელიაზე უნდა ითქვას, ამიტომ წარმოიშვა აზრი, ხომ არ გამოუყენებია ვახტანგ VI-ს და მის კომისიას ბერძნული სამართლის თარგმნის დროს ეს ხელნაწერი. დაკვირვებების საფუძველზე კი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ინსტიტუტში დაცული ხელნაწერი წარმოადგენს ბერძნული სამართლის იმ წიგნს, რომელიც ხელში ეჭირა ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულში შესული ბერძნული სამართლის ქართულ ენაზე მთარგმნელს.


ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულში შესული ბერძნული სამართლის ქართული თარგმანის შედარებამ წყაროდ მიჩნეულ ხელნაწერთან აჩვენა, რომ თარგმანი თავისუფალ ხასიათს ატარებს, ე.ი. შინაარსი დაცულია (იშვიათი გამონაკლისების გარდა, რაც ქართული ხასიათით არის გამოწვეული). თარგმნის პროცესში მთარგმნელი არ არის შეზღუდული: როცა სჭირდება უმატებს, ავრცობს; როცა სჭირდება აკლებს, ამოკლებს და უფრო ხშირად თარგმნის არა სიტყვა-სიტყვით, არამედ წაიკითხავს მუხლს, გაიაზრებს და მერე წერს. ამის გამო, თარგმანში ბერძნული სიტყვის ზუსტი შესატყვისის მაგივრად, სხვა სიტყვა გვხვდება. ზოგი ბერძნული წინადადება ქართული ერთი სიტყვითაა გადმოცემული და ა.შ.


ამრიგად, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულში შესული „სამართალი ბერძული“ არის ბერძნულ-რომაულ სჯულმდებლობასთან ქართული სამართლებრივი კულტურის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის ურთიერთობის საყურადღებო შედეგი და გამოხატულება.

0
161
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი მექერიშვილი
ლალი მექერიშვილი
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0