x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
შეიძლებოდა თუ არა 2008 წელს ომის თავიდან არიდება და მართებული იყო თუ არა ჩვენი არმიის ჩართვა საომარ მოქმედებებში

image 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომი არ ყოფილა სპონტანურად მომხდარი ომი. რუსეთი წლების მანძილზე ამზადებდა ნიადაგს სამაჩაბლოს ოკუპაციისათვის.
ქართულ სამშვიდობო კონტიგენტს არ ეძლეოდა უფლება მთელი რიგი ტერიტორიების გასაკონტროლებლად.
ოსი სეპარატისტები რუსი "დამქაშების" წაქეზებული და შეგულიანებულები, ხშირად არღვევდნენ სამშვიდობო შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტაზე.
რუსეთის სპეცსამსახურების ხელდასხმით და ხელშეწყობით ჯავა, რომელიც სამშვიდობო ზონის მიღმა იყო, გაივსო რუსეთიდან შემოსული ჯავშანტექნიკით და არტილერიით, რასაც ქართული სპეცსამსახურების სადაზვერვო მონაცემებიც ადასტურებდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო განცხადებების მიუხედავად, უკონტროლო ჯავაში კაზაკების და ჩრდილოეთკავკასიელი "ბოევიკების" მომზადება მიმდინარეობდა რუსი ინსტრუქტორების მიერ.
გარდა ამისა, სეპარატისტული რეჟიმის ყველა ძალოვან უწყებაში დაინიშნნენ პროფესიონალი სამხედროები და რუსული სპეცსამსახურების მაღალჩინოსნები.
ომის დაწყების პერიოდისათვის სეპარატისტული რეჟიმის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები გახლდნენ შემდეგი ადამიანები: თავდაცვის მინისტრი იყო გენერალ-ლეიტენანტი ვასილი ლუნევი - ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის აკადემიის კურსდამთავრებული, რომელსაც ადრე ციმბირის სამხედრო ოლქის ჯარების მეთაურის მოადგილის პოსტი ეკავა.
ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი და რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი იყო გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი ბარანკევიჩი - შორეული აღმოსავლეთიდან, რომელიც ადრე ციმბირის სამხედრო ოლქში, ვოლგისპირეთისა და ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქებში მსახურობდა.
ე.წ. შს მინისტრი - გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინზაევი, ადრე „ფსბ“-ს სპეცრაზმში და ჩრდილოეთ ოსეთის შსს-ს შტაბის უფროსის მოადგილედ მსახურობდა.
ე.წ. რესპუბლკური „კგბ“-ს თავმჯდომარე ბორის ატოევი, მანამდე, მოსკოვში, „ფსბ“-ს ცენტრალურ აპარატში და ყაბარდო-ბალყარეთის „ფსბ“-ს უფროსად მუშაობდა.
წარმოუდგენელია, ვინმემ დაიჯეროს, რომ ამ გენერლების დანიშვნას შემთხვევითი ხასიათი ჰქონდა, ეს ხალხი რუსეთის მიერ იყო შერჩეული რუსული გეგმის მოსამზადებლად და შესასრულებლად.
მიუხედავად ქართული მხარის სურვილისა, შეემცირებინა მოლაპარაკებებით "ტემპერატურა" სეპარატისტულ წარმონაქმნში, მოლაპარაკებები მუდმივად ჩიხში შედიოდა სეპარატისტების და რუსული მხარის მიერ შეხვედრების ჩაშლის გამო.
ასევე იყო 2008 წლის აგვისტოს პირველ დღეებში, როცა ოსმა სეპარატისტებმა ქართული სოფლების მსხვილკალიბრიანი ნაღმსატყორცნებით დაბომბვა დაიწყეს.
ქართული დაზვერვის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის 58-ე არმია ფართომასშტაბიან წვრთვნებს ატარებდა.
2008 წლის 5-6-7 რიცხვებში უკვე ინტენსიურად იბომბებოდა ქართული სოფლები ლიახვის ხეობაში.
მიუხედავად ქართული მხარის მიერ გამოჩენილი ინიციატივისა, მომხდარიყო შეხვედრა ცხინვალში ქართულ, რუსულ, სეპარატისტულ და ჩრდილო ოსეთის სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელების და დიპლომატების მონაწილეობით, ეს შეხვედრა ბანალური მიზეზით ჩაშალეს რუსებმა - რუსეთის სპეციალური წარმომადგენლის მანქანას "საბურავი დაეშვა" და ამის გამო ვერ მოახერხა შეხვედრაზე მისვლა.
ქართული მხარის წარმომადგენლები ისე გამოვიდნენ ცხინვალიდან, რაიმე კონკრეტული შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.
7 რიცხვში კი სეპარატისტების მხრიდან ქართული სოფლების მასიური დაბომბვა დაიწყო არტილერიით. ქართულ სამშვიდობო ძალებს აუფეთქეს ქვეითთა საბრძოლო მანქანა, დაიჭრა ოთხი მებრძოლი, მოგვიანებით ორი მებრძოლი ჭრილობების გამო გარდაიცვალა.
ქართულ სამხედრო დანაყოფებში გამოცხადდა საბრძოლო განგაში.
"ჩვენს დანაყოფში განგაშის გამოცხადებისთანავე მეთაური შემოვიდა და გვითხრა: ბიჭებო, ომი დაიწყო, მოემზადეთ, გავდივართ!
არც შიში, არც დაძაბულობა არ ეტყობოდა მეთაურს.
რამდენიმე წუთში დანაყოფი უკვე სრული საბრძოლო ეკიპირებით იდგა მწყობრში, სათითაოდ ჩამოგვიარა მეთაურმა და მოკლე წინადადება წარმოთქვა: შვილებო, ომია და შეიძლება ყველა ვერ დავბრუნდეთ, მაგრამ ვეცადოთ, ბოლომდე კაცებად დავრჩეთ"!
მიუხედავად პრეზიდენტის მიერ შეთავაზებისა, ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, სეპარატისტებს საარტილერიო ცეცხლი არ შეუწყვეტიათ, ცეცხლის მიმართულება ქართული პოზიციების მიმართ ნათელს ხდიდა, რომ სეპარატისტების საარტილერიო ცეცხლის კორექტირებას რუსი სამშვიდობოები ახდენდნენ.
დაზვერვის ინფორმაციით და რადიო საუბრების "ჩაჭერით" 58-ე არმიის ოფიცრებსა და ოს სეპარატისტებს შორის აშკარა გახდა, რომ როკის გვირაბიდან ნაწილობრივ უკვე გამოსული იყო რუსული ჯავშანტექნიკა და მსხვილკალიბრიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარები.
ქართულ მხარეს სხვა გამოსავალი უკვე არ რჩებოდა აგრესიის შესაჩერებლად გარდა, საომარი მოქმედებებისა.
პრეზიდენტის ბრძანებით, ქართულმა შენაერთებმა სწრაფი ტემპით დაიწყეს საბრძოლო პოზიციებზე გასვლა, არტილერიამ დაიკავა საცეცხლე პოზიციები.
გორის ცალკეულმა სატანკო ბატალიონმა ნიქოზის გავლით მეოთხე ბრიგადის მხარდაჭერით დაიწყო ცხინვალის შტურმი, ხეთაგუროვო ქართულმა დანაყოფებმა მძლავრი შეტევით აიღეს, სადაც იმყოფებოდა სეპარატისტების ე.წ მოხალისეთა ბატალიონი.
სამწუხაროდ, დაშვებულ იქნა სტრატეგიული შეცდომა:
1. არ იქნა დამტკიცებული პოლიტიკოსების ჩარევის შედეგად სახმელეთო ძალების სარდლის გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა ცხინვალის ირგვლივ სიმაღლეების დაკავებას და ცხინვალის ალყაში მოქცევას, რაც გამორიცხავდა რუს სამშვიდობო ძალებთან საბრძოლო შეტაკებას. აღნიშნული გეგმის თანახმად, ქართულ არმიას და შსს-ს ქვედანაყოფებს ავიაციის დახმარებით შეტევა უნდა განეხორციელებინა გუფთა-ჯავა-როკის მიმართულებით, რაც შეაფერხებდა რუსული არმიის ქვედანაყოფების გაშლას.
2. არ იქნა ევაკუირებული მოსახლეობა, რამაც ხელი შეგვიშალა საინჟინრო დანაყოფებს, მოწინააღმდეგის შეტევის ხაზზე შეგვექმნა ნაღმური ველები, რაც მნიშვნელოვნად დააზარალებდა რუსულ ჯავშანტექნიკას და ცოცხალ ძალას.
თუ 8-აგვისტოს ქართული დანაყოფების მხარეს იყო სრული უპირატესობა, 9-ში უკვე ბრძოლის სასწორი ხან ერთ, ხან მეორე მხარეს გადაიხრებოდა.
ღამის ბრძოლებში "სიმ1" ღამის ხედვით და თბოვიზორებით აღჭურვილი ქართული ტანკები ჯაბნიდნენ მოწინააღმდეგეს, დღისით რუსული ავიაციის დახმარებით ქართული დანაყოფები განიცდიდნენ დანაკარგებს.
შედარებით დიდი დანაკარგი განიცადა მეოთხე ბრიგადამ ე.წ "მუხის კორომში", სადაც ქართული დანაყოფები დაიბომბა რუსული მოიერიშე "სუ 25" და საფრონტო ბომბდამშენებით "სუ24".
საერთო ჯამში, ცხინვალში განცდილი დანაკარგების გამო გორის ცალკეული სატანკო ბატალიონი და მისი მხარდამჭერი ქვეითი დანაყოფები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ, რუსებმა გადმოსხეს დივერსიული ჯგუფები.
ქართულ დანაყოფთან მოულოდნელი შეტაკებისას მძიმედ დაიჭრა 58-ე არმიის სარდალი, გენერალი ხრულიოვი, ხოლო მისი საშტაბო კოლონა ჯავშანტექნიკასთან ერთად თითქმის მთლიანად იქნა განადგურებული.
ცაში გაბატონებულმა რუსულმა ავიაციამ მძიმე დანაკარგების მიუხედავად შეძლო გარდატეხა მოეხდინა ბრძოლის მსვლელობაში და ხუთდღიანი ბრძოლის შემდეგ ქართულმა დანაყოფებმა ჯერ გორის, ხოლო შემდეგ კი თბილისის მიმართულებით მოახდინეს გადაადგილება.
ქალაქი გორი უმოწყალოდ დაიბომბა რუსების ავიაციის მიერ, გორის სამხედრო ბაზაზე ბომბების ჩამოყრის შედეგად ოცამდე მებრძოლი დაიღუპა.
ქალაქის ცენტრს რუსებმა ესროლეს ტაქტიკურ ოპერატიული რაკეტებიც, რა დროსაც ჰოლანდიელი ჟურნალისტი დაიღუპა.
პარალელურად დაიბომბა ფოთი და კოდორის ხეობა.
სამეგრელოში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულმა რუსული არმიის დანაყოფებმა მასიურად დაიწყეს მოროდიორობა ისევე, როგორც ოკუპირებული სამაჩაბლოს მთელ ტერიტორიაზე.
მასიურად გაიძარცვა და გადაწვეს ქართული სოფლები, დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში.
imageimageimageimage შეგნებულად არ ვდებ ჩემს პირად არქივში არსებულ ფოტო და ვიდეო მასალას, რადგან იმდენად მძიმე სანახავია, მე კი არ მინდა შვილებდაღუპულ მშობლებს მათი შვილების საშინელი კადრებით ტკივილი და სულიერი ტანჯვა განვუახლო.




0
414
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
414
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0