x
image
მანჩო 777
"წვიმის კაცი" - დასტინ ჰოფმანი 81 წლისაა
"წვიმის კაცი", "კრამერი კრამერის წინააღმდეგ", "ტუტსი", "მთვარის შუქი", "მძინარენი" - აბა ვინ გაგახსენდათ ამ ფილმების ჩამოთვლისას? - დიახ, რა თქმა უნდა, დასტინ ჰოფმანი - უნიჭიერესი მსახიობი, ორგზის ამერიკის კინოაკადემიის ''ოსკარის'' და ექვსგზის ''ოქროს გლობუსის'' მფლობელი, სამგზის ''ემის'' პრემიის ლაურეატი და უბრალოდ, შესანიშნავი ადამიანი და პიროვნება. დღეს, 8 აგვისტოს მას 81 წელი შეუსრულდა. სიმართლე გითხრათ, არც კი მჯერა, რომ ჰოფმანმა უკვე 80-ს გადააბიჯა, მაგრამ რას ვიზამთ? - წლები გარბიან და არად დაგიდევენ, უბრალო მოკვდავი ხარ თუ ყველასათვის საყვარელი, ცნობილი მსახიობი.



image



1937 წლის 8 აგვისტოს, ლოს ანჟელესში, ჯაზის პიანისტ ლილიან გოლდისა და ჰარი ჰოფმანის ოჯახში (პროფესია იმდენი შეიცვალა, რომ ერთ რომელიმეს ვერც გამოვყოფ) დაიბადა ვაჟი, რომელსაც დედამ დასტინი დაარქვა, მისი საყვარელი მსხიობის, დასტინ ფარნუმის საპატივცემულოდ.
პატარა დასტინი თანატოლებისგან იმით გამოირჩეოდა, რომ ჩამორჩებოდა მათ განვითარებაში და 3 წლის ასაკში ჯერ კიდევ ვერ ლაპარაკობდა; სკოლაშიც მისი მიღწევები, რბილად რომ ვთქვათ, საშუალო იყო. ალბათ განგების წყალობით გახდა დასტინი ცნობილი. სხვა შემთხვევაში მისი სახელი მხოლოდ ბარბარა სტრეიზანდთან თუ გაიჟღერებდა, რომელიც მისი კლასელი იყო.

თავიდან ჰოფმანმა გადაწყვიტა პიანისტობა და ჩააბარა ლოს-ანჟელესის კონსერვატორიში, შემდეგ გადავიდა სასწავლებლად ნიუ-იორკის დრამატული ხელოვნების სამსახიობო სტუდიაში, პარალელურად კი მუშაობდა, თავი რომ ერჩინა. ის დღემდე სიცილით იხსენებს, რომ ძალიან უყვარდა ჭამა, რისთვისაც გააგდეს რესტორნიდან, სადაც ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა... და ჭამის გამო ხშირად უწევდა შესვენება.




imageფოტოზე: დასტინ ჰოფმანი 1968 წელს



დასტინის პირველი სპექტაკლის რეჟისორმა ჰოფმანს უთხრა - „ახალგაზრდავ, არის შენში რაღაცა განსაკუთრებული, მაგრამ მაყურებელმა ეს რომ გაიგოს, დრო უნდა გავიდესო... მე ვფიქრობ, რომ ეს მოხდება, როდესაც შენ 30 წლის გახდები''. სავარაუდოდ, ის რეჟისორი ან წინასწარმეტყველი იყო ან ნამდვილი პროფესიონალი... დასტინს ზუსტად 30 წელი შეუსრულდა, როდესაც ითამაშა 20 წლის ახალგაზრდა ფილმში „კურსდამთავრებული“... საინტერესოა, რომ სინჯები ამ როლისთვის გაიარეს რობერტ რედფორდმა და უორენ ბიტიმ, რადგანაც სცენარის მიხედვით, მთავარი გმირი, ბენჟამინ ბრედოკი უნდა ყოფილიყო მაღალი, სპორტული აღნაგობის და თანაც, ქერა... აბა მითხარით, რომელ ერთ პირობას აკმაყოფილებს დასტინი? მხოლოდ ერთს - დასტინ ჰოფმანია და როცა უნდა მაღალია, როცა სჭირდება – ქერა; ძალიან თუ ეცადა, მომხიბვლელი ტუტსის როლიც კი კარგად გამოსდის...



imageფოტოზე: კადრი ფილმიდან "ტუტსი"



პირველი ფილმის გადაღების დაწყებამდე დასტინს მეტად უსიმოვნო რამ შეემთხვა. მან სპექტაკლში მთავარი როლი მიიღო, რაც რეალურ შანსს აძლევდა, პროფესიაში საკუთარი თავი გამოეცადა. დასტინის იმდროინდელმა მეგობარმა ქალმა ამ ფაქტის აღსანიშნავად სადილი მოაწყო.

მშვენიერი დღე იყო. სამზარეულოში ხორცის შესაწვავად ზეთით სავსე უზარმაზარი ქვაბი თუხთუხებდა, მაგრამ რაც ამის შემდეგ მოხდა, მსახიობს დღემდე ბუნდოვნად ახსოვს. აფეთქება, ყვირილი, ცეცხლმოკიდებული კედლები და აალებული ქვაბი... ირგვლივ ყველაფერი იწვოდა.
დასტინმა მეგობარი გოგონა და მისი ამხანაგი ოთახიდან გამოაგდო და ქვაბს ხელი სტაცა, რათა ზეთი ქუჩაში გადაესხა. სამწუხაროდ, ფანჯარა დაკეტილი აღმოჩნდა. სანამ გავარვარებული ქვაბით მდგარი მსახიობი ფანჯრის გაღებას ცდილობდა, მდუღარე ზეთი ტანზე გადაესხა და ცეცხლი მთელ სხეულზე მოედო. დასტინი დერეფანში გაიქცა და იატაკზე დავარდა, რომ ცეცხლი ჩაექრო.
მესამე ხარისხის დამწვრობის მიუხედავად, რეპეტიციები რომ არ გაეცდინა, დასტინი საავადმყოფოდან წამოვიდა. ერთი კვირა რეპეტიციებზე დოლბანდებში გადახვეულმა იარა და როლზე მუშაობაში ხელი რომ არ შეშლოდა, ტკივილგამაყუჩებლების დალევაზეც უარი თქვა.
მორიგ გადახვევაზე ექიმმა თავი ვერ შეიკავა და აყვირდა: სულ გაგიჟდით? თქვენ სასწრაფო ოპერაცია გჭირდებათ, თორემ სიცოცხლეს დაემშვიდობებით. ოპერაციის წინაღამეს ყინულიან ზეწრებში გახვეული მსახიობი ხმამაღლა ეკამათებოდა ღმერთს: „ოც წელზე მეტია, თავი უიღბლო და წარუმატებელ ადამიანად მიმაჩნდა. სკოლიდან და კოლეჯიდან გამომრიცხეს და ყველაზე ცუდ სამსახურშიც კი არ მიღებდნენ. ახლა, როცა ყველაფერი გამოსწორებისკენ მიდის, ყველაფრის წართმევა მომინდომე? -ასე არ გამოვა. ამისთვის მზად არ ვარ“.

ექიმები ჰოფმანის გადარჩენას არ ვარაუდობდნენ. წლების შემდეგ მკურნალმა ექიმმა მას აჩვენა სამედიცინო ბარათი, რომელშიც გარკვევით ეწერა: „ვერ იცოცხლებს“, მაგრამ მან შეძლო და ლამის მორგამდე მისული, უკან დაბრუნდა.
''ეს ჩემთვის გაკვეთილი იყო, - ამბობდა მსახიობი მოგვიანებით, - მე ღმერთს შევურიგდი და დავპირდი, რომ ცხოვრებას, როგორც მოცემულობას, არასოდეს მივიღებ. დავიფიცე, რომ ყოველ წუთს შინაარსიანად გავატარებ, თუმცა, საავადმყოფოდან გამოწერიდან მეორე კვირას შევნიშნე, რომ პირობა დავარღვიე. ალბათ, ეს ადამიანური ყოფის ყველაზე საშინელი ასპექტია, როცა იცი, რომ სიცოცხლის დრო განსაზღვრული გაქვს და ამ დროს მაინც სისულელეებზე ხარჯავ. ისე ცხოვრება, რომ უაზროდ წუთიც არ დაკარგო, უბრალოდ, შეუძლებელია“.



imageკადრი ფილმიდან: "კრამერი კრამერის წინააღმდეგ"




თავისი პირველი „ოსკარი“ ჰოფმანმა მიიღო ფილმისთვის „ კრამერი კრამერის“ წინააღმდეგ. თავად ამბობს, რომე ეს როლი დაემთხვა მის ძალიან მტკივნეულ დაშორებას პირველ მეუღლესთან და ამიტომაც მისი გმირი ასეთი ბუნებრივი და სევდიანი გამოდგა.
დასტინ ჰოფმანი აღნიშნავს, რომ მას ყველა ტკივილისგან იუმორის გრძნობა იცავს და ხშირად ახლობლებსაც ძალიან ამხიარულებს. ასევე აფასებს სხვისი იუმორის გრძნობასაც, რაც, „ხუმარა ადამიანებისთვის“ ხშირად არაა დამახასიათებელი.



imageფოტოზე: კადრი ფილმიდან "მარათონელი"



მსახიობს ძალიან უყვარს ერთი ისტორიის მოყოლა, რომელიც მოხდა გადასაღებ მოედანზე, სადაც ჰოფმანი პარტნიორობას უწევდა დიდ ლორენს ოლივიეს და თამაშობდა მაწანწალას როლს. ის მოედნის გარეთაც საეჭვოდ ჩაცმული და „დასაბანი“ დადიოდა. ბოლოს, დახვეწილ სერ ოლივიეს ეს მოჰბეზრდა და შეეკითხა ჰოფმანს : „ რატომ დადიხართ სულ ამ გასარეცხ ტანსაცმელში?“ ჰოფმანი გაილექსა და 15 წუთიანი ლექცია წაიკითხა როლში შეჭრის თაობაზე... რომ ამისთვის მას უნდა ეცვას ისე, როგორც მის გმირს, უნდა დადიოდეს იგივე ადგილებში, გრძნობდეს იგივე განცდებს... როცა კმაყოფილმა ჰოფმანმა სიტყვა დაასრულა, ოლივიე შეეკითხა - „და თამაში არ გიცდიათ?"



imageფოტოზე: კადრი ფილმიდან "გმირი"



გაბედულად შემიძლია ვთქვა, რომ დასტინ ჰოფმანის თითქმის ყველა ფილმი მაქვს ნანახი და ვთვლი მას ერთ-ერთ უდიდეს მსახიობად. განსაკუთრებით მიყვარს ის ფილმებში „კრამერი კრამერის წინააღმდეგ’' და „გმირი''. მისი „ტუტსი“ ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებს, მაგრამ, როგორც ყველა მსახიობს, დასტინსაც აქვს ერთი როლი, რომლის გულისთვის მთელი შემოქმედება კი არა, ცხოვრება ღირდა. ეს, რა თქმა, უნდა რეიმონდია „წვიმის კაციდან“...
სხვათაშორის, ეს როლი პირველად შესთავაზეს ჯეკ ნიკოლსონს და მან როლზე უარი განაცხადა. უდიდეს პატივს ვცემ ნიკოლსონს, მაგრამ მაინც მგონია, რომ დასტინ ჰოფმანზე უკეთესი რეიმონდი ვერავინ იქნებოდა...



imageკადრი ფილმიდან "წვიმის კაცი"



აქაც საინტერესო ინტრიგას ჰქონდა ადგილი – ჰოფმანს უნდა ეთამაშა ჩარლ ბებიტი, მაგრამ შემთხვევით ტელევიზორში ნახა აუტისტი გენიოსის, ლესლი ლიამკეს გამოსვლა, რომელიც დაავადებული იყო ცერებრალური დამბლით, მაგრამ მეხსიერების წყალობით უშეცდომოდ უკრავდა ურთულეს ნაწარმოებებს.
ამის შემდეგ ჰოფმანმა გადაწყვიტა, ეთამაშა რეიმონდი.
ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ ამ ფილმს ჰყავს კონკრეტული პროტოტიპი – კიმ პიკი, რომელსაც ახლობლებმა მეტსახელად შეარქვეს კიმ-პიუტერი (კომპიუტერის ანალოგიით), რადგან ის მიღებული ინფორმაციის 98%-ს იმახსოვრებდა.





კიმ პიკის ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროებს შორის კავშირი იყო დარღვეული, ამიტომ მან სიარული მხოლოდ 4 წლის ასაკში ისწავლა. ცხოვრების ბოლომდე უჭირდა ელემენტარული, ყოფითი პროცედურების ჩატარება, მაგალითად, ღილების შეკვრა ან ზონრებით ბაფთის გამონასკვა, სიარულიც უცნაური ჰქონდა, სამაგიეროდ, კიმმა კითხვა 16 თვისამ ისწავლა. 3 წლისა თავისუფლად კითხულობდა გაზეთებს და დამოუკიდებლად სარგებლობდა უცხო სიტყვების განმარტებითი ლექსიკონით. 7 წლის კიმმა ზეპირად იცოდა ბიბლია, 18 წლისამ კი — შექსპირის ყველა ნაწარმოები.
სპეციალისტების შეფასებით, რჩებოდა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ის წიგნების სკანირებას ახდენდა და ეს ინფორმაცია მუდმივად რჩებოდა მის მეხსიერებაში.


კიმ პიკმა ზეპირად იცოდა აშშ-ისა და კანადის ყველა გზის მარშრუტი, ყველა ქალაქის გეგმა, 12 ათასი ნაწარმოები, ყველა ისტორიული მოვლენა. მის მეხსიერებაში იყო შენახული 2 ათასი წლის კალენდარი ყველა მოვლენით — თარიღებისა და მისი მონაწილეების ჩათვლით.
კიმი ყველაზე სქელი წიგნის წაკითხვას, მაქსიმუმ, 20 წუთის განმავლობაში ახერხებდა და, რაც მთავარია, ამ ინფორმაციის ნებისმიერ დროს გახსენება შეეძლო.
50 წლის კიმ პიკი დაინტერესდა მუსიკით. წაიკითხა შესაბამისი ლიტერატურა და დამოუკიდებლად დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრა. უკრავდა ნოტების გარეშე, მეხსიერებით და თანაც, შეეძლო ნებისმიერი საკრავის პარტიების გადატანა ფორტეპიანოზე.
მეცნიერების შეფასებით, კიმს გააჩნდა შეუზღუდავი ინტელექტუალური შესაძლებლობები.



image



1984 წელს, არლინგტონში გამართულ ეროვნულ კონფერენციაზე, რომელიც ეხებოდა ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამინების ფენომენის შესწავლას, 33 წლის კიმმა გაიცნო მწერალი ბარი მეროუ, რომელიც აღფრთოვანდა კიმის შესაძლებლობებით და მასზე წიგნის დაწერა შესთავაზა. კიმის მამამ ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა, რადგან არ სურდა, რომ მისი შვილი სარეკლამო და გასართობი შოუების მონაწილე გამხდარიყო, მაგრამ ბარი მეროუზე კიმმა იმდენად ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა, რომ მან მაინც დაწერა სცენარი მომავალი ფილმისთვის „წვიმის კაცი“. თუმცა ამ სცენარში ბევრი რამ გამოგონილია, მაგალითად, კაზინოს ეპიზოდი. ბარი ემუდარებოდა კიმს, კაზინოში გაჰყოლოდა, მაგრამ კიმისთვის ეს არაეთიკური და სრულიად მიუღებელი საქციელი იყო.
ფილმის წარმატებამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. 1989 წელს ფილმმა მიიღო ოთხი ოსკარი, ორი „ოქროს გლობუსი“, ბერლინის კინოფესტივალის გრან-პრი და დავიდ დონატელოს ორი პრემია. თანაც, ჯილდოების უდიდესი ნაწილი წილად ხვდა დასტინ ჰოფმანს რეიმონდის, ანუ, ფაქტობრივად, კიმ პიკის როლის შესრულებისთვის.
სხვათა შორის, 1987 წელს, ფილმზე მუშაობისას დასტინ ჰოფმანისა და კიმ პიკის შეხვედრაც შედგა. კიმი ძალიან ეცადა დასტინზე შთაბეჭდილება მოეხდინა. მან ჰოფმანს დაწვრილებით გააცნო ფაქტები ბრიტანელი მონარქების, კოსმოსის, ხელოვნების, სპორტის ისტორიიდან, წაუკითხა შექსპირი და ნაწყვეტები ბიბლიიდან… შეხვედრის ბოლოს დასტინმა ის გულში ჩაიხუტა და უთხრა:
„შეიძლება მე ვარსკვლავი ვარ, მაგრამ შენ მთელი სამყარო ხარ!“
ოსკარის პრემიის მიღების ცერემონიაზე კი დასტინმა, პირველ რიგში, მადლობა კიმ პიკს გადაუხადა.
კიმი გარდაიცვალა 2009 წელს, 59 წლისა, გულის შეტევით.
ამბობენ, რომ ამ დროს მას ჩახუტებული ჰქონდა ოსკარის ქანდაკება, რომელიც ათხოვა „წვიმის კაცის“ სცენარისტმა, ბარი მეროუმ.



imageფოტოზე: კიმ პიკი ფილმის რეჟისორთან და სცენარისტთან ერთად




რაც შეეხება დასტინის პირად ცხოვრებას, მსახიობს სიჭაბუკიდანვე ძალიან უყვარდა გოგონები, თუმცა მისი არცთუ ისე გამორჩეული გარეგნობის გამო მას ყურადღებით არ ანებივრებდნენ. ამიტომ მომავალ მსახიობს ერთი გზა რჩებოდა - პოპულარული უნდა გამხდარიყო, რომ სასურველი ქალის გული დაეპყრო. 16 წლის იყო, როცა მეზობლის, მარსია სალტერის ქორწილში დასაკრავად მიიწვიეს. მისი მუსიკის აკომპანიმენტზე პატარძალი, რომელსაც ოდნავ შესამჩნევი მუცელი ეტყობოდა, საკურთხეველთან მივიდა, სადაც აღელვებული სიძე უილიამ გოტსეგენი ელოდებოდა.

დასტინი მთელი საღამო შთაგონებით უკრავდა და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ საკუთარი ოჯახური ბედნიერების საძირკველს აშენებდა. გოგონას, რომელიც გოტსეგენების ოჯახში სამი თვის შემდეგ გაჩნდა, ლიზა დაარქვეს. წლების შემდეგ ის ხშირად ხუმრობდა, რომ დასტინი მშობლების ქორწილის დღეს შეუყვარდა, როცა მისი დაკრული მელოდია მოისმინა.
როცა გოგონა წამოიზარდა, დასტი ხშირად თამაშობდა მასთან და ახალ მელოდიებს ასმენინებდა. ლიზა 10 წლის იყო, როცა ძილის წინ ბებიას უთხრა, - იმედი მაქვს, დასტი დამიცდის, სანამ გავიზრდები და ჩემზე დაქორწინდებაო.



imageფოტოზე: დასტინ ჰოფმანი მეუღლე ლიზასთან და ქალიშვილთან ერთად



1976 წელს ლიზას ბაბუა გარდაიცვალა. მეზობლის გასვენებაზე დასასწრებად დასტინი ნიუ-იორკიდან ჩავიდა და ლიზას დანახვაზე გაოცება ვერ დამალა. შავ კაბაში გოგონა ისეთი მშვენიერი ჩანდა, რომ 38 წლის მსახიობს პირველ ცოლთან განქორწინებაც დაავიწყდა და სამწუხარო მიზეზიც, რის გამოც მშობლიურ ქალაქში ჩამოვიდა. ახლა ყველაზე მეტად ის აინტერესებდა, ახსოვდა თუ არა ლიზას თავისი ბავშვობის დროინდელი სიყვარული. აღმოჩნდა, რომ ახსოვდა და მთელი ამ ხნის მანძილზე, დასტინის დაბრუნებას ელოდებოდა.


რამდენი შვილი გვინდა? ჰკითხა ერთხელ მსახიობმა ლიზას. მე ექვსი შვილი მინდა, - უპასუხა გოგონამ. რადგან პირველ ცოლთან ორი უკვე მყავს, ოთხის გაჩენა მოგიწევს, - სიცილით უთხრა დასტინმა.

ისინი 1980 წელს დაქორწინდნენ. ერთი წლის შემდეგ კი დასტინმა ცოლი და ახალშობილი შვილი კინაღამ დაკარგა. ლიზას მშობიარობა ერთი თვით ადრე დაეწყო. ძლიერი სისხლდენით ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დასტინს ესმოდა, როგორ სთხოვდა ლიზა ექიმს, თუ არჩევანის გაკეთება მოგიწევთ, ბავშვი გადაარჩინეთო.
„ცოლმა მაშინ ვაჟკაცობის ნამდვილი მაგალითი მაჩვენა. მამაკაცი მის ადგილას ვაჭრობას დაიწყებდა და ორივეს გადარჩენას ითხოვდა. ლიზამ კი საკუთარ თავს წამიერი სისუსტისა და ეგოიზმის უფლება არ მისცა. ეს ისეთი გმირობაა, როგორსაც კაცები ვერასოდეს შევძლებთ“.


ოთხი შესანიშნავი შვილის გაზრდის შემდეგ ჰოფმანის ცოლმა, რომელიც დიპლომირებული ფსიქოლოგი და იურისტია, პარფიუმერიისა და კოსმეტიკის ხაზი გახსნა. ცოლის ბიზნესის დაწყება ჰოფმანის კარიერაში მძიმე პერიოდის დადგომას დაემთხვა.
„ნებისმიერი წარმატებული მსახიობი ოდესღაც მთავარი როლისთვის ბერდება. მეორეხარისხოვან როლზე დათანხმება კი შემოქმედებითი იმპოტენციის აღიარებას ნიშნავს. ჩუსტებსა და ხალათში გამოწყობილი ოთახიდან ოთახში დავბორიალებდი, სანამ ლიზამ არ მითხრა, - თუ შენი შეხედულებები საყვარელი საქმის კეთებაში ხელს გიშლიან, შეცვალე ისინი. თუ რეჟისორი და მსახიობები, რომლებთანაც მუშაობა მოგიწევს, მოგწონს, სცენარის წაუკითხავად დათანხმდი. ახლა ასეც ვიქცევი“.

2013 წლის აგვისტოში დასტინ ჰოფმანს სიმსივნე ამოკვეთეს. მსახიობმა მეორედაც შეძლო სიკვდილის დამარცხება. დასტინსა და ლიზას ხშირად ხედავენ, როგორ სეირნობენ ხელჩაკიდებულები და, ერთმანეთის გარდა, ვერავის ამჩნევენ...



imageფოტოზე: დასტინი და ლიზა
დასტინ ჰოფმანს მხოლოდ იმისთვის ვცემდი პატივს და შევიყვარებდი (ისედაც რომ არ მიყვარდეს), რომ მართლა დაგვაფიქრა - ვინ არის უფრო სრულყოფილი ამ დედამიწაზე - ჩვეულებრივი, ფიზიკურად დახვეწილი ადამიანები თუ რაიმონდისნაირები, რომლებიც თითქოს მაღლიდან ჩამოდიან, რომ რაღაცა გვასწავლონ..ზოგჯერ გამოსდით, ხშირად კი - ვერა...

დასტინ ჰოფმანი დღეს 81 წლის გახდა... მართლა არ მჯერა...
გუშინ გავიგე, რომ 2018 წელს გამოვა მისი და განუმეორებელი ენტონი ჰოპკინსის მონაწილეობით ახალი ფილმი -„სახელების სიმღერა“, სადაც ისინი თამაშობენ ჰოლოკოსტს გადარჩენილ მუსიკოსებს...
ხომ წარმომიდგენიათ, რა სიამოვნება და დღესასწაული გველის წინ!

ჯანმრთელობას და შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებ დიდ მსახიობს და მჯერა, რომ ის კიდევ არაერთხელ გაგვახარებს საინტერესო და შინაარსიანი ფილმებით!




0
156
6-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0