x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
იდუმალი სახლი სოფელ ვაშლოვანში
image
ადრე რომ გეკითხათ, გჯერა თუ არა სულების არსებობისო, გამეცინებოდა და პასუხის ღირსსაც არ გაგხდიდით, მაგრამ ყველაფერი ამ ცოტა ხნის წინ
შეიცვალა.

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში იდუმალებით მოცულ სახლს გადავაწყდი, რომელიც თბილისიდან არცთუ ისე შორს მდებარეობს და მიუხედავად იმისა, რომ სოფლის შუაგულშია აშენებული, ვერცერთი ადგილობრივი შიგნით შესვლას ვერ ბედავს.

სახლის ისტორიის მოძიება იმავე გზით გადავწყვიტე, ან ინტერნეტით, თუმცა ვერაფერს გავხდი. მიუხედავად ამისა, დაბრკოლებას არ შევუშინდი და მეორე დღის გამთენიას გეზი თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ვაშლოვნისკენ ავიღე.

დაახლოებით 10 საათზე ადგილზე ვიყავი. ნანახმა გამაოცა. ნაძვნარში ჩაფლული და უკვე კარგა ხნის წინ მიტოვებული უსულო კედლები მართლაც ტოვებდა რაღაც იდუმალის შეგრძნებას. შორიახლოს ბავშვების სიცილი ისმოდა, მაგრამ ეს ჟრიამულიც კი ვერ ფარავდა იმ უხეშ და უსიამოვნო გრძნობას, რომელსაც სახლი და მისი დუმილი მიჩენდა.image


ეზოს ჭიშკარი შევაღე და სამსაუკუნოვანი, მდუმარე ისტორიის პირისპირ აღმოვჩნდი. სახლი, რომელიც ჩემ წინ იყო აღმართული, მე-19 საუკუნეში ორბელიანების საზაფხულო რეზიდენცია ყოფილა. შემდეგ, ბოლშევიკური ხელისუფლების ძალმომრეობით სტატუსი ჩამორთმევია და ათიოდე წელში ობოლ ბავშვთა თავშესაფრად გადაუქცევიათ.

უცნაური ის იყო, რომ ერთი მხრივ, ეს უსულო კედლები თითქოს მიყურებდნენ და საკუთარ მარწუხებში მიტყუებდნენ, რითაც მთრგუნავდნენ, მეორე მხრივ კი გარშემორტყმული ვიყავი ულამაზესი დაბურული ნაძვნარით, ანუ გარემოთი, რომელიც თავს მართლაც რომ წარჩინებულ თავადად მაგრძნობინებდა.

სახლში შესვლა ვერ გავბედე, ძალა არ მეყო. ამიტომ გადავწყვიტე, ისტორია ადგილობრივებისგან გამეგო.

როგორც უკვე აღვნიშნე, სახლი ორბელიანებს ეკუთვნოდათ. აქ ხშირად იკრიბებოდნენ სხვადასხვა სათავადაზნაურო საგვარეულოს წარმომადგენლები, მათ შორის ყოფილა პატარა ნიკოლოზ ბარათაშვილიც. მოკლედ, ორბელიანთა რეზიდენციაში სიცოცხლე ჩქეფდა და ყვაოდა, სანამ...

სახლის საშინელი ისტორია მას შემდეგ იწყება, როცა ბოლშევიკურმა ძალებმა მისი ხელში ჩაგდება გადაწყვიტეს. ზოგი ამბობს, აქ, ამ კედლებში სამი ბავშვი ჩამოახრჩესო, ზოგი კი დაჟინებით ამტკიცებს, სამნი კი არა, ორნი იყვნენ, და და ძმაო. ფაქტი ერთია:სახლში პირველი საზარელი და სისხლიანი შემთხვევა სწორედ მე-20 საუკუნეში, წითელი ხელისუფლების პერიოდში დატრიალდა, როდესაც იქ ობოლ ბავშვთა თავშესაფარი არსებობდა.


პირველი მისტიკური მოვლენებიც სწორედ იმ ხანებში დაფიქსირებულა. კერძოდ, ერთ-ერთი ძიძა, რომელსაც ბავშვების მოვლა ევალებოდა, ირწმუნება, რომ ღამის საათებში თეთრ ცხენზე ამხედრებული კაცი შემოხვდა, რომელსაც უკან პატარა ბავშვის მოჩვენება ეჯდა და მხედარიც თურმე ვერაფრით იმორჩილებდა ცხენს.

საინტერესოა, რომ ბავშვის მოჩვენება სოფლის მთავარსაც გადაჰყრია გზაზე. მთავარი ისე დამფრთხალა, რომ გზა შეუცვლია. არადა, თურმე რამდენიმე კილომეტრში ყაჩაღები ელოდებოდნენ მოსაკლავად...

სხვათა შორის, იდუმალებით მოცული ისტორიები ამ საუკუნეშიც გრძელდება. თურმე ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, როცა შუაღამისას, სახლის ტერიტორიაზე გავლისას, მანქანის ძრავი მწყობრიდან გამოსულა და მძღოლს გზაზე გადარბენის ხმა გაუგია. და ეს ყველაფერი მაშინ, როცა ირგვლივ არავინ ჩანდა.

მოსმენილმა ისტორიებმა ისე დამიპყრო, რომ ძალ-ღონე მოვიკრიბე და კიბეებს ავუყევი, რომლის მოაჯირიც სიძველისგან მორყეულიყო და განადგურების პირას მისულიყო.

ოთახში შესვლა დავაპირე და იქვე, კუთხეში, რომელსაც მზის სხივი ეცემოდა, პატარა თოჯინა შევნიშნე. დრო-ჟამის ცვალებადობა სათამაშოს თეთრი კაბის გახუნებაზე ეტყობოდა. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა მოვახერხე მხოლოდ, რადგან თვალს ვერ ვწყვეტდი მის ხელოვნურ ღიმილს. რაღაცნაირად მიტყუებდა, მეგონა, მეძახდა, მეხვეწებოდა, რომ ოთახში შევსულიყავი.

კიდევ რამდენიმე წამის განმავლობაში ვუმზერდი თოჯინას და თან ტანში უცნაური ჟრუანტელი მივლიდა. ბოლოს მივხვდი, რომ არანაირად არ შემეძლო იქ შესვლა და სახლს სწრაფად გამოვშორდი.

შორიდან კიდევ ერთხელ შევავლე თვალი სახლს და მასში კვლავ დავინახე რაღაც მისტიკური — ისეთი, რაც ადამიანში იდუმალ შიშს იწვევს. იდგა ბნელი ნაძვების ქვეშ და თითქოს სასტიკად დამარცხებულს ბავშვური ღიმილით მაცილებდა. ვუყურებდი და ვერ გამეგო, ეს ღიმილი იმ სამი ბავშვის სიცილის გამოძახილი იყო თუ სახლის ცინიკური და ირონიული ხმობა თავისკენ.
თუკი ოდესმე გადაწყვეტთ, თავადაც ესტუმროთ ამ მისტიკურ მდუმარებას, გაფრთხილებთ, ნურასდროს შეხედავთ თოჯინას, უბრალოდ უსმინეთ სახლის ჩურჩულს და მიჰყევით მას...მოქალაქე ბოს ბლოგიდან

1
965
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
965
  
2018, 6 აგვისტო, 8:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1