x
image
მანჩო 777
ბრაზილიიდან საქართველომდე - რას ნიშნავს მსოფლიოს ქვეყნების სახელწოდებები
გიფიქრიათ იმაზე, თუ რატომ დაერქვა იტალიას იტალია, ან ლიხტენშტეინს ლიხტენშტეინი? რატომ უწოდეს არგენტინას არგენტინა ან ეგვიპტეს ეგვიპტე? იცოდით, რომ ბერძნებმა მალტა „ფუტკრების ქვეყნად'' მონათლეს, ხოლო ვენესუელას დიდმა ამერიგო ვესპუჩიმ, მშობლიური ვენეციის საპატივცემულოდ, „პატარა ვენეცია“ დაარქვა? - მსოფლიოში დაახლოებით ორასამდე სახელმწიფო არსებობს უნიკალური კულტურით, ისტორიითა და რაღა თქმა უნდა, სახელწოდებებით. ბუნებრივია, ყველა სახელმწიფოს სახელს ეტიმოლოგიური ახსნა მოეძებნება, თანაც ძალიან საინტერესო.


image


მაშ ასე, მოდით ერთად გავარკვიოთ, თუ როგორ გაჩნდა მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნის სახელწოდება და რას ნიშნავს ის.


ეგვიპტე


image



ამ სახელმწიფოს სახელი ძველმა ბერძნებმა შეარქვეს. სავარაუდოდ, იგი მიღებულია Hikuptah-ს დამახინჯებით, რაც ნიშნავს „უზენაესი ღვთაება პტახის სულის ტაძარს“. ბერძნებს მისი წარმოთქმა უჭირდათ და სიტყვა სახეშეცვლილი ფორმით — „ეგვიპტე'' დამკვიდრდა.
არაბულენოვანი სამყარო დღესაც „მისრს'' უწოდებს თავის ქვეყანას. აქედან მომდინარეობს მისი ძველქართული სახელწოდება „მისრეთი“.



ლიხტენშტეინი


image



XVIII საუკუნის დასაწყისში მიწები, რომელზეც დღეს ეს ჯუჯა-სახელმწიფო მდებარეობს, შეიძინა ავსტრიელმა თავადმა ჰანს-ადამ-ლიხტენშტეინმა. 1719 წელს შექმნილ სახელმწიფოს სწორედ მისი სახელი უწოდეს.



არგენტინა


image



1526 წელს ესპანეთის მეფის დავალებით ვენეციელი მოგზაური სებასტიან კაბოტი იკვლევდა მდინარე პარანის შესართავს. მისი აზრით, ეს მდინარე ვერცხლით მდიდარი რაიონიდან მოედინებოდა. ამიტომ მას უწოდა Río de la Plata (ესპანურად rio - „მდინარე“; plata - „ვერცხლი“), ხოლო მიმდებარე რეგიონს - La Plata. შემდეგში ეს სახელი მთელ ქვეყანაზე გავრცელდა, მაგრამ უკვე ლათინური ფორმით: argentum ლათინურად ვერცხლს ნიშნავს



ბრაზილია


image


სიტყვა „ბრაზილია“ მომდინარეობს მცენარე ბრაზილიური ხისაგან (Caesalpinia echinata, პერნამბუკის ხე), რომელიც ერთ დროს უხვად იზრდებოდა ბრაზილიის სანაპიროს გასწვრივ. პორტუგალიურ ენახზე ამ ხეს პაუ-ბრაზილი ჰქვია, სიტყვა ბრაზილი ნიშნავს „წითელი, როგორც ნაკვერჩხალი“, რაცლათინური brasa–დან (ნაკვერჩხალი) მომდინარეობს.იქიდან გამომდინარე, რომ ეს ხე დიდი რაოდენობით წითელ საღებავს გამოყოფდა, საკმაოდ მაღალი ღირებულების მქონე აღმოჩნდა ევროპული ტანსაცმლის ინდუსტრიისთვის, შესაბამისად ის ერთ–ერთი ყველაზე ადრეული კომერციულად გამოყენებადი პროდუქტი იყო ბრაზილიიდან. მე-16-ე საუკუნეში ბრაზილიის სანაპიროებზე პაუ–ბრაზილის მასობრივი გაჩეხვა დაიწყო ადგილობრივი ინდიელების მიერ, რომლებიც მას ევროპელ ვაჭრებს (ძირითადად პორტუგალიელებსა და ფრანგებს) უცვლიდნენ ევროპულ სამომხმარებლო საქონელში.

ამ მიწის ოფიციალური სახელი პორტუგალიელთა ჩანაწერებში იყო „წმინდა ჯვრის მიწა“ (Terra da Santa Cruz), მაგრამ ევროპელი ვაჭრები და მეზღვაურები მას უბრალოდ „ბრაზილიის მიწას“ (Terra do Brasil) უწოდებდნენ. ეს დასახელება თანდათანობით გავრცელდა და ბოლოს ოფიციალური სახელად იქცა. ადრეული მეზღვაურები ზოგჯერ ასევე მას ასევე მოიხსენიებენ „თუთიყუშების მიწის“ (Terra di Papaga) სახელით.



მაკედონია


image


ერთ-ერთი ძველი ვერსიის თანახმად, დასახელება წარმოდგება სახელისაგან ''მაკედონი'', რომელიც ამ ადგილებში მცხოვრები ტომის ბელადს ერქვა. უფრო თანამედროვე ვერსიით დასახელების ფუძეა სიტყვა maketia, რაც ნახირს ნიშნავს. ამ ადგილებში მოსახლეობა ოდითგანვე მისდევდა მესაქონლეობას.



მონაკო


image


სახელი წარმოდგება ძველი ბერძნული სიტყვისაგან ''მონიოკოს''- ასე ეწოდებოდა ადგილს, სადაც ბერძნული მითოლოგიის გმირი ჰერკულესი ცხოვრობდა. ''მონიოკოსი''-ჰერკულესის ბერძნული ზედმეტსახელია.



საფრანგეთი


image


ეს სახელი მომდინარეობს ფრანკების ტომებისაგან. თვით სიტყვა “ფრანკი” თავისუფალ ადამიანს ნიშნავს. ამ ტერიტორიას რომაელები გალიას უწოდებდნენ გალების კელტური ტომის მიხედვით. საფრანგეთის სახელები სხვა ენებზე: Gallia (ბერძნული), Francogallia (ლათინური), Fagguo (ჩინური), Ranska (ფინური), Tsarf (ებრაული), Valland (ძველნორვეგიული), Bro-C'hall (ბრეტონული), Perancis (ინდონეზიური).



შვეიცარია


image



ქვეყანას სახელი ეწოდა შვიცის კანტონის მიხედვით, რომელიც 1291 წელს ამ ადგილას შექმნილი პირველი გაერთიანების ბირთვი იყო.



ისლანდია


image


Ísland, ანუ ''ყინულოვანი მიწა''-ასე უწოდეს ამ კუნძულს IX საუკუნეში აქ მისულმა ნორმანებმა.



ალბანეთი


image



ალბანეთს ადგილობრივ ენაზე „შკიპერია“ ჰქვია, რაც ქართულად
„არწივების ქვეყნას“ ნიშნავს.



ბარბადოსი


image



კუნძულ ბარბადოსს სახელი ესპანელებმა უწოდეს. 1518 წელს. როდესაც მათ კუნძული დაიპყრეს, იქაურობა ლეღვის ხეებით იყო მოფენილი, რომელთა ტოტებზეც ხარობდა წვერების მსგავსი მცენარე. „ბარბადო“ კი ესპანურად წვერს ნიშნავს.



გალაპაგოსი


image



ესპანელებმა ეკვადორის არქიპელაგში მობინადრე გიგანტური კუები უნაგირს შეადარეს და ასეც უწოდეს — „გალაპაგო“, ანუ უნაგირი. კუნძულებს, სადაც ეს კუები ბინადრობდნენ, გალაპაგოსი ეწოდა.

ესპანეთი


image

სახელი ფუძეს იღებს ძველი ფინიკიური სიტყვიდან E-spaña, რაც ბევრ ბოცვერს ნიშნავს. როგორც ჩანს, მათი რაოდენობა აქ ძალზე ბევრი იყო.



კვიპროსი


image


Cyprus- სპილენძს ნიშნავს. ასე დაარქვეს კუნძულს, სადაც სპილენძის მადანს მოიპოვებდნენ ( და არა იმის გამო, რომ აქ ბევრი კვიპაროსი ხარობდა).



ვენესუელა


image


ვენესუელას სახელი ამერიგო ვესპუჩიმ დაარქვა. ამ ქვეყნის ხედები, ხიმინჯებიანი სახლები, არხები მოგზაურმა მშობლიურ ვენეციას მიამსგავსა და ამიტომ ქვეყანას „პატარა ვენეცია“, ანუ ვენესუელა უწოდა.

ნიდერლანდები


image

პირდაპირი თარგმანით Nederland ნიშნავს დაბალ მიწას, ანუ ზღვის დონიდან დაბლა მდებარეს. როგორც ჩანს, სიტყვას ჰოლანდიასაც (Holland) ასეთივე ძირი აქვს: hoi, hal (დაბლა) და land -მიწა.

ნორვეგია

image
ძველ სკანდინავიურ ენაზე სიტყვა Norðrvegr ნიშნავდა ''ჩრდილოეთის გზას''. სწორედ ამ გზით გადიოდნენ ნორმანები ჩრდილოეთის ზღვებში. თანამედროვე ნორვეგიულში იგი მიღებულია ძირებიდან northr და rike, რომლის მნიშვნელობაა "ჩრდილოეთის სამეფო"



იაპონია


image



იაპონიის სახელმწიფოს სახელი „ნიპონ“ ქართულად ითარგმნება როგორც „მზის ფესვი“, ანუ „ადგილი, სადაც მზე ცხოვრობს“. ტყუილად როდი უწოდებენ იაპონიას მეორენაირად ამომავალი მზის ქვეყანას.



უკრაინა


image



„უკრაინა“ სლავურად სასაზღვრო რეგიონს ნიშნავს, შეადარე რუსულს - „Окраина“. ამავე დროს სიტყვა „კრაინა“ უკრაინულში, ბელორუსულში, სერბო-ხორვატულში აღნიშნავს „ქვეყანას“.



იტალია


image


სახელი უკავშირდება ძველ იტალიკურ ტომებს, რომელთა ერთმა ნაწილმა, კერძოდ, ლათინებმა დაიმორჩილეს დანარჩენები და შექმნეს რომის რესპუბლიკა. სხვა ვერსიით, იგი მომდინარეობს „ხბოთა ღვთაების“ სახელისაგან (ლათინურად vituli ხბოებს ნიშნავს).



კანადა


image



მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოს, კანადის სახელი ჰურონის ტომის ინდიელთა ენიდან ითარგმნება, როგორც „დიდი სოფელი“.



კამერუნი


image


პორტუგალიელმა ფერნან დუ პომ და რუი დი სიკეირამ ქვეყანას კამერუნი იქ მობინადრე კიბორჩხალების (პორტუგალიურად Camarao) გამო უწოდეს.



ლიტვა


image



ლიეტუვა ადგილობრივ ენაზე ნიშნავს „წვიმიან ქვეყანას“, ან „წვიმიან მიწას“ — სიტყვიდან Lietus, ანუ წვიმა.

შვედეთი


image


სახელი წარმოდგება ძველი სკანდინავიური სიტყვისაგან svein. ასე ერქვა ამ ადგილებში მცხოვრებ ერთ-ერთ უძველეს ტომს. სიტყვა Rige კი სახელმწიფოს ნიშნავს.



მადეირა ( პორტუგალიის ავტონომიური რეგიონი)


image



1418 წელს პორტუგალიელმა ზღვაოსნებმა აღმოაჩინეს მიწა, რომელიც დაბურული ტყით იყო დაფარული. „მადეირა“ პორტუგალიური სიტყვაა და ტყიანს ნიშნავს.



მალტა


image


ძველმა ბერძნებმა კუნძულ მალტას „თაფლის კუნძული“ დაარქვეს („მელიტა“ — ბერძნულად ფუტკარი). თავად მალტელები კი კუნძულის „კალიფსოს“ უწოდებენ, რადგან სწამდათ, რომ სწორედ იქ ცხოვრობდა მშვენიერი ნიმფა კალიფსო, რომელიც ოდისევსს შვიდი წლის განმავლობაში იფარავდა.



სომხეთი


image


ქვეყნის სახელის სხვადასხვა ფორმები მომდინარეობს ძველსომხური ტომებისაგან - ჰაიასა, სუხმე, არმე. პირველი მათგანისგან მიღებულია სახელწოდება სომხურ ენაზე (ჰაიასტან), მეორისაგან - ქართულ ენაზე (სომხეთი), მესამისაგან - ევროპულ ენებზე (Armenia).



აზერბაიჯანი


image



ძვ. წ. IX საუკუნეში ამ ტერიტორიაზე არსებობდა რომაული პროვინცია Media Atropatena ან მოკლედ Atropatena. ასე ერქვა მას მმართველის სახელის მიხედვით. დღევანდელი სახელი Azərbaycan მიღებულია რომაული „ატროპატენას“ და არაბული „ადერბედაგანის“ ტრანსფორმაციით. სხვა ვერსიით, ქვეყნის სახელი ნიშნავს „ცეცხლის ქვეყანას“.



პანამა


image


1519 წელს ინდიელ მეთევზეთა სოფლის ადგილას დაარსდა ქალაქი პანამა. „ბევრი თევზი“- ასე ითარგმნება მისი სახელწოდება. XIX საუკუნეში ეს სახელი მთელ ქვეყანაზე გავრცელდა.



სინგაპური


image



ქალაქ-სახელმწიფო სინგაპურის სახელწოდება ითარგმნება, როგორც „ლომის ქალაქი“. ლეგენდის თანახმად, ის ინდოეთიდან გადმოსულ ახალმოსახლეებს დაუარსებიათ ზუსტად იმ ადგილას, სადაც ისინი ლომს გადაწყდომიან.



ფილიპინები


image


სახელმწიფოს სახელი უწოდა ესპანელმა ზღვაოსანმა რუი ლოპეს ვილიდოვისმა, რომელმაც 1543 წელს ამ კუნძულებს „ლას ფილიპინასი“ ესპანეთის უფლისწულის, მომავალი მეფის ფილიპე მეორის პატივსაცემად დაარქვა.



ჩინეთი


image



ევროპულ ენებში სახელი Chine, China, Cina მომდინარეობს ცინის დინასტიისაგან. თვით ჩინელები თავის ქვეყანას უწოდებენ ჭუნგუო-ს (中国), რაც „შუა სახელმწიფოს“ ნიშნავს.



კატარი


image



ეს არაბული სახელწოდებაა და ქართულად „წვიმის წყვეთს“ ნიშნავს, ეს მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში წვიმა ძალიან იშვიათად მოდის.



ყაზახეთი


image



ეს სახელი თურქულია და ქართულად სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „გლეხების მიწა“.



ავსტრალია


image


სახელი ავსტრალია წარმოსდგება ლათინური australis-იდან, რაც „სამხრეთს“ ნიშნავს. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ქვეყანა არალიტერატურულ მეტყველებაში მოიხსენიებოდა როგორც ოზი (Oz). ავსტრალიის მეზობელ ახალ ზელანდიაში და უფრო იშვიათად თვითონ ავსტრალიაშიც „ოსსი“ ასევე ერის აღსანიშნავადაც გამოიყენება.

Terra Australis Incognita-ს ანუ „უცნობი სამხრეთი მიწის“ ლეგენდები სათავეს რომის ეპოქიდან იღებენ და შუასაუკუნის გეოგრაფიის უბრალო მოვლენა იყო, მითუმეტეს ის არ ეყრდნობოდა კონტინენტის შესახებ არცერთ დოკუმენტურ ცოდნას. ევროპული აღმოჩენის შემდეგ, ავსტრალიის მიწის სახელები ხშირად უკავშირდებოდა ცნობილ Terra Australis-ს.

მეთიუ ფლინდერსი (1774-1814) იყო პირველი ევროპელი მკვლევარი, რომელმაც გარს შემოუარა კონტინენტს, აღწერა მისი სანაპირო ზოლი და თავის პუბლიკაციებში პირველად გამოიყენა ტერმინი „ავსტრალია“.



პაკისტანი

image


„პაკისტანი“ სპარსული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს „სუფთა მიწას“, ანუ „სიწმინდის ქვეყანას“. ის 1947 წელს შეიქმნა ბრიტანეთის კოლონიის — ინდოეთის დაშლის შემდეგ.



ჩეხეთი


image



წარმოდგება ძირითად მოსახლეთა ეთნონიმისაგან. ლათინური სახელი Bohemia, ისევე როგორც გერმენული Böhmen ეწოდა კელტური ტომების-ბოიების მიხედვით, რომლებიც აქ ძვ.წ. მე-2-ესაუკუნეში ცხოვრობდნენ.



ესტონეთი

image


სახელწოდება წარმოდგება აქ მცხოვრები უძველესი ესტების ტომებისაგან. ბალტიურიდან ''ესტი''-''წყალთან მცხოვრებს'' ნიშნავდა.



ფინეთი


image


სახელი შესაძლოა მომდინარეობდეს გერმანიკული Fennland-ისაგან, რაც „მოხეტიალეებს“ უნდა ნიშნავდეს, ხოლო ეროვნულ ფორმას (Suomi) უკავშირებენ ბალტიურ ძირს, რომლის მნიშვნელობაა „მიწა, ქვეყანა“.



საბერძნეთი


image


მომდინარეობს გრაიების ტომის ლათინური სახელისგან, Graeci-საგან, რომლებიც ცხოვრობდნენ იტალიაში ძვ. წ. VIII საუკუნეში. ბერძნული სახელი Ellas (Ελλάδα) წარმოსდგება hellenes-საგან. ეს არის ბერძნული ტომების საერთო სახელი, რომელიც საერთო წინაპრისაგან Helene-საგან შეიძლება მომდინარეობდეს.



დიდი ბრიტანეთი (Great Britain)

image


კელტების ერთ-ერთი ტომი, რომელთაც ბრიტებს უწოდებდნენ, ჩვენს ერამდე VIII საუკუნეში თანამედროვე ბრიტანეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ; ხოლო სახელწოდება ''ინგლისი'' წარმოიშვა გერმანული ანგლების ტომებისაგან, რომლებიც საქსებთან ერთად დასახლდნენ აქ V–VI საუკუნეში ჩვენი წელთაღრიცხვით.



უნგრეთი

image


სიტყვა ''უნგრეთი'' წარმოდგება პოლონური სიტყვიდან ''უგრები'', რომელიც გამაერთიანებელი სახელწოდებაა ხანტების, მანსების და უნგრელებისა. თავად უნგრელები თავიანთ თავს მადიარებს უწოდებენ, ხოლო ქვეყანას ''მადიარების მიწას''.



გერმანია


image


Germania, მომდინარეობს Ger, Germani, Germanus-დან, რაც გალების კელტური ტომის ენაზე „მეზობელს“ ან „ძმას“ უნდა ნიშნავდეს. გერმანულად – Deutschland, ეს სახელი უკავშირდება ძველ გერმანულ სატომო სახელს — Diutisce-ს. ფრანგულად — Allemagne, ალემანებიც ერთ-ერთი გერმანული სატომო სახელია, alle man „ყველა ადამიანს“ ნიშნავს. სლავურ ენებზე- Niemcy, Nemecko, მომდინარეობს სიტყვა „მუნჯისაგან“ ანუ მეტაფორულად გულისხმობს მათ, ვისაც „ჩვენი ენა არ ესმის“.



ირლანდია


image


ძველირლანდიური სიტყვისაგან eirinn-ანუ ''დასავლეთი მიწა''. ირლანდია ევროპის უკიდურესი დასავლეთი მხარეა.



რუსეთი


image


შესაძლოა, სახელწოდება მომდინარეობდეს შვედური სიტყვისაგან rus, რაც „მცხოვრებს“ ნიშნავს. თვით რუსული ენით ეს ტერმინი არ აიხსნება. ერთ-ერთი ვერსიით, რუსები იყვნენ შვედური ტომები, რომლებიც დაახლოებით ათასი წლის წინ გაითქვიფნენ აღმოსავლეთ სლავებში. XV საუკუნემდე ქვეყანას ერქვა Русь, შემდეგ კი ბერძნული ენის გავლენით დაერქვა «Росия». XVIII საუკუნიდან ქვეყანას Россия ეწოდება.



ვატიკანი


image


ბორცვი, რომელზეც ვატიკანი დგას, ძველთაგანვე იწოდებოდა, როგორც Vaticanus. ლათინურიდან vaticinari ნიშნავს წინასწარმეტყველებას. ძველად ეს ადგილი გამოყოფილი იყო მისნებისა და წინასწარმეტყველებისათვის.



საქართველო

image


ქვეყნის სახელწოდება „საქართველო“ მომდინარეობს „ქართ“ ძირისაგან, რაც უძველეს სატომო სახელს „ქართუ, კარდუ, ხალდუ“- ს უკავშირდება. 1918-1921 წლებში იწოდებოდა „საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკად“, ხოლო 1990-1995 წლებში — „საქართველოს რესპუბლიკად“. ქვეყნის უცხოური სახელი Georgia მიწას, მიწაათმოქმედს ნიშნავს. ლეგენდის მიხედვით, როცა არგონავტები კოლხეთის ნაპირებს მოადგნენ და მიწა დაინახეს, აღმოხდათ GEO-ანუ მიწა. აქედან წამოვიდა სახელწოდება Georgia.

ქართველი ერის ეროვნული სახელმწიფოს თვითდასახელება (ავტონიმი) ჩამოყალიბებულია ადრეულ შუა საუკუნეებში სრულიად-ქართველთა კულტურული და პოლიტიკური ერთიანობით. სახელი მომდინარეობს საქართველოს ცენტრალური რეგიონი ქართლისაგან, რომელიც კლასიკურ და ბიზანტიურ წყაროებში ცნობილია, როგორც იბერია.

საქართველოს სახელწოდება დასავლურ ქვეყნებში დამკვიდრდა, როგორც „გეორგია“, ხოლო უმეტესად სლავურ საზოგადოებებში რუსული გავლენით დამკვიდრდა სახელით „გრუზია“ ( gruzʲɪjə). როგორც დასავლური, ისევე რუსულენოვანი ეგზონიმები ეფუძნება ქართველების უძველეს სპარსულ განსაზღვრება vrkan/gurgan-ს (მგლების ქვეყანა).


11
956
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
956
  
2020, 2 ივლისი, 21:49
საპატივცემულოდ არა - პატივსაცემად!!!
2019, 11 თებერვალი, 22:32
სამწუხაროდ :)
2019, 11 თებერვალი, 15:48
ბრწყინვალე სტატიაა. სამწუხაროა, რომ ხალხს ჭორები უფრო აინტერესებს, ვიდრე საგანმანათლებლო თემები
2018, 17 აგვისტო, 8:20
მაგდენზეც რომ ავიდა, მიკვირს. აქ ხომ არც ჰოროსკოპია და არც ბომონდური ჭორები :)
2018, 17 აგვისტო, 8:19
ლალიკო, შენი შეფასება მნიშვნელოვანია ჩემთვის
2018, 17 აგვისტო, 8:14
შესანიშნავი სტატიადა .....198 ნახვა.. :-(
2018, 14 აგვისტო, 16:42
ეს მხოლოდ სტატია კი არა, ცნობარი არის. ყოჩაღ მანჩო. რაც შეეხება „გრუზიას“ , მე მგონი, ეს სახელი ,,გრუზი" (ტვირთი)-დან მოდის. საქართველო ყოველთვის დიდი ტვირთი იყო და არის რუსეთისთვის.
2018, 14 აგვისტო, 12:03
გმადლობთ :)
2018, 14 აგვისტო, 12:03
უამრავი ვერსია არსებობს სახელწოდება "გეორგიას" შესახებ და ვერ დავიწყებ მტკიცებას, რომ რომელიმე ერთია სწორი და სხვები - არა. რა თქმა უნდა, თქვენს მიერ წამოყენებული ვერსიაც მათ შორისაა.
2018, 14 აგვისტო, 10:26
შესანიშნავი სტატიაა.....
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10