x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ზვიად გამსახურდიას გენიალური გამონათქვამები
1. ჩვენი ერისთვის ყველაზე სამარცხვინო ლაქაა ტყვის სყიდვა, რომლის ერთგვარი გაგრძელებაც არის დღეს შვილებისათვის დედა-ენის წართმევა და მათი მიბარება რუსულ (ზოგადად უცხოენოვან-შემდგ.) სკოლებში. ორივე მოვლენას ანგარება და კარიერიზმი უდევს საფუძვლად. თუ ძველად დედა-სამშობლოს სწყვეტდნენ ყმაწვილებს, დღეს სწყვეტენ დედა-ენას, სულს უსახიჩრებენ, ფსიქიკას უცვლიან. განა ეს ნაკლები ბოროტებაა?”image

2.“ქართული ეროვნული ცნობიერება უნდა აღსდგეს ქრისტიანული რწმენისა და ქართული ეროვნული იდეოლოგიის აღორძინებითა და პროპაგანდით, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის აქტივიზაციით, ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული ხელისუფლების აღდგენით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგველის ეროვნული გადაგვარება და კატასტროფა”.

3. “ჭეშმარიტი მსოფლიო მოქალაქეობა კი ეროვნული თვითშეგნების გარეშე არ არსებობს. ის, ვინც “გაინგლისელდება”, “გაგერმანელდება”, “გაფრანგდება”, “გარუსდება”, “გაამერიკელდება”, ვერასოდეს გახდება ინგლისელი, გერმანელი, ფრანგი, რუსი, ან ამერიკელი და ქართველობასაც დაჰკარგავს. და თუ ქართველებად დავრჩებით და თანაც, ვეზიარებით ამ ერების კულტურებს, გავაფართოვებთ და გავამდიდრებთ ჩვენს სამყაროს, გავხდებით ნამდვილი მსოფლიო მოქალაქენი. ევროპული ინტეგრაციაც ასე უნდა გავიგოთ და არა როგორც ეროვნული ინდივიდუალობების წაშლა და გათქვეფვა”.

4. “როგორც კი ადამიანი შეეცდება გონებით გააცნობიეროს, დაასაბუთოს ყვეაფერი და გონებით ირწმუნოს, ის მაშინვე მარცხდება იმიტომ, რომ ქრისტიანულ რელიგიაში არის ისეთი ჭეშმარიტებები, რომელიც ერთი შეხედვით გონებას ეწინააღმდეგება”.


5. “რელიგიური შემეცნების გზა არ არის სწორხაზოვანი. ვისაც სკეპტიციზმის გესლი არ უგვრძნია, იგი ვერასოდეს შესულა რელიგიური შემეცნების სიღრმეებში”.

6. “სიბრძნის, გონებისა და რწმენის ჰარმონია ადამიანში განწმენდს მის სულიერ ცხოვრებას, იწვევს კათარზისს, სპობს მასში ინსტინქტებსა და ვნებებს”.

7. “მტრედი ასოციაციაა სულიწმინდისა, რომელიც განმწმენდელია სწორედ ადამიანის გონებისა და ეს ღვთივსულიერი გონება, განწმენდილი და ფრთაშესხმული, სწორედ მტრედს ედრება, როდესაც მიისწრაფვის თავისი საზეო წყაროსაკენ. ამიტომაც ფიგურირებს ეს ფრინველი ქრისტიანულ სახისმეტყველების ღვთისმეტყველებაში სულიწმინდის სიმბოლოდ”.

8. წინასწარმეტყველთა ინსპირაცია, ეკლესიის გასულიერება და დამოძღვრა, ნათლობისას ხელახალი შობა, ევქარისტიაში ქრისტესთან ცხოველმყოფელი შერთვა (“შერთვა ზესთ მწყობრთა მწყობისა”), ლიტურგიაში მორწმუნეთა ერთობა, ეს ყოველივე სულიწმინდის ნიჭია და შეესაბამება მის სამებისებრ პიროვნულობას”.image

9.“პირველქმნილი კაცის სხეული პროტოტიპია, “სახეა” ერთის მხრივ “ყოვლისა ტანისა”, ხოლო მეორეს მხრივ, იგი პროტოტიპია იმ სხეულისა, რომელიც ადამიანმა უნდა მიიღოს მკვდრეთით აღდგომის შემდგომ… ამრიგად, სხეულით აღდგომა არის ღვთის ხატის სრული აღორძინება ადამიანში, ახალი “სახის” მიღწევა. ეს არის ქრისტეს მიერ მომადლებული განახლებული სახე”.

10. დიახ, წმინდანი იყო მუდამ იდეალი ჩვენი წინაპრების და ჩვენთვისაც უნდა დარჩეს იდეალად, თუ გვსურს ჩვენი ეროვნული და კულტურული არსებობის შენარჩუნება დღეს, ოკეანის პირისპირ, რომელიც ნთქავს ყოველგვარ ეროვნულ კოლორიტსა და ნიუანსებს. ის ერი კი, რომელიც დაკარგავს რწმენას და კულტურულ უპირატესობას ვერ შეინარჩუნებს მომხდურზე, უთუოდ დამარცხდება”.


0
1098
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
1098
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0