x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა მორჩილებას?!
image

ავტორიტეტისადმი მორჩილება

ზოგიერთ სოციალურ სიტუაციაში, ჩვენ პიროვნებას ან ჯგუფს აღვიქვამთ, როგორც ჩვენს ქცევაზე გავლენის მოხდენის კანონიერი ძალაუფლების მქონეს. მთავრობას უფლება აქვს, მოქალაქეებს გადასახადების გადახდა მოსთხოვოს; მშობლებს უფლება აქვთ, შვილებს სადილის შემდეგ თეფშების გარეცხვა სთხოვონ; სამედიცინო პერსონალს უფლება აქვს, სამედიცინო გამოკვლევის ჩასატარებლად ტანსაცმელის გახდა გვთხოვოს. ომის დროს, გენერლები მოითხოვენ ჯარისკაცებისგან მათი ბრძანებების შესრულებას და მკაცრად სჯიან დაუმორჩილებლობისათვის. ამ შემთხვევაში, სოციალური ნორმები ნებას რთავს უფლებამოსილ პირს, თხოვნით მიმართოს სხვებს და მოითხოვოს მათი შესრულება.

მორჩილება ეფუძნება რწმენას, რომ უფლებამოსილ პირებს მოთხოვნების გაკეთების უფლება აქვთ. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები მეტად მიდრეკილნი არიან, ანგარიში გაუწიონ ძალაუფლების მქონე პირებს, როგორიცაა მაგალითად, დამქირავებელი ან რელიგიური ლიდერი, როდესაც ისინი სარგებელს იღებენ ამ ორგანიზაციისა ან ჯგუფის წევრობიდან (Tyler, 1997). ძალაუფლების მქონე პირებისადმი მორჩილება ასევე იზრდება, როდესაც ადამიანებს მიაჩნიათ, რომ მათ სამართლიანად ექცევიან, ენდობიან ძალაუფლების მქონე პირების მოტივებს და ჯგუფთან ან ორგანიზაციებთან საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენენ.



მორჩილების დანაშაული

როდესაც ჯარისკაცები ემორჩილებიან ბრძანებას, შეუიარაღებელი მოქალაქეები აწამონ ან მოკლან, ისინი მორჩილებასთან დაკავშირებული დანაშაულის მონაწილეები ხდებიან. მორჩილებასთან დაკავშირებული დანაშაულის ნაკლებად უკიდურესი ფორმები უფრო ფართოდ არის გავრცელებული. მაგალითად, თანამშრომლები, რომლებიც ასრულებენ ხელმძღვანელების კანონსაწინააღმდეგო ბრძანებებს; ასევე, პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც სთხოვენ თავიანთ ხელქვეითებს, მონაწილეობა მიიღონ არაეთიკურ კამპანიებში.

ავტორიტეტი როგორც დანაშაულებრივი ქცევის სიტუაციური წამქეზებელი. ზოგჯერ ადამიანები ახორციელებენ კონკრეტულ ქცევით აქტიობას, იმიტომ რომ ვიღაც ძალისა და ავტორიტეტის მქონე ეუბნება მათ რომ ასე მოიქცნენ, მიუხედავად იმისა, რომ არსებული ქცევა შეიძლება არ შეესაბამებოდეს მათ პიროვნულ ღირებულებებს. კელმანი და ჰამილტონი (Kelman and Hamilton, 1989) არსებულ ფენომენს „მორჩილების დანაშაულს (crimes of obedience)“ ეძახიან. მორჩილების დანაშაული არის ქცევითი აქტი ჩადენილი ავტორიტეტის მქონე პიროვნების ბრძანების საფუძველზე და არსებული ქცევა საზოგადოების მიერ ფასდება არალეგალურად და ამორალურად (Kelman and Hamilton, 1989, p.46).

ბევრი ადამიანისთვის, ნაცისტების მიერ ევროპელი ებრაელების მასობრივი განადგურება ავტორიტეტისადმი მორჩილების ტრაგიკულ მაგალითს წარმოადგენს. მეორე მსოფლიო ომამდე, ევროპაში დაახლოებით 9 მილიონი ებრაელი ცხოვრობდა. ევროპულ ებრაულ თემს კულტურის, ხელოვნებისა და ინტელექტუალური მოღვაწეობის დიდი ტრადიცია ჰქონდა. როდესაც 1933 წელს გერმანიაში ადოლფ ჰიტლერი და ნაცისტური პარტია მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში, მათ განაცხადეს, რომ არიული რასა უფრო მაღლა იდგა ისეთ „სისხლანრევ, უჯიშო“ რასებზე, როგორებიც იყვნენ ებრაელები და ბოშები; ისინი აცხადებდნენ, რომ ევროპა რასისტულ წმენდას საჭიროებდა. რამდენიმე წელში, ნაცისტურმა რეჟიმმა დაიწყო გერმანიაში ებრაელების დაპატიმრება. 1939 წლისთვის, როდესაც გერმანია პოლონეთში შეიჭრა, ასობით ათასი ებრაელი უკვე საკონცენტრაციო ბანაკებში იყო.

ერთგული ბიუროკრატის, ადოლფ აიხმანის წარმატებული მენეჯმენტის შედეგად, ებრაელებს მთელი ევროპიდან სისტემატიურად გზავნიდნენ საკონცენტრაციო ბანაკებში, სადაც მათ შიმშილით ან გაზის კამერებში ხოცავდნენ ან ხვრეტდნენ. 1945 წლისთვის 6 მილიონი ევროპელი ებრაელი განადგურდა, მათი ბედი გაიზიარეს ბოშებმა, ჰომოსექსუალებმა და პოლიტიკურმა დისიდენტებმა. ომის ბოლოსთვის აიხმანი არგენტინაში გაიქცა. 1961 წელს ის ისრაელის საგამოძიებო ორგანოებმა დააკავეს და ისრაელში გადაიყვანეს, რათა ის სასამართლოს წინაშე წარმდგარიყო. მისი დაცვა ეფუძნებოდა არგუმეტს, რომ აიხმანი პერსონალურად პასუხისმგებელი არ იყო ებრაელების მკვლელობაზე, რადგან ის, უბრალოდ, ბრძანებებს ასრულებდა. სასამართლომ არ მიიღო ეს არგუმენტი, აიხმანი დამნაშავედ მიიჩნია და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. აიხმანის დაცვა თავის არგუმენტს იმეორებდა და ითხოვდა იმ ადამიანის გამართლებას, რომელმაც საშინელი ქმედებები ჩაიდინა, რადგან „უბრალოდ, ბრძანებებს ასრულებდა“. ევროპელ ებრაელთა თემის ფაქტობრივი განადგურება არ მოხდებოდა, რომ არა ნაცისტებთან ათასობით ჩვეულებრივი მოქალაქის თანამშრომლობა – ბიუროკრატების, ჯარისკაცების, დარაჯების, ექიმების, რკინიგზის მუშების და ხუროების. რატომ ემორჩიელებოდა ამდენი ადამიანი ნაცისტურ რეჟიმს? ხომ არ მოდიოდა ეს დამყოლობა გერმანელი ხალხის პათოლოგიური თვისებებიდან? თუ, რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია, ბრძანებების შესრულება ხომ არ წარმოიქმნება ჩვეულებრივი, ყოველდღიური სოციალური პროცესების ნორმალური მიმდინარეობისას, როგორიცაა, უბრალოდ, ავტორიტეტისადმი მორჩილება?



image



როგორ შეიძლება წინააღმდეგობა გაუწიოთ მორჩილებას

საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე სტრატეგია, რომელიც შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს მორჩილების ტენდენციის დასაძლევად:

პირველი, ინდივიდმა, რომელიც ავტორიტეტული პირისგან იღებს ბრძანებას, უნდა გააცნობიეროს, რომ სწორედ თვითონაა პასუხისმგებელი შედეგისათვის და არა ის, ვინც იძლევა ბრძანებას.

მეორე, დამორჩილების ტენდენცია შემცირდება, თუ ინდივიდს უზრუნველვყოფთ ნიშნით, რომ გარკვეული წერტილის მიღმა უსიტყვო დამორჩილება ბრძანებისადმი მიუღებელია. თვითონ მილგრემის ექსპერიმენტებით მტკიცდება, რომ როცა სუბიექტებს სთავაზობენ ნათელ ნიშანს, რომლის შემდეგ დამორჩილება მიუღებელია, სუბიექტებისათვის დაუმორჩილებლობა გაცილებით უფრო ადვილია.

მესამე, გაცილებით უფრო ადვილია, წინააღმდეგობა გაუწიოთ ავტორიტეტული წყაროს გავლენას, თუ კითხვის ქვეშ დავაყენებთ მის ექსპერტულობას ან მის მოტივებს. ე.ი. საჭიროა გაცნობიერება იმისა, არიან ისინი უკეთეს პოზიციაში; შეაფასონ, თუ რა არის მნიშვნელოვანი და რა არა? ან მათი ბრძანების საფუძველში ეგოისტური მოტივებია თუ ალტრუისტული? ასეთი კითხვების დასმით ადამიანმა შეიძლება მიიღოს უფრო მხარდაჭერა დამოუკიდებლობისათვის, ვიდრე დამორჩილებისათვის.

ბოლოს, შეიძლება სასარგებლო იყოს თვით ავტორიტეტული ფიგურის ძალის ცოდნა, იმ კანონზომიერების ცოდნა, რომელსაც ემყარება ავტორიტეტის ძალაუფლება. აღმოჩნდა, რომ ინდივიდები, რომლებიც კითხულობენ სოციალურ-ფსიქოლოგიურ კვლევებს, იციან მათი შედეგები, უფრო სენსიტურნი ხდებიან იმ ფენომენების და იმ ეფექტების მიმართ, რომლებიც აღწერილია იმ გამოკვლევებში. ისინი ახერხებენ შეცვალონ თავიანთი ქცევა ამ ცოდნის მხედველობაში მიღებით. დამორჩილების პრობლემებთან დაკავშირებით იმედოვნებენ, რომ ამ პროცესების ცოდნას შეუძლია გაზარდოს წინააღმდეგობის გაწევის უნარი.

ამრიგად, ავტორიტეტული ინდივიდის ძალა, გასცეს დამორჩილების ბრძანება, დიდია. მაგრამ ის არ არის დაუძლეველი. გარკვეულ პირობებში ის შეიძლება გათვალისწინებული და დაძლეული იქნას.image

0
42
შეფასება არ არის
ავტორი:თინათინ სიბაშვილი
თინათინ სიბაშვილი
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0