x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
იდეალური დღის განრიგი თქვენი ქრონოტიპის მიხედვით
image

ძილის შემსწავლელი მეცნიერის, მაიკლ ბრეუსის თქმით, თუ თქვენი ძილის ტიპს გაიგებთ, უფრო ენერგიული გახდებით და ნაკლებად დაიღლებით დღის განმავლობაში. მან ბევრი პაციენტი შეისწავლა და ისინი 4 ქრონოტიპად დაჰყო: "დათვებად", "ლომებად", "მგლებად" და "დელფინებად".


მეცნიერი ამტკიცებს, რომ თუ ხშირად დაღლილობა გაწუხებთ და დილით გაღვიძება გიჭირთ, სავარაუდოა, რომ თქვენი ქრონოტიპის დღის განრიგს არ მიჰყვებით.


სტატიაში გაიგებთ, როგორ დაალაგოთ დღის განრიგი თქვენი ქრონოტიპის მიხედვით.



p.s. თუ ჯერ არ იცით, სურათებზე მოცემული წარწერებით გაგიმარტივდებათ თქვენი ქრონოტიპის დადგენა. ხოლო თუ ინგლისურ ენას ფლობთ, შეგიძლიათ ტესტიც გაიაროთ.








"დათვები"

image

ადამიანების 50-55% "დათვები" არიან. მათ სტაბილური ძილის გრაფიკი აქვთ, მაგრამ, როგორც წესი, არ ყოფნით ძილი. შაბათობით გვიანობამდე არ ეძინებათ და მცდელობის მიუხედავად, დასვენების დღეებში უჭირთ სამუშაო დღეების რეჟიმში ჩაჯდომა.

მთავარი წესი: "დათვებს" 8 საათზე მეტი არ უნდა ეძინოთ - დასვენების დღეებშიც კი!



ყოველდღიური განრიგი "დათვებისთვის"


დილა: 7 საათიდან 11 საათამდე


✺ გაიღვიძეთ და ივარჯიშეთ 8-10 წუთის განმავლობაში;

✺ ნოყიერად ისაუზმეთ და დალიეთ ყავა: ეს დაგეხმარებათ, საღამოს ბევრი აღარ ჭამოთ და ზედმეტი კალორიები მთელი დღის სამყოფ ენერგიას მოგცემთ.

✺ დაგეგმეთ დღე.


მაქსიმალური პროდუქტიულობა: 11 საათიდან 6 საათამდე


✺ შეასრულეთ ამოცანები, რომელსაც დიდი ენერგია და კონცენტრაცია სჭირდება. ამ პერიოდის განმავლობაში ამას უფრო სწრაფად შეძლებთ.

✺ ლანჩის (სადილის) მოახლოებისას დაღლილობას იგრძნობთ. ამიტომ კარგი იქნება, ამ დროს ცოტას თუ გაისეირნებთ. ნათელი ფერები და მზე თქვენს ორგანიზმს გამოფხიზლებაში და ძილიანობის დაძლევაში დაეხმარება.

✺ ისადილეთ 12 საათზე: ეს მთელი დღის ენერგიას მოგცემთ.

✺ 2 საათისთვის შეიძლება ისევ დაღლილობა იგრძნოთ, ამიტომ შეგიძლიათ ამ დროს შეხვედრები დანიშნოთ და ცოტა წაიხემსოთ.


სამსახურის შემდეგ: 6 საათიდან 10 საათამდე


✺ საუკეთესო დროა ვარჯიშისთვის. დაწყება რთულია, მაგრამ შემდეგ გაგიმარტივდებათ.

✺ ვარჯიშის შემდეგ ცოტა წაიხემსეთ: მიიღეთ მეტი პროტეინი (ცილა) და ნაკლები ნახშირწყალი.


დღის დასასრული: 10 საათიდან 11 საათამდე


✺ დათვებს გვიან ღამემდე შეუძლიათ გაძლება, მაგრამ ამის გამო დილით დაღლილობას გრძნობენ.

✺ ამიტომაც, კარგი იქნება, გამორთოთ მობილური/კომპიუტერი/ტელევიზორი 10 საათზე და დაიძინოთ 11 საათისთვის.











"ლომები"

image


ადამიანების 15% "ლომები" არიან. მათ მზის ამოსვლამდეც კი შეუძლიათ გაღვიძება და დავალებების 80%-ს მანამდე ასრულებენ, სანამ სხვები გამოფხიზლდებიან.

მაგრამ, როგორც წესი, ლომები შუადღით და საღამოს ენერგიულები აღარ არიან. ისინი დაღლილობას გრძნობენ და ღამით მეგობრებთან ერთად გასეირნებისას შეიძლება მოწყენილებიც იყვნენ.



ყოველდღიური განრიგი "ლომებისთვის"


დილა: 5:30 საათიდან 10 საათამდე


✺ თქვენი საუზმე მეტ ცილას (პროტეინს) და ნაკლებ ნახშირწყალს უნდა შეიცავდეს.

✺ საუზმის შემდეგ, მანამ სანამ სხვები გაიღვიძებენ, შეგიძლიათ ივარჯიშოთ ან მედიტაციით დაკავდეთ.

✺ დაახლოებით 10 საათისთვის შეგიძლიათ ყავა დალიოთ.


მაქსიმალური პროდუქტიულობა: 10 საათიდან 5 საათამდე


✺ რადგანაც 3-4 საათის წინ ისაუზმეთ, შეგიძლიათ ცოტა წაიხემსოთ: შეჭამეთ ხაჭო, შოკოლადი ან იოგურტი.

✺ ეს პერიოდი თქვენი ენერგიის პიკია: მაქსიმალური საქმე გააკეთეთ.

✺ ნუ დაგეგმავთ შეხვედრებს საღამოსთვის, რადგან დაღლილი იქნებით. უმჯობესია, ყველა შეხვედრა შუადღით მოიშოროთ.

✺ ლანჩის შემდეგ ცოტა ძალა და ენერგია კიდევ გექნებათ. სცადეთ, 2 საათამდე შეასრულოთ დავალებების მაქსიმუმი. 3 საათის შემდეგ კი უფრო მარტივი ამოცანებით დაკავდით.


სამსახურის შემდეგ: 5 საათიდან 9 საათამდე


✺ 5 საათისთვის დაღლილობას იგრძნობთ, ამიტომ ეცადეთ, ამ დროს აღარ იმუშაოთ.

✺ კარგი დროა ვარჯიშისთვის, მეტი ენერგია რომ მიიღოთ.

✺ ჯანსაღი საკვები მიირთვით.


დღის დასასრული: 9 საათიდან 10:30 საათამდე


✺ ჯანსაღი საკვებისა და ვარჯიშის წყალობით, ცოტაოდენი ენერგია კიდევ გექნებათ, რომ მეგობრებთან ერთად გაატაროთ დრო.

✺ დასაძინებლად 10 საათისთვის უნდა წახვიდეთ.











"მგლები"

image

ადამიანების 15-20% "მგლების" კატეგორიას მიეკუთვნება. მათ სძულთ დილა, გვიან იძინებენ, მაღვიძარას ყოველთვის გამეორების რეჟიმზე აყენებენ. როგორც წესი, სამსახურში ხშირად იგვიანებენ და 3 ჭიქა ყავა სჭირდებათ გამოსაფხიზლებლად.



ყოველდღიური განრიგი "მგლებისთვის"


დილა: 7:30 საათიდან 12 საათამდე


✺ მაღვიძარა ორჯერ დააყენეთ, 20 წუთიანი შუალედით. პირველი მაღვიძარა გაგღვიძებთ, მეორე კი საწოლიდან ადგომას გაიძულებთ.

✺ გადით აივანზე ან სხვა ნათელ ადგილზე და დალიეთ ცოტაოდენი წყალი. ეს დაგეხმარებათ, დაძლიოთ ყველაფრის სიძულვილის გრძნობა დილით.

✺ კარგი იქნება, სამსახურში ფეხით თუ წახვალთ. დილით 20-40 წუთით სიარული ნამდვილად არ გაწყენთ.

✺ 11 საათისთვის შეგიძლიათ ისაუზმოთ და ყავა დალიოთ.


მაქსიმალური პროდუქტიულობა: 12 საათიდან 8 საათამდე


✺ მნიშვნელოვანი დავალებები პირველ საათამდე გადადეთ და მუშაობის პროცესში ნელა ჩაერთეთ.

✺ 2 საათისთვის პროდუქტიულობის პიკი გაქვთ. ამ დროს გამომწვევ დავალებებს გაუმკლავდით და დასახეთ გეგმები.

✺ 5 საათისთვის ისევ ენერგიული ხართ. ცოტა შეისვენეთ და განაგრძეთ მუშაობა. ეს დრო იდეალურია კრეატიული დავალებებისთვის.


სამსახურის შემდეგ: 8 საათიდან 11 საათამდე


✺ სამსახურის შემდეგ (7 საათისთვის) შეგიძლიათ სპორტ-დარბაზში წახვიდეთ.

✺ 8 საათისთვის ივახშმეთ.


დღის დასასრული: 10 საათიდან 12 საათამდე


✺ თქვენთვის გვიანობამდე სიფხიზლე მარტივია. ამიტომ, კარგს იზამთ, 11 საათისთვის ტექნოლოგიებს თუ მოშორდებით და 12 საათისთვის დაიძინებთ.












"დელფინები"

image

ადამიანების 10% "დელფინები" არიან. ამ ნერვიულ ინდივიდებს, როგორც წესი, მოუსვენრად სძინავთ, აწუხებთ ინსომნია და ღამეებს ინტერნეტის გამოყენებაში ათევენ.



ყოველდღიური განრიგი "დელფინებისთვის"


დილა: 6 საათიდან 10 საათამდე


✺ კარგი იქნება, დილას თუ სირბილით და მსუბუქი ვარჯიშით დაიწყებთ.

✺ მიიღეთ შხაპი, რათა სრულად გამოფხიზლდეთ.

✺ მიირთვით დაბალანსებული საუზმე 8 საათისთვის: თანაბარი რაოდენობით უნდა მიიღოთ ცილები და ნახშირწყლები.


მაქსიმალური პროდუქტიულობა: 10 საათიდან 6 საათამდე


✺ დალიეთ ცოტაოდენი ყავა დაბალი კოფეინით.

✺ თქვენი ენერგიის პიკი 10 საათიდან 12 საათამდეა. კარგი პერიოდია ყველაზე რთული ამოცანების შესასრულებლად.

✺ ლანჩის შემდეგ თავს დაღლილად იგრძნობთ. ამიტომაც, კარგი იქნება, 20 წუთის განმავლობაში ისეირნოთ.

✺ 6 საათამდე საკმარისი ენერგია გექნებათ ყველა ამოცანასთან გასამკლავებლად.


სამსახურის შემდეგ: 6 საათიდან 10 საათამდე


✺ ცოტა წაიხემსეთ (ბანანი, შოკოლადი ან სალათა) და სპორტ-დარბაზში წადით. თუმცა, მძიმე ვარჯიშები არ გააკეთოთ, თორემ ძილში ხელს შეგიშლით.

✺ 9 საათისთვის ივახშმეთ. ეს კარგი დროა ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან სასაუბროდაც. ასევე, ამ პერიოდში შეგიძლიათ პრობლემები გადაჭრათ და კონფლიქტები მოაგვაროთ.


დღის დასასრული: 10 საათიდან 12 საათამდე


✺ მიიღეთ თბილი აბაზანა, გვერდით გადადეთ ელექტრონული მოწყობილობები და წაიკითხეთ წიგნი 10 საათისთვის.

✺ დასაძინებლად 12 საათისთვის წადით. შეიძლება, დაუყოვნებლივ არ ჩაგეძინოთ. სცადეთ საძილე პოზიციების შეცვლა, სანამ ყველაზე კომფორტულს არ მიაგნებთ.




image









ასევე დაგაინტერესებთ:


1. 20 ფსიქოლოგიური ფაქტი, რომელსაც ყოველდღე ვაწყდებით, მაგრამ ვერ ვამჩნევთ

image



2. ფერების ტესტი, რომელიც თქვენს ფსიქოლოგიურ ასაკს გამოავლენს

image



3. 10 საიდუმლო, რომელიც ყველა ბედნიერმა ადამიანმა იცის

image

0
866
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
866
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0