x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
,,სოფლის ავტობუსი მიდის იმერეთის სერზე… სარჩო მიაქვს, სუფთა გულები, შრომისაგან გალეული მოხუცთა მხრები... საქართველო მიჰყავს…

image“სოფლის ავტობუსი მიდის იმერეთის სერზე…
სარჩო მიაქვს, სუფთა გულები, შრომისაგან გალეული მოხუცთა მხრები... საქართველო მიჰყავს…
მე რომ ბავშვი ვიყავი, მაშინ მაქვს გაგონილი… ერთ სოფელს იმერეთში “წითელმიწა'' ჰქვია… გასვლის წინ ავტობუსის მძღოლი თამამად გამოაცხადებდა თურმე…“წითელმიწაში მიმავალო მგზავრებო, გთხოვთ, დაიკავეთ ადგილები’’...იცინოდა სოფელი და გზასავით გაჰქონდა გაჭირვებით, უშუქობით, სიღარიბით გასავლელი წლები…მაგრამ სოფელს უღმერთობა არ სჭირდა მაინც….
ვისაც თუნდაც ერთხელ გიმგზავრიათ სოფლის ავტობუსით, რა გახსენდებათ?
როცა, თითქმის მთელ სოფელს ძინავს… მძღოლი თავისი ეზოდან გადის და არამიწიერი ხმაურით ოღროჩოღრო გზაზე გამოჰყავს საბჭოთა მანქანა…უმეტესად ყვითელი ფერის, სოფლის ავტობუსი…ძაღლები აედევნებიან ყეფით და სოფლის მამალიც კიდევ ერთხელ ამცნობს განთიადის მოსვლას....
სოფლის მოვაჭრეთა დილა 5 საათზე იწყება, გასაყიდად მიაქვთ ყველი, კვერცხი, ნიგოზი…ზოგჯერ სოფლის დედალიც…
დილით შედარებით სიჩუმეა…. ავტობუსში ფხიზლდება სოფელი… ანაზდად თუ გადაულაპარაკებენ რამეს ერთმანეთს….“გოგო, მიტუშას შვილიშვილი თფილისში გოუთხოვებიათ, რავარი კაი ბოვში დადგა, ქე იყო დრო უკვე’’
“ამირანმა ახალი მანქანა მოაგრიალა გუშინ. მე 100 ლარი რო ვთხოვე წინა კვირეში, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა მაგისმა ცოლმა…რაღას ტირიხარ შე დალოცვილო…რავა საჩუქებლად მინდოდა, თუ?
“რავა სულ ჩამეექცა ეს ღობე ამ უდღეურ ზურიას, მასე რავა უნდა მეისპო ახალგაზრდა კაცი... რა უნდა ახლა იმის შეკეთებას"
“ბეჩა, ეს რა რძალი მეიყვანა მზიამ, მაგათ ეზოში რო შეხვალ, გაგეხსნება გულის კარი…ბაღნარი…ყვავილები ყვარებია ნამეტანი..რაცხა ლანდშაფტიო თუ დიზაინიო, მაგაზე ნასწავლება… ქე უნდა ატარონ ხელისგულზე მაგნაირი გოგო….''
და მისთანები….
ქალაქს რომ მიუახლოვდებიან, ყინჩადაა( ანუ ფხიზლად) უკვე “სოფელი’’… ხუმრობა ხომ არაა..ახალგაღვიძებული ქალაქელები ამრეზით შეათვალიერებენ სოფლის ნობათს, ყველის წველას გააჭრევინებენ ნანი ბებოს, გემოს გაუსინჯავენ…არ მოტყუვდნენ, ჯერ კიდევ მძინარი ოჯახის წევრებს 4 საათის გაღვიძებული სოფლის პროდუქტს მიაგებებენ.. იმ ბებოს კი, ამ სამყაროში ყველაზე კეთილი თვალები რომ აქვს, ნაჯაფი თვალები რომ აქვს…წავა ნავაჭრით, იყიდის რაზეც ფული გასწვდება…ჩამოწერილი აქვს სია და მზე რომ ამოდის ქალაქში ის უკვე სოფელში დასაბრუნებლად ემზადება... უახლოვდება გაჩერებას, სოფლის ავტობუსის მოლოდინში…
სიცხისაგან გათანგულ გაჩერებაზე თავსაფრიანი ქალები იცდიან. სხედან შედარებით მოხუცები, ახალგაზრდები ფეხზე დგანან… ფეხებთან იმ დღის ნავაჭრი
ულაგიათ… ჩანთებიდან მოჩანს ქალაქის პური, გაყინული თევზის კუდები, მეორე მხარეს კილოობით ნაყიდი კარტოფილი და ხახვი… თუ გაზაფხულია, პომიდვრის ნერგები მოაქვთ…ნოტიო, მიწიანი ძირებით....წიწილების წამალი და ჟურნალი “სარკე''
იქვე, ვინმეს ბავშვი გაეტირება ვაჭრის მიერ ჩამოტარებულ კანფეტს, “ხლოპს'' ან ბუშტებს…
სოფლის ავტობუსს არ აქვს მკაცრი განრიგი… დაახლოებით იციან მგზავრებმა დრო და ელოდებიან… და სადაც არ უნდა მიუსწრო, თუნდაც ტრანსპორტით გადაჭედილ ტრასაზე, თუ მძღოლმა შეგნიშნა, აუცილებლად გაგიჩერებს... და კიდევ ერთი მისტიკა“, სოფლის ავტობუსებს არ მოსდით ავარიები…მადლი იცავს იქაურების..ჩვენი სოფლის ავტობუსი იყო ძალიან ძველი და მძღოლზე ამბობდნენ მკლავი გამხმარი აქვსო, ხშირად ყველა მგზავრი აწვებოდა ავტობუსს რომ დაქოქილიყო, მაგრამ არ მოსდიოდათ ავარიები… მე სულ მიკვირდა ეს…
მაღაზიის მუშა იყო თამაზი, ვინმე ტომარა ფქვილს, სასუქს ან ქატოს რომ იყიდდა, 20 თეთრად შემოუტანდა ხოლმე ავტობუსში… სულ თეთრი იყო ფქვილში ამოგანგლული, ტანად მორჩილი მშრომელი კაცი… ალბათ დღეში ათობით ტომრის სიმძიმე მხრებს ტკენდა, მაგრამ მას მაინც შეეძლო ღიმილი…
სიძველისგან გადაღლეტილ სკამებზე, პირველად ასული მგზავრები, ფანჯრებიდან შემოწოდებული პარკებით უკავებენ ადგილს ერთმანეთს… სოფლის ავტობუსში არასოდესაა საკმარისი ადგილი…მაგრამ იქ მაინც იშვიათად ჩხუბობენ… მძღოლი სანამ გზას გაუდგება, სოფლიდან გამოტანებულ წერილებს, ფულს, ან სახლში დარჩენილ ტელეფონს არიგებს დამხვედრებთან…ავტობუსის მძღოლი ფოსტალიონიცაა…
გზას რომ გაუდგებიან, მიდის ხუმრობა და გნიასი…“ჩხეიძე გოუშვი, რატია, ჩხეიძე'' ყვირის უკანა სავარძლიდან ნაბახუსევი გოჩა....მძღოლის გვერდით აუცილებლად ზის მისი მუდმივი მგზავრი, როგორც გამცილებელი... მას ხურდის აგროვებაში, ტვირთის გადაწოდებასა და ჩაბარებული ნივთების დარიგებაში ეხმარება… აღმართს რომ აივლის და დიდი უბნის მოსახლეობა ჩამოვა, თითქოს ამოისუნთქავს ავტობუსი… სოფლის ბიჭები გაშტერებულ მზერას არ აშორებენ ქალაქელ გოგოს... ბებიასთან რომ მიდის არდადეგებზე...და მერე ერთი ამოღერღავს“ თქვენი გადახდილია, ქალიშვილო'' ვინც ყოველდღე დაჰყვება ავტობუსს, შეღავათიან ფასში მგზავრობს... ჩემი სოფლის ავტობუსსაც ჰყავდა ასეთი VIP მგზავრები სახლიდან გამოუდგებიან ხოლმე ავტობუსის მგზავრებს, ძირითადად შვილიშვილები იცდიან და ტვირთის სახლამდე მიტანში ეხმარებიან ბებია/ბაბუებს...თან ხურდას და კანფეტებს ითხოვენ... გზას გაჰყურებს სოფელი…სიცოცხლეს იხანგრძლივებს საქართველოს გული....
კი, შენც გინახავს“გააჩერე, გააჩერე''..............
–-----------------ლიკა კურცხალიას ჩანახატიimage


2
114
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
114
  
2018, 14 აგვისტო, 22:55
მომეწონა და ისე მართლა ახლა დავაკვირდი. სოფლის ავტობუსები ავარიებს არასდროს არ ახდენდა.
0 1 2