x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
კანაფის ისტორია: «აღზევება», «დაცემა» და «რენესანსი»

image


1. კანაფის ისტორია კაცობრიობის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ყველაზე ძველი წერილობითი წყაროები კანაფის შესახებ, აღმოსავლეთის კულტურაში გვხვდება. მაგ., ჩინეთში, ჩვენს ერამდე 3 ათასი წლის წინ, ის მედიკამენტების სიაში შედიოდა, როგორც ტკივილგამაყუჩებელი, ხველის და ფაღარათის საუკეთესო საშუალება. ხოლო, ძვ. წ. აღრ. XV საუკუნით დათარიღებული დოკუმენტის მიხედვით, ცნობილია, რომ ჩინელი ექიმები კანაფს რევმატიული ტკივილების და პოდაგრის სამკურნალოდ იყენებდნენ.

2. ჰეროდოტეს გადმოცემით, სკვითები კანაფით განწმენდის რიტუალებს ატარებდნენ: ისინი კარავში ცეცხლს ანთებდნენ, მის ირგვლივ იკრიბებოდნენ, კოცონში ქვებს აწყობდნენ, მასზე კანაფის თესლს ყრიდნენ და «სიხარულის გამომწვევ» ორთქლს ისუნთქავდნენ (ძვ. წ. აღრ. 5-4 ს.).

ხოლო, გამოჩენილი მოგზაური მარკო პოლო, 1291 წ. ლეგენდაში «ხევის ბერზე», «ასასინების» სექტაში, ჰაშიშის კულტის არსებობის შესახებ წერდა.

3. კანაფი ძველი სამკურნალო საშუალებაა, რომელიც კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე, მედიცინაში და მაგიაში გამოიყენებოდა.

4. 1839 წელს ინგლისელმა ექიმმა და სამეფო მეცნიერებათა აკადემიის წევრმა უ. შონესმა შრომა გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარი იყო რევმატიზმის და კრუნჩხვების კანაბისით წარმატებით მკურნალობის შესახებ. იმავე პერიოდში, ევროპასა და ამერიკაში, ოფიციალური მედიცინა მკურნალობის პროცეცში, კანაფის ფოთლების და ყვავილების ნაყენს სპაზმების საწინააღმდეგო და საძილე საშუალებად იყენებდა, ხოლო კანაფის ზეთი, ანთების და ჭრილობის სამკურნალოდ გამოიყენებოდა.

5. 1840-1900 წლებში დასავლეთის სამედიცინო ლიტერატურაში 100-ზე მეტი ნაშრომი შეიქმნა კანაბისის სამკურნალო თვისებების შესახებ. 1937 წლამდე, კანაფზე დამზადებული წამლებით 100-მდე დაავადებას მკურნალობდნენ. მათ შორის: ასთმას, შაკიკს, ჰერპესს, ართრიტს, რევმატიულ ტკივილს, უძილობას და ნერვული სისტემის სხვადასხვა დაავადებებს.

6. ითვლება, რომ კანაფის ისტორია ამერიკის კონტინენტებზე XIV საუკუნიდან იწყება. როდესაც ის ესპანელებმა პერუში და ჩილეში ჩაიტანეს. თუმცა, ამ მოსაზრებას ზოგიერთი მკვლევარი არ ეთანხმება და მათი მტკიცებით, ახალი სამყაროს მკვიდრი მოსახლეობისთვის, ეს მცენარე, ევროპელების გამოჩენამდე ცნობილი იყო.

პირველი წერილობითი წყარო რომელიც კანაფს ეხება, 1619 წლით დათარიღებულ კანონში გვხვდება, ახალ ინგლისურ კოლონიაში. კერძოდ, ახალმოსახლეებს ევალებოდათ, კანაფი მოეყვანათ ყველა შესაძლებლობისთანავე და რაც შეიძლება დიდი რაოდენობით. რაც სრულიად შეესაბამებოდა ჰენრიხ VIII ტიუდორი კანონს, რომელიც ყველა ფერმერს, საკუთარი მიწის ნაკვეთის 1/6-ზე კანაფის მოყვანას ავალდებულებდა. ნაკვეთიდან მიღებული კანაფის მოსავალი სახელმწიფოსთვის უნდა ჩაებარებინათ, არმიის და ფლოტის საჭიროებისთვის.

7. XVIII საუკუნის დასაწყისიდან, მიწის მფლობელს, რომლის ნაკვეთზეც კანაფი არ ხარობდა, იჭერდნენ და პატიმრობას უსჯიდნენ. ამიტომ, აშშ-ს პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი (1789–1797 წწ.) ვიდრე გენერალი და პრეზიდენტი გახდებოდა, ფერმერი იყო და საკუთარ მამულში, თამბაქოს და ხორბალთან ერთად, კანაფიც მოჰყავდა, რომელიც, სხვათა შორის, ძირითადი შემოსავლის წყარო იყო მისთვის.

8. XIX საუკუნემდე კანაფი «შავების ბალახად» ითვლებოდა, რადგან აფროამერიკელებს თანბაქოს მოწევის უფლება არა ჰქონდათ და მხოლოდ მარიხუანას ეწეოდნენ.

9. კანაფის მოყვანა და გადამუშავება, XIX საუკუნის შუა პერიოდამდე, ძალიან საპატიო და შემოსავლიან საქმიანობად ითვლებოდა. imageimage


10. კანაფი შეუცვლელი ნედლეული იყო გემთმშენებლობაში. მისი ბოჭკოებიდან ძაფს ამზადებდნენ, რომლითაც იალქნებისთვის ქსოვილს და თოკებს ამზადებდნენ.

კანაფის ქსოვილი ძალიან გამძლე და მსუბუქი არის, რაც საიმედოობის გარანტიას წარმოადგენდა, ოკეანეში გასული გემებისთვის.

11. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, კანაფის წარმოება ნაკლებად მომგებიანი გახდა. გარდა ამისა, ის სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა ხის გადასამუშავებელ მრეწველობას და ახლად გახსნილ სინთეტიკური ბოჭკოს საამქროებს, რომლებსაც დაპატენტებული ლიცენზიები ჰქონდა.

12. ელექტროდენმა და ნავთმა იალქნები ჩაანაცვლა, ხოლო ბამბამ და იაფიანმა სინთეტიკამ, კანაფი გამოდევნა ბაზრიდან.

13. გასული საუკუნის 30-იან წლებში, კომპანია «Dupont»-მა ნავთობპროდუქტებით პლასტმასის მიღება დააპატენტა და იქიდან მოყოლებული, ნავთობიდან პლასტმასის გარდა, პოლიეთილენს, მეთანოლს და ნეილონს აწარმოებენ.

14. კანაფი აღარ აწყობდთ ქაღალდის მწარმოებლებსაც, რომლებიც ცელულოზის მისაღებად, ხე-მასალას იაფად ყიდულობდნენ (უფრო მარტივია 100 ჰექტარი ტყის ერთიანად გაკაფვა, ვიდრე ყოველწლიურად, იგივე ფართობზე, კანაფის მოყვანა).

15. ხელოვნური ბოჭკოების აღმოჩენის პარალელურად, ჯერ ამერიკაში და შემდეგ მთელს მსოფლიოში, «კანაფის გენოციდი» დაიწყო.

1930 წელს ვაშინგტონში ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტო — Drug Enforcement Agency (DEA) შეიქმნა, რომელიც ამჟამად მეტად მნიშვნელოვანი და გავლენიანი ორგანიზაციაა. იმ დროს, ახლად დაარსებულ სააგენტოში ჟურნალისტები შეკრიბეს და ნარკოტიკების შესახებ, ყველანაირი საშინელების გამოქვეყნება შესთავაზეს. პრესა მაშინვე აჭრელდა მწეველი-ვამპირების, მწეველი-მკვლელების და სხვა საშინელი ისტორიებით. ამ სახის სტატიების ავტორები რომ წაეხალისებინათ, ყველაზე კოშმარული ისტორიისთვის, პრემია დააწესეს, 100 000 $ ოდენობით, რაც იმ დროს, ნამდვილად რომ ასტრონომიული თანხა იყო.

და რა თქმა უნდა, ჟურმალისტები ყველაფერს აკეთებდნენ ამ ჯილდოს მოსაპოვებლად: წერდნენ სტატიებს გამოგონილი აკადემიკოსების და პროფესორების სახელით, რომლებშიც სიტყვაზე «მარიხუანა» აუცილებლად «მიბმული» იყო: «პროსტიტუცია», «მკვლელობა», «ძალადობა» და ა. შ.

16. «კანაფის ერის» დასასრულის თარიღად 1937 წ. ითვლება, როდესაც DEA-ს დაკვეთით და ძალისხმევით, «Marijuana Tax Act» კანონპროექტი შეიქმნა, რომელიც სამედიცინო მიზნებისთვის, კანაფის გამოყენებას კრძალავდა. ხოლო, ტექნიკური კანაფის მოყვანაზე, ყოველ კვადრატულ მეტრზე, ფერმერებს გადასახადის სახით, 50 ცენტი დაუწესდათ, რაც კანაფის მოყვანას წამგებიანს ხდიდა. პროექტი მაშინვე მიიღეს: კანაფი სახიფათო ნარკოტიკი გახდა და მარიხუანის მილიონობით მომხმარებელი, კანონის მიღების წუთიდან, კრიმინალურ ელემენტად იქცა.

შენიშვნა: მართალია, კანაფის მავნე ნარკოტიკად გამოცხადება სულ სხვა მიზეზით მოხდა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მარიხუანას ხშირი და სისტემატიური მოხმარება, ადამიანს მასზე დამოკიდებულს ხდის და დროთა განმავლობაში, ის პანიკური შიშის შეტევას, აკვიატებულ აზრების და სხვა დაავადებებს. იწვეს.


image


17. მიუხედავად აკრძალვისა, კანაფი ყველაზე პოპულარული ნარკოტიკია მსოფლიოში (მის შემადგენლობაში 60-ზე მეტი სხვადასხვა კანაბიონიდია. მათ შორის 2, – THC და CBD, 50 %-ზე მეტია.) და მისი მოხმარება ბევრ ქვეყანაში უკანონოდ ითვლება. მაგრამ, არსებობს კანაფის სახეობა, რომელიც ნარკოტიკულ ნივთიერებებს არ შეიცავს და მისი მოყვანა იმ ქვეყნებშიც დაშვებულია, სადაც მარიხუანას მოწევა კანონით ისჯება. მაგ., ჩინეთში, მოხმარება არ შეიძლება, მაგრამ ტექნიკური კანაფისთვის გამოყოფილი ფართობი ყოველწლიურად იზრდება: 2007 წ. 30 000 ჰა-ს შეადგენდა, ხოლო 2020 წლისთვის, სახელმწიფო გეგმის მიხედვით, ეს ფართობი 500 000 ჰა-მდე უნდა გაიზრდება.

მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც იზრდება კანაფის წარმოების ტემპი. დარგის ლიდერი ჩინეთის გარდა, არის კანადა, საფრანგეთი, იტალია და აშშ.

კანაფის მოყვანა დაიწყეს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებშიც. ჩინეთმა მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია ჩადო ყაზახეთის მეურნეობაში, ტექნიკური კანაფის საწარმოებლად.

ყოველწლიურად იზრდება კანაფის ნათესების ფართობი უკრაინაში და რუსეთში.

18. კანაფის ღეროების 25 % კანაფის უხეში ბოჭკოა. ის ბევრად უფრო გამძლეა, ვიდრე სელი, მაგრამ ნაკლებად ელასტიურია. მისგან, უკვე ხსენებული, იალქნებისა და თოკების გარდა, უამრავი საყოფაცხოვრებო ნივთის და ნედლეულის მიღება შეიძლება.

19. კანაფის მოყვანა რთული არ არის და მისი ზრდის ტემპების გათვალისწინებით, სეზონზე, რამდენიმე მოსავლის აღება შეიძლება. 110 დღეში მცენარე 2-3 მ-მდე იზრდება და 120 დღეში, ჰექტარზე, დაახლოებით, 12 ტ. სხვადასხვა სახის ბიომასას იძლევა. ერთ ნაკვეთზე კანაფის მოყვანა 7 წლის მანძილზე შეიძლება. ის ორგანული მიწათმოქმედების მცენარეა, რომელსაც არ ესაჭიროება პესტიციდები და უფრო მეტიც, – მიწას სასოფლო-სამეურნეო ქიმიიის მოხმარების შედეგებისგან ასუფთავებს.

20. სამრეწველო კანაფს უამრავი დადებითი თვისება გააჩნია:

კანაფს პრესავენ და მის გრანულებს და ბრიკეტებს, თბოგამძლე (დაახლოებით, 17 გჯ/ ტ.) ბიო-ქვაბებში, თბოენერგიის გამოსამუშავებლად იყენებენ.

დაპრესილი კანაფის გამოყენება სამშენებლო და სარემონტო, ასევე საყოფაცხოვრებო-სათბობი (ხსნარი და ბეტონი, ბუხრის ბრიკეტები, იატაკის ფილები...) მასალების და ნედლეულის საწარმოებლად შეიძლება. ხოლო ქიმიური დამუშავების შემდეგ, ეთანოლის, მეთანის, ასფალტის, და სხვა ნივთიერებების მიღება შეიძლება.

კანაფის ზეთი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია, რომლის გამოყენება ძრავის ასამუშავებლად შეიძლება. უკვე არსებობს მოწყობილობები, რომლებშიც დიზელი, კანაფის ზეთმა ჩაანაცვლა.

1 ჰექტარზე, კანაფის 0, 5 ტ. მარცვალი მოდის, რომელსაც კაკლის გემო და უნიკალური შემადგენლობა (უჯერი ცხიმოვანი მჟავების 9 სახეობა, ვიტამინები და მინერალები) გააჩნია.

კანაფი 3-4-ჯერ უფრო სწრაფად შთანთქავს ნახშირორჟანგს, ვიდრე ფოთლოვანი მცენარე!

კანაფის ბოჭკო 10-ჯერ უფრო მტკიცეა, ვიდრე ბამბის და მისგან დამზადებული ქსოვილი, ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე ქიმიურად დამუშავებული ბამბის ქსოვილი.

1 ჰექტარზე მოყვანილი კანაფიდან 4-ჯერ მეტი ქაღალდის მიღება შეიძლება, ვიდრე იგივე ფართობზე გაკაფილი ტყიდან. გარდა ამისა, კანაფის ქაღალდი ბუნებრივად თეთრია და ქიმური დამუშავება არ ესაჭიროება.

კანაფი იგივე რაოდენობის ცილებს შეიცავს, რასაც სოია და მასში ყველა სახის ამინო და ცხიმის მჟავები შედის, რაც ადამიანის ორგანიზმს ესაჭიროება. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში არის: ფისი, ცხიმოვანი ზეთი, ვიტამინი К, ქოლინი, შაქარი, საპონინები, ალკალოიდები, ფიტოციდები, ეთერზეთი, კაროტინი და ა. შ.

ასე, რომ, უახლოეს მომავალში, შესაძლებელია კანაფის სამზარეულოც გაჩნდეს...

image




1
410
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
410
  
2018, 17 სექტემბერი, 23:36
რა პოპულარული თემაა.. დღეს ამის მეტზე არაფერზე ლაპარაკობენ და წერენ :(
0 1 1