x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
კლეპტომანია

image
კლეპტომანია არის პიროვნების აკვიატებული და თითქმის გადაულახავი სურვილი, მოიპაროს რაიმე საგანი ან ნივთი, რომელიც მას სულაც არ სჭირდება. როდესაც კლეპრომანს გაუვლის ამ საგნის დაუფლების სურვილი, შესაძლებელია ნივთი უკანვე დაუბრუნოს მფლობელს ან სულაც აჩუქოს სხვას. აქედან გამომდინარე, ამგვარ ქურდობას არ აქვს ანგარების ხასიათი. ზოგიერთი კლეპტომანი ინახავს იმ მოპარულს ნივთებს, რომელსაც მისთვის აქვს ფეტიშის დანიშნულება. კლეპტომანია პირველად აღიწერა 1816 წელს და დღესდღეობით იგი მიეკუთვნება იმპულსის კონტროლის დარღვევებს, თუმცა კლეპტომანიის ზოგიერთი მახასიათებელი კავშირშია ობსესიურ-კომპულსიური სპექტრის აშლილობასთან.

უმეტეს შემთხვევაში კლეპტომანის ქურდობას რაიმე მიზანი არ აქვს, რადგან იგივე ნივთი, რომელიც შეიძლება აჩუქონ ან თავად იყიდოს, არ მიანიჭებს ისეთ სიამოვნებას, როგორიც ეს მოპარვის შემთხვევაში იქნება. S.Mac Elrou და H.Pope იკვლევდნენ 20 კლეპტომანს ფენომენოლოგიურად, გენეოლოგიურად და ფსიქოფარმაკოთერაპიულად (ფსიქოტროპული მედიკამენტების ზემოქმედებაზე რეაგირების თვალსაზრისით) და დაადგინეს, რომ ყველა მათგანს წარსულში გადატანილი ჰქონდა აფექტური აშლილობების სხვადასხვა ეპიზოდები - დეპრესიის, შფოთვის, პანიკური აშლილობის და ა.შ. სახით. ასევე მათგან 12-ს აღენიშნებოდა კვებითი აშლილობა (ანორექსია ან ბულიმია). გენეალოგიურად კლეპტომანის პირველი საფეხურის ნათესავები ავლენდნენ აფექტური აშლილობის რისკის შედარებით მაღალ მაჩვენებელს.

კლეპტომანია შესაძლოა გამოვლინდეს როგორც ცალკეული სინდრომის სახით, ასევე სხვა სახის აშლილობასთან ერთად. მათ შორის, შიზოფრენიის, ეპილეფსიის, პროგრესული დამბლის, თავის ტვინის ორგანული დაზიანების და ფსიქოპათიის დინამიკური აშლილობის შემთხვევაში. ამიტომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საჭიროა მისი დიფერენცირებული დიაგნოსტირება, რადგან ამ შემთხვევებში საჭიროა განსხვავებული მეთოდებით მკურნალობა.

კლეპტომანიის მკურნალობის დროს პირველ რიგში იყენებენ ფსიქოთერაპიას, რომელიც ორიენტირებულია ადექვატური თვითშეფასების გამომუშავებაზე. პიროვნებამ უნდა გაიაზროს საკუთარი ქცევები, დანაშაულის ფაქტორი და ისწავლოს იმპულსური სურვილების გაკონტროლება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ეჭვი თანმხლებ ფარულ დეპრესიასთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში იყენებენ ადტიდეპრესანტებსაც.

0
104
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო ჭელიძე
ანანო ჭელიძე
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0