x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ჰაიდელბერგცემენტი“ დედოფლისწყაროს კირქვის საბადოს გაჩერებას გეგმავს

ერთ–ერთმა უმსხვილესმა ცემენტის მწარმოებელმა კომპანია „ჰაიდელბერგცემენტმა“, შესაძლოა, რუსთავის ქარხნის ღუმელი გათიშოს, რაც გამოიწვევს დედოფლისწყაროს კირქვის საბადოზე ქვიშის მოპოვებითი სამუშაოების შეწყვეტას. შედეგად კი დედოფლისწყაროში მოქმედი ერთ–ერთი მსხვილი საწარმო გაჩერდება, რაც თავის მხრივ სამუშაო ადგილების დაკარგვას გამოიწვევს.
.
image
.
ცნობითვის: „ჰაიდელბერგცემენტი“ დედოფლისწყაროში ერთ–ერთ მსხვილ დამსაქმებლად ითვლება, რომელიც წლების მანძილზე სტაბილურად მუშაობს. „ჰაიდელბერგცემენტის“ არცთუ სასიამოვნო გეგმებზე საქართველოს ცემენტის ასოციაცია ღიად საუბრობს. გასულ კვირას ასოციაციის განცხადება საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა.
.
საქართველოს ცემენტის ასოციაცია დედოფლისწყაროს კირქვის საბადოს გაჩერების გამომწვევ მიზეზად ე.წ. დემპინგს ასახელებს. საქართველოში ცემენტის ინდუსტრია ირანის მიერ ბოლო პერიოდში ინიცირებულმა „დემპინგმა“ პირდაპირი და აშკარა საფრთხის წინაშე დააყენა. თუ ასე გაგრძელდა, საქართველოში ცემენტის წარმოება მოკვდება და მას ირანული პროდუქცია ჩაანაცვლებს. ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ირანული ცემენტის ქართულ ბაზარზე გამოჩენის შემდეგ მონოპოლიის დამყარების მცდელობის ნიშნები უკვე ჩანს.
.
საგანგაშოდ გამოიყურება სტატისტიკური მონაცემებიც. მიმდინარე წლის მაისში განხორციელებულმა ცემენტის იმპორტმა საქართველოს ბაზრის დაახლოებით 2-3% შეადგინა, ივნისში კი მაჩვენებელი - 11%-მდე გაიზარდა. თუმცა, ეს ციფრი უფრო მაღალიც იქნებოდა, ირანული ცემენტის ყველა პარტიას შესაბამისი უტყუარი წარმოშობის სერტიფიკატი რომ ჰქონოდა. თუმცა, არაერთი შემთხვევა იყო, როცა საზღვარზე შემოტანისას ცემენტის პარტიას შესაბამისი სერტიფიკატები არ აღმოაჩნდათ, რის გამოც მათი იმპორტი არ განხორციელდა.
.
საქართველოში ყოველწლიურად 2 მილიონი ტონა ცემენტის მოთხოვნილება არსებობს. ირანის ცემენტის წარმოება კი საკუთარი ბაზრის შიდა მოთხოვნას 40 მილიონი ტონით აჭარბებს. როგორც ასოციაციის განცხადებაზე თანდართული სტატიებიდან ირკვევა, ჭარბი ცემენტის სარეალიზაციოდ ირანი გეგმავს ექსპორტზე გაიტანოს მაქსიმალურად დიდი ოდენობის ცემენტი. ეს კი ძირითადად მეზობელ ქვეყნებში იგეგმება, მიზანშია საქართველოც, სადაც ირანული ცემენტის წილი ქართულ ბაზარზე დიდი სისწრაფით იზრდება.
.
გავრცელებულ განცხადებაში ამ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ცემენტის ასოციაციის პრეზიდენტი პოლ როძიანკო რეაგირებას სახელმწიფოს სთხოვს.
.
„თუ მსგავსი ტენდენცია გაგრძელდება და არ იქნება მიღებული ქმედითი ზომები, შეიძლება საქართველოში სრულიად გაქრეს ცემენტის ინდუსტრია, შესაბამის სამუშაო ადგილებთან ერთად. როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს ხელისუფლებასა და მინისტრთა კაბინეტი, ჯერ არ არის მზად გადაწყვიტოს დემპინგის საკითხი, მაგრამ გვინდა ვთხოვოთ დროულად მიიღონ მხედველობაში ის საფრთხეები, რომელებიც არსებობს.
.
ამასთან, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ჰაიდელბერგცემენტი, „საქართველოს ცემენტის ასოციაციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, უაზლოეს მომავალში აპირებს რუსთავის ქარხნის ღუმელის გათიშვას და წყვეტს მოპოვებით სამუშაოებს დედოფლისწყაროს კირქვის საბადოზე, რის გამოც იძულებულია დაითხოვოს ასობით თანამშრომელი (გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ჰაიდელბერგცემენტს პირდაპირი წესით 1, 300 თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული, მაგრამ არაპირდაპირი დასაქმების წესით ქმნის 5, 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს). ანალოგიური სცენარი განვითარდება სხვა, ცემენტის მცირე საწარმოებთან მიმართებაშიც“ - განცხადა პოლ როძიანკომ.
.
„ირანელი მწარმოებლებისთვის ზღვაში წვეთია საქართველოს ბაზრის ათვისება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ირანთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს და ტრანსპორტირება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. თანდართული სატრანსპორტო ზედნადების მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ირან-აზერბაიჯანის საზღვარზე 16 აშშ დოლარად მიწოდებული ტონა კლინკერის ღირებულებიდან გამყიდველის ქარხანაში სარეალიზაციო ფასი დაახლოებით 8 აშშ დოლარს შეადგენს. ეს არის საოცრად დაბალი ფასი, რომელსაც მშრალი ცემენტის ყველაზე მაღალტექნოლოგიური საწარმოც კი ვერ შესთავაზებს მომხმარებელს.
.
დემპინგის ამ აგრესიულმა ფორმამ შედეგად მოგვცა ის, რომ საქართველოში შემოტანილი კლინკერის ფასმა მიწოდების და დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით ტონაზე 120 ლარს მიაღწია, რაც 25-35 ლარით ნაკლებია ადგილობრივ ფასთან შედარებით. უკვე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხელმისაწვდომია ირანული შეფუთული ცემენტი, რომელის სარეალიზაციო ფასიც ადგილობრივი წარმოების შეფუთულ ცემენტთან შედარებით 30%-35%-ით ნაკლებია.
.
თუ ირანი გადაწყვეტს, რომ მყარი ვალუტის მოსაპოვებლად ნებისმიერი ხარჯით და ნებისმიერ ფასად განახორციელოს ექსპორტი, აღნიშნული ტენდენციის გაგრძელებას ხელს არაფერი შეუშლის, ირანის მიერ გაყიდული ცემენტის ფასი თავისუფლად გაუწევს კონკურენციას ნებისმიერ ადგილობრივ პროდუქტს. რა თქმა უნდა მათ აღარ ექნებათ არანაირი მოტივაცია, რომ გრძელვადიან პერიოდში გააგრძელონ საქართველოში ცემენტის მწარმოებლებისთვის კლინკერის მიყიდვა, როდესაც შეუძლიათ მაქსიმალური შემოსავალი მიიღონ უშუალოდ ცემენტის რეალიზაციით. ამგვარ სტრატეგიას კასპში ჰაიდელბერგცემენტის მიერ აშენებული ახალი, 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საწარმოც კი ვერ გაუწევს კონკურენციას და ვერც მოგებას მიიღებს. შედეგად ყველა სამუშაო ადგილი ცემენტის სექტორიდან გადაინაცვლებს ირანში, რაც მძიმე შედეგების მომტანი იქნება როგორც ქართული ეკონომიკისათვის ისე შრომის ბაზრისთვის.“ - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
1
144
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
144
  
2018, 11 აგვისტო, 0:07
ძმები ბეჟუაშვილები უკვე მავნებლობაზე და საბოტაჟზე გადავიდნენ და ესენი დოყლაპიებივით შესცქერიან...
0 1 1