x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508448
ყველაზე საინტერესო დროშები მსოფლიოში


image
მართალია, ყველა ქვეყნის დროშა თავისთავად უნიკალურია, მაგრამ სტატიაში გაგაცნობთ 5 მათგანს, რომლებიც, worldatlas-ის მიხედვით, ყველაზე საინტერესოა მსოფლიოში. გაეცანით მოკლე ინფორმაციებს მათზე და გაიგეთ, რატომ.



5. ყირგიზეთი


image
1991 წლის აგვისტომდე, სანამ დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა, ყირგიზეთი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა. რამდენიმე თვის შემდეგ, 1992 წლის მარტში, ქვეყნის უმაღლესმა საბჭომ ოფიციალურად წარადგინა ახალი დროშა. დროშა წითელი ფერისაა, რაც სიმამაცის სიმბოლოა; მის ცენტრში კი ყვითელი მზეა წარმოდგენილი, რომელსაც 40 სხივი აქვს. სხივები საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებითაა დახრილი დროშის წინა მხარეს და საათის ისრის მიმართულებით - უკანა მხარეს.

თავად მზე მშვიდობისა და სიმდიდრის სიმბოლოა, 40 სხივი კი ყირგიზეთის 40 ტომს გამოხატავს, რომლებიც ქვეყნის ეროვნულმა გმირმა - მანასმა გააერთიანა მონღოლების წინააღმდეგ საბრძოლველად.


მზის შიგნით წარმოდგენილი ორნამენტი ტრადიციული ყირგიზული სახლის, იურტის ზედა ნაწილს გამოხატავს. ორ ჯგუფად წარმოდგენილი, ერთმანეთის გადამკვეთი სამი ხაზი კი ოჯახურ სახლზე მიუთითებს.



4. ლიბანი


image
1920 წლიდან 1943 წლამდე ლიბანის სახელმწიფო ერთა ლიგაში საფრანგეთის მანდატი იყო. ჰენრი ფარაონმა, ლიბანელმა პოლიტიკოსმა და ბიზნესმენმა, ჯერ კიდევ ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე დახატა მისი დროშა. ის ოფიციალურად 1943 წლის 7 დეკემბერს, პარლამენტის სხდომაზე აღიარეს; ამ დროს მიიღეს კონსტიტუციაც.

დროშის უკანა ფონზე ჰორიზონტალურ ხაზებადაა წარმოდგენილი წითელი, თეთრი და წითელი ფერები. ზოგი თეორიის მიხედვით, ფარაონმა ავსტრიის დროშას მიბაძა, სხვები კი მიიჩნევენ, რომ წითელი ზოლები ლიბანელი ხალხის სამშობლოსთვის დაღვრილ სისხლს გამოხატავს, თეთრი კი სისუფთავს და სიწმინდეს ნიშნავს.

დროშის ცენტრში მწვანე კედარია დახატული, რომელიც სიმშვიდისა და სიწმინდის სიმბოლოა და ბიბლიაში ბევრგანაა ნახსენები. ეს ასევე იმ ფაქტსაც უსვამს ხაზს, რომ ლიბანს ხშირად მოიხსენიებენ კედრების ქვეყანად.


3. შვეიცარია


image
ნაპოლეონის ომების დროს შვეიცარელმა გენერალმა, ნიკალუს ფრანც ფონ ბახმანმა, თავის ლაშქრობებში წითელ ფონზე გამოხატული თეთრი ჯვარი გამოიყენა. 1814 წელს კი შვეიცარიის კონფედერაციამ ეს დროშა წარადგინა. ათწლეულების მანძილზე დროშის დიზაინმა დიდი პოპულარობა მოიპოვა კერძო ორგანიზაციებსა და სამხედროებში და 1840 წელს გენერალმა გუილაუმე-ჰენრი დუფოურმა წამოაყენა წინადადება, ყველა სამხედრო ძალას გამოეყენებინა ეს დროშა. სხადასხვა დროს დროშას სხვადასხვაგვარი წარწერები და დეტალები ჰქონდა დატანილი.

1889 წელს ეს დროშა ოფიციალურად აღიარა შვეიცარიამ ეროვნულად. ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და უცვლელი დროშის დიზაინია მსოფლიოში. ასევე, ორიდან ერთ-ერთია სუვერენული ქვეყნების დროშათაგან, რომელსაც კვადრატული ფორმა აქვს – მეორე ვატიკანის დროშაა.




2. ბუტანი


image
ბუტანის დროშის პირველი დიზაინი 1947 წელს შექმნა მაიუმ ჩოინგ უანგმომ, მეფე ჯიგმ უანგჩუკის მოთხოვნის საფუძველზე. თუმცა, დროშა საჯაროდ პირველად მხოლოდ ორი წლის შემდეგ, ინდო-ბუტანის ზავზე ხელის მოწერის შემდეგ გამოჩნდა. ბუტანის დროშა 1956 და 1969 წლებში კიდევ შეცვალეს, მაგრამ ძირითადი დიზაინი უცვლელი დარჩა.

დროშის ფონი დიაგონალზე ორადაა გაყოფილი, ზედა ნაწილი ყვითელია, ქვედა კი - ნარინჯისფერი. ყვითელი სამოქალაქო მემკვიდრეობასა და მეფის ძალაუფლებას აღნიშნავს, ნარინჯისფერი კი, ქვეყნის ბუდისტურ ტრადიციებს გამოხატავს.

დროშის ცენტრში გამოსახულია დრუკი, ასევე ცნობილი, როგორც ჭექა-ქუხილის დრაკონი, რომელიც თანაბრადაა დაკლაკნილი ორ ფერს შორის, რაც დროშის ორივე ნაწილის თანაბარ მნიშვნელობაზე მეტყველებს. თავად დრუკი თეთრი ფერისაა, რაც ბუტანელი ხალხის უბრალოებასა და სიწმინდეს გამოხატავს. სამკაულები, რომლებიც დრუკს უჭირავს, როგორც ბუტანის სიმდიდრეზე, ასევე მისი ხალხის უსაფრთხოებაზე მიუთითებს.



1. სომალი


image
ის, რაც დღეს სომალია, 1950-დან 1960 წლამდე სომალილანდის სამეურვეო ტერიტორია იყო, რომელსაც იტალია მართავდა. 1954 წელს სომალის შრომის პროფკავშირმა მეცნიერსა და მკვლევარს, მოჰამედ ავალე ლიბანს სთხოვა, დროშის დიზაინი შეექმნა. ეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მომზადებას ნიშნავდა. ამის შემდეგ დროშა სომალის რესპუბლიკის ოფიციალურ დროშად გამოიყენებოდა, რაც სომალილანდის სამეურვეო ტერიტორიასა და ბრიტანულ სომალილანდს მოიცავდა.

დროშის ფონი ცისფერია, რაც თავდაპირველად გაეროს ქვეყნისთვის გაწეულ როლზე მიუთითებდა, მაგრამ ახლა ის ინდოეთის ოკეანესა და ცას გამოხატავს.

დროშის ცენტრში თეთრი ხუთწვერიანი ერთიანობის ვარსკვლავია გამოსახული. ხუთი წვერი იმ ხუთ ადგილზე მიუთითებს, სადაც, ტრადიციულად, სომალელები ცხოვრობდნენ: ჯიბუტი, სომალილანდი, სამხრეთ სომალი, ეთიოპიის ოგადენის რეგიონი და კენიის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინცია.



ბონუსი: საქართველოს დროშა


საქართველოს ამჟამინდელი დროშა ძალაში 2004 წლის 14 იანვრიდან შევიდა. საქართველოს სახელმწიფო დროშა არის მართკუთხა თეთრი ფერის ქსოვილი, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა წითელი ფერის დიდი ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავებით გამოყოფილ ოთხკუთხედებში გამოსახულია ოთხი იმავე ფერის, ბოლნურ-კაცხური ჯვარი.

საქართველოს დროშაზე მოცემული გამოსახულება, თეთრ ფონზე ერთი სწორკუთხა ჯვარი, კუთხეებში ოთხი მცირე ჯვრით — ზოგადქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც მაცხოვარსა და ოთხ მახარობელს განასახიერებს.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება 14 იანვარს.

image

0
773
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:_K_
_K_
773
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0